პირველ ოთხ ჯგუფში დღეს ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ მაინც უნდა დალაგდეს
A-დან D ჯგუფამდე, ჯერჯერობით, ბოლომდე არაფერია გარკვეული, დღეს კი ბევრ რამეს უნდა მოეფინოს ნათელი. ასე განსაჯეთ, მერვედფინალში გასვლის შანსი ბრემენის „ვერდერსაც“ კი აქვს, მაგრამ „ტოტენჰემი“ არ ჰგავს ისეთ გუნდს, რომელიც უმძიმეს კრიზისში მყოფ ბრემენელებს რამეს დაუთმობს. „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბარსელონას“ კი მერვედფინალის საგზურის განაღდება ძალიან მარტივად და უპრობლემოდ შეუძლიათ.
A ჯგუფი
ტოტენჰემი-ვერდერი
0:6 შტუტგარტში, 0:4 „შალკესთან“ - ბრემენის „ვერდერი“ უმძიმეს კრიზისშია და რაც მთავ
მიუხედავად ასეთი ვითარებისა, „ტოტენჰემის“ ჰოლანდიელი გამთამაშებელი რაფაელ ვან დერ ვაარტი ამბობს, „ვერდერის“ ჩამოწერა არ შეიძლება, ამ გუნდს ყოველთვის შეუძლია სასწაულის მოხდენაო. ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბრემენელთა თავკაცი თომას შააფი შეაქო და თქვა, რომ ამ სპეციალისტს გუნდის ქვესკნელიდან მობრუნება შეუძლია, მაგრამ ყველა „ბედნიერებასთან“ ერთად, „ვერდერს“ საკადრო პრობლემებიც აქვს - თანაც, თავზესაყრელად. მაგალითად, დღევანდელი მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებენ ვესლი, არნაუტოვიჩი და სილვესტრი. კაპიტანი ტორსტენ ფრინგსი კი დისკვალიფიცირებულია. შესაბამისად, „ვერდერის“ სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი ამბობს, შექმნილი ვითარება დრამატულია, ჩემპიონთა ლიგაში ნაღდად არაფრის იმედი აღარ მაქვსო. „ტოტენჰემი“ კი, თუ ამ თამაშს მოიგებს, მერვედფინალში თამაშს ფაქტობრივად გაინაღდებს.
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი (4-4-1-1): გომესი - ჰატონი, გალასი, კაბული, ასუ-ეკოტო - ლენონი, ჯენასი, მოდრიჩი, ბეილი - ვან დერ ვაარტი - პავლიუჩენკო.
ვერდერი (4-2-3-1): ვიზე - ფრიტცი, მერტეზაკერი, პრიოდლი, პასანენი - ბარგფრედე, დ. იენსენი - ჰანტი, კროოსი, მარინი - უგო ალმეიდა.
არბიტრი: ოლეგარიო ბენკერენშა (პორტუგალია)
ინტერი-ტვენტე
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „ინტერი“ „ტვენტეს“ მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში, ფლეი ოფში თამაშს მილანელებიც გაინაღდებენ, მაგრამ სიტყვა „კრიზისი“ არც „ნერაძურისთვისაა“ უცხო. იტალიის ჩემპიონატში „ინტერს“ საქმეები ისე აეწეწა („ნერაძური“ გასულ უქმეებზე „კიევოსთან“ 1:2 დამარცხდა და ცხრილში მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა), რომ კლუბის ბოსმა მასიმო მორატიმ მთავარ მწვრთნელ რაფა ბენიტესს ულტიმატუმის მაგვარი რაღაც წაუყენა. „ოთხშაბათამდე ყველაფერი ისე იქნება, როგორც არის, მერე კი ვნახოთ,“ - განაცხადა მორატიმ „კიევოსთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც „ინტერისთვის“ ზედიზედ მეხუთე მოუგებელი თამაში გამოდგა. გასული უიქენდი ჰოლანდიის ჩემპიონ „ტვენტესთვისაც“ მტკივნეული იყო - მარცხი საკუთარ მოედანზე, „ალკმაართან“ (1:2).
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (4-2-3-1): კასტელაცი - კორდობა, ლუსიო, მატერაცი, ხ. ძანეტი - სტანკოვიჩი, კამბიასო - პანდევი, სნეიდერი, ბიაბიანი - ეტო’ო.
ტვენტე (4-2-3-1): მიჰაილოვი - როსალესი, ვისგერჰოფი, დუგლასი, კუიპერი - ბრამა, იანსენი - რუისი, ლანდზაატი, ჩადლი - დე იონგი.
არბიტრი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ტოტენჰემი 4 2 1 1 12-8 7
2. ინტერი 4 2 1 1 11-8 7
3. ტვენტე 4 1 2 1 6-7 5
4. ვერდერი 4 0 2 2 3-9 2
B ჯგუფი
შალკე-ლიონი
„ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ, ჩვენი ბედი ჩვენ ხელთაა. „ლიონი“ უნდა დავამარცხოთ და ყველა ბედნიერი იქნება,“ - ეს სიტყვები „შალკეს“ ნახევარმცველ ივან რაკიტიჩს ეკუთვნის. მოკლედ, დღეს გელზენკირხენში ისეთი მატჩია, როგორებიც „შალკეს“ ფანებს ყველაზე მეტად უყვართ ხოლმე: ჯგუფში მეორე ადგილზე მყოფი „ხუმარები“ ლიდერ „ლიონს“ მასპინძლობენ - გუნდს, რომელსაც მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილზე გადავლენ. „შალკესთვის“ დღევანდელი თამაშის მოგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფელიქს მაგათის გუნდი ბოლო ტურში „ბენფიკას“ უნდა ესტუმროს, იქ კი მოგება ყველას უჭირს. და თუ დღეს „შალკემ“ „ლიონთან“ წაიფორხილა, დიდი შანსია, რომ ბოლოს ჯგუფში ჩარჩეს (როგორც ამ გუნდს საერთოდ ხშირად ემართება ხოლმე).
„ლიონი“ ძალიან კარგ ფორმაშია, რასაც საფრანგეთის ჩემპიონატში ამ გუნდის ბოლო ორი გამარჯვებაც ადასტურებს. მთავარი მწვრთნელი კლოდ პუელი დღეს დაცვის ბურჯ კრისს ვერ გამოიყენებს - უკანახაზელს მუხლის ტრავმა აწუხებს. სამაგიეროდ, ლაზარეთიდან ბრუნდება გოლეადორი ლისანდრო ლოპესი, რომელმაც სამი კვირა დაისვენა.
სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - კლუგე, რაკიტიჩი - ფარფანი, ედუ - რაული, ჰუნტელაარი.
ლიონი (4-3-3): ლორისი - რევეილერი, დიაკიტე, ლოვრენი, სისოხო - გონალონსი, ტულალანი, კალსტრიომი - ბრიანი, ლისანდრო ლოპესი, მიშელ ბასტოსი.
არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
ჰაპოელი-ბენფიკა
„ჰაპოელი“ „ბენფიკასთან“ ერთი შეხედვით უიმედო აუტსაიდერია, მაგრამ ამ გუნდს ნამდვილად ხელეწიფება პატარა სასწაულის მოხდენა, რაც წყალს „შალკეს“ წისქვილზე დაასხამდა. ფაქტია, რომ ებრაელებმა „შალკეს“ ფრე გაუგორეს და შესაბამისად, მინიმუმ ასეთი შედეგის გამეორება „ბენფიკასთანაც“ შეუძლიათ, მაგრამ ლისაბონელები ისეთი გულანთებულები არიან, რომ ნაკლებად სავარაუდოა, „ჰაპოელს“ რამე გააბედინონ.
სავარაუდო შემადგენლობები
ჰაპოელი (4-2-2-2): ენიემა - ბონდარვი, ბადეერი, დუგლასი, ბენ დაიანი - ზეჰავი, აბუტბული - ვერმუთი, ტოამა - ტამუზი, საჰარი.
ბენფიკა (4-3-1-2): რობერტო - მაქსი პერეირა, ლუიზაო, დავიდ ლუისი, სესარ პეიშოტო - ხავი გარსია, კარლოს მარტინსი, ფაბიო კოენტრაო - სალვიო - ალან კარდეცი, სავიოლა.
არბიტრი: ალან ჰამერი (ლუქსემბურგი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 4 3 0 1 9-5 9
2. შალკე 4 2 1 1 5-2 7
3. ბენფიკა 4 2 0 2 6-7 6
4. ჰაპოელი 4 0 1 3 2-8 1
C ჯგუფი
რეინჯერსი-მანჩესტერი
„რეინჯერსი“ ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს, დღეს კი გლაზგოში ისეთი სტუმარი ჩადის, „აიბროქსის“ პუბლიკას თმებს ყალყზე რომ დაუყენებს: ჯგუფის ლიდერი და ფავორიტი „მანჩესტერ იუნაიტედი“. გეხსომებათ, „რეინჯერსმა“ „ოლდ ტრეფორდიდან“ ქულა წაიღო (0:0), რაც შოტლანდიური გრანდის მცველებისა და მეკარის დამსახურება იყო. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ დღეს „რეინჯერსი“ დაცვით ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს, რადგან სამი ქულა სჭირდება და წესით, ძალიან თვალსასეირო მატჩი უნდა გამოვიდეს. მიტ უმეტეს, რომ „მანჩესტერს“ უეინ რუნი დაუბრუნდა.
სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის ამოცანა არწაგებაა. „მანჩესტერს“ ერთი ქულაც ჰყოფნის იმისთვის, რომ თავი მშვიდად იგრძნოს. „რეინჯერსმა ჩვენს მოედანზე უგოლო ფრეს რომ მიაღწია, ეს არ იყო „მანჩესტერისთვის“ საკადრისი შედეგი, რაც „აიბროქსზე“ უნდა დავამტკიცოთ. „რეინჯერსი“ იძულებული იქნება, შემოგვიტიოს, შესაბამისად, ჩვენ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ,“ - განაცხადა ფერგიუსონმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
სავარაუდო შემადგენლობები
რეინჯერსი (4-5-1): მაკგრეგორი - ფოსტერი, უეირი, ბროუდფუტი, უაითეკერი - ვაისი, დევისი, მაკალოხი, ნეისმიტი, ლაფერტი - მილერი.
მანჩესტერი (4-2-3-1): ვან დერ სარი - ბრაუნი, ფერდინანდი, სმოლინგი, ევრა - ფლეტჩერი, გიბსონი - ნანი, პარკი, გიგზი - რუნი.
არბიტრი: მასიმო ბუსაკა (შვეიცარია)
ვალენსია-ბურსა
თურქეთის ჩემპიონი ოთხი ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გუნდია: არცერთი მოგება, არცერთი ფრე, არცერთი გატანილი გოლი და რა თქმა უნდა ბოლო ადგილი. მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, „ბურსასპორს“ ჯერ კიდევ აქვს იმის შანსი, რომ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავოს და ახალი წლიდან ასპარეზობა ევროპის ლიგაში განაგრძოს, მაგრამ იმ ყველაფრის ფონზე, რასაც „ბურსას“ ფეხბურთელები აქამდე აკეთებდნენ, ესეც დიდი უტოპიაა.
„ვალენსია“ კი ძალიან კომფორტულ მდგომარეობაშია. თუ „მანჩესტერი“ „რეინჯერსთან“ არ წააგებს, ხოლო ვალენსიელები საკუთარ „მესტალიაზე“ „ბურსას“ მოუგებენ, მერვედფინალის საგზურს ოფიციალურად გაიფორმებენ. „ვალენსიას“ საკადრო პრობლემები აქვს: კაპიტანი ნავარო და მარჯვენა მცველი მიგელი ტრავმირებულები არიან. სამაგიეროდ, ლაზარეთიდან სესარი, ხორდი ალბა, ტოპალი, ფერნანდესი და მატა დაბრუნდნენ.
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-4-2): სესარ სანჩესი - დეალბერტი, სტანკევიჩიუსი, რ. კოშტა, ბრუნო - ხოაკინი, ალბელდა, ბანეგა (ან მადურო), მატა - სოლდადო, ადურისი.
ბურსა (4-4-2): ივანკოვი - თანდოღანი, ერდოღანი, იოზთურქი, ვედერსონი - ბაჰადირი, სვენსონი, ერგიჩი, სენი - ინსუა, ილდირიმი.
არბიტრი: ბრუნო მიგელი (პორტუგალია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 4 3 1 0 5-0 10
2. ვალენსია 4 2 1 1 8-2 7
3. რეინჯერსი 4 1 2 1 2-4 5
4. ბურსა 4 0 0 4 0-9 0
D ჯგუფი
რუბინი-კოპენჰაგენი
როცა რუსები სახლში თამაშობენ, ყოველთვის ყველაზე ადრე იწყებენ ხოლმე და გამონაკლისი არც ყაზანის „რუბინისა“ და „კოპენჰაგენის“ დაპირისპირება იქნება - მატჩი 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. რუსეთის ჩემპიონი კი მძიმე წნეხის ქვეშაა მოქცეული: „რუბინი“ მეორე ადგილზე მყოფ „კოპენჰაგენს“ 4 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ყურბან ბერდიევის გუნდს ჯერ კიდევ აქვს მერვედფინალში გასვლის პრეტენზია, დანიის ჩემპიონი აუცილებლად უნდა დაამარცხოს. მერე კი, კერძოდ, ბოლო ტურში, ყაზანელებმა ბარსელონაში უნდა ითამაშონ და ვინ იცის, იქნებ კიდევ ერთხელ მოხდეს ისეთი სასწაული, როგორიც წინა სეზონში მოხდა, როცა „რუბინმა“ „ნოუ კამპზე“ 2:1 მოიგო. თუკი „კოპენჰაგენი“ ყაზანიდან მინიმუმ ერთ ქულას მაინც წაიღებს, მაშინ ამ გუნდს თავი ქუდში ექნება - დანიელები მერვედფინალში თამაშს ფაქტობრივად გაინაღდებენ, რაც, დაგვეთანხმებით, „კოპენჰაგენისთვის“ გრანდიოზული მიღწევა იქნებოდა.
სავარაუდო შემადგენლობები
რუბინი (4-2-3-1): რიჟიკოვი - კალეშინი, ბოკეტი, სესარ ნავასი, ანსალდი - ნაჩო, ნობოა - რიაზანცევი, კარლოს ედუარდო, კასაევი - კორნილენკო.
კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - პოსპეხი, იორგენსენი, ანტონსონი, ვენდტი - კლაუდემირი, ბოლანოსი, კვისტი, ვინგაარდი - ნ’დოიე, გრონკიაერი.
არბიტრი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
პანათინაიკოსი-ბარსელონა
მატჩპოინტი აქვს „ბარსელონასაც“, რომელმაც ის წესით უპრობლემოდ უნდა გამოიყენოს. „ბარსას“ გამარჯვება მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ პეპ გვარდიოლას შეგირდები მოედანზე ყოფნისას უკვე მადრიდის „რეალთან“ გასამართ „ელ კლასიკოზე“ იფიქრებენ, რომელიც მომავალ ორშაბათს უნდა შედგეს, მაგრამ მანამდე კიდევ დიდი დროა. ფაქტი კი ის არის, რომ „ბარსელონამ“ ამ უქმეებზე „ალმერია“ 8:0 გაანადგურა და ამრიგად, „სუპერკლასიკოსთვის“ პირველი რეპეტიცია დიდი წარმატებით გაიარა.
ისიც ვთქვათ, რომ პირველი წრის მატჩში „ბარსამ“ „პანათინაიკოსი“ 5:1 გაანადგურა. მაშინ ბერძნულ კლუბს ნიკოს ნიოპლიასი წვრთნიდა, ამ სპეციალისტზე კი წარსულ დროში იმიტომ ვსაუბრობთ, რომ „პანათინაიკოსის“ ბოსებმა ის ერთი კვირის წინ დაიფრინეს. ახლა კი, ბერძნულ კლუბს ჟესუალდო ფერეირა ავარჯიშებს, რომელსაც „ბარსელონასთან“ მატჩის სახით, ბედმა ძალიან რთული დებიუტი არგუნა...
სავარაუდო შემადგენლობები
პანათინაიკოსი (4-2-3-1): ცორვასი - ვინტრა, კანტე, ბუმსონგი, სპიროპულოსი - კაცურანისი, ჟილბერტო სილვა - ლუის გარსია, სიმაო, კარაგუნისი - სისე.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, კეიტა - მესი, ვილია, ინიესტა.
არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 4 2 2 0 9-3 8
2. კოპენჰაგენი 4 2 1 1 4-3 7
3. რუბინი 4 0 3 1 1-2 3
4. პანათინაიკოსი 4 0 2 2 1-7 2
გოტფრიდ ლენცი