დინამო VS სტრეიმური - ბარიერი, რომელიც დამაჯერებლად უნდა გადავლახოთ

AutoSharing Option
16 ივლისს, 20:00 სთ-ზე, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩს გამართავს.

საქართველოს ჩემპიონს წილისყრაში გაუმართლა და მეტოქედ ფარერული "სტრეიმური" ერგო, თუმცა ევროარენაზე ნებისმიერ მეტოქეს სათანადოდ დაფასება სჭირდება და ამის შესახებ ხაზგასმით განაცხადა "დინამოს" ჩეხმა თავკაცმა დუშან უჰრინმა.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, მასთან ერთად, მედიის წინაში "დინამოში" ახლად დაბრუნებული დავით კვირკველია წარსდგა.

დუშან უჰრინი:
- ამ დღეს დიდხანს ველოდით. "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას იწყებს და ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი უმთავრესი მიზნის შესრულებას, ანუ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას შევძლებთ.

ვალდებულები
ვართ, ნებისმიერ მეტოქეს პატივი ვცეთ. საქმისადმი სხვანაირი მიდგომა ძვირად დაგვიჯდება. "სტრეიმურის" ორი თამაში ვნახე, ამ გუნდს ფარერების ნაკრების არაერთი ფეხბურთელი ჰყავს.

დიდი იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ და შემდეგი ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ.

- ვინ შეცვლის ტრავმირებულ პეტერ გრაიციარს?
- შევეცდებით, მას ღირსეული შემცვლელი მოვუძებნოთ.

- ახალწვეულ ვუოზე რას გვეტყვით?
- ზუსტად ისეთი ტიპის ფორვარდია, როგორსაც ვეძებდით - ფიზიკურად ძლიერი და უშუალოდ მეტოქის საჯარიმოში მოთამაშე. დანარჩენს საკუთარი თვალით იხილავთ და შეაფასებთ. აქამდე წინა ხაზში დიდი არჩევანი არ გვქონდა, ახლა კი ჩვენი შეტევა უფრო მრავალფეროვანია.

- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრის შანსებს როგორ შეაფასებთ?
- ბევრი რამ წილისყრაზეც არის დამოკიდებული, მაგრამ ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად მზად ვართ. დიდი იმედი გვაქვს, რომ მიზანს მივაღწევთ.

- გუნდის გაძლიერებას აღარ გეგმავთ?
- ამ ბარიერის გადალახვისა და შემდეგი მეტოქის ვინაობის გაგების შემდეგ ამ თემაზე უფრო კონკრეტულად საუბარი იქნება შესაძლებელი.

დავით კვირკველია:
- უპირველესად, ამჟამინდელ მეტოქეზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი და მას სრული სერიოზულობით მოვეკიდოთ. გვჯერა, რომ "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე საკმაო წარმატებით გამოვა.

* * *
"სტრეიმურს" პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარი მწვრთნელი რუნი ნოლსოე და პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი გოლის გამტანი, ამ მომენტისთვის მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ლევი ჰანსენი წარმოადგენდნენ.

რუნი ნოლსოე:
- მიგვაჩნია, რომ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით, თუმცა წარმატების იმედს არ ვკარგავთ. ვიმედოვნებ, თბილისში დადებით შედეგს მივაღწევთ, ასეთ რეზულტატად კი ფრესაც მივიჩნევ.

ლევი ჰანსენი:
- კარგად მესმის, რომ "დინამო" ბევრად ძლიერია, ვიდრე ჩვენი წინა მოწინააღმდეგე, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ჩემს საგოლე მონაგარს ამ გუნდთან თამაშისასაც გავზრდი. მთავარი კი, რა თქმა უნდა, "სტრეიმურის" წარმატებაა.

* * *
"დინამო არენაზე" შეხვედრას მალტელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მატჩის არბიტრი ალან მარიო სანტი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩვენ და ფარერელები: მონატრებული ლიგა
მკითხველის კომენტარები / 4 /
დინამო-სტრეიმური 3-0
გიო
10:53 16-07-2013
0
ვფიქროფ 5-0 იქნება
misha
11:36 16-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული