რ ე ა ლ ი - მ ი ლ ა ნ ი - უგემრიელესი კერძი ვახშმად

AutoSharing Option
"ბაიერნი" კლუჟის დამარცხების შემთხვევაში, მერვედფინალისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს; შვეიცარიელები რომიდან ქულის ან სულაც ქულების წაღებაზე ოცნებობენ; "ლუჟნიკებზე" საზეიმო მატჩია: რუსეთის "სახალხო გუნდი" "სპარტაკი", რომელსაც ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულა აქვს, ასევე ექვსქულიან "ჩელსის" მასპინძლობს; "მარსელი" "ჟილინასთან" ბოლო შანსისთვის იბრძვის; "არსენალი" და "შახტარი" H ჯგუფის რეალური ლიდერის ვინაობას გაარკვევენ; მადრიდში კი ევროპის საკლუბო კლასიკაა: "რეალი"-"მილანი".


E ჯგუფი
ბაიერნი-კლუჟი
"ბაიერნმა" პირველი ორი თამაში ("რომასთან" და "ბაზელთან") მოიგო. შესაბამისად, მიუნხენური კლუბი ამ დროისთვის მეორე ადგილზე მყოფ "კლუჟს" დამშვიდებული ხვდება. ბავარიელებს სანერვიულო აღარც საკადრო
პრობლემების გამო აქვთ. ლუის ვან გაალს დღევანდელი მატჩისთვის სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოუჯანმრთელდა: ბასტიან შვაინშტაიგერი, დანიელ ვან ბუიტენი და ივიცა ოლიჩი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შაბათს, "ჰანოვერთან" შეხვედრაში მარიო გომესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ძალიან ხანგრძლივი უგოლო სერია შეწყვიტა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბაიერნი" "კლუჟთან" მატჩს საკმაოდ კარგ მდგომარეობაში ხვდება. ვან გაალმა გომესი ძალიან აქო, დიდი შანსია, რომ მარიო ძნელბედობის ჟამს "ბაიერნის" უმთავრეს ფიგურად მოგვევლინოსო.

მიუხედავად ორი მოგებისა და ერთპიროვნული ლიდერობისა, რეკორდმაისტერს მოდუნების უფლება არ აქვს. კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა კიდეც, მერვედფინალის საგზური, რაც შეიძლება, მალე უნდა გავინაღდოთო, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელმძღვანელები რეკორდმაისტერს დღეს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას სთხოვენ. "კლუჟთან" საშინაო მატჩისთვის სხვა რამ მოსალოდნელი არც იყო. უფრო მეტიც: რუმენიგეს თქმით, "ბაიერნმა" "კლუჟს" ორივე თამაში უნდა მოუგოს (რეკორდმაისტერი მომდევნო ტურშიც რუმინულ კლუბს ხვდება), რაც იმის მაუწყებელი იქნება, რომ მიუნხენელები მერვედფინალში თამაშს ოთხი ტურის შემდეგ გაინაღდებენ და მერე ყურადღების მთლიანად ბუნდესლიგაზე გადატანა შეეძლებათ. რუმინელებს დღეს გაბრიელ მურესანი და მარცხენა მცველი ედიმარი არ ეყოლებათ.
სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-2-2): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, პრანიჩი - ტიმოშჩუკი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი - ოლიჩი, გომესი.
კლუჟი (4-4-2): სტანჩუ - პანინი, უგო ალკანტარა, კადუ, რადა - ორა, დიკა, კივუვუ, კულიო - დე ზერბი, ტრაორე.
არბიტრი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

რომა-ბაზელი
ორი ტურის შემდეგ, "კლუჟთან" ერთად, "რომასაც" სამი ქულა აქვს, აი, "ბაზელი" კი, ჯერ კიდევ უქულოდაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შვეიცარიელებს დღეს მერვედფინალის საგზურისთვის გაბრძოლების უკანასკნელი შანსი აქვთ. არადა, ტორსტენ ფინკის გუნდს სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან გაუჭირდება, რადგან "ბაზელი" რომში ჩადის. ფინკმა შვეიცარიის თასის მატჩში ("ივერდონთან" 2:0) ნაკრებიდან დაბრუნებული წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა, რათა მისი გუნდის ლიდერები "რომასთან" მატჩს მაქსიმალურ მზადყოფნაში შეხვდნენ. "რომამ" სეზონში არასახარბიელო სტარტის აღების შემდეგ მდგომარეობა ცოტათი გამოისწორა: კლაუდიო რანიერის ბიჭებმა გასულ უქმეებზე "ჯენოა" დაამარცხეს (2:1) და გასავარდნი ზონიდან ამოვიდნენ, ისე კი, საკუთარ მოედანზე როგორც სერია A-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში, წაუგებლად ასპარეზობენ. თუმცა მხოლოდ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ "ბაზელთან" მატჩში "ჯალოროსი" ფავორიტადაა მიჩნეული. "რომას" მირკო ვუჩინიჩი არ ეყოლება. შესაბამისად, "ბაზელს" ფრანჩესკო ტოტისა და მარკო ბორიელოს ტანდემი შეუტევს.
სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-4-2): ლობონტი - კასეტი, ჟუანი, მექსე, კასტელინი - ტადეი, პიზარო, ბრიგი, პეროტა - ტოტი, ბორიელო.
ბაზელი (4-4-2): ფრანკო - სამუელი, აბრაამი, ათანი, შაქირი - ტემბო, იაპი, ჰუგელი, შტოკერი - შტრელერი, ფრაი.
არბიტრი: ალეკსეი ნიკოლაევი (რუსეთი)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 2 2 0 0 4-1 6
2. კლუჟი 2 1 0 1 3-3 3
3. რომა 2 1 0 1 2-3 3
4. ბაზელი 2 0 0 2 2-4 0


F ჯგუფი
სპარტაკი-ჩელსი
მარსელის "ოლიმპიკისგან" სასწაულებს არ ველოდით, "ჟილინაზე" ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ მაინც რთული წარმოსადგენი იყო ის, რომ ორი ტურის შემდეგ, "ჩელსისთან" ერთად, მოსკოვის "სპარტაკსაც" 6 ქულა ექნებოდა. თუმცა რუსეთის "სახალხო გუნდის" დაკნინება არაფრისდიდებით არ შეიძლება - ვალერი კარპინის გუნდმა ეს ექვსი ქულა ("მარსელს" სტუმრად მოუგო, "ჟილინას" კი შინ) აბსოლუტურად დამსახურებულად მოიპოვა და ახლა "ჩელსისთან" ჯგუფის ტოპ-მატჩი აქვს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ "სპარტაკს" ჯერ არცერთი გოლი არ აქვს გაშვებული და ოფიციალურ შეხვედრებში შვიდმატჩიანი წაუგებელი სერიაც გამოაცხო. ეს ყველაფერი კი ნამდვილად გამოწვევაა "ჩელსისთვის", რომელმაც გასულ უქმეებზე, პრემიერლიგაში ალექსის, ლემპარდისა და დროგბას გარეშე, "ასტონ ვილასთან" ოდენ უგოლო ფრეს მიაღწია. კარლო ანჩელოტიმ იმ თამაშში ვერც ბენაიუნი გამოიყენა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "ჩელსის" "სპარტაკის" სტადიონ "ლუჟნიკებთან" კარგი მოგონებები ნამდვილად არ აკავშირებს: 2008 წელს ამ არენაზე "არისტოკრატებმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგეს. "სპარტაკში" ფორვარდ ველიტონის თამაში საეჭვოა.

სავარაუდო შემადგენლობები
სპარტაკი (4-4-2): დიკანი - მაკეევი, პარეხა, სუხი, პარშივლიუკი - შეშუკოვი, იბსონი, კომბაროვი, მაკგიდი - არი, ველიტონი.
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, ფერეირა, კოული - ესიენი, რამირესი, ობი მიკელი - სტარიჯი, ანელკა, მალუდა.
არბიტრი: ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

მარსელი-ჟილინა
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, "მარსელისა" და "ჟილინას" დაპირისპირება ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი, უმნიშვნელოვანესი მატჩია. ამ წყვილში გამარჯვებული უდიდეს ნაბიჯს გადადგამს მესამე ადგილზე გასვლისკენ, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან ევროპის ლიგაში გადასვლის გარანრტიას იძლევა და თანაც, მერვედფინალში გასვლის შანსსაც შეინარჩუნებს. ფავორიტი, რა თქმა უნდა, მაინც "მარსელია". "ველოდრომელთა" თავკაცმა დიდიე დეშამმა განაცხადა, ახლა "ჟილინასთან" ორი თამაში გვაქვს და თუ ორივეს მოვიგებთ, ვიტყვი, რომ მერვედფინალში გასვლის ჩინებული შანსი გვაქვსო. თუმცა "ჟილინა" ხელწამოსაკრავი გუნდი (ყოველ შემთხვევაში, "მარსელისთვის") არ არის. სლოვაკებმა შიდა ჩემპიონატში უახლოესი მდევარი "ზლატე" 4:0 გაანადგურეს და ქვას ქვაზე არ ტოვებენ.

სავარაუდო შემადგენლობები
მარსელი (4-3-3): მანდანდა - ასპილიკუეტა, მბია, დიავარა, ჰაინცე - ლუჩო გონსალესი, ე. სისე, შეირუ - რემი, ბრანდაო, ჟინიაკი.
ჟილინა (4-4-2): დუბრავკა - გულდანი, პიაჩეკი, პეჩალკა, მრაცი - ჟეცი, სურეკი, რილკე, ვლადავიჩი - მაიტანი, კესაი.
არბიტრი: ისტვან ვადი (უნგრეთი)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 2 2 0 0 6-1 6
2. სპარტაკი 2 2 0 0 4-0 6
3. მარსელი 2 0 0 2 0-3 0
4. ჟილინა 2 0 0 2 1-7 0


G ჯგუფი
რეალი-მილანი
ტურისა და მთლიანად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ცენტრალური მატჩი დღეს მადრიდში გაიმართება: "სანტიაგო ბერნაბეუზე" ერთმანეთის წინააღმდეგ "რეალი" და "მილანი" წარსდგებიან. მატჩს ინტრიგა და ინტერესი ისედაც არ აკლია, მაგრამ "გემრიელ კერძი", რომელიც ფეხბურთის ქომაგებს დღეს ვახშამზე გველის, რობინიოთი შეიკაზმა. მოგეხსენებათ, ბრაზილიელი თავდამსხმელი "სამეფო გუნდის" ღირსებას იცავდა, დღეს კი "მილანის" ფეხბურთელია, სადაც "მანჩესტერ სიტის" გავლით მოხვდა.

"ეს მატჩი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არა იმიტომ, რომ მინდა, "რეალის" ხელმძღვანელებს რამე დავუმტკიცო, არამედ იმის გამო, რომ ფეხბურთი ასეთი რანგის შეხვედრების გამოა სპორტის ნომერ პირველი სახეობა. "სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკა ყოველთვის მაფასებდა, "რეალის" ქომაგებს ძალიან ვუყვარდი და ამ ხალხისადმი უდიდესი პატივისცემით ვარ განწყობილი," - განუცხადა რობინიომ "მარკას".
ისე როგორ იქნებოდა, რომ ყურადღების ცენტრში კრიშტიანო რონალდოც არ მოხვედრილიყო. პორტუგალიელმა "მალაგასთან" დუბლი შეასრულა და ზოგადად იდეალურად ითამაშა, რის შემდეგაც თავის სტილში თქვა, "მილანთან" ომისთვის წავივარჯიშეო.

"მილანმა" იტალიის ჩემპიონატში "კიევო" 3:1 (პატომ დუბლი შეასრულა) დაამარცხა და ლიდერ "ლაციოს" მისდევს. დღეს კი მასიმილიანო ალეგრის ბიჭებს მთლიანად "რეალთან" მატჩზე მოუწევთ კონცენტრირება - "როსონერის" ლოგიკური მიზანი მადრიდში არწაგებაა. "რეალთან" სრულყოფილი "მილანის" ნახვა მინდა. მატჩი უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ," - ეს ალეგრის სიტყვებია.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, რ. კარვალიო, პეპე, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - კ. რონალდო, იოზილი, ბენზემა - იგუაინი.
მილანი (4-3-3): აბიატი - ძამბროტა, ბონერა, ნესტა, ანტონინი - ზეედორფი, პირლო, ამბროზინი - პატო, იბრაჰიმოვიჩი, რონალდინიო.
არბიტრი: პედრო პროენსა (პორტუგალია)

აიაქსი-ოსერი
ამსტერდამის "აიაქსი" "რეალისა" და "მილანისთვის" კონკურენციის გასაწევად იბრძვის და ჯერჯერობით ეს არცისე კარგად გამოსდის - ჰოლანდიურ გრანდს ორი ტურის შემდეგ, მხოლოდ ერთი ქულა აქვს. თუმცა ამსტერდამელებს ახლა "ოსერთან" უწევთ ორი მატჩი და ეს მათთვის შესანიშნავი შანსია. ყურებჩამოყრილი არც "ოსერია" - ფრანგები "ამსტერდამ არენაზე" იოლად არაფერს დათმობენ.
სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი (4-3-3): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ოოიერი, ვერტონგენი, ემანუელსონი - ლინდგრენი, ენო, დე ზეეუვი - სუარესი, ელ ჰამდაუი, სულეიმანი.
ოსერი (4-2-2): სორინი - ენგბარტი, ა. კულიბალი, გრიხტინგი, დუდკა - შაფნი, ნ’დინგა, პედრეტი, ბირსა - კონტუ, ოლიეში.
არბიტრი: ოლეგარიო ბენკერენშა (პორტუგალია)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 2 2 0 0 3-0 6
2. მილანი 2 1 1 0 3-1 4
3. აიაქსი 2 0 1 1 1-3 1
4. ოსერი 2 0 0 2 0-3 0


H ჯგუფი
არსენალი-შახტარი
"არსენალის", "შახტარის", "პარტიზანისა" და "ბრაგას" თავყრილობას ექსპერტები ჩემპიონთა ლიგის ყველაზე უინტერესო ჯგუფს ტყუილად როდი უწოდებენ - ორი ტურის შემდეგ აქ როლები მკვეთრადაა გადანაწილებული, თანაც, იმდენად მკვეთრად, რომ მოსალონდელ ლიდერთან, "არსენალთან" ერთად, ჯგუფიდან გამსვლელი მეორე გუნდის ვინაობაც აშკარად გამოიკვეთა და ეს დონეცკის "შახტარია". სხვა საქმეა ის, რომ საკმაოდ კარგად მომზადებულ უკრაინულ კლუბს ახლა ლონდონურ გრანდთან ორი დაპირისპირება მოუწევს და თუ ხეირიანად არ ითამაშა, "პარტიზანს" ან "ბრაგას" მისთვის წამოწების შანსს მისცემს, მაგრამ ამ ეტაპზე რაიმე პოზიტიურს ვერც ბელგრადულ კლუბს ვუწინასწარმეტყველებთ და მით უმეტეს, ვერც "ბრაგას", რომელსაც ორი ტურის შემდეგ ბურთების შეფარდება 0:9 აქვს.
"არსენალს" ორი ტურის შემდეგ ცხრა გოლი აქვს გატანილი, დონეცკელებს კი არცერთი გოლი არ მიუღიათ. თანაც, "შახტარი" უკრაინის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს და ეს ყველაფერი საკმაოდ საინტერესო მატჩის გარანტიას იძლევა.

სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი (4-3-2-1): ფაბიანსკი - სანია, ჯურუ, სკილაჩი, გიბსი - კლიში, ებუე, დენილსონი - ფაბრეგასი, უილშერი - შამახი.
შახტარი (4-3-3): პიატოვი - სრნა, კუშერი, რაკიცკი, რაცი - ჰიუბშმანი, გაი, ჟადსონი - კოშტა, ვილიამი, ლუის ადრიანო.
არბიტრი: ოდვარ მოენი (ნორვეგია)


ბრაგა-პარტიზანი
იმ დროს, როცა "არსენალმა" და "შახტარმა" ერთპიროვნული ლიდერის ვინაობა უნდა გაარკვიონ, "ბრაგა" და "პარტიზანი" ერთმანეთში იწვალებენ. პორტუგალიურმა კლუბმა გასულ უქმეებზე მოქმედ ჩემპიონ "ბენფიკასთან" 0:1 წააგო, "პარტიზანმა" "სმედერევო" 5:3 დაამარცხა და პორტუგალიაში საკმაოდ კარგ ხასიათზე მყოფი ჩადის.
სავარაუდო შემადგენლობები
ბრაგა (4-3-3): ფელიპე - სილვიო, მოიზესი, ელდერსონი, ეჩიეჯილე - ვანდინიო, მოსორო, სალინო - პაულო სეზარი, მათიო, ლიმა.
პარტიზანი (4-4-2): სტოიკოვიჩი - სტევანოვიჩი, კრსტაიჩი, სავიჩი, ლაზევსკი - პეტროვიჩი, კამარა, ილიჩი, ტომიჩი - ბოია, კლეო.
არბიტრი: ლორან დუჰამელი (საფრანგეთი)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 2 2 0 0 9-1 6
2. შახტარი 2 2 0 0 4-0 6
3. პარტიზანი 2 0 0 2 1-4 0
4. ბრაგა 2 0 0 2 0-9 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული