ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. სამშაბათის მატჩების მიმოხილვა

AutoSharing Option
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის პირველი დღე ჩემპიონთა ლიგაში არც ისე უინტერესო გამოვიდა, როგორც ამას საფეხბურთო ევროპა ელოდა.

"რეალში" ახალი ბიჭები გამოჩნდნენ. "პორტუს" მეკარემ პსჟ-ს პირველი ადგილი აჩუქა, ზაგრების "დინამო" კი დიდთოვლობაში საშვილიშვილო სირცხვილს გადაურჩა.

A ჯგუფი
პსჟ-პორტუ 2:1
გოლები: 1:0 ტიაგო სილვა (30), 1:1 ჯეკსონ მარტინესი (33), 2:1 ლავეცი (61)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯერემი მენეზი (პსჟ)

VideoSportall.Ge
პსჟ - პორტუ 2:1


"პორტუმ" პსჟ-ს ტაქტიკა მალე გაშიფრა და მოერგო, თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ კარლო ანჩელოტის ტაქტიკა-სტრატეგიაში გასაშიფრი ბევრი არაფერი ყოფილა:
პარიზელები მატჩის დასაწყისში ზედმეტად ერთფეროვნად უტევდნენ და გოლის გატანას ზლატან იბრაჰიმოვიჩისკენ განხორციელებული ჩაწოდებებით ცდილობდნენ. მაგრამ შვედ გოლეადორს მუდმივად 2-3 მცველი მეურვეობდა!

პირველი ტაიმის შუაწელს ფრანგებმა სტრატეგია შეცვალეს და კრეატიული შეტევებით სცადეს ფონს გასვლა, რის გამოც, სადღაც 25-ე წუთიდან უკვე მართლა თვალსასეირო ფეხბურთი გაჩაღდა, სარგებელი კი პსჟ-მ ნახა - ოღონდ "პორტუს" მეკარე ელტონის შეცდომით.

ამრიგად, ანჩელოტის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, "პორტუ" კი მერვედფინალში მეორე პოზიციით გავიდა.

ვიტორ პერეირა ("პორტუს" მწვრთნელი):
"ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვინდოდა და ეს ვერ შევძელით, რაც ცუდია, მაგრამ კატასტროფა ნამდვილად არ არის. ფაქტია, რომ წარმატების მისაღწევად ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა შეცდომებიც ბლომად დავუშვით. რაც მთავარია, მერვედფინალში ვართ. ახლა შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიმუშავოთ".

* * *
დინამო (ზ)-დინამო (კ) 1:1
გოლები: 0:1 იარმოლენკო (45+1), 1:1 კრსტანოვიჩი (95-პენ)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეი იარმოლენკო (დინამო /კ/)

VideoSportall.Ge
დინამო (ზ) - დინამო (კ) 1:1


სპორტულ ჟინსა და თავდადებას ვერცერთ "დინამოს" ვერ მოვთხოვდით, რადგან შეხვედრის დაწყებამდევე ყველაფერი გარკვეული იყო - ხორვატებს ბოლო ადგილი ჰქონდათ განაღდებული, უკრაინელებს კი - მესამე.

შესაბამისად, მატჩს ინტრიგა ბუნებამ მიანიჭა: ზაგრებში სასტიკად თოვდა და ვაშლისოდენა ფანტელებმა ფეხბურთის ხეირიანად თამაში შეუძლებელი გახადა.

სტარტიდან ათი წუთის შემდეგ მსაჯმა თამაში დაახლოებით 15 წუთითაც კი შეაჩერა.

თოვლი გადაყარეს, მოედანი კი სახელდახელოდ წითლად დაიხაზა, რის შემდეგაც შეხვედრა განახლდა: პირველი შანსი ზაგრებელებს ჰქონდათ, გოლი კი კიეველებმა გაიტანეს - ანგარიში პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე იარმოლენკომ ვარდნაში, მოხდენილი დარტყმით გახსნა.

კარგი კომბინაციები, ცხადია, ვერც მეორე ტაიმში ვნახეთ და ის-ის იყო, ყველამ იფიქრა, "ხორვატიის" ჩემპიონმა მეექვსე თამაშიც უგოლოდ წააგო და ორმაგი ანტირეკორდი დაამყარაო, რომ შეცვლაზე შესულმა კრსტანოვიჩმა 95-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, გაიტანა და ზაგრების "დინამო" საშვილიშვილო სირცხვილისგან იხსნა - ხორვატიის ჩემპიონისთვის ეს იყო პირველი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში 13 წლისა და ზედიზედ 11 წაგების (!) შემდეგ...

გუნდი
1 პსჟ 6 5 0 1 14-3 15
2 პორტუ 6 4 1 1 10-4 13
3 დინამო (კ) 6 1 2 3 6-10 5
4 დინამო (ზ) 6 0 1 5 1-14 1


B ჯგუფი
ოლიმპიაკოსი-არსენალი 2:1
გოლები: 0:1 როსიცკი (39), 1:1 მანიატისი (64), 2:1 მიტროღლუ (73)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კოსტას მიტროღლუ (ოლიმპიაკოსი)

VideoSportall.Ge
ოლიმპიაკოსი - არსენალი 2:1


ბერძნული პრესა 5 დეკემბერს ლეონარდო ჟარდიმს ადიდებდა. "ოლიმპიაკოსს" მესამე ადგილი გარანტირებული ჰქონდა და ბერძნების ერთადერთი მოტივაცია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გამარჯვებით დამთავრებაღა იყო.

"არსენალს" კი ნამდვილად უნდოდა მოგება, რადგან ლონდონელები მხოლოდ სამი ქულის აღების შემთხვევაში გავიდოდნენ პირველ ადგილზე.

რაც შეეხება "ოლიმპიაკოსის" მწვრთნელის ქება-დიდების მიზეზს: კოსტას მიტროღლუ მოედანზე ორი წუთის შესულიც არ იყო, როცა შჩესნის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა, თანაც, საკმაოდ თვალსასეირო დარტყმა გამოუვიდა: მარცხნიდან საჯარიმოს კანტის გასწვრივ, ცენტრისკენ გაიწია და შჩესნის კარის შორეული კუთხე დალაშქრა.

"ოლიმპიაკოსს" გელზენკირხენის "შალკეს" ფეხბურთელებმაც მადლობები უხადეს, რადგან სწორედ ბერძნების დამსახურებაა, გერმანული კლუბი მერვედფინალში პირველი ადგილით რომ გავიდა.

განსაკუთრებით საინტერესო ის იყო, რომ ლონდონელებმა პირველი ტაიმი მოიგეს და მეორე ტაიმში "ოლიმპიაკოსმა" თამაში სათავისოდ შეატრიალა. ცხადია, რომ ჟარდიმის ქების მიზეზი ესეც იყო.

ლეონარდო ჟარდიმი (ოლიმპიაკოსის მწვრთნელი):
"მერვედფინალში ვერ გავედით, მაგრამ დღევანდელი გამარჯვებით ძალიან გავიხარეთ და ფანებიც გავახარეთ. ახლა კონცენტრაციას ევროპალიგაზე გადავიტანთ, რომელიც ძალიან საინტერესო ტურნირია".

არსენ ვენგერი ("არსენალის" მწვრთნელი):
"პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეორე ნახევარში კი გავზარმაცდით და დავისაჯეთ. იანვრამდე ბევრი რამის გამოსწორება გვმართებს".

* * *
მონპელიე-შალკე 1:1
გოლები: 0:1 ჰიოვედესი (56), 1:1 ერერა (59)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ტიმო ჰილდებრანდი (შალკე)

VideoSportall.Ge
მონპელიე - შალკე 1:1


ამ მატჩის შემდეგ "შალკეზე" მხოლოდ ერთი პოზიტიური რამ უნდა ვთქვათ: გელზენკირხენულმა კლუბმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

სხვა მხრივ, ჰუუბ სტევენსის აშკარად კრიზისში მყოფ გუნდს ვერ შევაქებთ, რადგან შალკელები განსაკუთრებით მეორე ტაიმში თვლემდნენ. ეს, პირველ რიგში, მცველებზე ითქმის და "შალკეს" ფანები მეკარე ტიმო ჰილდებრანდს უნდა უმადლოდენ, რომ არ წააგეს.

საინტერესოა ის, რომ "მონპელიემ", რომელსაც ბოლო ადგილი ამ თამაშამდე ჰქონდა განაღდებული, ორივე ქულა "შალკესთან" აიღო...

რენე ჟირარი ("მონპელიეს" მწვრთნელი):
"ვფიქრობ, რომ მოგებას ვიმსახურებდით, რადგან უდიდესი თავდადებით ვითამაშეთ და "შალკეს" ვაჯობეთ კიდეც. ახლა უკვე ვიცით, როგორია ჩემპიონთა ლიგა და იმედია, ამ ტურნირზე კიდევ მოვხვდებით".

ჰუუბ სტევენსი ("შალკეს" მწვრთნელი):
"მონპელიეს" ჩვენზე უკეთ არ უთამაშია, უბრალოდ, მეტოქემ დღეს უფრო მეტი საგოლე მომენტი შექმნა. მადლობა ტიმო ჰილდებრანდს, რომელმაც მარცხისგან გვიხსნა".

გუნდი
1 შალკე 6 3 3 0 10-6 12
2 არსენალი 6 3 1 2 10-8 10
3 ოლიმპიაკოსი 6 3 0 3 9-9 9
4 მონპელიე 6 0 2 4 6-12 2


C ჯგუფი
მილანი-ზენიტი 0:1
გოლი: 0:1 დანი (35)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დანი (ზენიტი)

VideoSportall.Ge
მილანი - ზენიტი 0:1


"მილანი" ბურთს უფრო დიდხანს ფლობდა, ვიდრე "ზენიტი"; "როსონერიმ" კარისკენ "ზენიტზე" სამჯერ მეტი დარტყმა გააკეთა და ექვსით მეტი კუთხური ჩააწოდა, მაგრამ თამაში რუსებმა მოიგეს. "სან სიროზე"!

მოედანზე დომინირებამ მასიმილიანო ალეგრის ძალიან არასტაბილურ გუნდს ვერაფერი მოუტანა - "ზენიტი" უფრო ეფექტური გახლდათ და დანის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გატანილი გოლით მოიგო კიდეც, რამაც პეტერბურგელები მესამე ადგილზე გაიყვანა და ევროპალიგაში გადაიყვანა.

მასიმილიანო ალეგრი ("მილანის" მწვრთნელი):
"ეს გოლი არაფრისდიდებით არ უნდა გაგვეშვა! "მილანი" ასეთ გოლებს არ უნდა უშვებდეს. "ზენიტმა" პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი მომენტი შექმნა და ისიც გოლით დააგვირგვინა. ჩვენ საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმენით და სამწუხაროა, რომ ერთიც ვერ გავიტანეთ. კიდევ კარგი, რომ მერვედფინალში გავედით. იმედია, იანვრამდე ბევრ რამეს შევცვლით და "პლეი ოფში" ჩვენი ტიფოზები სულ სხვა "მილანს" ნახავენ".

ლუჩანო სპალეტი ("ზენიტის" მწვრთნელი):
"ვულოცავ ჩემს გუნდს, ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს! ჩვენთვის ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ევროპის მიღმა დარჩენა არ გვინდოდა".

* * *
მალაგა-ანდერლეხტი 2:2
გოლები: 1:0 დუდა (45), 1:1 იოვანოვიჩი (50), 2:1 დუდა (61), 2:2 მბოკანი (89)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კარლოს კამენი (მალაგა)

VideoSportall.Ge
მალაგა - ანდერლეხტი 2:2


"მალაგას" პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა და მანუელ პელეგრინიმ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი კი დაასვენა, მაგრამ ჟერემი ტულალანი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და მწარედაც ინანა: მე-16 წუთზე ანდალუსიელთა წამყვანი ნახევარმცველი დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

ესპანელები მთელი მატჩის განმავლობაში "ანდერლეხტზე" უკეთ თამაშობდნენ და ორჯერ იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდნენ, რაც "მალაგასთვის" ნამდვილად საპატიო, "ანდერლეხტისთვის" კი საოცნებო შედეგია.

ბელგიელებს, თავის მხრივ, მესამე ადგილზე გასვლის იმედი ჰქონდათ და მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ბრწყინვალე იყო "მალაგას" მეკარე კარლოს კამენი, რომელმაც "ანდერლეხტს" ქულაზე მეტი არ გაატანა.

გუნდი
1 მალაგა 6 3 3 0 12-5 12
2 მილანი 6 2 2 2 7-6 8
3 ზენიტი 6 2 1 3 6-9 7
4 ანდერლეხტი 6 1 2 3 4-9 5


D ჯგუფი
რეალი-აიაქსი 4:1
გოლები: 1:0 რონალდო (13), 2:0 კალეხონი (23), 3:0 კაკა (49), 3:1 ბოერიხტერი (60), 4:1 კალეხონი (88)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხოსე კალეხონი (რეალი)

ხოსე კალეხონი "რეალის" რიგებში იშვიათად თამაშობს ხოლმე, მაგრამ როცა ჩემპიონთა ლიგაში მადრიდულ გრანდს უმოტივაციო მატჩები აქვს და ჟოზე მოურინიო კალეხონს ათამაშებს, მეტოქე გუნდების მცველებს მისი შეჩერება ყოველთვის უჭირთ.

4 დეკემბერს მარჯვენა გარემარბმა ჩემპიონთა ლიგის მე-9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეექვსე და მეშვიდე გოლები გაიტანა!

კალეხონი ერთ-ერთი იყო იმ სათადარიგო ფეხბურთელებიდან, რომლებსაც მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაში თამაშის ბედნიერება მიანიჭა.

ჟოზეს ექსპერიმენტები "რეალში" ყველაზე მეტად დაცვის ხაზს შეეხო, სადაც ნაჩოს, კარვალიოს, ვარანისა და კოენტრაოს ოთხეული იდგა.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ხოსე როდრიგესი "რეალის" ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა - როდრიგესი იმ დღეს 17 წლის და 353 დღის იყო. აქამდე ეს რეკორდი რაულს ეკუთვნოდა, რომელსაც ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში დებიუტი 18 წლის, 2 თვის და 17 დღის ასაკში ჰქონდა.

მიუხედავად მასპინძლობისა, "რეალმა" "აიაქსს" ბურთი და მოედანი დაუთმო (ბურთის ფლობა 42%-58%), მაგრამ ამსტერდამელებმა ამით ვერ იხეირეს. ჰოლანდიელები მხოლოდ მეორე ტაიმის შუაწელსღა ათამაშდნენ და ისიც ალბათ იმიტომ, რომ მადრიდელები იმ დროს უკვე მხოლოდ პრიმერადივიზიონის მომდევნო მატჩზე ფიქრობდნენ.

ამრიგად, "სანტიაგო ბერნაბეუს" ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში ამ შეხვედრის ლოგიკური შედეგია და ფრანკ დე ბურის შეგირდებს გული ნამდვილად არ დასწყდებოდათ, რადგან რაკი "მანჩესტერ სიტიმ" დორტმუნდში წააგო, მესამე ადგილზე "აიაქსი" გავიდა.

ჟოზე მოურინიო ("რეალის" მწვრთნელი):
"სიკვდილის ჯგუფში მეორე ადგილზე გავედით. პირველი ადგილის დაკავება გვინდოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა".

ფრანკ დე ბური ("აიაქსის" მწვრთნელი):
"შეგვიძლია, ვიამაყოთ იმით, რომ ურთულეს ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავეთ და ევროპალიგაში გადავინაცვლებთ. სექტემბერში ამას ბევრი ვერ იფიქრებდა".

* * *
ბორუსია (დ)-მანჩესტერ სიტი 1:0
გოლი: 1:0 შიბერი (57)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მატს ჰუმელსი (ბორუსია /დ/)

VideoSportall.Ge
დორტმუნდი - მანჩესტერ სიტი 1:0


"ბორუსიას" ექსპერიმენტულ შემადგენლობას თავიდან ცოტათი გაუჭირდა, მერე კი შეთამაშდა და თამამად ვიტყვით, რომ იურგენ კლოპის გუნდი მაინც "სიტიზე" უკეთ გამოიყურებოდა.

მანჩესტერელებს თითქოს შეტევაში წასვლის სურვილი არ ჰქონდათ. როგორც ჩანს, რობერტო მანჩინის შეგირდებს ევროპალიგაში გადასვლა არ უნდოდათ და "დორტმუნდმა" უფრო დიდი ანგარიშით რომ არ მოიგო, ეს "სიტის" მეკარე ჯო ჰარტის დამსახურებაა.

იურგენ კლოპი ("ბორუსიას" მწვრთნელი):
"არ მეგონა, თუ 14 ქულას დავაგროვებდით, მაგრამ ვიცოდი, რომ ყველა მეტოქისთვის არასასიამოვნო მოწინააღმდეგეები ვიქნებოდით".

რობერტო მანჩინი ("მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი):
"ჩემპიონთა ლიგა ხანდახან ძალიან უცნაურია ხოლმე. შარშან "დორტმუნდი" გავიდა მეოთხე ადგილზე, ახლა კი ჩვენ. მე თუ მკითხავთ, "ბორუსიას" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია".

გუნდი
1 ბორუსია (დ) 6 4 2 0 11-5 14
2 რეალი 6 3 2 1 15-9 11
3 აიაქსი 6 1 1 4 8-16 4
4 მანჩესტერ სიტი 6 0 3 3 7-11 3


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. სამშაბათის მატჩები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული