ჩემპიონთა ლიგა: რა უნდა ბაიერნს რომში?

AutoSharing Option

ერთი ქულაც და „ბაიერნი“ ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს, მერვედფინალის საგზური კი მიუნხენელებს უკვე გარანტირებული აქვთ; იგივე ეხებათ ლონდონის „ჩელსის“, რომელიც უიმედო აუტსაიდერ „ჟილინას“ ალბათ მეორე შემადგენლობით დაუპირისპირდება და „რეალს“, რომელიც ამტერდამში ჩადის. H ჯგუფში ვითარება დაძაბულია - ჯგუფიდან გასვლა ჯერ არავის გაუნაღდებია.


E ჯგუფი
რომა-ბაიერნი
„ბაიერნი“ მიმდინარე სეზონში არაპროგნოზირებადი და არასტაბილური გუნდია. მიუნხენელები ბუნდესლიგაში ცუდად ასპარეზობენ და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 13 ტურია გასული, უკვე შეიძლება ითქვას, ჩემპიონები ვეღარ გახდებიან. აი, ჩემპიონთა ლიგაში კი ყველაფერი იდეალურად აქვთ: ლუის ვან

გაალის გუნდმა მერვედფინალში გასვლა უკვე გაინაღდა. დღეს „ბაიერნი“ „რომას“ სტუმრობს და თუ მარადიული ქალაქიდან მინიმუმ ერთ ქულას წაიღებს, პირველი ადგილიც გარანტირებული ექნება. ვან გაალს ისევ უამრავი საკადრო პრობლემა აქვს და ისე გამოდის, ძირითადი შემადგენლობა ფაქტობრივად თავისით შედგება. სიახლე მხოლოდ ისაა, რომ ფრანკ რიბერი გამოჯანმრთელდა და მიუნხენელთა ფრანგი დრიბლიორი ჩემპიონთა ლიგაშიც ბრუნდება. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ვან გაალი რიბერის სასტარტოში გაამწესებს. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა თქვა, რიბერი ბოლო დღეებში ფანტასტიკურად ვარჯიშობს და რომში აუცილებლად ვათამაშებო. სამაგიეროდ, ვერ იასპარეზებს ბასტიან შვაინშტაიგერი - ეს უკანასკნელი დისკვალიფიცირებულია.

„რომამ“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ მერე გამოსწორდა და ახლა შვიდმატჩიანი (ყველა ოფიციალურ შეხვედრაში) წაუგებელი სერიით იწონებს თავს. რომაელთა კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი ამბობს, სწორ გზას ვადგავართ და წარმატებული სერია არ უნდა შეწყდეს, „ბაიერნიც“ უნდა დავამარცხოთო. „ჯალოროსის“ თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ თავდამსხმელი მირკო ვუჩინიჩი ბოლოს დაასვენა და დღეს ალბათ ძირითად შემადგენლობაში დააყენებს.

ტოტი გამარჯვებას ითხოვს და ეს ლოგიკურია, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, „რომა“ არც წაგების შემთხვევაში იქნება კატასტროფის წინაშე. ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულა ცოტაა, მაგრამ „ჯალოროსი“ „კლუჟსა“ და „ბაზელს“ სამი ქულით უსწრებს. ბოლო ტურში კი, რანიერის ბიჭები „კლუჟს“ სტუმრობენ.

სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - კასეტი, მექსე, ჟუანი, რიისე - სიმპლისიო, პისარო, ვუჩინიჩი - მენეზი - ტოტი, ბორიელო.
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, ბრენო, პრანიჩი - ტიმოშჩუკი, ოტლი - ჰამით ალთინთოფი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი.
არბიტრი: უნდიანო მალენკო (ესპანეთი)

ბაზელი-კლუჟი
გარდა იმისა, რომ ამ დუელში გამარჯვებულს მერვედფინალში გასვლის შანსი გაუჩნდება, მესამე ადგილსაც გაინაღდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჯგუფიდან ვერ გავიდა, ევროპის ლიგაში მაინც გადაინაცვლებს და ახალი წლიდან ასპარეზობას მეორეხარისხოვან ევროტურნირზე განაგრძობს. „ბაზელის“ თავკაცმა ტორსტენ ფინკმა ამ უქმეებზე თავისი გუნდის გულშემატკივრებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც გუშინ ბოდიში ოფიციალურად მოახდევინეს. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში „კლუჟმა“ „ბაზელს“ 2:1 მოუგო.

სავარაუდო შემადგენლობები
ბაზელი (4-4-2): კოსტანცო - ინკოომი, აბრაამი, ფერატი, საფარი - შაქირი, ჰუგელი, შტოკერი, ჩიპერფილდი - ალმერარესი, ფრაი.
კლუჟი (4-4-2): სტანჩუ - პანინი, კადუ, პიკოლო, რადა - კულიო, დიკა, ორა, ბასტოსი - ტრაორე, დე ზერბი.
არბიტრი: ლორან დუჰამელი (საფრანგეთი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 4 4 0 0 11-3 12
2. რომა 4 2 0 2 6-8 6
3. ბაზელი 4 1 0 3 7-8 3
4. კლუჟი 4 1 0 3 5-10 3


F ჯგუფი
სპარტაკი-მარსელი

„ჩელსი“ ჯგუფიდან გავიდა, „ჟილინა“ კი ჩამოწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ „სპარტაკისა“ და „მარსელის“ დაპირისპირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრა „ლუჟნიკებზე“ შედარებით ადრე, 21:30-ზე დაიწყება. გუნდებს 6-6 ქულა აქვთ და შესაბამისად, გამარჯვებული „ჩელსის“ მერვედფინალში გაჰყვება. უპირატესობა „სპარტაკს“ ენიჭება, რადგან საკუთარ მოედანზე თამაშობს და თანაც, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსკოველებმა პირველ წრეში მარსელში 1:0 გაიმარჯვეს, ბოლო ტურში კი „ჟილინას“ ხვდებიან („მარსელმა“ „ჩელსის“ უნდა უმასპინძლოს).

„ველოდრომზე“ „სპარტაკთან“ ძალიან უიღბლოდ დავმარცხდით. იმ შეხვედრაში წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. გვინდა, რომ ეს „ლუჟნიკებზე“ დავამტკიცოთ. ეს ერთგვარი ფინალი, ამ სეზონში „მარსელისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია,“ - აცხადებს „ოლიმპიკისა“ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ლოიკ რემი.

სავარაუდო შემადგენლობები

სპარტაკი (4-2-3-1): დიკანი - ივანოვი, პარეხა, სუჩი, მაკეევი - იბსონი, შეშუკოვი - მაკგიდი, ბაჟენოვი, კომბაროვი - ველიტონი.
მარსელი (4-3-3): მანდანდა - ასპილიკუეტა, დიავარა, მბია, ჰაინცე - ედუარდ სისე, ლუჩო გონსალესი, კაბორე - ვალბუენა, ჟინიაკი, ანდრე აიევი.
არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)

ჩელსი-ჟილინა

„ჩელსიმ“ აურია - ლონდონელები გასულ უქმეებზე „ბირმინგემთან“ 0:1 დამარცხდნენ და ეს უკვე მესამე „მშრალი“ წაგება იყო ბოლო ოთხ მატჩში. გავრცელდა ხმები, რომ კლუბის მეპატრონე რომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ თავკაცი კარლო ანჩელოტი თავისთან დაიბარა დიდხანს ესაუბრა. დაირხა ჭორები იმის შესახებ, თითქოს ლონდონელები იტალიელ სპეციალისტთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტას აპირებდნენ, მაგრამ „ჩელსის“ ოფიციოზმა ეს ცნობა უარყო.

პრემიერლიგაში გაუჭირდათ, ჩემპიონთა ლიგაში კი „არისტოკრატები“ იდეალურ მდგომარეობაში არიან - „ჩელსიმ“ განვლილ ოთხ ტურში ოთხივე თამაში მოიგო და მერვედფინალში თამაში გარანტირებული აქვს. საკმარისია, ლონდონელებმა აუტსაიდერ „ჟილინასთან“ თუნდაც ფრე ითამაშონ, რომ პირველ ადგილსაც გაინაღდებენ. სლოვაკური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების უსუსტესი გუნდია: „ჟილინა“ მეხუთე ტურის წინ უქულოდაა, მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი და წინა ტურში „მარსელთან“ 0:7 დამარცხდა. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „ჩელსი“ მეორე შემადგენლობით ითამაშებს, მაგრამ ეს „ჟილინასთვის“ ვერაფერი შეღავათია.

სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი (4-4-2): თარნბალი - ბოსინგვა, ვან აანჰოლტი, ფერეირა, ბრუმა - რამირესი, მაკეჩრანი, სტარიჯი, კაკუტა - ბორინი, ანელკა.
ჟილინა (4-1-3-2): დუბრავკა - ანგელოვიჩი, პიაჩეკი, პეჩალკა, გერგელი - გულდანი - ვლადავიჩი, ბელო, ჟეცი - ორავეცი, მაიტანი.
არბიტრი: რობერტ შიორგენჰოფერი


თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 4 4 0 0 12-2 12
2. მარსელი 4 2 0 2 8-3 6
3. სპარტაკი 4 2 0 2 5-6 6
4. ჟილინა 4 0 0 4 1-15 0


G ჯგუფი
ოსერი-მილანი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფორმაში ჩადგა და „მილანსაც“ გაუშინაურდა. ასე რომ, „როსონერის“ ფანებს შეუძლიათ, შვედი გოლეადორის იმედი დღეს, „ოსერთან“ შეხვედრაშიც ჰქონდეთ. იბრაჰიმოვიჩმა „მილანს“ ჯერ „ინტერთან“ მოაგებინა (1:0), მერე კი „ფიორენტინასთანაც“ (ასევე 1:0) და ახლა „ოსერის“ კარის დალაშქვრაც სურს.
„როსონერის“ თავკაცი მასიმილიანო ალეგრი დღეს ანდრეა პირლოს მოისაკლისებს - „მილანის“ ნახევარმცველი დაშავებულია და მას სავარაუდოდ ფლამინი შეცვლის. „ოსერი“ ფორმაში შევიდა და ცუდად დაწყებული სეზონი რვამატჩიანი წაუგებელი სერიით გააბათილა. ფრანგებს მცველი ლანჟილი ჰყავთ ტრავმირებული.

სავარაუდო შემადგენლობები
ოსერი (4-4-2): სორინი - ჰენგბარტი, კულიბალი, გრიხტინგი, დუდკა - ნდინგა, პედრეტი, ოლიში, ბირსა - კონტუ, სამარიტანო.
მილანი (4-3-1-2): აბიატი - ბონერა, ნესტა, ტიაგო სილვა, ძამბროტა - გატუზო, ამბროზინი, ფლამინი - ზეედორფი - რობინიო, იბრაჰიმოვიჩი.
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)


აიაქსი-რეალი

მერვედფინალში თამაში „რეალსაც“ განაღდებული აქვს და რაკი მადრიდელებს მომავალ ორშაბათს „ბარსელონასთან“ „ელ კლასიკო“ უწევთ, ჟოზე მოურინიომ „აიაქსთან“ მატჩში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის დასვენება გადაწყვიტა. ამსტერდამში არც კი გამგზავრებულან გერმანელი საყრდენი ნახევარმცველი სამი ხედირა და თავდამსხმელი გონსალო იგუაინი - ორივე დაშავებულია.
იმ დროს, როცა მოურინიო თავს მშვენივრად გრძნობს, „აიაქსის“ დამრიგებელი მარტინ იოლი უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული. ამ უქმეებზე ამსტერდამელთა დამრიგებელი ჰოლანდიური ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ იოჰან კრუიფმა გააკრიტიკა, რის შემდეგაც იოლმა თქვა, სანამ კრუიფი ცოცხალია, ყოველთვის გრძელი ენა ექნება, რაკი ფეხბურთს ბრწყინვალედ თამაშობდა, მისი გამოხტომები უნდა ავიტანოთო. „აიაქსს“ ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად „რეალთან“ გამარჯვება დასჭირდება, რადგან თუ „მილანმა“ ოსერს მოუგო, „აიაქსმა“კი „სამეფო გუნდს“ ვერაფერი დააკლო, ამსტერდამელებს მერვედფინალზე ხელის ჩაქნევა მოუწევთ.

სავარაუდო შემადგენლობები
აიაქსი (4-3-3): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ანიტა - ენო, დე ზეუვი, ლინდგრენი - სუარესი, ელ-ჰამდაუი, ემანუელსონი.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პეპე, რ. კარვალიო, პეპე, მარსელო - დიარა, ჩაბი ალონსო - კ. რონალდო, იოზილი, დი მარია - იგუაინი.
არბიტრი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 4 3 1 0 7-2 10
2. მილანი 4 1 2 1 5-5 5
3. აიაქსი 4 1 1 2 4-6 4
4. ოსერი 4 1 0 3 3-6 3

H ჯგუფი
ბრაგა-არსენალი

ამ ჯგუფში ბელგრადის „პარტიზანის“ გარდა, მერვედფინალში გასვლის შანსი სამივე გუნდს აქვს. მეხუთე ტური უაღრესად საინტერესო და ფაქტობრივად გადამწყვეტია, რადგან პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდები სტუმრად თამაშობენ. „არსენალი“ პორტუგალიაშია და დღეს „ბრაგას“ ეთამაშება. ლონდონელებს ერთი ქულაც ეყოფათ იმისათვის, რომ ჯგუფიდან გავიდნენ, რადგან სამქულიან უპირატესობას შეინარჩუნებს და თუ ბოლო ტურში „ბრაგამ“ ამოუქაჩა, მაინც „არსენალი“ აჯობებს, რადგან „მეთოფეებმა“ პირველ წრეში „ბრაგას“ 6:0 მოუგეს, ქულების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში კი უპირატესობა, როგორც იცით, ურთიერთშეხვედრების ბალანსს ენიჭება.

სწორედ იმ 6:0-ის შემდეგ ვფიქრობდით, რომ „ბრაგა“ ჯგუფიდან გასვლის შანსს მალევე დაკარგავდა, მაგრამ პორტუგალიელებმა „პარტიზანს“ ორივე თამაში მოუგეს და კიდევ ერთხელ ეძლევათ გაბრძოლების შანსი. „არსენალს“ მეკარე მანუელ ალმუნია ისევ ლაზარეთში ჰყავს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბრაგა (4-4-2): ფელიპე - ალბერტო როდრიგესი, მოიზესი, მოსორო, სილვიო - ელდერსონი, ლუის აგიარი, ალანი, ვანდინიო - მათეუსი, ლიმა.
არსენალი (4-3-2-1): ფაბიანსკი - სანია, სკილაჩი, კოშილნი, კლიში - ფაბრეგასი, ნასრი, დენილსონი - უოლკოტი, უილშერი - ვან პერსი.
არბიტრი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

პარტიზანი-შახტარი

ამ შეხვედრაში როლები მკვეთრადაა გადანაწილებულია - დონეცკური კლუბი უპირობო ფავორიტია, მაგრამ „პარტიზანსაც“ სურს თუნდაც იმის დამტკიცება, რომ არც ისეთი სამარცხვინო გუნდია, როგორიც წინა ოთხ ტურში გამოჩნდა (არცერთი ქულა, ბურთების შეფარდება 1:7).

სავარაუდო შემადგენლობები
პარტიზანი (4-4-2): სტოიკოვიჩი - სტევანოვიჩი, სავიჩი, კრსტაიჩი, კიზიტო - ბაბოვიჩი, პეტროვიჩი, მორეირა, ილიჩი - კლეო, ილიევი.
შახტარი (4-2-2-2): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - გაი, ჰუბშმანი - ჟადსონი, ედუარდო - ვილიამი, ლუის ადრიანო.
არბიტრი: ფრანკ დე ბლეეკერი (ბელგია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 4 3 0 1 15-4 9
2. შახტარი 4 3 0 1 7-6 9
3. ბრაგა 4 2 0 2 3-9 6
4. პარტიზანი 4 0 0 4 1-7 0


გოტფრიდ ლენცი

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული