მარადიული სუპერპიპო

AutoSharing Option
იმ დროს, როცა რონალდინიოები ფეხბურთის თამაშს 28-29 წლის ასაკში ამთავრებენ (ის, რასაც ბრაზილიელი დღესდღეობით აკეთებს, ნაძალადევი გართობა უფრო ჰქვია), 37 წლის ფილიპო ინძაგი 18 წლის დამწყები თინეიჯერივითაა კარზე დაგეშილი და ბურთთან თითოეულ შეხებაში წარმოუდგენელ, ენით აუწერელ მონდომებას აქსოვს. Kick it like pippo!..
"რეალმა" "სან სიროზე" ქულა გადაარჩინა, ისევ დაუმარცხებელია და მერვედფინალში გავიდა; ჯგუფიდან გასვლა "ჩელსიმ" და "ბაიერნმა" უფრო ეფექტურად, ასპროცენტიანი შედეგებით გაინაღდეს; "მარსელმა" "ჟილინას" თავბედი აწყევლინა; "რომამ", "ოსერმა" და "ბრაგამ" სიცოცხლის ნიშნები გამოავლინეს. განცდები და რეაქციები ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მატჩების
მიმოხილვაში:

E ჯგუფი
კლუჟი-ბაიერნი 0:4
გოლები: 0:1 გომესი (12), 0:2 გომესი (24), 0:3 გომესი (71), 0:4 მიულერი (90)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარიო გომესი (ბაიერნი)
"ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონატში მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, ექსპერტები გერმანიაში რეკორდმაისტერის კრიზისზე საუბრობენ, მიუნხენურ კლუბს 9 წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული და ამ ყველაფერს კვირის დასაწყისში ისიც დაემატა, რომ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ერთმანეთი ლანძღეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგაში ისე ასპარეზობს, როგორც არასდროს - "ბაიერნმა" არსებობის ისტორიაში პირველად შეძლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ოთხივე მატჩის მოგება და მერვედფინალში თამაში ორი ტურით ადრე გაინაღდა. ერთი ქულაც და ბავარიელები პირველ ადგილსაც გაიფორმებენ.
კრიზისში მარიო გომესს მადა გაეხსნა და თავდამსხმელმა, რომელსაც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ძალიან მაგრად აკრიტიკებდნენ, ოლიჩისა და კლოზეს არყოფნაში გოლების გატანა დაიწყო. წელიწადნახევრის წინ, "შტუტგარტიდან" 30 მილიონ ევროდ ნაყიდმა ფორვარდმა (გომესი "ბაიერნის" ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია), "კლუჟთან" სუფთა და უნაკლო ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს მისთვის პირველი ჰეთ-თრიკია ჩემპიონთა ლიგაში. გომესს გოლები ბასტიან შვაინშტაიგერმა და ჰამით ალთინთოფმა გაატანინეს. სხვათა შორის, "ბაიერნისთვის" ჩვეულ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, შვაინშტაიგერმა გამთამაშებლის პოზიციაზე ითამაშა. კმაყოფილი ვან გაალი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ხელებს იფშვნეტდა და ამბობდა, ვისაც რა უნდა, ის თქვას, ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ და აი, მერვედფინალის საგზური უკვე მეოთხე ტურში მოვიპოვეთ, შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" არსებობის ისტორიაში ოთხივე თამაში პირველად მოიგოო. მოკლედ, ლუისმა ული ჰიონესს "შეუთვალა მოკითხვა"...

ბაზელი-რომა 2:3
გოლები: 0:1 მენეზი (16), 0:2 ტოტი (26-პენ), 1:2 ფრაი (69), 1:3 გრეკო (76), 2:3 შაქირი (83)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ნიკოლას ბურდისო (რომა)
"რომამ" კრიტიკოსებს საკადრისი პასუხი გასცა და "ბაზელთან" საკუთარ მოედანზე 1:3 წაგების მერე, შვეიცარიულ კლუბს მის "სტ. იაკობ პარკზე" 3:2 მოუგო - ეს ფაქტია, მაგრამ გამოცანად რჩება, რატომ ითამაშა "რომამ" ორი კვირის წინ საზიზღრად. ვერ ვიტყვით, რომ კლაუდიო რანიერის ბიჭები ამჯერად "ციდან ვარსკვლავებს წყვეტდნენ", "ბაზელი" "ჯალოროსის" ისევ სჯობდა, მაგრამ "რომა" უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა.

"ბაზელი" საწყის წუთებში ლამაზად უტევდა, შაქირი და შტოკერი რომაელ მცველებს წნეხის ქვეშ ამყოფებდნენ და შვეიცარიული კლუბი წესით უნდა დაწინაურებულიყო. "რომა" მყარად იცავდა თავს, საუკეთესო საგოლე მომენტი კი, შვეიცარიელთა მხრიდან ჰუგელმა გაანიავა. "რომამ" კი პირველივე შეტევა გოლით დააგვირგვინა (მენეზი). მერე კი იყო ფრანჩესკო ტოტის თერთმეტმეტრიანი, რომელიც მასპინძელთა მეკარე კოსტანცომ კინაღამ მოიგერია, თუმცა "კინაღამ" არ ითვლება...
მეორე ტაიმში კი მართლა მაგარი თვალსასეირო ომი ვიხილეთ, რომელიც "რომასთვის" ჰეფი-ენდით დამთავრდა. მომდევნო ტურში რომაელები "ბაიერნს" მასპინძლობენ - რეკორდმაისტერს მერვედფინალში თამაში უკვე განაღდებული აქვს.

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 4 4 0 0 11-3 12
2. რომა 4 2 0 2 6-8 6
3. ბაზელი 4 1 0 3 7-8 3
4. კლუჟი 4 1 0 3 5-10 3


F ჯგუფი
ჟილინა-მარსელი 0:7
გოლები: 0:1 ჟინიაკი (12), 0:2 ჟინიაკი (21), 0:3 ჰაინცე (24), 0:4 რემი (36), 0:5 ლუჩო გონსალესი (52), 0:6 ჟინიაკი (54), 0:7 ლუჩო გონსალესი (63)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუჩო გონსალესი (მარსელი)

ოთხი თამაში, ოთხი წაგება, ბურთების შეფარდება 1:15 - ახლა უკვე ასი პროცენტით ფაქტია, რომ სლოვაკებს ჩემპიონთა ლიგაში არაფერი დაუკარგავთ. ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის დებიუტანტმა მარსელის "ოლიმპიკთან" დაცვაში აუხსნელი შეცდომები დაუშვა, რის გამოც ველოდრომელებმა ჩემპიონთა ლიგაში მათთვის ყველაზე დიდი ანგარიშით აბსოლუტურად უპრობლემოდ მოიგეს. ის ფაქტი, რომ ტაბლოზე "მხოლოდ" 7:0 დაფიქსირდა, მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალია, რომ ფრანგებს ვარჯიში ერთ საათში მობეზრდათ. "ჟილინა" ჟინიაკმა (ჰეთ-თრიკი) და ლუჩო გონსალესმა (დუბლი) "აბანავეს".

ჩელსი-სპარტაკი 4:1
გოლები: 1:0 ანელკა (49), 2:0 დროგბა (62), 3:0 ივანოვიჩი (66), 3:1 ბაჟენოვი (86), 4:1 ივანოვიჩი (90)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი)

მითები იმის შესახებ, რომ "ჩელსი" რუსეთის სახალხო გუნდს რამეს დაუთმობდა, "სტემფორდ ბრიჯზე" გამართულ ამ მატჩში მხოლოდ მეორე ტაიმში დაიმსხვრა. მანამდე კი, "სპარტაკი" საკმაოდ კარგად თამაშობდა - ისე, როგორც ამას "ჩელსისგან" ვართ მიჩვეულები. ანუ, მოსკოველები დაცვაში მედგრად იდგნენ და შეტევაშიც საკმაოდ თავდაჯერებულები იყვნენ. მაგრამ რუსებს "ჩელსის" რეცეპტისთვის მთავარი საკმაზი, გოლები დააკლდათ.

აი, მეორე ტაიმში კი, კარლო ანჩელოტის ბიჭებმა ვალერი კარპინსა და მის შეგირდებს ლექცია ჩაუტარეს თემაზე, როგორ უნდა გამოვიყენო საგოლე მომენტები. ნიკოლა ანელკამ პირველივე მომენტი გოლით დააგვირგვინა - ეს მისი მეხუთე გოლია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. ანელკას გოლმა "სპარტაკი" გატეხა და ლონდონელებმაც უპრობლემოდ მოიგეს ზედიზედ მეოთხე თამაში, რამაც მათ მერვედფინალში თამაში გაუნაღდა. ახლა "სპარტაკი" და "მარსელი" თანაბარ ვითარებაში არიან. ერთი ეგაა, რომ ფრანგულ კლუბს "ჩელსისთან" დარჩა სათამაშო და მოსკოველებისთვის უპირატესობაა ისიც, რომ "ოლიმპიკს" "ლუჟნიკებზე" უნდა უმასპინძლონ.

ჩავინიშნოთ: ბრანისლავ ივანოვიჩი ადრე მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა და რკინიგზელთა ფანებს ნამდვილად გაახარებდა იმით, რომ "სპარტაკს" დუბლი შეუსრულა.
...ჰო, კარპინმა ჯანო ანანიძე არ ათამაშა...

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 4 4 0 0 12-2 12
2. მარსელი 4 2 0 2 8-3 6
3. სპარტაკი 4 2 0 2 5-6 6
4. ჟილინა 4 0 0 4 1-15 0


G ჯგუფი
მილანი-რეალი 2:2
გოლები: 0:1 იგუაინი (45), 1:1 ინძაგი (68), 2:1 ინძაგი (78), 2:2 ლეონი (93)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფილიპო ინძაგი (მილანი)

მადრიდელები "ჯოკერ" პედრო ლეონს უნდა უმადლოდენ, რომ მიმდინარე სეზონში ჯერ კიდევ დაუმარცხებლები არიან, მილანელები კი ნამდვილად დიდ მადლობას უხდიან ფილიპო ინძაგის, ვისი წყალობითაც "როსონერი" არ შერცხვა. არადა, თამაში ინძაგიმაც სათადარიგოთა სკამიდან "დაიწყო" და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში, რონალდინიოს ნაცვლად შევიდა. თუკი ბრაზილიელი ფლეიმეიკერი არ ჩანდა და მხოლოდ ერთხელ შეძლო მზაკვრული პასის გაჭრა (მომენტი იბრაჰიმოვიჩმა ვერ გამოიყენა), ინძაგი მოედანზე ისე ეფექტურად შევიდა, რომ "მილანი" მაშინვე სხვანაირად ათამაშდა, პიპომ კი "სან სიროს" მოედანზე ეგრევე ცეცხლი დაანთო. მართალია, ჩაბი ალონსოსთვის ხელის კვრისთვის პიპო გაძევებას იმსახურებდა და მსაჯმა ჰოვარდ ვებმა ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენა, მაგრამ არა უშავს, ეპატიება, რადგან ინძაგის ეს საქციელი მხოლოდ დიდი მონდომების შედეგი იყო.

ამ გენიალური თავდამსხმელის მონდომებაზე კი ძალიან ბევრი უნდა იწერებოდეს, რათა თაობებს გადაეცეთ, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი პროფესიონალი. ხომ "ბებერია", ყველაფერი მოიგო, სათადარიგოთა სკამს ახეხინებენ, მაგრამ როცა მოედანზე გადის, ისეთი მოწადინებულია, რომ სამაგალითო უნდა იყოს ფეხბურთის თამაშის მსურველ ნებისმიერი ბავშვისთვის. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინძაგი საჯარიმოს ფორვარდია, მისი ამოცანა მხოლოდ ჩასაფრებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში უკანაც ხშირად იწევდა, ფლანგებზეც გადადიოდა, ბურთს დაათრევდა და თუ შეიძლება, ასე ითქვას, კბილებითა და ფრჩხილებით იბრძოდა. არც რონალდინიო, არც იბრაჰიმოვიჩი და არც პატო - "რეალთან" საუკეთესო ფილიპო ინძაგი იყო! ჰო მართლა, ინძაგი რაულს გაუთანაბრდა და კვლავ ევროტურნირების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია - 70 გოლით. ბრავო სუპერპიპო!

სადაც ინძაგიზე ამდენი ვისაუბრეთ, იქ ჯენარო გატუზოც აუცილებლად უნდა ვახსენოთ. "რინოც" სამაგლითო იყო, ყველანაირად, ყველაფრით!

საერთო ჯამში, "რეალმა" "მილანს" აჯობა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მეორე ტაიმში მეორე გოლზე დაეწყოთ ზრუნვა, ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ანგარიშის შენარჩუნებაზე იფიქრეს, რასაც ახერხებდნენ კიდეც - სანამ "როსონერის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება არ მიიღო და რონალდინიოს ნაცვლად, მინდორზე გულანთებული, კარზე დაგეშილი, მონდომებით ყველა სპორტსმენისთვის სამაგალითო, ბებერი ინძაგი არ შეუშვა.
შეგახსენებთ, რომ პიპო 37 წლისაა...

ოსერი-აიაქსი 2:1
გოლები: 1:0 სამარიტანო (9), 1:1 ალდერვეირელდი (79), 2:1 ლანჟილი (84)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბენუა პედრეტი (ოსერი)

"ოსერი" ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს. რაკი "მილანმა" "რეალს" ვერ მოუგო, ფრანგებისთვის მერვედფინალის კარი ჯერ კიდევ ღიაა, რადგან "ოსერმა" "აიაქსი" დაამარცხა. თუმცა ფრანგებმა უნდა მოუმატონ. გახსნეს თუ არა ანგარიში, მასპინძლები დაცვაში ჩაჯდნენ და ამსტერდამელებს თავისუფლად თამაშის საშუალება მისცეს. ჰოლანდიელთაგან გამორჩეული მარჯვენა მცველი ვან დერ ვილი იყო.

ამსტერდამელებმა "ოსერი" 79-ე წუთზე დასაჯეს, მაგრამ ქულა მაინც ვერ აიღეს, რაც შაფნის დამსახურებაა. საფინალო სასტვენამდე ექვსი წუთით ადრე, მაროკოელმა ჯარიმა სწრაფად და რაც მთავარია, ჭკვიანურად გაათამაშა, ლანჟილმა კი სტეკელენბურგს ბურთი ფეხებსშუა გაუტარა. შეიძლება ითქვას, რომ "ოსერს" ცოტათი გაუმართლა, მაგრამ ეს არავის აინტერესებს - მთავარი ხომ ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში, ანუ, შედეგია.

 თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 4 3 1 0 7-2 12
2. მილანი 4 1 2 1 5-5 5
3. აიაქსი 4 1 1 2 4-6 4
4. ოსერი 4 1 0 3 3-6 3


H ჯგუფი
შახტარი-არსენალი 2:1
გოლები: 0:1 უოლკოტი (10), 1:1 ისტმონდი (28-საკ. კარში), 2:1 ედუარდო (45)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დარიო სრნა (შახტარი)

ორი კვირის წინ, "არსენალი" "შახტარს" კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა და 5:1 გაანადგურა. ლონდონელთა და დონეცკელთა დაპირისპირება გუშინწინაც ისე დაიწყო, კაცი იფიქრებდა, რომ უკრაინელებს შავი დღე დაადგებოდათ: მე-10 წუთზე თეო უოლკოტმა ანგარიში გახსნა. მაგრამ ლონდონელთა სწრაფმა გოლმა ამჯერად არა "არსენალის", არამედ "შახტარის" წისქვილზე დაასხა წყალი. სრნამ, ვილიანმა და ჟადსონმა "არსენალის" მცველებს გული გაუწყალეს, თამაში შეატრიალეს და თითქოს შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ გამარჯვების გოლი ედუარდომ გაიტანა - ფეხბურთელმა, რომელიც არსენ ვენგერმა ლონდონიდან დონეცკში "გადაასახლა". უკრაინული კლუბის დამსახურებულმა გამარჯვებამ H ჯგუფში ვითარება ისევ დაძაბა.

პარტიზანი-ბრაგა 0:1
გოლი: 0:1 მოიზესი (36)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუის აგიარი (ბრაგა)

"პარტიზანისთვის" ჩემპიონთა ლიგა ისევ ჯგუფურ ეტაპზე დამთავრდა - ზუსტად ისე, როგორც 2003/2004 წლების სეზონში, როცა ბელგრადულ კლუბს ლოთარ მათეუსი წვრთნიდა. მეტიც: "პარტიზანი" ახლა, ოთხი ტურის მერე სულაც უქულოდაა.

"ბრაგამ" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ასპარეზობა იმდენად საზიზღრად დაიწყო (0:6 არსენალთან, 0:3 შახტართან), ორი ტურის მერე ვამბობდით, რომ პორტუგალიურ კლუბს აქ არაფერი ესაქმება, მაგრამ "პარტიზანი" უფრო უარესი გამოდგა, "ბრაგას" 6 ქულა დიდსულოვნად დაუთმო და პორტუგალიელებს ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა შეუძლიათ, ევროპის ლიგაში გადასვლა კი უკვე გარანტირებული აქვთ.

 თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 4 3 0 1 15-4 9
2. შახტარი 4 3 0 1 7-6 9
3. ბრაგა 4 2 0 2 3-9 6
4. პარტიზანი 4 0 0 4 1-7 0


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული