ელგუჯა გრიგალაშვილი: ამ ეტაპზე ისიც მახარებს, რომ "დინამოს" ფორმა მოვირგე

AutoSharing Option
ფარერების "სტრეიმურთან" შეხვედრაში თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება მოხდა: 23-ე წუთზე ირაკლი ძარია დაშავდა და თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა მის ნაცვლად მოედნის ცენტრში ელგუჯა გრიგალაშვილი გამოიყვანა.

23 წლის ნახევარმცველმა მწვრთნელის იმედები გაამართლა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. გრიგალაშვილის წამოწყებული იყო კომბინაცია, რომელიც უსტარიცის პირველი გოლით დასრულდა. მეორე ტაიმში კი გრიგალაშვილმა ჯერ ლამაზი გოლი მიითვალა, შემდეგ კი მისი გადაცემით კოტდივუარელმა პატრიკ ვუომ თბილისურ კლუბში საგოლე ანგარიში გახსნა.

მატჩის შემდეგ "ლელომ" თბილისის "დინამოს" ახალწვეულს მცირე ინტერვიუ ჩამოართვა.

- პირველი საკონტროლო შეხვედრებისგან
განსხვავებით, ახლა უფრო დამაჯერებლად და თავისუფლად თამაშობდი - ეტყობა, გუნდთან ადაპტაცია გაიარე...

- ვგრძნობ მწვრთნელების ნდობას, გუნდელების თანადგომას და ეს ყველაფერი ადაპტაციაში ძალიან მეხმარება. რა და როგორ გამომდის, ეს ხალხმა და ჟურნალისტებმა უნდა შეაფასოთ.

მე კი საქართველოს საუკეთესო გუნდში მოხვედრით თავს მართლაც კარგად ვგრძნობ. თუნდაც იმიტომ, რომ გამოცდილი და მაღალი კლასის გუნდელები მყავს, მათთან თამაში კი ყველას გაუადვილდება.

- შეგუება არც "დინამოს" სათამაშო სქემასთან გაგიჭირდებოდა, რადგან უჰრინი გუნდს, გეგუჩაძის "ტორპედოს" მსგავსად, 4-4-2 სქემით ათამაშებს...
- დიახ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, გუნდი ჩემთვის ნაცნობი ტაქტიკით რომ თამაშობდა. ეგაა, ქუთაისში ფლანგზე მაყენებდნენ, ფარერებთან კი უჰრინმა ცენტრში დამაყენა. თუმცა ესეც არაა ჩემთვის უცხო პოზიცია - მარტვილის "მერანში" ცენტრშიც ხშირად მათამაშებდნენ.

- ელოდი, რომ "სტრეიმური" ასეთი სუსტი მეტოქე იქნებოდა?
- ფარერების გუნდები გრანდებში არასოდეს ყოფილან და თბილისურ ამინდში ვერ გაცოცხლდებოდნენ. თუმცა საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, მაგრამ ჩვენები ბოლომდე დაიხარჯნენ, კლასმაც თავისი გაიტანა და მესამე ეტაპზე გასასვლელად ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით.

- შენ კი დიდი ნაბიჯი ძირითადში დასამკვიდრებლად!..
- ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია. ცხადია, ძირითადში მოხვედრის ამბიცია მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ისიც მახარებს, რომ "დინამოს" ფორმა მოვირგე და ევროპის ლიგაზე გოლი გავიტანე.

მწვრთნელის გადაწყვეტილებას კი მოთამაშე ნებისმიერ შემთხვევაში გაგებით უნდა შეხვდეს - თუნდაც, 10 წუთი რომ გათამაშოს.

- ყველასათვის საინტერესო გამოდგა პატრიკ ვუოს გამოჩენა. კოტდივუარელ ახალწვეულს შენ როგორ დაახასიათებდი?
- სიმართლე გითხრათ, ჯერ კარგად ვერც გავიცანით და ზუსტად იმის თქმაც მიჭირს, როგორი ფეხბურთელია, რადგან ერთად სულ 3-ჯერ ვივარჯიშეთ. რაც შევნიშნე, საჯარიმოში საშიშია - აკეთებს იმას, რაც თავდამსხმელს მოეთხოვება.

ახალ გუნდში პირველივე შეხვედრაში 20 წუთში დუბლის შესრულება ვუოს კლასზე მეტყველებს.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: გრიგალაშვილი ძალიან კარგად შემოვიდა
ჩისკო: "სტრეიმურთან" კარგი მატჩი ჩავატარეთ
უსტარიცი: არ გვინდოდა "სტრეიმურისთვის" შანსების მიცემა

დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ მინდა შეგინება,მაგრამ დღევანდელ "დინამო"-ში თამაშით კმაყოფილ კაცს,ხელფასიც არ უნდა მისცე.
rfgy
16:16 18-07-2013
0
"შემდეგ კი მისი გადაცემით კოტდივუარელმა პატრიკ ვუომ თბილისურ კლუბში საგოლე ანგარიში გახსნა" - უეჭველი იცი? ეს გადაამოწმე :))
Nika
14:16 18-07-2013
0

სიახლეები პოპულარული