განცდები და რეაქციები სამშაბათის მატჩების კომპაქტურ მიმოხილვაში.
A ჯგუფი
ტოტენჰემი-ინტერი 3:1
გოლები: 1:0 ვან დერ ვაარტი (18), 2:0 კრაუჩი (61), 2:1 ეტო’ო (80), 3:1 პავლიუჩენკო (89)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)
დაგვეთანხმებით, რომ მაიკონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) მარჯვენა მცველია
მოკლედ, უნდა ვაღიაროთ, უფრო სწორად, პირველ რიგში მაიკონმა უნდა აღიაროს, რომ ბეილის სისწრაფე, რომელსაც ეს ფეხბურთელი საყვარელ მარცხენა ფლანგზე ავითარებს ხოლმე, ამ ეტაპზე მიუწვდომელია. სისწრაფეს ემატება დინამიკა, იდეალური ტექნიკა და საფეხბურთო აზროვნება - გარეთმა ამჯერად ჰეთ-თრიკი ვეღარ შეასრულა, მაგრამ ორი გენიალური საგოლე პასი გააკეთა. ბურთი ლანგრით ჯერ პიტერ კრაუჩს მიართვა, მერე კი - რომან პავლიუჩენკოს. ორივე შემთხვევაში, მისმა გამჭოლმა, ჩახვეულმა პასმა ფლანგიდან ადრესატამდე დაბრკოლებების გარეშე მიაღწია, რადგან ბეილმა ბურთი ყველა მცველს ააცილა, კრაუჩსა და პავლიუჩენკოს კი მხოლოდ, ფაქტობრივად, ცარიელი კარის დალაშქვრაღა მართებდათ. მოკლედ, უელსელი სუპერგარემარბის დამსახურებაა ის, რომ "ტოტენჰემი" ოთხი ტურის შემდეგ გალიდერდა და მერვედფინალში გასვლის ბრწყინვალე შანსი აქვს.
ბეილთან ერთად, არც სამუელ ეტო’ო უნდა დავივიწყოთ, რომლის მიღწევაც ასევე ფენომენალურია. ოთხი ტურის შემდეგ კამერუნელს შვიდი გოლი აქვს გატანილი და ასეთი რამ აქამდე არავის გაუკეთებია. ბოლო ორ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ლეო მესი ხდებოდა - 8-9 გოლით. ეტოოს ანგარიშზე, ოთხი ტურის შემდეგ უკვე 7 გოლია...
"ფანტასტიკურად ვითამაშეთ, პირველიდან ბოლო წუთამდე მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით. გარეთ ბეილი კი გენიალური ფეხბურთელია. ეს არის უნიკალური პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია, მთელი დღე ირბინოს და არ დაიღლება," - ბედნიერი იყო რედნაპი.
"ინტერის" თავკაცმა რაფა ბენიტესმა კი, თავისი გუნდის წაგებას ლოგიკური უწოდა, მეტოქემ შესანიშნავად ითამაშა, ფრესაც კი არ ვიმსახუფრებდითო. "მერვედფინალის საგზურის განაღდება დღესვე შეგვეძლო, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. არა უშავს, მომდევნო ტურში ვეცდებით," - თქვა ბენიტესმა.
ვერდერი-ტვენტე 0:2
გოლები: 0:1 ჩადლი (81), 0:2 დე იონგი (84)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბრაიან რუისი (ტვენტე)
"ვეზერშტადიონზე" შეკრებილმა ქომაგებმა ისეთი მატჩი იხილეს, როგორსაც "ვერდერისგან" მიჩვეულები არიან - ბრემენული კლუბი უდიდესი მონდომებითა და ვნებით უტევდა, უამრავი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ტაბლოზე სასურველი ანგარიში ვერა და ვერ დააფიქსირა, ბოლოს კი, ჰოლანდიელებმა ორი გოლის გატანა როგორღაც მოახერხეს და თამაში მოიგეს, "მუსიკოსები" და მათი ფანები კი პირშიჩალაგამოვლებულები დარჩნენ.
მაღალი ჩაწოდებები, გამჭოლი პასები, ტექნიკური გარღვევები - თომას შააფის შეგირდებმა ყველაფერი გააკეთეს და არაფერი გამოუვიდათ. მაგრამ როცა გუნდი რეალურ საგოლე მომენტებს ვერ გამოიყენებს და მატჩის მიწურულს დაცვაში ბავშვურ შეცდომებსაც დაუშვებს, იმ გუნდის შეფებმა თუ ფეხბურთელებმა მარცხის გამო აღარც უნდა იწუწუნონ.
"ტვენტეს" რიგებში საუკეთესო იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებაც დაიმსახურა კოსტა რიკელმა ბრაიან რუისმა, რომელმაც მართლაც ძალიან კარგად, დასამახსოვრებლად ითამაშა.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ტოტენჰემი 4 2 1 1 12-8 7
2. ინტერი 4 2 1 1 11-8 7
3. ტვენტე 4 1 2 1 6-7 5
4. ვერდერი 4 0 2 2 3-9 2
B ჯგუფი
ბენფიკა-ლიონი 4:3
გოლები: 1:0 კარდეცი (20), 2:0 კოენტრაო (32), 3:0 ხავი გარსია (42), 4:0 კოენტრაო (67), 4:1 გურკუფი (74), 4:2 გომისი (85), 4:3 ლოვრენი (95)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფაბიო კოენტრაო (ბენფიკა)
ეს იყო რიმეიქი ორი კვირის წინ გამართული მატჩისა "ინტერი"-"ტოტენჰემი": მას მერე, რაც ფრანგებს პირველ ათ წუთში ორი გოლი თამაშგარე მდგომარეობების გამო არ ჩაუთვალეს, "ლიონმა" გადაწყვიტა, რომ "ბანაობის" დრო იყო და 22-ედან 42-ე წუთამდე სამი გოლი გაუშვა. ლისაბონის "ბენფიკა" ჯოჯოხეთურად მონდომებული კი იყო, მაგრამ უფრო მიზანმიმართული და ცივსისხლიანი რომ ყოფილიყო (ცივსისხლიანობა "ბენფიკას" ნაღდად არ სჩვევია), "ლიონს" პირველ ტაიმში სამზე ორჯერ მეტ გოლს გაუტანდა. აქვე ისიც უნდა გაგახსენოთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ სამ მატჩში "ლიონს" მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გაშვებული.
შესვენების შემდეგ ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ფაბიო კოენტრაომ სხვაობა ოთხამდე გაზარდა, რის შემდეგაც "ბენფიკა" საბოლოოდ დამშვიდდა, "ლიონმა" კი ბოლო 15 წუთში სამი გოლის გატანა შეძლო, ოღონდ, ზუსტად ისე, როგორც "ინტერი"-"ტოტენჰემის" ორიკვირისწინანდელ მატჩში, არც ამჯერად გაგვჩენია ისეთი გრძნობა, რომ "ლიონს" თამაშის გადარჩენა შეეძლო.
ამ მოგებით "ბენფიკამ" მერვედფინალში გასვლის სერიოზული განაცხადი გააკეთა. მომდევნო ტურში ლისაბონელები თელ ავივში ჩადიან, ბოლო ტურში კი გადამწყვეტი მატჩი ელით, საკუთარ "ესტადიო და ლუჟზე" "შალკეს" უმასპინძლებენ.
ჰაპოელი-შალკე 0:0
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მანუელ ნოიერი (შალკე)
"შალკემ" თელ ავივში ამაზრზენი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და ქულა, რომელიც გელზენკირხენელებმა ისრაელიდან წაიღეს, მაქსიმალური მიღწევაა იმ ყველაფრის ფონზე, რასაც "შალკეს" ფეხბურთელები "ჰაპოელთან" მატჩში პირველიდან ბოლო წუთამდე აკეთებდნენ. ერთი სიტყვით, "ლევერკუზენთან" წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ, ფელიქს მაგათის შეგირდებმა კიდევ ერთი თამაში ჩააგდეს და მიუხედავად ამისა, მაინც მეორე ადგილზე არიან და მერვედფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებენ, თუმცა დარჩენილ ორ ტურში ჯერ "ლიონს" უნდა უმასპინძლონ, მერე კი ლისაბონში ჩადიან და ასეთი თამაშით ჯგუფიდან ნამდვილად ვერ გავლენ.
ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც შალკელთაგან მოწოდების სიმაღლეზე იდგა, მეკარე მანუელ ნოიერი გახლდათ, რომელსაც ვასახელებთ კიდეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. ყველაფერთან ერთად, "შალკეს" ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემაც აქვს და რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, მაგათს სახეზე აწერია, რომ არ იცის, როგორ მოაგვაროს ეს პრობლემა.
აი, რა თქვა მატჩის შემდეგ სასოწარკვეთილმა ფელიქსმა: "ცხადია, მოგება გვინდოდა, მაგრამ მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა, "ჰაპოელმა" გვაჯობა! მიუხედავად ამისა, ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს და თანაც, არცთუ ცუდი. დარჩენილ ორ თამაშში მინიმუმ სამი ქულა გვჭირდება."
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 4 3 0 1 9-5 9
2. შალკე 4 2 1 1 5-2 7
3. ბენფიკა 4 2 0 2 6-7 6
4. ჰაპოელი 4 0 1 3 2-8 1
C ჯგუფი
ბურსა-მანჩესტერი 0:3
გოლები: 0:1 ფლეტჩერი (48), 0:2 ობერტანი (73), 0:3 ბებე (77)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: გაბრიელ ობერტანი (მანჩესტერი)
თუკი საფეხბურთო ევროპა ამ მატჩამდე ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო, რატომ იყო თურქეთის მოქმედი ჩემპიონი "ბურსა" ჯგუფში ბოლო ადგილზე და რატომ არ ჰქონდა გატანილი თუნდაც ერთი გოლი, მინიმუმ "მანჩესტერთან" მატჩის შემდეგ, მიზეზს ყველა დააფიქსირებდა. 22-ე წუთზე თურქებს გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ თურგაი ბაჰადირი ისე მოიქცა, თითქოს ფეხბურთს ცხოვრებაში პირველად თამაშობდა.
"მანჩესტერს" კი გოლის გატანის პირველი შანსი მეორე ტაიმის დასაწყისშიღა მიეცა და ეს შანსი ფლეტჩერმა იდეალურად გამოიყენა. ფლეტჩერის გოლის შემდეგ კი იყო გულისამრევი (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) ფეხბურთი და "იუნაიტედის" კიდევ ორი, აბსოლუტურად დამსახურებული გოლი. პირდაპირ ვთქვათ: "მანჩესტერის" გამარჯვება ერთი წამითაც არ ყოფილა ეჭვქვეშ, "ბურსამ" კი ჩემპიონთა ლიგაში თავისი პირველი მოღვაწეობა ოთხი ტურის შემდეგ, უქულოდ და უგოლოდ დაასრულა. ლოგიკურად, თურქეთის ჩემპიონმა ვერც დარჩენილ ორ ტურში უნდა შეძლოს სიცოცხლის ნიშანწყალის გამოვლენა...
ვალენსია-რეინჯერსი 3:0
გოლები: 1:0 სოლდადო (33), 2:0 სოლდადო (71), 3:0 კოსტა (90)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რობერტო სოლდადო (ვალენსია)
"ვალენსიამ" "მანჩესტერ იუნაიტედს" უჩვენა, თუ როგორ უნდა გაუტანოს გოლი (გოლები) გლაზგოს "რეინჯერსს". თუ არ ჩავთვლით სტივენ ნეისმიტის იდეალურ დარტყმას, "მესტალიაზე" მალევე გაირკვა, რომ "ვალენსია" შოტლანდიურ კლუბს ბევრად სჯობია. უპირატესობა ბურთის ფლობის მხრივ და გოლები საჭირო დროს - ეს ორი კრიტერიუმი ვალენსიელთა სიჭკვიანეზე მეტყველებს. "რეინჯერსი" კი წინა ხაზში იმდენად არ ვარგოდა, რეალურად ერთხელაც არ გვიფიქრია, რომ "ვალენსიას" პრობლემები შეექმნებოდა. გლაზგოელთა ფორვარდმა კენი მილერმა კბილები მხოლოდ ერთხელ, "ღამურების" კიპერ სესარ სანჩესთან შეხლა-შემოხილსას გამოაჩინა.
ერთი სიტყვით, ამ ჯგუფში მიმდინარე მოვლენები ლოგიკას ექვემდებარება: "რეინჯერსის" მაქსიმუმი მესამე ადგილზე გასვლა და ევროპის ლიგაში გადასვლა უნდა იყოს და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა (მაგალითად, მომდევნო ტურში "რეინჯერსმა" "აიბროქსზე" "მანჩესტერი" არ დაამარცხა), ალბათ ასეც იქნება.
თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 4 3 1 0 5-0 10
2. ვალენსია 4 2 1 1 8-2 7
3. რეინჯერსი 4 1 2 1 2-4 5
4. ბურსა 4 0 0 4 0-9 0
D ჯგუფი
რუბინი-პანათინაიკოსი 0:0
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ალან კასაევი (რუბინი)
არ უქნია ღმერთს ყაზანის "რუბინი"! მარტო "ბარსელონასთან" მიღწეული ფრე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვერ გაგიყვანს, აუტსაიდერ "პანათინაიკოსს" კი ყაზანელებმა ვერაფრით მოუგეს. ახლა კი, იმის გამო, რომ ყაზანელებმა "პანათინაიკოსთან" ვერაფერი გააწყვეს, ჯგუფიდან "ბარსელონასთან" ერთად "კოპენჰაგენი" გადის. "რუბინი" უტევდა, ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა, მაგრამ რუსებს წინა ხაზში ძალიან ბევრი რამ აკლდათ იმისათვის, რომ გოლი გაეტანათ. მოთამაშეები ბურთს ერთმანეთს ატენიდნენ, რაიმე ნორმალურის მოფიქრება კი ვერაფრით მოახერხეს. საუკეთესო შანსი ნავასს ჰქონდა, მაგრამ "პანათინაიკოსი" მეკარე ცორვასმა იხსნა.
მომდევნო ტურში "რუბინი" "კოპენჰაგენს" მასპინძლობს და თუ მოიგო, შანსი ექნება, ოღონდ, ბოლო ტურში, ყაზანელები ბარსელონაში ჩადიან, თუმცა, ვინ იცის, იქნებ კატალონიურ გრანდს ბოლოს ქულები აღარც დასჭირდეს და "რუბინმაც" შარშანდელი გაიმეოროს...
კოპენჰაგენი-ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 მესი (31), 1:1 კლაუდემირი (32)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კლაუდემირ დომინგეს დე სოუზა (კოპენჰაგენი)
ზემოთ გამოთქმული მოსაზრება საკმაოდ რეალურია, მაგრამ ამ ეტაპზე, "ბარსასთან" ერთად ჯგუფიდან გასვლას "კოპენჰაგენი" იმსახურებს. დანიელებმა საკუთარ მოედანზე კატალონიურ გრანდთან სამართლიან ფრეს მიაღწიეს. "ბარსელონა" საგოლე მომენტებს გულგრილად მიუდგა, სხვა დანარჩენი კი ცუდი საყურებელი იყო. მაგალითად, "ბარსას" კიპერმა ვიქტორ ვალდესმა "კოპენჰაგენის" თავდამსხმელ დეიმ ნ’დოიეს ორთაბრძოლისას სახეში წიხლი უთავაზა, მაგრამ ვალდესი არ გააძევეს. მატჩის შემდეგ კი მწვრთნელებმა ერთმანეთს დასცხეს: პეპ გვარდიოლა და სტალე სოლბაკენი ერთმანეთს კინაღამ ხელით შეეხნენ. სერხიო ბუსკეტსა და მსაჯებს რომ არ ეყოჩაღათ, მწვრთნელები ნამდვილად იჩხუბებდნენ.
"ვამაყობ ჩემი გუნდით, ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და მსოფლიოში საუკეთესო გუნდთან მედგრად იბრძოლეს. მოპოვებული ქულა დამსახურებულია. წინ კი ურთულესი მატჩი გველის "რუბინთან". ფაქტი ერთია: ყველანი მერვედფინალზე ვოცნებობთ," - თქვა მატჩის შემდეგ ემოციურმა სოლბაკენმა.
"ორი წელია, "ბარსელონას" მწვრთნელი ვარ და თამამად ვიტყვი, ფიზიკურად ასე კარგად მომზადებულ გუნდთან პირველად ვითამაშეთ," - ეს კი გვარდიოლას სიტყვებია.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 4 2 2 0 9-3 8
2. კოპენჰაგენი 4 2 1 1 4-3 7
3. რუბინი 4 0 3 1 1-2 3
4. პანათინაიკოსი 4 0 2 2 1-7 2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"