ევროპის მეფე - რაულ გონსალეს ბლანკო!

AutoSharing Option
ოთხშაბათი ჩემპიონთა ლიგაში მასპინძლების, აგრეთვე "ტოტენჰემის" მარცხენა მცველ გარეთ ბეილისა და რაულ გონსალეს ბლანკოს დღე იყო. ვეტერანმა ესპანელმა თავდამსხმელმა, რომელიც ახლა "შალკეს" ღირსებას იცავს, ევროტურნირებზე გატანილი გოლების რაოდენობა 70-მდე გაზარდა და ამ მხრივ ყველა დროის საუკეთესო შედეგი აქვს - რაულმა იტალიელ გოლეადორ ფილიპო ინძაგის ორი გოლით გაასწრო. ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა "ინტერმა" მერვედფინალისკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა, "ბარსელონამ" მესის გოლებით მოიგო, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი ისევ არ ჰგავს თავის თავს - ფერგიუსონის გუნდმა ამჯერად აუტსაიდერ "ბურსასთან" მოიპოვა "მუშა გამარჯვება".


A ჯგუფი

ინტერი-ტოტენჰემი 4:3
გოლები: 1:0 ხ. ძანეტი (2), 2:0 ეტო'ო (11-პენ), 3:0 სტანკოვიჩი (14), 4:0 ეტო'ო (35), 4:1 ბეილი (52), 4:2 ბეილი (90), 4:3 ბეილი (91)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)

ჟოზე მოურინიოს ხელში "ინტერს" ასეთი რამ არაფრისდიდებით არ დაემართებოდა: მილანელები 4:0-ს იგებდნენ, მოედანზე მეტნი იყვნენ და მეორე ნახევარში კონცენტრაციის დაკარგვის გამო, სამი გოლი გაუშვეს. მიუხედავად ამისა, ფეხბურთში კარგად გარკვეულ გულშემატკივარს ერთი წამითაც არ გაუჩნდებოდა იმის ეჭვი, რომ "ტოტენჰემი" "სან სიროზე" გადაარჩენდა. მეორე წუთზე ხავიერ ძანეტიმ ანგარიში რომ გახსნა, ზუსტად ცხრა წუთში მატჩის ბედი უკვე თითქმის გადაწყვეტილი იყო, რადგან "ტოტენჰემს" მეკარე გომესი გაუძევეს, წითელი ბარათის მიცემის მიზეზით დანიშნული პენალტი კი სამუელ ეტო'ომ გაიტანა. 2:0 და კაცნაკლული "ტოტენჰემი" - მე-11 წუთზე ამ შეხვედრაში უკვე ყველაფერი გასაგები იყო. სამ წუტში დეიან სტანკოვიჩმა ანგარიში სამამდე გაზარდა, შესვენებამდე ათი წუთით ადრე კი ეტო'ომ მეორე გაიტანა და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ პირველ ტაიმში კიდევ 2-3 გოლის გატანა შეეძლო.
არცაა გასაკვირი, მილანელები მეორე ტაიმში რომ დამშვიდნენ, მაგრამ დამშვიდებასთან ერთად, კონცენტრაციაც დაკარგეს, რამაც "ტოტენჰემის" გენიალურ მარცხენა მცველს, გარეთ ბეილის ჰეთ-თრიკის შესრულების შესაძლებლობა მისცა. ინგლისელთა მარცხენაფლანგელმა სამჯერ შეძლო "ინტერის" ნახევარმცველების, მცველებისა და მეკარის გაბითურება, ფლანზგე სამჯერ გაინავარდა და სამივე შემთხვევაში დაახლოებით ერთნაირი დარტყმებით უნაკლო ჰეთ-თრიკი შეასრულა.


ტვენტე-ვერდერი 1:1
გოლები: 1:0 იანსენი (75), 1:1 არნაუტოვიჩი (80)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ვესლი (ვერდერი)

გულშემატკივრები, რომლებიც "ტვენტესა" და "ვერდერის" მატჩში დაუნდობელ ბრძოლას ელოდებოდნენ, სასტიკად შეცდნენ. რაკი ჰოლანდიელებმა ბრემენელების შეწუხება დიდად არ მოინდომეს, არც "ვერდერს" შეუტევია ჩვეულ სტილში. შედეგად, დაბალ ტემპში მიმდინარე პაექრობა ვიხილეთ. "ვერდერი" დაცვაში კომპაქტურად კი იდგა, მაგრამ შეტევაში კრეატიულობა ოდნავადაც არ ეტყობოდა. შესაბამისად, მომენტი, რომელიც პირველი ტაიმის პირველ ნახევარში "მუსიკოსებს" შეექმნათ, "ტვენტეს" მცველების ბავშვური შეცდომის შედეგი იყო.
გამარჯვებაზე ფიქრი ორივე გუნდმა მხოლოდ 70-ე წუთიდან დაიწყო, რამაც, როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს უფრო თავისუფლად თამაშის საშუალება მისცა. ჰოლანდიელებმა ანგარიში დამსახურებულად გახსნეს, "ვერდერმა" კი წონასწორობა მხოლოდ კლაუდიო პისაროსა და მარკო არნაუტოვიჩის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე აღადგინა. არნაუტოვიჩი ვარსკვლავად "ტვენტეში" ჩამოყალიბდა და არცაა გასაკვირი, ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი დიდად რომ არ იზეიმა. საბოლოოდ კი ფრე, რომელიც არც ჰოლანდიელებს აწყობდათ და არც გერმანელებს. თუმცა მეორეადგილოსან "ტოტენჰემთან" ორივე ახლოსაა.

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ინტერი 3 2 1 0 10-5 7
2. ტოტენჰემი 3 1 1 1 9-7 4
3. ტვენტე 3 0 2 1 4-7 2
4. ვერდერი 3 0 2 1 3-7 2


B ჯგუფი
შალკე-ჰაპოელი 3:1
გოლები: 1:0 რაული (3), 2:0 რაული (58), 3:0 ხურადო (68), 3:1 შეხტერი (93)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხოსე მანუელ ხურადო (შალკე)

ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შემდეგი მოსაზრება: "შალკეს" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგა იმდენად მოსწონთ, რომ ბუნდესლიგა ნაკლებად აღელვებთ, რაც ორივე ტურნირზე ნაჩვენებ შედეგებში ნათლად აისახება. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ფაქტია: "ჰაპოელთან" სულ სხვა, ბრწყინვალე "შალკე" ვიხილეთ!
გამთამაშებელი ხოსე მანუელ ხურადო თავდამსხმელებთან, რაულთან და კლაას-იან ჰუნტელაართან იმდენად კარგად კომბინირებდა, რომ გვიკვირს, რატომ თამაშობს "შალკე" ბუნდესლიგაში ასე ცუდად. მატჩის ბედი გელზენკირხენელთა ულამაზესმა შეტევამ გადაწყვიტა, როცა ჰუნტელაარის, რაკიტიჩისა და რაულის კომბინაცია ეფექტური გოლით დაგვირგვინდა. ამ გამარჯვებამ კი "შალკეს" მერვედფინალისკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა. მოედანზე საუკეთესო "ატლეტიკოდან" ნაყიდი ხურადო გახლდათ, რომელიც "შალკეს" თითქმის ყველა შეტევას იდეალურად ხელმძღვანელობდა. ხურადომ ჯერ თანამემამულე რაულს გაატანინა, მერე კი თვითონაც ულამაზესი გოლი გაიტანა.
ყველაზე საინტერესო კი ალბათYის არის, რომ რაული ახლა ევროტურნირების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ვეტერან ესპანელ გოლეადორს ევროტურნირებზე 70 გოლი აქვს გატანილი (აქედან 68 ჩემპიონთა ლიგაში) და კონკურენტ ფილიპო ინძაგის ორი გოლით გაასწრო...


ლიონი-ბენფიკა 2:0
გოლები: 1:0 ბრიანი (21), 2:0 ლისანდრო ლოპესი (51)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯიმი ბრიანი (ლიონი)

"ლიონმა" "ბენფიკას" ძლევით მერვედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. თანაც, ფრანგები ახლა ყველანაირად კმაყოფილები არიან, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატშიც გამოისწორეს მდგომარეობა (ზედიზედ ორი გამარჯვებით "ნანსისთან" და "ლილთან"). ეფექტური იყო ჯიმი ბრიანის გოლი, რომელმაც ბასტოსის მგრძნობიარე ჩაწოდების შემდეგ, ზუსტი თავური დარტყმით იხეირა. შესვენებამდე, "ბენფიკას" გაიტანი გაუძევეს და ცხადი იყო, რომ ლისაბონელები ამ თამაშს ვეღარ გადაარჩენდნენ. ეს მოსაზრება 51-ე წუთზე, ლისანდრო ლოპესის გოლმა (ბრიანის პასით) გაამყარა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლოგიკურად, მეორე ადგილისთვის ბრძოლა "შალკესა" და "ბენფიკას" შორის უნდა გაიმართოს. მეორე წრეში გელზენკირხენული კლუბი ლისაბონში უნდა ჩავიდეს.

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 3 3 0 0 6-1 9
2. შალკე 3 2 0 1 5-2 6
3. ბენფიკა 3 1 0 2 2-4 3
4. ჰაპოელი 3 0 0 3 2-8 0


C ჯგუფი
მანჩესტერი-ბურსა 1:0
გოლი: 1:0 ნანი (6)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდერსონი (მანჩესტერი)

"ბურსას" ორ თამაშში 5 გოლი ჰქონდა გაშვებული და ლოგიკურია, რომ ვფიქრობდით, "ოლდ ტრეფორდზე" შავი დღე დაადგებოდა, მაგრამ "მანჩესტერს" ამ სეზონში ხომ არ ახსოვს, როგორ უნდა გაიტანოს გოლები. ერთადერთი გოლი მე-6 წუთზე გავიდა - ნანიმ თურქეთის ჩემპიონს შორიდან, ულამაზესი გოლი გაუტანა. ვინც იფიქრა, რომ თურქების გვემა იწყებოდა, სასტიკად შეცდა, რადგან მანკუნიანელებმა ისევ ყურები ჩამოყარეს და "ბურსას" განადგურება არც კი უცდიათ.
რაკი თავი არც (ვერც) თურქებმა გამოიდეს და მანჩესტერელთა კარში პირველად და უკანასკნელად 90-ე წუთზე დაარტყეს, მინიმალისტ მანჩესტერელებს ასეთი მიგდომა კიდევ ერთხელ ეყოთ გამარჯვებისთვის. შედეგად: მიუხედავად იმისა, რომ ფერგიუსონის გუნდმა სამ თამაშში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, ანგარიშზე შვიდი ქულა აქვს, რადგან კარი სამივე თამაშში მშრალად შეინახა.


რეინჯერსი-ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 ედუ (34), 1:1 ედუ (46-საკ. კარში)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ტინო კოსტა (ვალენსია)

"რეინჯერსი" ისევ დაუმარცხებელია - გლაზგოელებს მიმდინარე სეზონში არცერთი თამაში არ წაუგიათ. მართალია, "ვალენსიასთან" საკუთარ მოედანზე სტუმრებივით თამაშობდნენ და ინიციატივა ესპანელებს გადააბარეს, მაგრამ ედუმ თავით მოხდენილი გოლი გაიტანა და "რეინჯერსი" წინ გავიდა. ერთი ეგაა, რომ გოლის მომენტში ვალენსიელთა მეკარეს მისთვის ხელშეუხებელ ზონაში შეეხო, რაც იტალიელმა არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ არად ჩააგდო, მაგრამ როგორც ჩანს, ედუ სინდისმა შეაწუხა - 46-ე წუთზე მან კიდევ ერთი გოლი გაიტანა: ისევ თავით, მაგრამ ამჯერად საკუთარ კარში. "ვალენსია" დარჩენილ დროშიც დომინირებდა, მაგრამ ამ მატჩიდან ქულაზე მეტი მაინც ვერ გამოწოვა. შედეგად: ერთადერთი გუნდი, რომელმაც მერვედფინალში გასვლაზე ხელი უნდა ჩაიქნიოს, "ბურსაა".

 თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 3 2 1 0 2-0 7
2. რეინჯერსი 3 1 2 0 2-1 5
3. ვალენსია 3 1 1 1 5-2 4
4. ბურსა 3 0 0 3 0-6 0


D ჯგუფი
ბარსელონა-კოპენჰაგენი 2:0
გოლები: 1:0 მესი (19), 2:0 მესი (92)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (ბარსელონა)

როგორც მოსალოდნელი იყო, "კოპენჰაგენმა" "ნოუ კამპზე" წააგო და ლიდერობაც დაკარგა, მაგრამ გუნდისთვის, რომელსაც პირველი ორი თამაში მოგებული ჰქონდა, ამ წაგებით ბევრი არაფერი შეცვლილა - "კოპენჰაგენს" მერვედფინალში გასვლის ჩინებული შანსი აქვს. ლეო მესიმ ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, დააგვირგვინა რა "ბარსას" მშვენიერი კომბინაცია, რის შემდეგაც კატალონიელებმა კიდევ არაერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერცერთი გამოიყენეს. ამის გამო პეპ გვარდიოლა შესვენებაზე განსაკუთრებით დავიდ ვილიას უსაყვედურებდა, რომელიც, როგორც წესი, საგოლე მომენტების აბსოლუტურ უმრავლესობას უპრობლემოდ იყენებს ხოლმე.
სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა: "ბარსელონა" "კოპენჰაგენის" საჯარიმოს მისადგომებთან თავის სტილში, მოკლე პასებით ერთობოდა, მაგრამ გოლები ვერ გაიტანა. რაც უფრო ახლოვდებოდა საფინალო სასტვენი, კოპენჰაგენელები მით უფრო მეტს უბედავდნენ კატალონიურ გრანდს, მაგრამ ბოლოს მესიმ მეორედ დალაშქრა მათი კარი და სტუმები საბოლოოდ დაამშვიდა.


პანათინაიკოსი-რუბინი 0:0
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯიბრილ სისე (პანათინაიკოსი)

ათენში შეკრებილმა ქომაგებმა ისეთი მატჩი იხილეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, რადგან ორივე გუნდი დუნედ და შიშნარევად ირჯებოდა. ხარისხიანი ფეხბურთი და რეალური საგოლე მომენტები პირველ ტაიმში არც ყოფილა, მეორე ნახევარში კი ინიციატივას ყაზანელი რუსები დაეუფლნენ და ერთი-ორი აღსანიშნავი მომენტიც შექმნეს. სადღაც 65-ე წუთიდან კი მასპინძლებიც გამოცოცხლდნენ, რაც განსაკუთრებით მათი ფრანგი თავდამსხმელის, ჯიბრილ სისეს დამსახურებაა. "რუბინს" კი გაუმართლა, როცა მსაჯმა სისეს გოლი (საეჭვო თამაშგარე) არ ჩათვალა და საქმეს ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, რომ ჯგუფიდან "ბარსასთან" ერთად "კოპენჰაგენი" გავა, რაც საკმაოდ დიდი სენსაცია იქნებოდა.

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 3 2 1 0 8-2 7
2. კოპენჰაგენი 3 2 0 1 3-2 6
3. რუბინი 3 0 2 1 1-2 2
4. პანათინაიკოსი 3 0 1 2 1-7 1


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული