მოურინიო 40 ათასი ევროთი დააჯარიმეს

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, "რეალის" წევრები ამსტერდამულ მატჩში ჩადენილი არასპორტული საქციელისთვის სასჯელს ვერ გადაურჩნენ. შეხსენება არ სჭირდება იმ ამბავს, რომ ჟოზე მოურინიოს მითითებით, ხაბი ალონსომ და სერხიო რამოსმა "აიაქსთან" მატჩში განგებ გამოჰკრეს გაძევებებს ხელი და ეს ისე შეუნიღბავად გააკეთეს, რომ ჰოლანდიური ტელევიზიის მიერ მოგვიანებით მომზადებული სიუჟეტიც აღარ იყო მაინცდამაინც საჭირო.

თუმცა მაინც, ამ სიუჟეტმა მადრიდელთა მიერ დადგმულ სპექტაკლთან ერთად, რეპეტიციაც წარმოაჩინა. კადრებში ჩანს, როგორ უხმო მოურინიომ ალონსოს და როგორ უჩურჩულა დავალება, შემდეგ კი პორტუგალიელმა იკერ კასილასს სათადარიგო კიპერი ირჟი დუდეკი მიუგზავნა,
კასილასმა კი თავის მხრივ, დუდეკის დანაბარები რამოსს გადასცა...

უეფამ სპექტაკლის თითოეული მონაწილე დასაჯა, რითაც ყველაზე მეტად "რეჟისორი" და "სცენარისტი" მოურინიო დაზარალდა. ჟოზე ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ორი მატჩისთვის დისკვალიფიცირებულია. "რეალს" ჯგუფში პირველი ადგილი დაბევებული აქვს და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მოურინიოს გარეშე ფონს იოლად გავა, სამაგიეროდ, გუნდს დისკომფორტი იმით შეექმნება, რომ "განსაკუთრებული" პირველ მერვედფინალურ შეხვედრას ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს. ამას გარდა, მოურინიო 40 ათასი ევროთი დააჯარიმეს და სამწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯეს.

აი, ფეხბურთელებმა კი მადლობა უნდა თქვან, მხოლოდ ფულად ჯარიმას რომ გამოჰკრეს ხელი. ცხადია, აქ არ ვგულისხმობთ რამოსსა და ალონსოს, რომლებსაც ამსტერდამული "მონდომება" დაუფასდათ და "ოსერთან" გასამართ შემდეგ მატჩს გამოტოვებენ, ამასთან ერთად, ჯარიმის სახით 20-20 ათას ევროს გადაიხდიან. კასილასის ჯიბე 10 ათასი ევროთი შეთხელდება, დუდეკისა და 5 ათასით.

თვით "რეალი" კი 120 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

თითქოს "ბარსასთან" შერცხვენა არ ეყოფოდაო, "სამეფო კლუბის" ბანაკიდან კიდევ ერთი უსიამოვნო ამბავი გამოვიდა. შესაძლოა, გონსალო იგუაინს ზურგის ოპერაცია დასჭირდეს და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდეს. არგენტინელ ფორვარდს 20 ნოემბრის, ბილბაოს "ატლეტიკის" 5:1 განადგურების შემდეგ აღარ უთამაშია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული