მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა ხაბი ალონსომ და სერხიო რამოსმა, რომელთაც ამსტერდამის "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში წითელი ბარათები მიიღეს, ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს დავალებით გააკეთეს. მოურინიომ თავის ფეხბურთელებს დავალებები სათადარიგო მეკარის ეჟი დუდეკის საშუალებით გადასცა.
დუდეკმა, მიიღო რა ინსტრუქციები მოურინიოსგან, მივიდა "რეალის" ძირთად მეკარესთან, იკერ კასილასთან და მწვრთნელის მითითება გადასცა. შემდეგ კასილასმა ეს მითითებები ალონსოსა და რამოსამდე მიიტანა.
ალონსო მატჩის 87 წუთზე გააძევეს, რამოსმა კი წითელი ბარათი 90 წუთზე მიიღო. ორივე მოთამაშე დროის გაყვანისთვის დაისაჯა.
მატჩის მსვლელობისას ალონსომ და რამოსმა
ყვითელი ბარათები მიიღეს. ეს მათთვის მეორე ყვითელი ბარათი იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ამ ტურნირში თუ მოთამაშეს სამი ყვითელი ბარათი დაუგროვდა, შემდეგ მატჩს ტოვებს. გაძევებით ალონსომ და რამოსმა ავტომატურად მიიღეს დისკვალიფიკაცია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში "ოსერთან", რომელსაც "რეალისთვის" სატურნირო მნიშვნელობა არ გააჩნია. მერვედფინალში ფეხბურთელები მონაწილეობის მიღებას უკვე უპრობლემოდ შეძლებენ, თუმცა შემდეგი ყვითელ ბარათს, მიღების შემთხვევაში, მეორე გაფრთხილებად ჩაუთვლიან.
უეფას დისციპლინარული კომიტეტი აპირებს შეხვედრის მსაჯის ანგარიში შეისწავლოს, სანამ ალონსოსა და რამოსს ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას მიუსჯიდეს.
ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე "რეალმა" G ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. მადრიდულმა კლუბმა 13 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილზე მყოფი "მილანის" აქტივში 8 ქულაა.
მომზადებულია AP-ის მიხედვით