ჩემპიონთა ლიგა: კოპენჰაგენი ხალხში გაერია

AutoSharing Option

„ტვენტეს“ მცველმა და მეკარემ ოლივერ კანისა და მარკუს ბაბელის 13 წლის წინანდელი კომედია გაიმეორეს და „ტოტენჰემს“ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაში „ვერდერთან“ ერთად დაეხმარნენ; „ჰაპოელმა“ „ლიონი“ ულამაზესი მაკრატელათი გააბრაზა; „მანჩესტერ იუნაიტედი“ მძინარე ქერიკის მიუხედავად, პირველ ადგილზე გავიდა; „ბარსას“ ბავშვებმა ყაზანის „რუბინი“ თავის დაკრულზე გვიან, მაგრამ მაინც აცეკვეს; „კოპენჰაგენს“ კი მერვედფინალში აბსოლუტურად დამსახურებულ გასვლას ვულოცავთ.

განცდები და რეაქციები სამშაბათის მატჩების მიმოხილვაში:



A ჯგუფი

ვერდერი-ინტერი 3:0
გოლები: 1:0 პრიოდლი (39), 2:0 არნაუტოვიჩი (49), 3:0 პისარო (88)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარკო მარინი (ვერდერი)

ეს ის

„ვერდერი“ აღარ არის... ამით ახალს არაფერს ვამბობთ, მაგრამ მაინც: ბრემენული კლუბი ახლა მხოლოდ მაშინ ფეთქდება, როცა ყველაფერი დამთავრებულია, როცა მილანის „ინტერის“ დარი გრანდი უმოტივაციოა და თანაც, ფაქტობრივად მეორე შემადგენლობით ეთამაშება. „მუსიკოსებმა“ „ინტერთან“ თავიანთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და დიდი ანგარიშითაც აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგეს. მილანური კლუბის მეორე შემადგენლობის ფეხბურთელებს ისეთი არაფერი გაუკეთებიათ, რაც შეიძლება აღნიშვნის ღირსი ყოფილიყო. ერთადერთი მოლანელი, ვინც წაგების წინააღმდეგ რეალურად იბრძოდა და ვისაც „ვერდერის“ გოლებზე ნერვები მართლა ეშლებოდა, გორან პანდევი გახლდათ.


გამარჯვების შემთხვევაში, „ინტერი“ ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდა, წაგების გამო კი, „ნერაძური“ მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მერვედფინალში რომელიმე პირველადგილოსანს შეხვდება, თანაც, პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, რაც ფლეი ოფში არავის უყვარს (გარდა ჟოზე მოურინიოსი, რომელიც „ინტერის“ თავკაცი აღარაა). ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის მეტოქე მერვედფინალში, შესაძლოა, „ბარსელონა“, „რეალი“, „მანჩესტერი“, „ჩელსი“ ან „ბაიერნი“ იყოს...


ტვენტე-ტოტენჰემი 3:3
გოლები: 0:1 ვისგერჰოფი (12-საკ. კარში), 1:1 ლანდზაატი (22-პენ), 1:2 დეფო (47), 2:2 როსალესი (56), 2:3 დეფო (59), 3:3 ჩადლი (64)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი)


როგორც მოსალოდნელი იყო, ენშედეში თვალსასეირო ბურთაობა გაიმართა, ვიხილეთ ექვსი გოლი და ნაომარი ფრე, რომლის შედეგადაც, „ტოტენჰემმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ ინგლისელები „ვერდერსაც“ უნდა უმადლოდენ. პირველი გოლი ერთობ კურიოზული იყო: ვისგერჰოფმა საკუთარ მეკარე ბოშკერს უპასა, რომელსაც ბურთი კარში შეუვარდა - შეგახსენებთ, რომ ასეთი რამ 13 წლის წინ მარკუს ბაბელს და ოლივერ კანსაც დაემართათ. ანგარიში ლანდზაატმა მალევე (გამეორებული პენალტით) გაათანაბრა, მეორე ტაიმი კი ჯერმეინ დეფოსი იყო, რომელიც დუბლით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. არ შეიძლება, არ გამოვყოთ ჩადლის ძალიან ლამაზი გოლიც (საჯარიმო დარტყმით, 25 მეტრიდან). მოკლედ, ენშედეში მაყურებლები (24 000) დიდად სასიამოვნები დარჩნენ...


თ მ ფ წ ბ ქ
1. ტოტენჰემი 6 3 2 1 18-11 11
2. ინტერი 6 3 1 2 12-11 10
3. ტვენტე 6 1 3 2 9-11 6
4. ვერდერი 6 1 2 3 6-12 5



B ჯგუფი

ბენფიკა-შალკე 1:2
გოლები: 0:1 ხურადო (19), 0:2 ჰიოვედესი (81), 1:2 ლუიზაო (87)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: პეერ კლუგე (შალკე)

რამდენიც არ უნდა ვიყვიროთ, რომ „შალკე“ მიმდინარე სეზონში იმედებს ვერ ამართლებს, ფაქტია, გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ძალიან კარგად გამოიყურება და აი, გელზენკირხენელებმა არსებობის ისტორიაში პირველად სწორედ ახლა შეძლეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება. „შალკეს“ ორი გოლისთვის ექვსი დარტყმა ეყო და სხვათა შორის, გოლები ისევ მანუელ ხურადომ და ბენედიქტ ჰიოვედესმა გაიტანეს - ფეხბურთელებმა, რომლებმაც გასულ უქმეებზე „ბაიერნის“ კარიც დალაშქრეს (2:0). მერვედფინალის წილისყრა 17 დეკემბერს გაიმართება. გამოჯანმრთელებული ლევან ყენია და მისი თანაგუნდელები ახლა იმაზე ოცნებობენ, რომ ფორტუნამ „შალკეს“ მერვედფინალში მილანის „ინტერი“ არ შეახვედროს.


„ბენფიკამ“ პირველ ნახევარში დაცვაში ძალიან ცუდად ითამაშა, მეორე ტაიმში კი საგოლე მომენტები შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა. პარალელურ მატჩში „ჰაპოელი“ „ლიონს“ რომ უგებდა, ეს „ბენფიკასთვის“ ჯგუფში მეოთხე ადგილის დაკავებას და ევროპის ლიგის მიღმა დარჩენას ნიშნავდა, მაგრამ ლისაბონურ კლუბს „ლიონი“ მიეხმარა და „ჰაპოელს“ ანგარიში გაუთანაბრა, რის გამოც „ბენფიკა“ ამ სეზონში ევროსარბიელის მიღმა არ დარჩა.


ლიონი-ჰაპოელი 2:2
გოლები: 1:0 ლისანდრო ლოპესი (62), 1:1 საჰარი (63), 1:2 ზაჰავი (69), 2:2 ლაჩაძეტე (88)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ვინსენტ ენიემა (ჰაპოელი)


ყველაზე პოზიტიური ასპექტი: დიდი ხანია, ჩემპიონთა ლიგაში არავის შეუსრულებია ისეთი მაკრატელა, როგორიც ზაჰავიმ „ლიონთან“ მატჩში შეასრულა. გახსნა თუ არა „ლიონმა“ ანგარიში, თელ ავიველებმა ფრანგულ კლუბს ექვს წუთში ორი გატანილი გოლით უპასუხეს და იმის გამო, რომ გომისი, ბრიანი, ლისანდრო ლოპესი, პიანიჩი და კომპანია საგოლე მომენტებს ვერ იყენებდნენ (შესანიშნავად თამაშობდა „ჰაპოელის“ მეკარე ვინსენტ ენიემა), ებრაელები ევროპის ლიგაში გადასვლასთან ახლოს საკმაოდ დიდხანს იყვნენ. მაგრამ „ლიონმა“ ბოლოს მაინც შეძლო წონასწორობის აღდგენა და „ჰაპოელს“ ჯგუფში თავისი, ბოლო ადგილი მიუჩინა.


თ მ ფ წ ბ ქ
1. შალკე 6 4 1 1 10-3 13
2. ლიონი 6 3 1 2 11-10 10
3. ბენფიკა 6 2 0 4 7-12 6
4. ჰაპოელი 6 1 2 3 7-10 5



C ჯგუფი

მანჩესტერი-ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 პაბლო ერნანდესი (32), 1:1 ანდერსონი (63)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდერსონი (მანჩესტერი)


მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერი“ მთლად უმოტივაციო არ იყო და არსებობდა იმის შანსი, რომ მანკუნიანელებს პირველი ადგილი დაეკარგათ, სერ ალექს ფერგიუსონმა ძირითად შემადგენლობაში მეორეხარისხოვანი ფეხბურთელები მაინც გაამწესა (ტყუპები ფაბიო და რაფაელ და სილვები, ანდერსონი და მეკარე ამოსი). თუმცა ეს ბიჭები საკმაოდ კარგად ირჯებოდნენ, აი მაიკლ ქერიკმა კი აურია - ჯერ უპატიებელი შეცდომა დაუშვა და პაბლო ერნანდესის გოლის მომენტშიც არასწორად მოქმედებდა.
ის ამბავი, რომ „მანჩესტერმა“ წონასწორობის აღდგენა მხოლოდ 63-ე წუთზეღა შეძლო, „ღამურების“ მეკარე გუაიტას დამსახურებაა, რომელმაც არაერთი მკდვარი ბურთი მოიგერია და მარტო დიმიტარ ბერბატოვს 4 საგოლე დარტყმა აუღო. „ვალენსიასთვის“ ცუდი ის არის, რომ კაპიტანმა ალბელდამ მესამე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და მერვედფინალის პირველი მატჩის გამოტოვება მოუწევს.


ბურსა-რეინჯერსი 1:1
გოლები: 0:1 მილერი (19), 1:1 ილდირიმი (79)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: შერქან ილდირიმი (ბურსა)


„ბურსა“ გადასადგებია! თურქეთის ჩემპიონმა ვერც ისეთ მატჩში შეძლო ნორმალური ფეხბურთის ჩვენება, რომლის მოტივაცია „ერთი ანანასიც“ ძლივს თუ იქნებოდა. თამამად უნდა ვთქვათ, რომ „ბურსა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდია. მთავარი ის არის, რომ თავს არც „რეინჯერსი“ იკლავდა, მაგრამ შოტლანდიელები მილერის გოლით ძალიან მარტივად დაწინაურდნენ. თუმცა უმოტივაციობამ მაინც იჩინა თავი და საფინალო სასტვენამდე 11 წუთით ადრე, ილდირიმმა ანგარიში გაათანაბრა. მოკლედ, ისიც კარგია, რომ „ბურსამ“ ჩემპიონთა ლიგაში თავისი პირველი გამოსვლა უქულოდ არ დაამთავრა.


თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 6 4 2 0 7-1 14
2. ვალენსია 6 3 2 1 15-4 11
3. რეინჯერსი 6 1 3 2 3-6 6
4. ბურსა 6 0 1 5 2-16 1



D ჯგუფი

ბარსელონა-რუბინი 2:0
გოლები: 1:0 ფონტასი (51), 2:0 ვასკესი (82)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ტიაგო ალკანტარა (ბარსელონა)


პინტუ, ფონტასი, ვასკესი, ჟეფრენი, ბარტრა და ა.შ. „ბარსელონამ“, როგორც მოსალოდნელი იყო, ყაზანის „რუბინთან“ მეორე შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ რუსული კლუბის დასამარცხებლად ესეც საკმარისი აღმოჩნდა და „ნოუ კამპზე“ ყაზანური სასწაული (შარშან „რუბინმა“ ბარსელონასი 2:1 მოიგო) აღარ განმეორდა.
ბურთის ფლობის 74-პროცენტიანი მაჩვენებელი, 991 პასი, საიდანაც 87 პროცენტი ზუსტი იყო - „ბარსა“ მეორე შემადგენლობითაც თავის ფეხბურთს თამაშობს. მართალია, პეპ გვარდიოლას ბიჭებს ექსპერიმენტული შემადგენლობის გამო ერთმანეთთან შესაჩვევად დრო დასჭირდათ, მაგრამ ამისათვის პირველი ტაიმი ეყოთ, მეორეში კი „რუბინი“ მთლად ტრადიციულად ვერა, მაგრამ მაინც აბურთავეს. 63-ე წუთზე გვარდიოლამ ლეო მესი მოედანზე მაინც გაიყვანა და არგენტინელს უფრო დიდი სხვაობის დაფიქსირებაც შეეძლო, მაგრამ ბურთი სერგეი რიჟიკოვის კარის ძელს მოარტყა. ცუდი კი ისაა, რომ ამ ფაქტობრივად უსარგებლო მატჩში ბოიან კრკიჩი და ჟეფრენი დაშავდნენ. და კიდევ: სხვათა შორის, ბოიანი კატალონიური გრანდის კაპიტანი გახლდათ.


კოპენჰაგენი-პანათინაიკოსი 3:1
გოლები: 1:0 ვინგაარდი (26), 2:0 გრონკიაერი (50-პენ), 3:0 სისე (73-საკ. კარში), 4:0 კანტე (92)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარტინ ვინგაარდი (კოპენჰაგენი)


თამამად ვთქვათ, „ბარსელონასთან“ ერთად, ამ ჯგუფიდან მერვედფინალში გასვლას ყველაზე მეტად „კოპენჰაგენი“ იმსახურებდა. შესაბამისად, „პანათინაიკოსს“ მაინცდამაინც ბოლო ტურში რომ გამოედო თავი, ხოლო „ბარსელონას“ კი „რუბინისთვის“ სამი ქულა რომ ეჩუქებინა, დანიელები ჯგუფიდან ვერ გავიდონენ, „რუბინის“ მერვედფინალისტობა კი ძალიან ალოგიკური იქნებოდა. მაგრამ არა! „კოპენჰაგენმა“ ბერძნულ კლუბს არაფერი გააბედინა, დამაჯერებელი ანგარიშით მოუგო და პირველი კლუბია დანიიდან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გადალახა. გუნდი, რომელიც „პანათინაიკოსს“ ორივე თამაშს მოუგებს, ხოლო „ბარსელონასთან“ დაძაბულ ბრძოლაში კი ფრეს მიაღწევს, ასეთ წარმატებას ულაპარაკოდ იმსახურებს.
ძალიან ეფექტური იყო მარტინ ვინგაარდის გოლი (ძლიერი დარტყმით 24 მეტრიდან). მეორე ტაიმში ბერძნები თვითგვემას მოჰყვნენ: ჯერ აბსოლუტურად უსარგებლო პენალტი აიკიდეს, რომელიც გრონკიაერმა გამოიყენა, მერე კი ჯიბრილ სისემ სულელური ავტოგოლი გაიტანა. არადა, იყო დრო, როცა „პანათინაიკოსთან“ თამაში და წარმატების მიღწევა „კოპენჰაგენის“ დარ გუნდებს კი არა, სუპერგრანდებსაც უჭირდათ...


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 6 4 2 0 14-3 14
2. კოპენჰაგენი 6 3 1 2 7-5 10
3. რუბინი 6 1 3 2 2-4 6
4. პანათინაიკოსი 6 0 2 4 2-13 2

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული