მილანი-რეალის დუელის მეორე რაუნდი

AutoSharing Option
მიუნხენის „ბაიერნს“ მერვედფინალის საგზურის განაღდება შეუძლია - რეკორდმაისტერს ამისთვის „კლუჟის“ დამარცხება სჭირდება; მარადიულ ქალაქში მოპოვებული სენსაციური გამარჯვების შემდეგ, „ბაზელი“ „რომას“ საკუთარ „სენტ იაკობ პარკზე“ უმასპინძლებს; „სან სიროზე“ კი დიდი დუელის მეორე რაუნდია: „მილანი“ „რეალს“ მასპინძლობს; „ჩელსის“ და „არსენალს“ რუსულ-უკრაინულ გრანდებთან ექნებათ საქმე - არისტოკრატი ლონდონელები „სპარტაკს“ მიიღებენ, „მეთოფეები“ კი დონეცკის „შახტარს“.


E ჯგუფი
კლუჟი-ბაიერნი
მიუნხენის „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამი ტურის შემდეგ სამი მოგება სულ სამჯერ ჰქონდა: 1997, 2005 და 2006 წლებში. აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერს მეოთხე თამაში აქამდე არასდროს
მოუგია და დღეს მეოთხე მცდელობა ექნება - ბავარიელები „კლუჟს“ სტუმრობენ. მიუნხენური გრანდის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გავინაღდოთ, რათა მერე ბუნდესლიგას სრული კონცენტრაციით, უფრო უკეთ მივხედოთო. რუმენიგე ლოგიკურად საუბრობს, რადგან „ბაიერნს“ ბუნდესლიგაში საქმეები ცუდად მისდის - ლუის ვან გაალის გუნდი ათი ტურის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა და ლიდერ „დორტმუნდს“ ათი ქულით ჩამორჩება.

გუშინდელ ნომერში დეტალურად ვწერდით, თუ როგორ გააკრიტიკა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ვან გაალი და როგორი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ კრიტიკას. როგორც მოსალოდნელი იყო, ჰოლანდიელ მწვრთნელს ჰიონესისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია და ალბათ „კლუჟთან“ მატჩის მერე ალაპარაკდება. ამასობაში, ბავარიელებმა მორიგი შოკი მიიღეს: ფრანკ რიბერის, არიენ რობენის, მიროსლავ კლოზეს და კაპიტან მარკ ვან ბომელის შემდეგ, მიუნხენურ კლუბს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი, ივიცა ოლიჩიც დაუშავდა. ხორვატმა ექვსთვიანი პაუზა გამოიწერა. ასე რომ, ვან გაალი თავდასხმაში მხოლოდ მარიო გომესის იმედადაა, რომელიც, სხვათა შორის, დროულად შევიდა ფორმაში.

სავარაუდო შემადგენლობები
კლუჟი (4-4-2): სტანჩუ - ტონი, კადუ, უგო ალკანტარა, რადა - რაფაელი, დიკა, ტომას კოშტა, კულიო - ტრაორე, ბიელანოვიჩი.
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, დემიკელისი, პრანიჩი - ოტლი, ტიმოშჩუკი - თ. მიულერი, შვაინშტაიგერი, კროოსი - გომესი.
არბიტრი: სერგი გუიმიენი (ბელგია).

ბაზელი-რომა
„ბაზელს“ მადა გაეხსნა - რომის „ოლიმპიკოზე“ მოგების შემდეგ, შვეიცარიელები „რომას“ საკუთარ მოედანზეც დამარცხებას უპირებენ და თუ ეს მოახერხეს, სანატრელი მერვედფინალისკენ საკმაოდ დიდ ნაბიჯს გადადგამენ. თუმცა აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი არც იტალიურ კლუბს დაუკარგავს. პირიქით, სამი ტურის შემდეგ, „კლუჟს“, „ბაზელს“ და „რომას“ სამ-სამი ქულა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მერვედფინალში გასვლის შანსი სამივე მათგანს ფაქტობრივად თანაბარი აქვს. „ბაზელი“ შვეიცარიის ჩემპიონატში კარგად გამოიყურება და ამ უქმეებზე, კალენდარული მატჩი „რომამაც“ მოიგო (2:0 „ლეჩესთან“).

„მიუხედავად ჩავარდნებისა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და ჩვენი ვალია, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ. ორი კვირის წინ, „ბაზელთან“ ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ შვეიცარიიდან სამი ქულა წამოვიღოთ,“ - ეს „რომას“ თავკაც კლაუდიო რანიერის სიტყვებია.

სავარაუდო შემადგენლობები
ბაზელი (4-4-2): კოსტანცო - ინკოომი, აბრაამი, ფერატი, საფარი - შაქირი, ჰუგელი, იაპი, შტოკერი - ფრაი, შტრელერი.
რომა (4-4-2): ლობონტი - კასეტი, მექსე, ბურდისო, რიისე - ტადეი, ბრიგი, პიზარო, პეროტა - ტოტი, ვუჩინიჩი (ან ბორიელო).
არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 3 3 0 0 7-3 9
2. ბაზელი 3 1 0 2 5-6 3
3. კლუჟი 3 1 0 2 5-6 3
4. რომა 3 1 0 2 3-6 3


F ჯგუფი
ჩელსი-სპარტაკი
ლონდონის „ჩელსის“ საქმე საათივით აქვს აწყობილი - კარლო ანჩელოტის ბიჭები პრემიერლიგაში ერთპიროვნულად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე ლიდერობენ და ჩემპიონთა ლიგაშიც ასპროცენტიანი შედეგი აქვთ (სამი მოგება სამი თამაშის შემდეგ). საკმარისია, „არისტოკრატებმა“ მოსკოვის „სპარტაკს“ საკუთარ მოედანზეც მოუგონ („ლუჟნიკებზე“ 2:0 დაამარცხეს), რომ „ჩელსისთვის“ მერვედფინალი მხოლოდ ფორმალობა იქნება. თავის მხრივ, უბრძოლველად დანებებას არც „სპარტაკი“ აპირებს, მით უფრო, რომ მოსკოველთათვის „ჩელსისთან“ თუნდაც ქულის მოპოვება დიდი ბედნიერება იქნებოდა, მაგრამ რამდენად ძალუძს ვალერი კარპინის გუნდს „სტემფორდ ბრიჯიდან“ თუნდაც ქულის წაღება, ამაზე მსჯელობა თქვენთვის გადმოგვიბარებია.

ორი კვირის წინ, კარპინმა ჯანო ანანიძე თამაშის ბოლოს მოედანზე შეუშვა და ჩემპიონთა ლიგაში უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შედგა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჯანო დღესაც ითამაშებს და თანაც, უფრო დიდხანს.

სავარაუდო შემადგენლობები:
ჩელსი (4-3-3): პ. ჩეხი - პაულო ფერეირა, ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული - ესიენი, ობი მიკელი, ჟირკოვი - კალუ, ანელკა, მალუდა.
სპარტაკი (4-4-2): დიკანი - პარშივლიუკი, სუხი, პარეხა, მაკეევი - მაკგიდი, შეშუკოვი, იბსონი, დ. კომბაროვი - არი (ან ანანიძე), ველიტონი.
არბიტრი: ჩიუნეით ჩაქირი (თურქეთი)

ჟილინა-მარსელი
„სპარტაკს“ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში მარსელის „ოლიმპიკი“ ეცილება. იმისათვის, რომ ბრძოლა გაგრძელდეს, ველოდრომელებმა „ჟილინას“ სტუმრადაც უნდა მოუგონ, რადგან მერე „სპარტაკთან“ მოსკოვში და „ჩელსისთან“ მოუწევთ პაექრობა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა, ბოლო ორ ტურში „ჩელსის“ მოგებაზე ზრუნვა აღარც დასჭირდეს და კარლო ანჩელოტის სარეზერვო შემადგენლობის გამოცდა შეეძლოს.

„ბრძოლა გრძელდება, ჩვენ არ ვნებდებით. „ჟილინასთან“ სამი ქულის აღება ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა,“ - აცხადებს „მარსელის“ მწვრთნელი დიდიე დეშამი.

სავარაუდო შემადგენლობები
ჟილინა (4-2-2-2): დუბრავკა - ანგელოვიჩი, პიაჩეკი, სურეკი, ლაიტნერი - ჟოშაკი, გულდანი - გერგელი, ჟეცი - მაიტანი, კესაი.
მარსელი (4-3-3): მანდანდა - ასპილიკუეტა, დიავარა, ჰაინცე, ტაივო - ლუჩო გონსალესი, მბია, ა. აიევი - ვალბუენა, ჟინიაკი, ბრანდაო.
არბიტრი: შტეფან იოჰანესსონი (შვედეთი)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 3 3 0 0 8-1 9
2. სპარტაკი 3 2 0 1 4-2 6
3. მარსელი 3 1 0 2 1-3 3
4. ჟილინა 3 0 0 3 1-8 0


G ჯგუფი
მილანი-რეალი
„როცა მოიგებ, შეგიძლია, ბევრი ილაპარაკო, მაგრამ თუ დამარცხდი, თავი უნდა დახარო, ჩუმად უნდა იყო და შინ წახვიდე,“ - ეს სიტყვები სილვიო ბერლუსკონის ეკუთვნის. ეს არის განცხადება, რომელიც „მილანის“ პატრონმა შაბათს, „იუვენტუსთან“ განცდილი მარცხის (1:2 „სან სიროზე“) შემდეგ გააკეთა. სხვების არ ვიცით, ჩვენ კი ნამდვილად ეჭვი გვეპარება იმაში, რომ სილვიო „იუვესთან“ წაგების შემდეგ შინ თავდახრილი ისე წავიდა, რომ მეტი აღარაფერი უთქვამს.

დღეს ევროპის კლასიკური დაპირისპირების მეორე რაუნდია, „მილანი“ „რეალს“ მასპინძლობს და ბერლუსკონი „სან სიროზე“, სავარაუდოდ, ისევ მივა. და თუ „როსონერი“ „სამეფო გუნდთან“ ისევ დამარცხდა, „მილანის“ თავკაც მასიმილიანო ალეგრის ადგილზე ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებდით. ფაქტია, რომ ორი კვირის წინ „მილანმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უშანსოდ წააგო (0:2).
„რეალი“ მილანში დაუმარცხებელი გუნდის სტატუსით ჩადის და საერთოდ, ჟოზე მოურინიოს გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია. მართალია, გასულ უქმეებზე „რეალს“ „ალიკანტესთან“ ცოტათი გაუჭირდა, რადგან აგებდა, მაგრამ საბოლოოდ 3:1 მოიგო - მოკლედ, როგორც „სამეფო გუნდს“ სჩვევია. „ალიკანტესთან“ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა კრიშტიანო რონალდომ, რომელსაც პრიმერადივიზიონში უკვე 11 გოლი აქვს გატანილი. საერთო ჯამში კი, „რეალის“ ფორმით ჩატარებულ 48 მატჩში მან 45 გოლის გატანა შეძლო, რაც, დაგვეთანხმებით, ფენომენალური შედეგია.

სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): ამელია - ძამბროტა, ბონერა, ნესტა, ანტონინი - გატუზო, პირლო, ზეედორფი (ან ბოატენგი) - რობინიო - იბრაჰიმოვიჩი, პატო.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, რიკარდო კარვალიო, პეპე, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - რონალდო, იოზილი, დი მარია - იგუაინი.
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

ოსერი-აიაქსი
„მილანს“ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში კონკურენციას ამსტერდამის „აიაქსი“  უწევს. დღეს ჰოლანდიური გრანდი „ოსერს“ სტუმრობს და თუ მოიგეს, მარტინ იოლის შეგირდები მინიმუმ მესამე ადგილს და შესაბამისად, ევროპის ლიგის საგზურს გაინაღდებენ, მაგრამ „აიაქსის“ მიზანი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლაა. ასეთ შემთხვევაში, „აიაქსს“ ჯგუფური ეტაპის ბოლოს „მილანთან“ გადამწყვეტი თამაში ელის.

სავარაუდო შემადგენლობები
ოსერი (4-2-3-1): სორინი - ჰენგბარტი, კულიბალი, გრიხტინგი, დუდკა - პედრეტი, ნდინგა - ბირსა, კონტოუტი, შაფნი - კუერსია.
აიაქსი (4-3-3): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ოლეგერი, ვერტონგენი, ემანუელსოინი - ლინდგრენი, დე ზეუვი, ენო - სუარესი, ელჰამდაუი, სულეიმანი.
არბიტრი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 3 3 0 0 5-0 9
2. მილანი 3 1 1 1 3-3 4
3. აიაქსი 3 1 1 1 3-4 4
4. ოსერი 3 0 0 3 1-5 0


H ჯგუფი
შახტარი-არსენალი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების რეკორდი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეკუთვნის - მანკუნიანელებმა 1998/99 წლების სეზონში, ჯგუფში 20 გოლის გატანა მოახერხეს და მას მერე, ამ რეკორდის დამხობა ყველა გუნდისთვის უტოპია იყო. ახლა კი, „მანჩესტერის“ მიღწევის გამეორებისა და გაუმჯობესების შანსი ლონდონის „არსენალს“ აქვს. არსენ ვენგერის გუნდმა სამ ტურში 14 გოლი გაიტანა და თუ „მეთოფეები“ ასე გააგრძელებენ, რეკორდს აუცილებლად გააუმჯობესებენ. ყოველ შემთხვევაში, „არსენალს“ კიდევ სამი თამაში აქვს იმისათვის, რომ მინიმუმ შვიდი გოლი გაიტანოს. თანაც, ვენგერის გუნდს ძლიერი მეტოქეები არ ჰყავს. ყველას ეგონა, რომ „არსენალს“ დონეცკის „შახტარი“ მაინც გაუწევდა ჯეროვან კონკურენციას, მაგრამ ლონდონელებმა უკრაინული კლუბი 5:1 გაანადგურეს და დღეს დონეცკში ითამაშებენ. ფაქტია, რომ პრემიერლიგაში „არსენალი“ ამ უქმეებზე საქმეს მშვიდად მიუდგა და „ვესტ ჰემს“ მხოლოდ 1:0 მოუგო.

სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი (4-4-2): პიატოვი - სრნა, კუხერი, რაკიცკი, რაცი - გაი, ჰიუბშმანი, მხითარიანი, ალექს ტეიშეირა - ვილიანი, ლუის ადრიანო.
არსენალი (4-2-2-1-1): ფაბიანსკი - ებუე, სკილაჩი, ჯურუ, კლიში - სონგი, უილშერი - როსიცკი, ფაბრეგასი - ნასრი - შამახი.
არბიტრი: მასიმო ბუსაკა (შვეიცარია)

პარტიზანი-ბრაგა
ბელგრადის „პარტიზანი“ ჯერ კიდევ უქულოდაა და სერბები დღეს „ბრაგასთან“ საშინაო მატჩში მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ, რადგან მინიმუმ მესამე ადგილზე გასვლისა და ევროპის ლიგაში გადასვლის შანსი მაინც შეინარჩუნონ. „პარტიზანი“ სერბეთის ჩემპიონატში იდეალურად ასპარეზობს, „ცრვენა ზვეზდასთან“ დერბი 1:0 მოიგო და მერე „ჟაგოდინაც“ დაამარცხა (3:0). „ბრაგა“, რომელიც პორტუგალიის ჩემპიონატში შარშან სენსაციური გუნდი იყო, წელს ცუდად გამოიყურება, ამ უქმეებზე აუტსაიდერ „რიუ ავესთან“ 0:2 დამარცხდა და მეხუთე ადგილზეა.

სავარაუდო შემადგენლობები
პარტიზანი (4-4-2): სტოიკოვიჩი - მილიკოვიჩი, სავიჩი, კრსტაიჩი, ლაზევსკი - ტომიჩი, მორეირა, სმილიანიჩი, ილიჩი - სკეპოვიჩი, კლეო.
ბრაგა (4-2-3-1): ფელიპე - სილვიო, მოიზესი, პაულაო, ელდერსონი - ვანდინიო, მადრიდი - ალანი, პაულო სეზარი, მათეუსი - ლიმა.
არბიტრი: მარტინ ჰანსონი (შვედეთი)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 3 3 0 0 14-2 9
2. შახტარი 3 2 0 1 5-5 6
3. ბრაგა 3 1 0 2 2-9 3
4. პარტიზანი 3 0 0 3 1-6 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
დარწმუნებული ვარ ჩემი "ბლანკოსი" ისევ აატირებს შავ-წითელ როსონერის!! სეუ მოუ ისევ ჩაატარებს ტაქტიკური ფეხბურთის ტრენინგებს და ისევ აიძულებს ალეგრის თავდახრილი დატოვოს მოედანი!!! წელს "მერენგებს" ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს!!! ამ ფორმაციის სამეფო გუნდის შეჩერება მხოლოდ ატომურ ბომბს ძალუძს და რადგან იტალიას ის არა აქვს ამიტომაც ვერ გააცერებენ დღეს მადრიდელ მგლებს!!!:)))
madridista
14:08 03-11-2010
0

სიახლეები პოპულარული