მიუნხენის "ბაიერნი" თოვლსა და ყინვაშიც შეუჩერებელია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნი" ვერც რუსულმა სუსხმა და თოვლმა შეაჩერა - რეკორდმაისტერმა მოსკოვში ცსკა-ს 3:1 მოუგო, ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 10 თამაში აქვს მოგებული და "ბარსელონას" რეკორდი დაამხო.

ხოსეპ გვარდიოლა თავის შეგირდებზე შეყვარებულია. მათ შორის ერთი უკვე განსაკუთრებით კარგად თამაშობს.

ცსკა-სთან მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მათიას ზამერი ტელეკომპანია "სქაის" პირდაპირ ეთერში მსუბუქად ჩაცმული წარსდგა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამინდმა მიახვედრა, რომ შეცდომა დაუშვა და მატჩის დროს, სათადარიგოთა სკამზე უკვე გვარიანად ჩაფუთნული იჯდა.

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, "ხიმკის" სტადიონზე კინაღამ გავიყინეთო;
ზამერმა კი აღნიშნა, ტემპერატურა მინუს 20 გრადუსი ნამდვილად არ არის, მაგრამ ასე მგონია, რომ სწორედ მინუს ოციაო.

არც მოედანი იყო იდეალურ მდგომარეობაში და თანაც, თოვდა - მთელი მატჩის განმავლობაში თოვდა.

მზე, თოვლი - "ბაიერნისთვის" სულერთია
თუმცა ფეხბურთის თამაშს ან ყურებას ასეთ ამინდსა და პირობებშიც თავისი ხიბლი აქვს, განსაკუთრებით საინტერესო კი ის იყო, თუ როგორ ითამაშებდა ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნი" თოვლსა და ყინვაში.

ცხადი იყო, რომ პეპის "ტიკი-ტაკა", როგორიც ვიცით, სრულყოფილად არ შედგებოდა და ეს ამ შეხვედრისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდიდა.

"შემიძლია ვთქვა, რომ სიცივეზე მეტად მოედნის საფარის საშინელმა მდგომარეობამ შემაწუხა. ხეირიანი კომბინაციების გათამაშება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო და მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან კარგად ვითამაშეთ. ეს მისასალმებელია,"
- აღნიშნა ნამატჩევს თომას მიულერმა.

ერთი სიტყვით, ამ მატჩმა დაგვარწმუნა, რომ "ბაიერნი" თოვლსა და ყინვაშიც შეუჩერებელია. და საერთოდ: რეკორდმაისტერის შემჩერებელი ჯერ არავინ და არაფერი ჩანს. დღევანდელ "ბაიერნს" ოდნავადაც არ უჭირს "დორტმუნდთან" უმნიშვნელოვანესი ჯახის შემდეგ წელიწადის ამ დროს მოსკოვში მაღალ დონეზე თამაში, სრულად კონცენტრირება და წარმატების მიღწევა.

გვარდიოლას აზრით, ამის მიზეზი მარტივია: "ფეხბურთში ასეა: ხან მზეში მოგიწევს თამაში, ხანაც თოვლში. მთავარია, სახე შეინარჩუნო და ერთი ხასიათით ითამაშო. ჩემი ფეხბურთელები კი ყოველთვის იდეალურ ხასიათზე არიან - თოვლშიც და მზეშიც," - თქვა პეპმა.

ნოიერის პირადი რეკორდი
თანაგუნდელების მიმართ საუკეთესო ეპითეტები არც არიენ რობენმა დაიშურა - იმ რობენმა, რომელიც ორიოდე დღის წინ "ბაიერნში" ჩამშვების არსებობას ძალიან სამწუხარო ამბავს უწოდებდა:

"ჩვენ მართლა ძალიან მაგარი გუნდი გვყავს და მე მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ,"
- თქვა ჰოლანდიელმა გარემარბმა. შეგახსენებთ, რომ ცსკა-სთან ანგარიში სწორედ მან გახსნა.

არადა, "ბაიერნისთვის" მოსკოვში სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისითაც არ ყოფილა ყველაფერი იდეალურად. მაგალითად, ცსკა-ს ფეხბურთელებმა რეკორდმაისტერის კარში ზუსტად 10-ჯერ (!) დაარტყეს და აქედან ნოიერმა 7 დარტყმა გააუვნებელყო, რაც მისთვის "ბაიერნში" პირადი რეკორდია. "ბაიერნსაც" სჭირდება კარგი მეკარე და ჩვენ მანუს სახით მართლაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი გვყავს," - ეს მიულერის სიტყვებია.

თუკი მიუნხენელები პირველ ტაიმში დომინირებდნენ, მეორე ნახევარში მოსკოველებს შეტევების განხორციელების საშუალება მისცეს, ტაქტიკურ წყობაში წესრიგი დაკარგეს და ბურთებსაც უჩვეულოდ მარტივად კარგავდნენ. ამ დროს ბავარიული გრანდი ნოიერმა არაერთხელ იხსნა - მარტო კეისუკე ჰონდას მანუმ ორჯერ არ გაატანინა გოლი.

გიოტცე უკვე ფორმაშია
მიუნხენში ყველაზე მეტად ის უხარიათ, რომ ფეხბურთელი, რომლისგანაც მომავალში უფრო და უფრო მეტ გენიალურობას ელოდებიან, ფორმაში შევიდა და მატჩიდან მატჩამდე უმატებს. მარიო გიოტცეს ვგულისხმობთ, რომელმაც ცსკა-ს გოლიც გაუტანა, არაერთი დრიბლინგიც განახორციელა და ზოგადად, ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მატჩის შემდეგ კი თქვა, უკვე ფორმის პიკს მივაღწიეო.

"მარიომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უდიდესი ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. ფაქტია, რომ ძალიან კარგად, იდეალურად უგებს ტონი კროოსს, ტიაგო ალკანტარას და ფილიპ ლამს, როცა ეს უკანასკნელი ნახევარდაცვაში თამაშობს,"
- ეს გვარდიოლას სიტყვებია.

პეპმა გიოტცე ამჯერადაც ყველაზე წინ, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გაამწესა, ოღონდ მარიო ხშირად იხევდა უკან, ითხოვდა ბურთს და თვითონ იწყებდა იერიშებს. ამ დროს გიოტცე კომბინაციებს უმეტესად სწორედ კროოსთან, ლამთან და, ამ უკანასკნელის შეცვლის შემდეგ, ტიაგო ალკანტარასთან ათამაშებდა.

"დღითიდღე ვუტამებ და შემიძლია ვთქვა, რომ ახლა უკვე საუკეთესო ფორმაში ვარ. რაც უფრო დიდხანს ვთამაშობ, მით უფრო უკეთ გამომდის,"
- ბედნიერია გიოტცე.

ლამი ორ მატჩს გამოტოვებს
სხვათა შორის, გვარდიოლამ ლამი 28-ე წუთზე შეცვალა, რაც ამ უკანასკნელის ტრავმით იყო გამოწვეული. 28 ნოემბერს "ბაიერნის" მთავარმა ექიმმა ჰანს-ვილჰელმ მიულერ ვოლფარტმა რეკორდმაისტერის 30 წლის კაპიტანს ძირფესვიანი გამოკვლევა ჩაუტარა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფილიპი მიუნხენური გრანდის მინიმუმ უახლოეს ორ შეხვედრას ("ბრაუნშვაიგთან" და "აუგსბურგთან") გამოტოვებს.

ბავარიელებს რეკორდი არ აინტერესებთ
ის ფაქტი, რომ ამ მოგებით "ბაიერნმა" ზედიზედ მეათე მოგებით ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა, რეკორდმაისტერის ფეხბურთელებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი, თითქმის უმნიშვნელოა. "ჩვენ რეკორდებისთვის კი არა, ტიტულებისთვის ვთამაშობთ," - აღნიშნა რობენმა.

თომას მიულერი კი ამბობს, რეკორდები ჩემთვის მხოლოდ მაშინ იქნება საინტერესო, როცა კარიერის დასრულების შემდეგ დივანზე წამოვწვებიო. თუმცა თომასს დივანზე უდარდელად წამოკოტრიალება ახლავე შეეძლო - გვარდიოლამ შეგირდები ვარჯიშიდან გაათავისუფლა.

როგორც ჩანს, ბავარიელებს სავარჯიშო და დასამუშავებელი ამ ეტაპზე აღარაფერი აქვთ. მიუნხენური გრანდის მომდევნო მეტოქე "ბრაუნშვაიგია", რომელიც 30 ნოემბრის მატჩამდე კიდევ რამდენჯერმე ივარჯიშებს, მაგრამ ბუნდესლიგის ბოლოადგილოსანი ამ "ბაიერნთან" მაინც უშანსოდ იქნება.

ბაიერნის რეკორდი
ზედიზედ ათი მოგება ჩემპიონთა ლიგაში (ბურთების შეფარდება: 28-3)

მატჩი, ეტაპი
2 აპრილი: ბაიერნი-იუვენტუსი 2:0 1/4-ფინალი
10 აპრილი: იუვენტუსი-ბაიერნი 0:2 1/4-ფინალი
23 აპრილი: ბაიერნი-ბარსელონა 4:0 1/2-ფინალი
1 მაისი: ბარსელონა-ბაიერნი 0:3 1/2-ფინალი
25 მაისი: დორტმუნდი-ბაიერნი 1:2-ფინალი
17 სექტემბერი: ბაიერნი-ცსკა 3:0 I ტური
2 ოქტომბერი: სიტი-ბაიერნი 1:3 II ტური
23 ოქტომბერი: ბაიერნი-პლზენი 5:0 III ტური
5 ნოემბერი: პლზენი-ბაიერნი 0:1 IV ტური
27 ნოემბერი: ცსკა-ბაიერნი 1:3 V ტური

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური. D ჯგუფი: შეუჩერებელი რეკორდმაისტერი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული