"პარი სენ-ჟერმენი": ზლატანს პოკერის თამაშიც სცოდნია

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ედინსონ კავანი ერთმანეთში შეჯიბრებას აგრძელებენ. ამჯერად, ზლატანმა ურუგვაელს ფეხბურთითაც აჯობა და პოკერითაც - მან "ანდერლეხტთან" შეხვედრაში "კარე გახსნა" და ბრიუსელელები 4 გოლით ამოავსო; აი, კავანი კი პსჟ-ს ერთი კინკილა გოლით შეეწია.

ჯამში, პარიზელებმა ბელგიაში 5:0 მოიგეს. ახლა ლორან ბლანის გუნდს 3 მატჩიდან 9 ქულა აქვს, პსჟ-მ ყველაზე მეტი (12) გოლი გაიტანა და, "ბარსელონასა" და "ბაიერნთან" ერთად, ყველაზე ცოტა (1) გაუშვა. შესაბამისად, ბურთების შეფარდებაც საუკეთესოა - +11, ზლატანი კი ბომბარდირთა დავაში კრიშტიანო რონალდოს მისდევს, პორტუგალიელის აქტივში 7 გოლია,
ხოლო "იბრაკადაბრას" 6 მოუგროვდა. სიმბოლურია არა? სულ ცოტა ხანში ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისათვის შეებმებიან ერთმანეთს და აი, იქ იქნება, რაც იქნება.

"ყველაზე მეტად ჩემი მესამე გოლი მომეწონა, რომელიც შორიდან გავიტანე და იდეალური დარტყმა გამომივიდა. არადა, რთულად შესასრულებელი იყო. მთავარია, გუნდურად თამაში გამოგვდის კარგად და ამ სეზონში უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე წინაში ვიყავით. რამდენიმე ახალწვეულმა კიდევ უფრო გაგვაძლიერა. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს წასვლაა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი გართულდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ" - განაცხადა იბრამ.

ბედნიერი იყო პარიზელთა მცველი გრეგორი ვან დერ ვილიც: "ძალიან გვიხარია, მშვენიერი მატჩი ჩავატარეთ. პირადად მე ყოველთვის ვცდილობ, შეტევებში აქტიური მონაწილეობა მივიღო და გადაცემები ვაკეთო. ამაში ედინსონ კავანი ძალიან მეხმარება, რომელიც ცენტრისკენ გადადის ხოლმე და სივრცეს მითავისუფლებს. ზლატანის ასეთი თამაში კი ნამდვილად არ მაკვირვებს, იგი ყოველ შეხვედრაში გვიმტკიცებს თავისი საუცხოო თამაშებით და გოლებით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა".

ბლანი უკმაყოფილო, უბრალოდ, ვერ იქნება, მის შეგირდებს ზედიზედ 6 მატჩი აქვთ მოგებული და გზად 17 გოლი გატანილი, ხოლო გაშვებული - ოდენ 1. ლიგა 1-ში გუნდი ერთპიროვნული ლიდერიც გახდა და ყველაფერი დიდებულად მიდის. თუმცა დინჯი მუსიე ლორანი შეგირდებს ახსენებდა, რომ წინ სხვა მატჩებია - უპირველეს ყოვლისა კი, კვირას "ჟოფრუა გიშარზე" "სენტ ეტიენთან" მძიმე სტუმრობა.

გიორგი კაკაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. C ჯგუფი: იბრაჰიმოვიჩის პოკერი [VIDEO]
ზლატან იბრაჰიმოვიჩის TOP-5 გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული