კვარტეტი ლიგის მერვედფინალისკენ

AutoSharing Option
სამი ტურის შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბაიერნი", "ჩელსი", "რეალი" და "არსენალი" უკვე მერვედფინალში არიან. სასწაული უნდა მოხდეს, რომელიმე მათგანს პრობლემები შეექმნას - სამი ტურის შემდეგ ოთხივეს 9-9 ქულა აქვს. სამშაბათს ერთადერთი სენსაცია დაფიქსირდა - "რომამ" საკუთარ მოედანზე "ბაზელთან" წააგო, მაგრამ მდგომარეობა ძალიან არ გაურთულებია.


E ჯგუფი
ბაიერნი-კლუჟი 3:2
გოლები: 0:1 კადუ (28), 1:1 კადუ (32-საკ. კარში), 2:1 პანინი (37-საკ. კარში), 3:1 გომესი (77), 3:2 კულიო (86)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი)

პირველ ტაიმში, "ბაიერნის" უპირატესობა მხოლოდ ბურთის ფლობისა და ანგარიშის

მხრივ იყო თვალშისაცემი, მაგრამ დაგვეთანხმებით, ეს სავსებით საკმარისია. "კლუჟი" დაცვაში ღრმად არ ჩადგა, მაგრამ არც მიუნხენელებს უცდიათ მეტოქის მძიმე წნეხის ქვეშ მოქცევა. პირიქით, ლუის ვან გაალის ბიჭებმა ზედმეტად ბევრი არაზუსტი პასი გააკეთეს. "ბაიერნში" გამთამაშებლის პოზიციაზე ტონი კროოსი თამაშობდა, მაგრამ თანაგუნდელები მას იშვიათად აძლევდნენ თამაშის ორგანიზების შანსს. ერთადერთი ცენტრფორვარდი მარიო გომესი კი ხშირად ჰაერში იყო გამოკიდებული. თუკი "ბაიერნი" ფლანგიდან უტევდა, მხოლოდ მარჯვენა მხრიდან, სადაც ლამი და ჰამით ალთინთოფი ცდილობდნენ კომბინირებას, მაგრამ ამ უკანასკნელის ჩაწოდებები უმარილო იყო. სწორედ ამიტომ "გახდა საჭირო" ის ორი კურიოზული ავტოგოლი, რომელთა წყალობითაც "ბაიერნმა" პირველი ტაიმი მოიგო (თავიდან აგებდა).
"კლუჟის" ფეხბურთელებს შეტევაში არც მეორე ტაიმში მოუკლავთ, მაგრამ რასაც აკეთებდნენ, ისიც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ "ბაიერნის" მცველები რამდენჯერმე აენერვიულებინათ. "კლუჟის" მთავარი ძალა წინა ხაზში ტრაორე გახლდათ, რომელმაც რეკორდმაისტერის დაცვის ცენტრში დამდგარ ანატოლი ტიმოშჩუკს ბევრი საქმე გაუჩინა. ტრაორეს გარდა, მიუნხენელებს ნერვებს დე ზერბი უშლიდა - მეტწილად სტანდარტულებით.

ვან გაალის გუნდმა თავისი თამაში სადღაც მე-60 წუთიდან იპოვნა, როცა შვაინშტაიგერმა მოედნის ცენტრში ყველაფერი თავის თავზე აიღო, ხოლო თომას მიულერი კი პოზიციის ხშირ ცვლას შეუდგა. მეორე ტაიმში კროოსიც უფრო აქტიური გახდა...

"მესამე თამაშიც მოვიგეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც ვგეგმავდით. ახლა კი დროა, გეგმებს ბუნდესლიგაშიც წამოვეწიოთ," - აღნიშნა საფინალო სასტვენის შემდეგ ვან გაალმა.


რომა-ბაზელი 1:3
გოლები: 0:1 ფრაი (12), 1:1 ბორიელო (21), 1:2 ინკოომი (43), 1:3 კაბრალი (93)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ალექსანდერ ფრაი (ბაზელი)

"მარადიული გამარჯვება მარადიულ ქალაქში" - ასეთი ჰედლაინებით აივსო შვეიცარიული პრესა "რომასა" და "ბაზელის" მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც ყველასათვის მოულოდნელად, ტორსტენ ფინკის გუნდმა საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო. "ჯალოროსი" შოკში თავიდან ალექსანდერ ფრაის გოლმა ჩააგდო, მაგრამ მარკო ბორიელომ წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხა და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ იტალიელებს პრობლემები აღარ უნდა შეჰქმნოდათ, მაგრამ ტაიმის მიწურულს ინკოომის მიერ გატანილმა გოლმა ისევ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. შესაბამისად, მეორე ტაიმში გაბრაზებული "რომა" ვიხილეთ. კლაუდიო რანიერის გუნდმა "ბაზელი" რამდენჯერმე მიაჯაჭვა საკუთარ საჯარიმოს, გოლი კი არა და არ გადიოდა - 58-ე წუთზე, როდრიგო ტადეიმ შვეიცარიელთა კარის ძელიც შეაზანზარა. სულ ბოლოს კი, კერძოდ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე რომაელებს "ბაზელის" კონტრიერიში გამოეპარათ, შეცვლაზე შესულმა კაბრალმა "ჯალოროსის" უკანახაზელები გააბრიყვა და მასპინძელთა გამოცდილი კიპერი ბოგდან ლობონტიც უშანსოდ დატოვა. შედეგად, "ბაზელს", "რომას" და "კლუჟს" სამი ტურის შემდეგ სამ-სამი ქულა აქვთ, "ბაიერნს" კი შეუძლია, უკვე მერვედფინალზე დაიწყოს ფიქრი.

"პირველ ტაიმში უბრალოდ ამაზრზენად ვითამაშეთ. მთელი 45 წუთის მანძილზე ერთხელაც კი არ დავჯარიმებულვართ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მონდომების სერიოზული პრობლემა გვქონდა. როცა ბურთი გვქონდა, ძალიან ზანტად ვირჯებოდით, რის გამოც მეტოქე სერიოზული წნეხის ქვეშ ვერ მოვაქციეთ. არ ვიცი, რატომ ვითამაშეთ ასე ცუდად. შესვენებაზე ბიჭებსაც ვკითხე, რატომ თამაშობთ ასე ცუდად-მეთქი, მაგრამ ვერაფერი მიპასუხეს," - განაცხადა დაღონებულმა რანიერიმ.

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 3 3 0 0 7-3 9
2. ბაზელი 3 1 0 2 5-6 3
3. კლუჟი 3 1 0 2 5-6 3
4. რომა 3 1 0 2 3-6 3


F ჯგუფი
სპარტაკი-ჩელსი 0:2
გოლები: 0:1 ჟირკოვი (23), 0:2 ანელკა (43)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მიქაელ ესიენი (ჩელსი)

მოსკოველ ფეხბურთელებს უდიდესი მონდომება პირველი წუთებიდანვე დაეტყოთ და სანამ "ჩელსის" მოთამაშეები "ლუჟნიკების" მინდორს შეეგუებოდნენ, "სპარტაკმა" ორი მშვენიერი მომენტიც შექმნა, მაგრამ მერე "არისტოკრატები" დალაგდნენ და 23-ე წუთზე ლოგიკური გოლიც გაიტანეს: "რუსეთის სახალხო" გუნდი რუსმა იური ჟირკოვმა, მძლავრი დარტყმით დაამწუხრა. "ლუჟნიკების" პუბლიკამ ჟირკოვს დიდხანს კი უსტვინა (ეს უკანასკნელი "სპარტაკის" მტერ ცსკა-ში თამაშობდა), მაგრამ ამით რა...
ანგარიშის გახსნას ის მოჰყვა, რომ "ჩელსიმ" ფავორიტის სტატუსი ყველას ასპექტში გაამართლა. კარლო ანჩელოტის გუნდმა მოედნის ყველა კუნჭულში წესრიგი დაამყარა და შესვენებამდე მეორე გოლიც გაიტანა (ანელკა).

მართალია, რუსები შესვენებიდან გაცილებით გამოფხიზლებულები დაბრუნდნენ, მაგრამ შეტევაში ისეთი ფიგურა აკლდათ, რომელიც პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებდა. ვერც იმას ვიტყვით, რომ "სპარტაკის" წინახაზელები მაინცდამაინც კონცენტრირებულები იყვნენ - პეტერ ჩეხის კართან სახიფათო მომენტები მხოლოდ შორეული დარტყმებით, ისიც ძალიან იშვიათად იქმნებოდა. ვალერი კარპინის გუნდის კონცეფცია შეტევაში უმეტესად მხოლოდ საჯარიმოში ჩაწოდებებზე იყო დამყარებული და მიუხედავად იმისა, რომ ჯონ ტერი თითქმის ყველა საჰაერო ორთაბრძოლას იგებდა, მოსკოველები მაინც, ჯიუტად, მხოლოდ ჩაწოდებებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. ერთი სიტყვით, "სპარტაკმა" ზედმეტად მოსაწყენი ფეხბურთი ითამაშა საიმისოდ, რომ "ჩელსისთვის" სერიოზული პრობლემები შეექმნა.

მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, კარპინმა ჯანო ანანიძე მოედანზე მხოლოდ ბოლო 8 წუთისთვის შეუშვა. ჯანომ 3-4 მშვიერნი პასის გაკეთება მოასწრო.


მარსელი-ჟილინა 1:0
გოლები: 1:0 დიავარა (48)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი)

"მარსელისა" და "ჟილინას" მატჩში მსაჯს შეეძლო, თამაში 50-ე წუთზე დაესრულებინა, რაც მოსახდენი იყო, 50 წუთში მოხდა, მერე კი ყველაფერი წყლის ნაყვა იყო. მართალია, "მარსელმა" მინიმალური ანგარიშით მოიგო, რაც, შესაძლოა, იმის საფუძველი გახდეს, რომ გულშემატკივრებმა, რომლებმაც ეს თამაში ვერ ნახეს, იფიქრონ, "ჟილინა" "ველოდრომზე" მაგრად იბრძოდაო, მაგრამ ასე არ ყოფილა: "ოლიმპიკმა" თავიდანვე დაამტკიცა, რომ ამ მატჩში სამ ქულას არ დაკარგავდა. ჟინიაკმა და კომპანიამ მეტოქეს პირველ ნახევარ საათში ნამდვილი ფოიერვერკი მოუწყვეს, სტუმრების მცველები კი ყველას შეეცოდებოდა. ერთადერთი ჟილინელი, რომელიც მაღალ დონეზე თამაშობდა, მეკარე მარტინ დუბრავკა გახლდათ.

მეორე ტაიმის დასაწყისში "მარსელს" პენალტი უსამართლოდ არ დაუნიშნეს, მაგრამ "ოლიმპიკმა" 48-ე წუთზე მაინც შეძლო გოლის გატანა: სულეიმან დიავარამ ლუჩო გონსალესის კუთხურიდან თავით იხეირა. დუბრავკა მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეცდა და ისიც სწორედ ამ საბედისწერო მომენტში. "ჟილინა", რა თქმა უნდა, ეცადა მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ ეყო. ლოგიკურად, "მარსელმა" "ჟილინას" მეორე თამაშიც უნდა მოუგოს და თუ ასე მოხდა, ფრანგულ კლუბს "სპარტაკთან" გათანაბრებისა და შესაბამისად, მერვედფინალში გასვლის საკმაოდ კარგი შანსი გაუჩნდება. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ოლიმპიკს" "სპარტაკთან" სახლში აქვს წაგებული და მოსკოვში მოუწევს ჩასვლა.

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 3 3 0 0 8-1 9
2. სპარტაკი 3 2 0 1 4-2 6
3. მარსელი 3 1 0 2 1-3 3
4. ჟილინა 3 0 0 3 1-8 0


G ჯგუფი
რეალი-მილანი 2:0
გოლები: 1:0 რონალდო (13), 2:0 იოზილი (14)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მესუთ იოზილი (რეალი)

ჯგუფის, ტურის და ზოგადად ჯგუფური ეტაპის ცენტრალური მატჩისგან ცოტა უფრო მეტს ველოდით. თქვენც, ალბათ... და თუ ამ შეხვედრამ იმედები ასი პროცენტით ვერ გაამართლა, ეს პირველ რიგში "მილანის" ბრალია, რადგან "რეალს" რაც ევალებოდა, ძალიან მალე გააკეთა, მე-14 წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდა, რის შემდეგაც უკვე "როსონერის" უნდა ემოქმედა. მადრიდელებმა მილანელები თავიდანვე საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს, რამდენიმე შანსი შეექმნათ, ანგარიში კი მე-13 წუთზე კრიშტიანო რონალდომ საჯარიმო დარტყმით გახსნა. მეორე გოლიც ძალიან მალე, რამდენიმე წამში გავიდა (იოზილი).

გასაგებია, რომ "მილანი" 4-3-3 ტაქტიკური სქემით თამაშობს და "როსონერის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ სტილს, რომელზეც ამბობენ, თვით სილვიო ბერლუსკონისგან არის ნაკარნახებიო, არც ამჯერად უღალატა, მაგრამ მაინც: "სანტიაგო ბერნაბეუზე", ჟოზე მოურინიოს მიერ გაწვრთნილ "რეალთან" 4-3-3-ით თამაში, როგორც მინიმუმ, ნამეტანი თავგამოდებაა.
რონალდინიომ და პატომ ვერაფერი გააწყვეს, ზლატან იბრაჰიმოვიჩიც შეუმჩნეველი იყო. მილანელთაგან საუკეთესო მომენტი ისევ და ისევ ვეტერან კლარენს ზეედორფს ჰქონდა (34-ე წუთზე), მანამდე კი ანდრეა პირლომ საჯარიმო დარტყმით "რეალის" კარის ძელი შეაზანზარა - ეს იყო და ეს.

საფინალო სასტვენის შემდეგ, კმაყოფილმა მოურინიომ ყველაზე მეტად მესუთ იოზილი აქო, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი - ახალგაზრდა გერმანელი გამთამაშებელი მოედანზე საუკეთესო გახლდათ. "იოზილი მაგიური ფეხბურთელია და ფანტასტიკურია ის, რომ მე სამი მაგიური შემტევი ნახევარმცველი მყავს: იოზილი, რონალდო და დი მარია," - თქვა ჟოზემ.
"რეალი" სამი ტურის შემდეგ, ცხრა ქულით პირველ ადგილზეა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერვედფინალში ითამაშებს. გასცდება თუ არა მერვედფინალს? საკითხავი, აი, ეს არის. წლებია, მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგაში მერევდფინალური ბარიერი არ გადაულახავთ.

აიაქსი-ოსერი 2:1
გოლები: 1:0 დე ზეუვი (7), 2:0 სუარესი (41), 2:1 ბირსა (56)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუის სუარესი (აიაქსი)

"აიაქსი" პირველიდან ბოლო წუთამდე ძალიან ცდილობდა პირველი გამარჯვების მოპოვებას, "ოსერის" ფეხბურთელები კი ზედმეტად პასიურები იყვნენ და საკუთარ საჯარიმოს ეკვროდნენ. შესაბამისად, ფრანგული კლუბი მალე დაისაჯა: დე ზეუვმა ანგარიში მე-7 წუთზე, საოცნებო დარტყმით გახსნა. "აიაქსი" გოლის შემდეგაც "ოსერზე" უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ ამსტერდამელებმა კოცენტრაცია დაკარგეს. ფეხბურთის თამაშის სურვილი ჰოლანდიურ გრანდს ლუის სუარესმა პირველი ტაიმის მიწურულს დაუბრუნა.

მეორე ტაიმი ათი წუთის დაწყებული იყო, როცა "ოსერი" თამაშში დაბრუნდა: "აიაქსს" მცველი ოოიერი გაუძევეს, დანიშნული ჯარიმა კი ბირსამ გოლად აქცია. შესაბამისად, დარჩენილ დროში უპირატესობას უკვე ფრანგები ფლობდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გააკეთეს თუნდაც ერთი ქულის გადასარჩენად, მაგრამ "აიაქსმა" ანგარიში შეინარჩუნა.

 თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 3 3 0 0 5-0 9
2. მილანი 3 1 1 1 3-3 4
3. აიაქსი 3 1 1 1 3-4 4
4. ოსერი 3 0 0 3 1-5 0


H ჯგუფი
არსენალი-შახტარი 5:1
გოლები: 1:0 სონგი (20), 2:0 ნასრი (42), 3:0 ფაბრეგასი (60), 4:0 უილშერი (66), 5:0 შამახი (69), 5:1 ედუარდო (82)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯეკ უილშერი (არსენალი)

"არსენალს" ისედაც იოლი ჯგუფი შეხვდა და იმედი გვქონდა, რომ ლონდონურ კლუბს დონეცკის "შახტარი" მაინც გაუწევდა ჯეროვან კონკურენციას, მაგრამ არც ეს მოლოდინი გამართლდა. აღსანიშნავია, რომ პირველ 20 წუთში ლონდონელებმა მათთვის დამახასიათებელი კომბინაციური ფეხბურთი ვერ ითამაშეს, მე-20 წუთზე კი დონეცკელთა მეკარე პიატოვი მწარედ შეცდა - მაღალი ბურთისთვის უხეიროდ იბრძოლა და ბურთი პირდაპირ სონგს დაუგდო, რომელსაც მხოლოდ გოლის გატანა მართებდა. არადა, სონგი თამაშგარე მდგომარეობაში იყო, თუმცა გოლი ჩაითვალა ამ გოლმა "არსენალს" ხელ-ფეხი გაუხსნა. მეორე ტაიმში "მეთოფეების" "ექსპრესი" შეუჩერებელი გახდა - პირველი ტაიმის მიწურულს ნასრის მიერ გატანილ გოლს, მეორე ნახევარში ფაბრეგასის, უილშერისა და შამახის გოლები მოჰყვა. დონეცკელთაგან კი გოლი ყოფილმა არსენალელმა, ედუარდომ გაიტანა. სხვათა შორის, ლონდონური კლუბის ფანები ედუარდოს ფეხზე წამოუდგნენ და "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი აპლოდისმენტით შეამკეს.

არსენ ვენგერის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ხუთ თამაშში 20 გოლი აქვს გატანილი, რაც სარეკორდო შედეგია.

ბრაგა-პარტიზანი 2:0
გოლები: 1:0 ლიმა (35), 2:0 მატეუში (90)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიმა (ბრაგა)

პირველი ორი ტურის შემდეგ ცხადი იყო, რომ "ბრაგას" და "პარტიზანს" მერვედფინალში გასვლის სურვილზე ხელი უნდა ჩაექნიათ. მიუხედავად ამისა, "პარტიზანის" დამარცხების შემდეგ, მანამდე უიმედო აუტსაიდერად შერაცხულ "ბრაგას" ჯგუფიდან გასვლის ძალიან მცირე, მაგრამ მაინც იმედი გაუჩნდა.

 თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 3 3 0 0 14-2 9
2. შახტარი 3 2 0 1 5-5 6
3. ბრაგა 3 1 0 2 2-9 3
4. პარტიზანი 3 0 0 3 1-6 0


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაღლი შინ არ ვარგოდაო და გარეთ ვაი ვაი რა ამბავში იყოო არაა ბაიერნ???)))
mitridat pontoeli
17:27 27-10-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული