A ჯგუფი
ტოტენჰემი-ინტერი
გამარჯვების შემთხვევაში, "ინტერს" მერვედფინალის საგზურის ოფიციალურად განაღდება შეუძლია, მაგრამ ფაქტია, რომ "ნერაძურის" "უაით ჰართ ლეინიდან" სამი ქულის წაღება გაუჭირდება, რადგან ჯგუფიდან გასვლისთვის "ტოტენჰემიც" იბრძვის. ორი კვირის წინ, მილანელებმა და ლონდონელებმა "სან სიროზე" საინტერესო სპექტაკლი დადგეს: "ინტერი" 4:0-ს იგებდა და ათკაციანმა "ტოტენჰემმა"
"ტოტენჰემს", სავარაუდოდ, ისევ არ ეყოლება რაფაელ ვან დერ ვაარტი, რომელიც გასულ უქმეებზე, "მანჩესტერთან" მატჩში ("ტოტენჰემი" 0:2 დამარცხდა) დაშავდა. სხვათა შორის, ჰოლანდიელს არც "სან სიროზე" უთამაშია. საკადრო პრობლემები აქვს "ინტერსაც", სადაც მეკარე ჟულიო სეზარის ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ბრაზილიელ კიპერს, სავარაუდოდ, კასტელაცი შეცვლის. საეჭვოა ესტებან კამბიასოს თამაშიც. სერია A-ს კალენდარულ მატჩში "ინტერმა" "ჯენოასთან" იღბლიანი გამარჯვება (1:0) იზეიმა და ლიდერ "ლაციოს" ოთხ ქულაზე მეტ დისტანციაზე გასწრების უფლება არ მისცა.
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი (4-2-3-1): კუდიჩინი - ჰატონი, გალასი, ბასონგი, ასუ-ეკოტო - ჰადლსტოუნი, პალასიოსი - ლენონი, მოდრიჩი, ბეილი - კრაუჩი.
ინტერი (4-2-3-1): კასტელაცი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, კივუ - ხ. ძანეტი, მუნტარი - ეტო’ო, სნეიდერი, პანდევი - მილიტო.
არბიტრი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)
ვერდერი-ტვენტე
სანამ "ტოტენჰემი" და "ინტერი" ერთმანეთში არკვევენ ურთიერთობას, "ვერდერმა" და "ტვენტემ" უნდა გამოავლინონ იმ გუნდის ვინაობა, რომელიც ზემოთ ხსენებულ დუეტთან ერთად, ასე ვთქვათ, თამაშში დარჩება. ამ ლოგიკით, ფრე არც ბრემენულ კლუბს აწყობს და არც ჰოლანდიურს, ფავორიტად კი, ისიც მხოლოდ მასპინძლობის გამო, "ბრემენელი მუსიკოსები" მიიჩნევიან. "ვერდერს" ორი კვირის წინ, სწორედ "ტვენტესთან" შეხვედრაში დაუშავდა მეკარე ტიმ ვიზე, რომელსაც ამ ორი კვირის განმავლობაში სებასტიან მილიტცი ცვლიდა ხოლმე, მაგრამ დღეს ვიზე ბრუნდება. სამაგიეროდ, ბრემენელთა რიგებში კითხვის ნიშნის ქვეშაა მცველების, კლემენს ფრიტცისა და პეტრი პასანენის თამაში. თუმცა "ვერდერის" მწვრთნელ თომას შააფისთვის დღევანდელ შეხვედრაში პრიორიტეტული შეტევა და მხოლოდ შეტევაა, რადგან მერვედფინალში გასვლის პრეტენზიის მქონე "ვერდერს" სამი ტურის შემდეგ არცერთი მოგება არ აქვს. "ტვენტეც" ასეთივე მდგომარეობაშია. ერთადერთი, რაშიც ჰოლანდიელები დღევანდელ ვიზავის სჯობნიან, ის არის, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატში სტუმრად კონკურენტ "ეინდჰოვენს" მოუგეს და გალიდერდნენ, "ვერდერი" კი, ბუნდესლიგაში, ათი ტურის შემდეგ მე-11 ადგილზეა.
სავარაუდო შემადგენლობები
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ვესლი, მერტეზაკერი, პრიოდლი, პასანენი - ფრინგსი - ჰანტი, არნაუტოვიჩი - მარინი - პისარო, უგო ალმეიდა.
ტვენტე (4-3-3): მიჰაილოვი - როსალესი, ვისგერჰოფი, დუგლასი, ლოიგერსი - ლანდზაატი, დე იონგი, იანსენი - რუისი, იანკო, ჩადლი.
არბიტრი: ალან ჰამერი (ლუქსემბურგი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ინტერი 3 2 1 0 10-5 7
2. ტოტენჰემი 3 1 1 1 9-7 4
3. ტვენტე 3 0 2 1 4-7 2
4. ვერდერი 3 0 2 1 3-7 2
B ჯგუფი
ბენფიკა-ლიონი
B ჯგუფის მარტოხელა ლიდერი "ლიონი" ლისაბონში ჩადის და "ესტადიო და ლუშზე" ეთამაშება "ბენფიკას", რომელიც მერვედფინალში გასვლის, ფაქტობრივად, ერთ-ერთი უკანასკნელი შანსისთვის იბრძოლებს. პირდაპირ ვთქვათ, რომ "ლიონისთვის" დღეს ფრეც მშვენიერი შედეგი იქნება - თანაც, ფრანგები მერვედფინალში თამაშს ქულის მოპოვების შემთხვევაშიც გაინაღდებენ, რადგან თუ ფრე დაფიქსირდა, კლოდ პუელის გუნდი "ბენფიკასთვის" მიუწვდომელი გახდება, "ჰაპოელისთვის" კი ისედაც დიდი ხანია, მიუწვდომელია.
"ლიონმა" საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობა ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ თანაჯგუფელ "შალკესგან" (გელზენკირხენელები ბუნდესლიგაში ბოლოსწინა ადგილზე არიან) განსხვავებით, მდგომარეობა გამოისწორა. ამ უქმეებზე პუელის შეგირდებმა "სოშო" დაამარცხეს და უკვე მეცხრე ადგილზე იმყოფებიან. "ბენფიკასთან" ფრანგებს მთავარი დამრტყმელი ძალა, ლისანდრო ლოპესი არ ეყოლებათ - გოლეადორი დაშავებულია. რაც შეეხება "ბენფიკას": ლისაბონელებს ფაქტობრივად ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავთ, ამ უქმეებზე "პაკოშ ფერეირა" 2:0 დაამარცხეს, მაგრამ ლიდერ "პორტუს" მაინც შვიდი ქულით ჩამორჩებიან.
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-4-2): რობერტო - მაქსი პერეირა, ლუიზაო, დავიდ ლუისი, სესარ პეიშოტო - ხავი გარსია, აიმარი, კარლოს მარტინსი, ფაბიო კოენტრაო - სავიოლა, ალან კარდეცი.
ლიონი (4-4-2): ლორისი - რევეილერი, კრისი, დიაკიტე, კოლოჯიეჩაკი - გონალონსი, გურკუფი, კალსტრიომი, ბრიანი - გომისი, ბასტოსი.
არბიტრი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)
ჰაპოელი-შალკე
"შალკეს" ჩემპიონთა ლიგაში ბუნდესლიგაზე ორით მეტი, სულ ორი თამაში აქვს მოგებული, მაგრამ ეს საკმარისია იმისათვის, რომ ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში გელზენკირხენული კლუბის ასპარეზობა კარგად შეფასდეს, ბუნდესლიგაში კი - კატასტროფულად. ფელიქს მაგათის გუნდი შიდა ასპარეზზე სწორ გზაზე დადგომას ვერა და ვერ ახერხებს. "შალკემ" შაბათსაც წააგო, ამჯერად "ლევერკუზენთან" (0:1) და მატჩის შემდეგ, განრისხებულმა მაგათმა თქვა, ჩემთვის ბუნდესლიგის მომდევნო ტურის მატჩი (ზანკტ პაულისთან) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "ჰაპოელთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაო. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით თამაში "შალკეს" ხელს კი არ უშლის, პირიქით, ვითარებას უმსუბუქებს და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგაში მოპოვებული თითოეული ქულა გუნდს მერვედფინალს აახლოვებს, მერვედფინალი მილიონებს ნიშნავს, ფული კი ვალებში მყოფ "შალკეს" ნაღდად სჭირდება.
დიდი შანსია, რომ "ჰაპოელთან" დებუტი ჰქონდეს "შალკეს" 21 წლის მარცხენა მცველ სერხიო ესკუდეროს. ებრაელთა დამრიგებელი ელი გუტმანი კი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი დღეს ჩემპიონთა ლიგაში პირველ ქულას მოიპოვებს. ეს უდიდესი წარმატება იქნება, რადგან გერმანულ და ებრაულ ფეხბურთს შორის ისეთი განსხვავებაა, როგორც ცას და დედამიწას შორისო, ამბობს გუტმანი.
სავარაუდო შემადგენლობები
ჰაპოელი (4-4-2): ენიემა - კენდე, ბადეერი, დუგლასი, ბენ დაიანი - ზეჰავი, იადინი, ტოამა, ვერმუთი - ტამუზი, საჰარი.
შალკე (4-1-2-1-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, ესკუდერო - კლუგე - ფარფანი, რაკიტიჩი - ხურადო - რაული, ჰუნტელაარი.
არბიტრი: ფრანკ დე ბლეეკერი (ბელგია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 3 3 0 0 6-1 9
2. შალკე 3 2 0 1 5-2 6
3. ბენფიკა 3 1 0 2 2-4 3
4. ჰაპოელი 3 0 0 3 2-8 0
C ჯგუფი
ბურსა-მანჩესტერი
"მანჩესტერის" დაუდევრობის (ფრე "ოლდ ტრეფორდზე", "რეინჯერსთან") ბრალია ის, რომ ამ ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტი მერვედფინალის საგზურის განაღდებასთან ისე ახლოს არ არის, როგორც უნდა ყოფილიყო. ზოგადად კი, ჯგუფიდან გასვლისთვის სამი გუნდი იბრძვის. ბოლოადგილოსან "ბურსას" გასვლის მხოლოდ თეორიული შანსიღა აქვს, რადგან სამი ტურის შემდეგ, ქულების გრაფაში ჯერ ისევ ნული უწერია. თურქული ფეხბურთის შემარცხვენელი გუნდისთვის უფრო რეალური მესამე ადგილისთვის ბრძოლაა, რაც ევროპის ლიგაში გადასვლის გარანტიას იძლევა. არადა, "ბურსა" თურქეთის ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს - მოქმედი ჩემპიონები ახლაც ერთპიროვნული ლიდერები არიან, ჩემპიონთა ლიგა კი ამ გუნდისთვის ნაადრევი ფუფუნება აღმოჩნდა.
თუმცა, "ბურსამ" ჩემპიონთა ლიგაშიც დახვეწა თამაში. ყოველ შემთხვევაში, თუკი პირველ ტურში, საკუთარ მოედანზე "ვალენსიასთან" 0:4 განადგურდა, ორი კვირის წინ, თურქებმა "ოლდ ტრეფორდზე" მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. ვნახოთ, როგორ ითამაშებს "ბურსა" "მანჩესტერთან" საკუთარ კედლებში. მანკუნიანელთა თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი უეინ რუნის კვლავ ვერ გამოიყენებს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბურსა (4-5-1): ივანკოვი - თანდოღანი, ერდოღანი, სტეპანოვი, ვედერსონი - ვოლქან შენი, ერგიჩი, სვენსონი, ინსუა, იფექი - ილდირიმი.
მანჩესტერი (4-4-1-1): კუჟჩაკი - ბრაუნი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ნანი, ფლეტჩერი, ანდერსონი, პარკი - ერნანდესი - მაკედა.
არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)
ვალენსია-რეინჯერსი
სამი ტურის შემდეგ, "რეინჯერსი" "ვალენსიას" ერთი ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გლაზგოელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა "მესტალიაზე" არ დამარცხდნენ. შოტლანდიურ გრანდს დაცვაში მყარად დადგომა, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ვაჟკაცურად ზრუნვა და კონტრშეტევაზე კბენა რომ შეუძლია, ეს "რეინჯერსმა" "ოლდ ტრეფორდზე", პირველივე ტურში დაადასტურა, როცა "მანჩესტერთან" უგოლო ფრეს მიაღწია.
ორი კვირის წინ ამ გუნდების დაპირისპირდება გლაზგოში შედგა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. თუ დღეს რომელიმემ მოიგო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამარცხებული მერვედფინალზე ოცნებას უნდა დაემშვიდობოს (თუ, რა თქმა უნდა, ბოლოს "მანჩესტერმა" არ ჩამოარიგა ქულები).
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-5-1): სანჩესი - მიგელი, ნავარო, კოსტა, მატიო - პაბლო, ბანეგა, მატა, ტოპალი, ვისენტე - ადურისი.
რეინჯერსი (5-4-1): მაკგრეგორი - ბროუდფუტი, ბუგერა, უეირი, პაპაცი, უაითეკერი - ნეისმიტი, დევისი, ედუ, ვაისი - მილერი.
არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 3 2 1 0 2-0 7
2. რეინჯერსი 3 1 2 0 2-1 5
3. ვალენსია 3 1 1 1 5-2 4
4. ბურსა 3 0 0 3 0-6 0
D ჯგუფი
რუბინი-პანათინაიკოსი
ყაზანის "რუბინისა" და "პანათინაიკოსის" დაპირისპირება (გასაგები მიზეზების გამო) სხვა მატჩებზე ადრე, 21:30-ზე იწყება. ისევე, როგორც "რუბინისთვის", ეს მატჩი "პანათინაიკოსისთვისაც" ბოლო შანსია. დიახ, ბერძნულ კლუბს ჯერ კიდევ აქვს მერვედფინალში გასვლის შანსი. ფრე (როგორც ორი კვირის წინ - 0:0) არცერთს არ აწყობს, აღარაფერს ვამბობთ წაგებაზე. ბერძნებმა თითქმისგადამდგარ ნიკოს ნიოპლიასის გარეშე, მოსისხლე მტერი "ოლიმპიაკოსი" 2:1 დაამარცხეს და ჩინებულ ხასიათზე არიან.
სავარაუდო შემადგენლობები
რუბინი (4-5-1): რიჟიკოვი - კუზმინი, ნავასი, ბოკეტი, კალეშინი - მურავსკი, ნობოა, კარადენიზი, რიაზანცევი, კარლოს ედუარდო (ან კასაიევი) - კორნილენკო.
პანათინაიკოსი (3-5-1-1): ცორვასი - სარიეგი, ბუმსონგი, კანტე - ვინტრა, მარინოსი, სიმაო, კაცურანისი, სპიროპულოსი - კარაგუნისი - სისე.
არბიტრი: ტონი შაპრონი (საფრანგეთი)
კოპენჰაგენი-ბარსელონა
"სევილიასთან" 5:0-ის შემდეგ, "ბარსელონას" ნამდვილად არავინ დასძრახავს, კოპენჰაგენში ფრე რომ "გააგოროს", მაგრამ პეპ გვარდიოლას ბიჭებს მერვედფინალის საგზურის განაღდება ეჩქარებათ, ამისათვის კი სამი ქულა სჭირდებათ. ერთი მოგებაც და "ბარსას" დარჩენილ ორ ტურში სარეზერვო შემადგენლობის გამოცდა შეეძლება. "კოპენჰაგენს" ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ წინა ტურში "რუბინმა" და "პანათინაიკოსმა" ერთმანეთში ფრე ითამაშეს და თუ მათი ჯახი ახლაც ყაიმით დასრულდა, კოპენჰაგენელთა ბედს ძაღლი არც წაგების შემთხვევაში დაჰყეფს...
სავარაუდო შემადგენლობები
კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - პოსპეხი, იორგენსენი, ანტონსონი, ვენდტი - ვინგაარდი, კვისტი, კლაუდემირი, გრონკიაერი - ნ’დოიე, სანტინი.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ვილია, პედრო.
არბიტრი: პაველ კრისტიან ბალაი (რუმინეთი)
1. ბარსელონა 3 2 1 0 8-2 7
2. კოპენჰაგენი 3 2 0 1 3-2 6
3. რუბინი 3 0 2 1 1-2 2
4. პანათინაიკოსი 3 0 1 2 1-7 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"