ჟოზეს დადგმული სპექტაკლი

AutoSharing Option

„რეალმა“ „აიაქსი“ გაანადგურა და ორმა მადრიდელმა წითელი ბარათი ძალით მიიღო; „ჩელსი“ „ჟილინას“ გადახალისებული შემადგენლობით ეთამაშა და სირცხვილს ძლივს გადაურჩა; ბელგრადში უკრაინელები თურმე ძალიან უყვართ, რომში კი „ბაიერნმა“ თავი გაისულელა...

განცდები და რეაქციები სამშაბათის მატჩების მიმოხილვაში:


E ჯგუფი
რომა-ბაიერნი 3:2
გოლები: 0:1 გომესი (34), 0:2 გომესი (39), 1:2 ბორიელო (49), 2:2 დე როსი (81), 3:2 ტოტი (84-პენ)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარიო გომესი (ბაიერნი)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ ხუთი მატჩი არცერთ გერმანულ გუნდს არ ჰქონდა მოგებული და სხვა რომელი ბუნდესკლუბი იქნებოდა ასეთ მიღწევასთან

ახლოს, თუ არა მიუნხენის „ბაიერნი“. გერმანიის „მარადმწვანე ჩემპიონი“ მეხუთე თამაშის თავის სასარგებლოდ დასრულებასთან იმდენად ახლოს იყო, რომ მეტი არ შეიძლება: რეკორდმაისტერი მარიო გომესის დუბლის წყალობით „რომას“ თავის ნახევრადსავსე „ოლიმპიკოზე“ 2:0-ს უგებდა.

„ბაიერნს“ მართლაც დაემართა ისეთი რამ, რაც მანამდე არასდროს მოსვლია, მაგრამ უარყოფითი თვალსაზრისით: გერმანიის სიამაყემ არსებობის ისტორიაში, ევროტურნირზე ორბურთიანი უპირატესობა პირველად გაანიავა და მოგებული თამაში ძალიან სულელურად წააგო.

არადა, მიუნხენელები მთელი პირველი ტაიმის მანძილზე მკაცრად დომინირებდნენ, გომესმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი მეხუთე და მეექვსე გოლებიც გაიტანა და შესვენებისას კაციშვილი ვერ იტყოდა, მიუნხენელებს მეორე ტაიმში პრობლემები შეექმნებათო. მოკლედ, „რომამ“ „ბაიერნს“ უქნა ის, რასაც „ბაიერნი“ და საერთოდ გერმანელები უშვრებიან ხოლმე სხვებს: მეორე ნახევარში მარკო ბორიელომ, დანიელე დე როსიმ და ფრანჩესკო ტოტიმ (რა თქმა უნდა, პენალტით, ოღონდ სამართლიანით) თამაში თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალეს. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გომესს ვასახელებთ, რაც ლოგიკურია, მაგრამ არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ბავარიელთა სათადარიგო კიპერ თომას კრაფტის ძალიან კარგი თამაში. მართალია, სამი გოლი გაუშვა, მაგრამ იმდენად კარგად ითამაშა, რომ შესაძლოა, „ბაიერნის“ ხელმძღვანელებმა ახალი მეკარის ყიდვა გადაიფიქრონ და ჰანს-იორგ ბუტის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, კარი კრაფტს ჩააბარონ.


ბაზელი-კლუჟი 1:0
გოლი: 1:0 ალმერარესი (15)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფედერიკო ალმერარესი (ბაზელი)

საშუალო დონის ფეხბურთი, საშუალო ტემპი და ფედერიკო ალმერარესის სწრაფი გოლი, რომელმაც ამ მატჩის ბედი გადაწყვიტა. „ბაზელმა“ უკეთესი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და შესაბამისად, შვეიცარიელების გამარჯვება დამსახურებულია. აღსანიშნავია, რომ „ბაზელს“ „რომასთან“ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბოლო ტურში რომაელები „კლუჟთან“ დამარცხდებიან, ხოლო „ბაზელი“ კი „ბაიერნს“ მოუგებს, იტალიური კლუბი ჯგუფში ჩარჩება, მაგრამ დაგვეთანხებით, ეს უტოპიაა...

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 5 4 0 1 13-6 12
2. რომა 5 3 0 2 9-10 9
3. ბაზელი 5 2 0 3 8-8 6
4. კლუჟი 5 1 0 4 5-11 3


F ჯგუფი
სპარტაკი-მარსელი 0:3
გოლები: 0:1 ვალბუენა (18), 0:2 რემი (54), 0:3 ბრანდაო (68)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მატიო ვალბუენა (მარსელი)

ორივე გუნდის ფეხბურთელები, მწვრთნელები და ხელმძღვანელები თამაშის წინ ამბობდნენ, ეს ჩვენთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩიაო. ასეთი მნიშვნელობის შესაბამისად კი მხოლოდ მარსელის ფეხბურთელები იქცეოდნენ, მოსკოველებმა კი ფეხი ვერ გაანძრიეს - თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას. ფრანგები პირველივე წუთიდან დაეუფლნენ ინიციატივას და „სპარტაკს“ შტურმი მოუწყვეს. შედეგმაც არ დააყოვნა: „ოლიმპიკი“ მე-18 წუთზე ვალბუენას ულამაზესი გოლით დაწინაურდა. მოსკოველები აბსოლუტურად უაზრო ფეხბურთს თამაშობდნენ - თითქოს ვერ გადაეწყვიტათ, როგორი სტრატეგიით ემოქმედათ. თუკი პირველ ტურში, „ველოდრომზე“ დაცვაში იდგნენ, კონტრშეტევებზე იკბინებოდნენ და შედეგსაც მიაღწიეს, საკუთარ „ლუჟნიკებზე“ თავი ვალდებულად მიიჩნიეს, შეეტიათ და სწორედ აქ შეცდნენ. ან არც შეცდნენ და უბრალოდ, ვერაფერი მოახერხეს გაცილებით ჩამოყალიბებული, ტაქტიკურად განსწავლული, მონდომებული და დისციპლინირებული „მარსელის“ წინააღმდეგ, რომელიც სავსებით სამართლიანად გავიდა მერვედფინალში. ერთი სიტყვით, დიდიე დეშამმა ვალერი კარპინს აჯობა და თანაც, ძალიან.

მატჩის შემდეგ, მოსკოველთა შოტლანდიელმა გარემარბმა გულახდილად თქვა, ისე ცუდად ვითამაშეთ, რომ მერვედფინალში გასვლას ნამდვილად არ ვიმსახურებდითო. მოგვიანებით, „სპარტაკის“ ფანებმა გუნდის ავტობუსს ალყა შემოარტყეს და ნახევარი საათის განმავლობაში „პაზორ, პაზორ-ს“ სკანდირებდნენ...


ჩელსი-ჟილინა 2:1
გოლები: 0:1 ბელო (19), 1:1 სტარიჯი (51), 2:1 მალუდა (86)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დენიელ სტარიჯი (ჩელსი)

კარლო ანჩელოტიმ ძირითადი შემადგენლობა მოლოდინისამებრ გადაახალისა და „ბირმინგემთან“ მატჩისგან განსხვავებით, სასტარტოში ხუთი ახალი ფეხბურთელი გაამწესა. მათ შორის იყო მეკარე როს ტერნბული, რომელმაც პეტრ ჩეხი შეცვალა. „ჩელსის“ თერთმეტეულს მთლად მეორე შემადგენლობაც არ ეთქმოდა, ეს უფრო საუკეთესო B გუნდი გახლდათ, რომლის წევრებს პირველ ტაიმში ფაქტობრივად არაფერი უკეთებიათ, რის გამოც „ჟილინა“ იგებდა. ლონდონელებს კი არც ჩამოყალიბებული სტრუქტურა ეტყობოდათ და დომინაციაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

როგორც ჩანს, შესვენებაზე ანჩელოტის შეგირდებთან მკაცრი საუბარი ჰქონდა, რადგან „არისტოკრატებმა“ მატჩის მეორე ნახევარი სულ  სხვანაირად დაიწყეს. პირველ რიგში ეს დენიელ სტარიჯზე ითქმის, რომელიც 46-ე წუთიდან უფრო და უფრო უმატებდა, რამაც „ჟილინას“ დაცვის მარტივ მამრავლებად დაშლა გამოიწვია. მოკლედ, მეორე ნახევარში სტუმრების მცველებს დიდი თავგადასავლები გადახდათ - ანგარიში თვითონ სტარიჯმა გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი ფლორენ მალუდას ანგარიშზეა. ფრანგმა ჩემპიონთა ლიგაში გოლი ორწლიანი (!) პაუზის მერე გაიტანა.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩელსი 5 5 0 0 14-3 15
2. მარსელი 5 3 0 2 11-3 9
3. სპარტაკი 5 2 0 3 5-9 6
4. ჟილინა 5 0 0 5 2-17 0


G ჯგუფი
ოსერი-მილანი 0:2
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (64), 0:2 რონალდინიო (91)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ალესანდრო ნესტა (მილანი)

„მილანმა“ ისე ითამაშა, როგორც მიჩვეულები ვართ: იტალიელებმა დაცვითი სტილით დაიწყეს, შეტევაში კი მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მისამართით განხორციელებული მაღალი ჩაწოდებებით შემოიფარგლებოდნენ, რითაც „ოსერი“ გამოიწვიეს და შეტევებისკენ უბიძგეს. ფრანგების იერიშებს შედეგი არ მოჰყოლია, რადგან „როსონერის“ დაცვა, განსაკუთრებით კი ალესანდრო ნესტა ბრწყინვალედ თამაშობდა. მეორე ტაიმში კი უკვე „მილანმა“ შეუტია და თანაც ისე, რომ „ოსერის“ ფეხბურთელები გაოცებულები დარჩნენ.
რაც ყველაზე საინტერესოა, „როსონერის“ ფეხბურთელებმა „ოსერის“ კარში ზუსტად მხოლოდ ორჯერ დაარტყეს და ორივე შემთხვევაში გოლი გავიდა. ერთი სიტყვით, „ოსერის“ დარ გუნდებთან „მილანს“ „კატენაჩო“ თავისუფლად ჰყოფნის („როსონერიმ“ ფრანგულ კლუბს ორივე თამაში 2:0 მოუგო) და რაკი „რეალმა“ „აიაქსი“ გაანადგურა, მილანელებმა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე თავი მერვედფინალში ამოყვეს.

აიაქსი-რეალი 0:4
გოლები: 0:1 ბენზემა (36), 0:2 არბელოა (44), 0:3 რონალდო (70), 0:4 რონალდო (81-პენ)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანო რონალდო (რეალი)

მერე რა, რომ მერვედფინალში თამაში უკვე გარანტირებული ჰქონდათ და მხოლოდ პირველ ადგილზე გასვლა იყო მათი მოტივაცია; მერე რა, რომ „ელ კლასიკოს“ სახით წინ სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი მატჩი ელით - მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ამსტერდამში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ „სამეფო გუნდი“ ან „გალაქტიკოები“ მათთვის ზედგამოჭრილი ეპითეტებია: „რეალი“ დაფრინავს!

შესაძლოა, ასეთი შეფასება ბევრს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ სხვა თუ არაფერი, „რეალმა“ ამსტერდამში ხომ 4:0 მოიგო და თანაც, არ დაგავიწყდეთ, როგორი პენალტი დაარტყა ეგოისტმა კრიშტიანო რონალდომ. და მერე რა, რომ „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი მარტინ იოლი მატჩის წინ მადრიდელ ვიზავის, ჟოზე მოურინიოს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა. ფაქტია, რომ პორტუგალიელმა მას არცერთი საიდუმლო, არცერთი იდეა არ გაუმხილა.

მატჩის მიწურულს „რეალმა“, როგორც მოურინიოს გუნდებს სჩვევიათ ხოლმე, ცოტათი აურია, რასაც მოჰყვა კიდეც ჯერ ჩაბი ალონსოს, მერე კი სერხიო რამოსის გაძევებები. მაგრამ აურია რო? ამ ფეხბურთელებს ყვითელი ბარათები ჰქონდათ. თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი სათადარიგო მეკარე ირჟი დუდეკმა იკერ კასილიასს რაღაც ჩასჩურჩულა, რის შემდეგაც, ნაღდად არავინ იფიქრებს, დამთხვევაა იყოო ის, რომ ალონსომ და რამოსმა მეორე გაფრთხილებები ფაქტობრივად ძალით აიკიდეს. მთელი ამ თეატრის მთავარი მიზეზი კი, ვგონებთ, ესაა: ალონსომ და რამოსმა ამ გაძევებებით  თავიდან აიცილეს მერვედფინალში დისკვალიფიკაციები და თუ ასეა, მაშინ ორივე მოთამაშის გაძევება ასი პროცენტით გამართლებულია.


თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 5 4 1 0 11-2 13
2. მილანი 5 2 2 1 7-5 8
3. აიაქსი 5 1 1 3 4-10 4
4. ოსერი 5 1 0 4 3-8 3


H ჯგუფი
ბრაგა-არსენალი 2:0
გოლები: 1:0 მატეუში (83), 2:0 მატეუში (92)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მატეუში (ბრაგა)

ლონდონის „არსენალს“ 4 ტურის შემდეგ 15 გოლი ჰქონდა გატანილი - უფრო მეტი, ვიდრე H ჯგუფის სხვა სამ წარმომადგენელს ერთად. ბრაგაში კი „მეთოფეებმა“ ვერაფერი გააწყვეს - მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობის მხრივ საკმაოდ დიდი უპირატესობა ჰქონდათ და ზუსტი პასების მხრივაც. გოლები მატჩის მიწურულს გავიდა, მანამდე კი, უნდა აღინიშნოს, ლონდონელები თერთმეტმეტრიანს იმსახურებდნენ: შეცვლაზე შესული კარლოს ველა როდრიგესმა საჯარიმოში დასცა, მაგრამ მსაჯმა ვიქტორ კასაიმ პენალტი არ დანიშნა, ველას კი მსახიობობა დააბრალა და ყვითელი ბარათი აუფრიალა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი ულაპარაკოდ მატეუშია - არა მარტო იმიტომ, რომ ლონდონელთა კარში ორივე გოლი მან გაიტანა, არამედ, პირველ რიგში იმის გამო, რომ მთელი მატჩის განმავლობაში საუკეთესო იყო.

პარტიზანი-შახტარი 0:3
გოლები: 0:1 სტეპანენკო (52), 0:2 ჟადსონი (59), 0:3 ედუარდო (68)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჟადსონი (შახტარი)

ბელგრადში ყინავდა, რის გამოც ორივე გუნდის ფეხბურთელებმა პირველი ტაიმი მარტო გახურებას მოანდომეს. მატჩის მეორე ნახევარი კი ხუთწუთიანი დაგვიანებით დაიწყო, რადგან არბიტრი ფრანკ დე ბლეეკერე გასახდელიდან გვიან გამოვიდა. სწორედ მეორე ტაიმში მოუნდათ უკრაინელებს სერბებისთვის დიდი ომის გაჩაღება და რაკი „პარტიზანისგან“ წინააღმდეგობას არ გადააწყდნენ, თამაში საკმაოდ მარტივად მოიგეს. ბელგრადელები კი იდგნენ და უყურებდნენ, როგორ თამაშონდა „შახტარი“. ვილიანმა, ჟადსონმა და კომპანიამ გაწონასწორებული მატჩი ერთი მსახიობის თეატრად ზუსტად თხუთმეტ წუთში გადააქციეს.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბელგრადელ გულშემატკივრებს მწუხარებისა არაფერი დასტყობიათ: „შახტარი“ ხომ ტაშით გააცილეს და არც თავიანთი გუნდის ფეხბურთელებისთვის უსტვენიათ. პირიქით, მღეროდნენ და ხალისობდნენ. პრინციპში, სატირალი არც ჰქონდათ - „შახტარს“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა ხომ ამ თამაშამდე ჰქონდა განაღდებული...


თ მ ფ წ ბ ქ
1. შახტარი 5 4 0 1 10-6 12
2. არსენალი 5 3 0 2 15-6 9
3. ბრაგა 5 3 0 2 5-9 9
4. პარტიზანი 5 0 0 5 1-10 0


გოტფრიდ ლენცი

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული