გალათასარაი VS ჩელსი - ყველამ თავისი საქმე აკეთოს

AutoSharing Option
საფეხბურთო თვალსაზრისით არასტუმართმოყვარე, ისე კი შესანიშნავ ქალაქ სტამბოლში ჟოზე მოურინიოს "ჩელსი" ჩადის. დიდიე დროგბა - ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, ეს თამაში მარტო ამ დაპირისპირების გამო ღირს საყურებლად...

ივუარეალმა ვეტერანმა დიდიე დროგბამ ბოლოს ლურჯი მაისურით, 2012 წელს პენალტი გაიტანა და "ჩელსის" ჩემპიონთა თასი მოაპოვებინა, დღეს კი დიდიე შეეცდება გათამაშებიდან მოისროლოს კლუბი, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა და სადაც ახლაც ძალიან უყვართ. ასე, ჰოლივუდის სცენარის მსგავსად დაასრულა ლონდონური კარიერა "ალიანს არენაზე" დროგბამ "ბაიერნთან" მატჩში. საერთო ჯამში მან "ჩელსისთვის" 157 გოლი გაიტანა, ის ამ
კლუბის ცოცხალი ლეგენდაა.

დროგბას ანგარიშზე ამ სეზონში 12 გოლია ყველა შეჯიბრებაში, თუმცა "ჩელსი" დამაჯერებლად ასპარეზობს ლიგაზე, E ჯგუფი ლონდონელებმა პირველ რიგში, კარგი დაცვის წყალობით მოიგეს.

როგორც "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ატლეტიკომ", ჟოზე მოურინიოს გუნდმაც მხოლოდ სამი გოლი გაუშვა ჯგუფურ ეტაპზე. ამას დავუმატოთ ბოლოდროინდელი ფორმაც - "ჩელსის" პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 1 ბურთი აქვს გაშვებული!

ბოლო ტურში "ჩელსიმ" ჯონ ტერის წყალობით უკანასკნელ მომენტში გამოგლიჯა გამარჯვება "ევერტონს" და შეინარჩუნა ლიდერობა.

Sportall.Ge

"ჩელსი" ჩემპიონობასა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს მიზნად, თანაც ჟოზე წაუგებელ სიტუაციაშია, პირველივე წელს მას ტიტულებს არ სთხოვენ.

ყველაზე უკეთ სიტუაცია სამუელ ეტო'ომ ახსნა: "ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ტიტულების მოგება, თუმცა ეს ჯერჯერობით ჩვენი მისია არ არის".

"გალათასარაის" თავკაცი რობერტო მანჩინი შესანიშნავად იცნობს "ჩელსის" იმ დროიდან, როცა "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი იყო. მანჩინის "გალათასარაიმ" დრამატულად გაიკაფა პლეი ოფში გზა, მას მერე, რაც სტამბოლში უამინდობის გამო გაჯანჯლებულ თამაშში ჯგუფის ფავორიტი ტურინის "იუვენტუსი" დაამარცხა და ანტონიო კონტეს გუნდი ევროპალიგის ამარა დატოვა.

სტამბოლურ თოვლჭყაპში ვესლი სნეიდერის გოლმა "გალას" გზა გაუგრძელა ჩემპიონთა ლიგაზე. თურქეთის სუპერლიგაში "გალა" მეორე ადგილზეა, თანაქალაქელ "ფენერბაჰჩეს" ჩამორჩება.

თურქული გრანდი შეეცდება ზედიზედ მეორედ გააღწიოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე, თუმცა ისტორია "ჩელსის" სასარგებლოდ მეტყველებს - 1999 წელს "ჩელსი" ეწვია "გალათასარაის" და 5:0 გაანადგურა. მაშინ ტორე ანდრე ფლომ დუბლი შეასრულა, გოლები გაიტანეს ჯანფრანკო ძოლამ, დენის უაიზმა და გაბრიელე ამბროზეტიმ.

ჟოზე მოურინიოს არ შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე იანვარში დამატებულების, ნემანია მატიჩისა და მოჰამეს სალაჰის გამოყენება.

რობერტო მანჩინი (გალათასარაი):
"ჩელსი" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ორი წლის წინ მათ ლიგა მოიგეს, თუმცა ჩვენ ვიბრძოლებთ. ხვალ სნეიდერი აუცილებლად ითამაშებს, "გალას" უპირატესობა ისაა, რომ ჩვენ ტაქტიკის ცვლა შეგვიძლია 3-5-2 შეგვიძლია უცბათ 4-4-2-ზე გადავაწყოთ.

მეტოქე ახალგაზრდულია, პრემიერლიგას ლიდერობას დაფანტასტიკური ფეხბურთელებიც ჰყავს. ჩემი აზრით, 80%-ია "ჩელსის" უპირატესობა".

ჟოზე მოურინიო (ჩელსი):
"ჩემპიონთა ლიგის ეს ეტაპი ძალზე მნიშვნელოვანია. აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თავისუფლად შეიძლება მეოთხედფინალში არაფავორიტი გუნდი გავიდეს. მიმაჩნია, რომ "ჩელსი" ამ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტი არაა - 4-5 გუნდი ჩვენზე ძლიერია.

მოსაგებად გავდივართ, თუმცა მეტოქეს ვაფასებთ. განსაკუთრებით ძლიერია მათი შეტევის ხაზი, სათადარიგო ბულუთიც კი სერიოზული ფორვარდია. ჩვენი შორეული მიზანი უფრო მომავლის გუნდის შენებაა.

მე მახსოვს, "რეალში" მუშაობისას, როგორ გვაწვალა "გალამ", მას მერე კი ეს კლუბი კიდევ უფრო გაძლიერდა. დროგბასთან ჩვენ ურთიერთობას არაფერი შეცვლის, მაგრამ მოედანზე ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, ის - თავისას".

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი
26 თებერვალი. სტამბოლი. თურქ ტელეკომ არენა. 23:45
გალათასარაი-ჩელსი
დისკვალიფიკაცია: - ნემანია მატიჩი, მოჰამედ სალაჰი
ტრავმა: გოკჰან ზანი (?), ჰაქან ბალთა (?)
ბოლო 6 მატჩი ლიგაზე
+2=1-3 +4=0-2
გალათასარაი: მუსლერა - ჩეჯუ, კაია, ნუნკეუ - ებუე, რიერა, მელო, ალთინთოფი, სნეიდერი - დროგბა, ილმაზი
ჩელსი: ჩეხი - ასპილიკუეტა, კეჰილი, ტერი, ივანოვიჩი - დ. ლუისი, ობი მიკელი - რამირესი, აზარი, ვილიანი - ეტოო
არბიტრი: ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული