ვინ მოხსნის კაკას რეკორდს - ჩემპიონთა ლიგის საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
უეფას ჩემპიონთა ლიგის წილისყრა და წყვილები საინტერესო და კარგია, მაგრამ ინტერესს მოკლებული არც სტატისტიკური მონაცემები იქნება, რომლებითაც შეგვიძლია თავი გავირთოთ.

* "ბარსელონა" ზედიზედ მერვედ გავიდა ჯგუფიდან პირველადგილოსნის რანგში და ამით კატალონიელებმა თავიანთივე რეკორდი გააუმჯობესეს. ეს "ბარსას" მე-16 პირველი ადგილია (აქედან სამი მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული), რაც ამ ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელია.

* გერმანიას ზედიზედ 2 სეზონია, 4 გუნდი გაჰყავს ჯგუფიდან და თანაც, ერთი და იგივე კლუბები: "ბაიერნი", "ლევერკუზენი", "დორტმუნდი" და "შალკე". მსგავსი რამ, თან ზედიზედ სამჯერ, აქამდე მხოლოდ ინგლისს აქვს გაკეთებული
2006-09 წლებში, როდესაც შემდეგ ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული", "არსენალი" და "ჩელსი" გადიოდნენ.

* მხოლოდ მეექვსედ ხდება ისე, რომ რომელიმე გუნდი ჯგუფურ ეტაპს 6-დან 6 გამარჯვებით ასრულებს. ეს ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ტრიუმფატორმა მადრიდის "რეალმა" შეძლო და "სამეფო გუნდი" ერთადერთია, რომელსაც მსგავსი რამ ორჯერ აქვს გაკეთებული.

ჯგუფის ყველა მატჩი კიდევ 4 გუნდს აქვს მოგებული. მადრიდელების ამჟამინდელ ბურთების სხვაობაზე - 16 გატანილ და მხოლოდ 2 გაშვებულ გოლზე უკეთესი შედეგი ერთადერთხელ დაფიქსირებულა და ისიც "სამეფო გუნდს" ჰქონდა 2011/12 წლების სეზონში, როდესაც "რეალის" ბურთების სხვაობა 19:2-ზე იყო.

6-დან 6 მოგება კიდევ დაფიქსირებული აქვთ: "მილანს" (1992/93 წლების სეზონი), "პარი სენ-ჟერმენს" (1994/95), მოსკოვის "სპარტაკს" (1995/96) და "ბარსელონას" (2002/03).

* აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველად ხდება, როდესაც მოქმედი გამარჯვებული შემდეგ სეზონში ჯგუფურ ეტაპზე 100%-იან შედეგს აჩვენებს. იქამდე მოქმედი ჩემპიონების ყველაზე დიდი მიღწევა 16 ქულა გახლდათ, რაც "აიაქსმა" (1995/96), "იუვენტუსმა" (1996/97) და "ბარსელონამ" (2011/2012) დააფიქსირეს.

* "რეალის" მოგება "ლუდოგორეცთან" მადრიდელების მიჯრით მე-9 გამარჯვება იყო, რაც ერთით ნაკლებია "ბაიერნის" რეკორდზე. ეს ასევე მიყოლებით მე-11 მოგება გახლდათ საშინაო შეხვედრაში და "სამეფო გუნდს" აქაც ერთი გამარჯვება აკლია "მანჩესტერ იუნაიტედის" რეკორდამდე.

* "პარი სენ-ჟერმენთან" მოგებულ შეხვედრაში, "ბარსელონას" რიგებში ჩატარებული მატჩების მხრივ, ჩემპიონთა ლიგაზე თავისი რეკორდი გააუმჯობესა ჩავი ერნანდესმა, რომელმაც 146-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ხოლო ლიონელ მესიმ თავისივე მოხსნილი რეკორდი გააუმჯობესა გოლების მხრივ, 75-ე გოლი გაიტანა.

* იმავე შეხვედრაში თავისი მე-100 მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე ანდრეს ინიესტამ და "ბარსას" მე-4 ასეთი ფეხბურთელი გახდა ჩავის, კარლეს პუიოლისა და ვიქტორ ვალდესის მერე. მოთამაშე, რომელიც შესაძლოა, ამ სეზონში ასევე შეუერთდეს 100-იანთა კლუბს, კიდევ ერთი ესპანელი ჩაბი ალონსოა, რომელსაც 99 მატჩი აქვს ჩატარებული.

* "მონაკომ" "ზენიტს" 2:0 მოუგო და ეს ამ გუნდის 50-ე საიუბილეო მატჩი გახლდათ ჩემპიონთა ლიგაზე. მონეგასკები გახდნენ მე-4 გუნდი, რომელიც ჯგუფური ეტაპიდან ოდენ 1 გაშვებული გოლით გავიდა. აქამდე არც ერთ კლუბს არ დაუძლევია ეს ეტაპი ისე, რომ არც ერთი გოლი არ გაეშვა.

* "ბილბაოსთან" წაგების (0:2) მერე ბატე-ს სულ 24 გაშვებული გოლი დაუგროვდა, რაც ანტირეკორდია. ბელორუსებმა მატჩში საშუალოდ 4 ბურთი გაუშვეს. აქამდე ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ზაგრების "დინამოსა" და "ნორდსიელანდს" ჰქონდათ - 22-22 გაშვებული გოლი.

* ცოტა არც "გალათასარაის" გაუშვია - 19 გოლი, თუმცა ბოლო ტურში "არსენალთან" წაგებული 1:4-ისას ვესლი სნეიდერის მიერ გატანილი ჯარიმა თურქული გუნდის მე-100 ბურთი გახლდათ ამ ტურნირზე.

სტამბულელებმა მე-20 გუნდის სტატუსი მოიპოვეს, რომელმაც შეძლო და 100 ბურთი დააგროვა ამ ტურნირზე. ამ მხრივ, პირველზე "რეალია", მეორეზე - "ბარსელონა" (395), მესამეზე - "მანჩესტერ იუნაიტედი" (343) და მეოთხეზე - მიუნხენის "ბაიერნი" (341).

* დონეცკის "შახტარის" ფორვარდი ლუის ადრიანო ამჟამად 9 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. სულ მის აქტივში ჩემპიონთა ლიგაზე 20 ბურთია და თუ იგი ასე გააგრძელებს, ადრე თუ გვიან ამ ტურნირის საუკეთესო ბრაზილიელი ბომბარდირი გახდება.

27 წლის თავდამსხმელზე წინ თანამემამულეთა შორის არიან - ჯოვანი ელბერი და მარიო ჟარდელი 25-25 გოლით, რივალდო 27 ბურთით და კაკა 30 გოლით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბოლომდე უნდა წაგეკითხა კოსტაჯან
chiko
16 დეკემბერი 2014 16:59
0
რა და კაკა საუკეთესო ბრაზილიელია 30 გატანილი გოლით )))
ilo
16 დეკემბერი 2014 16:34
0
და კაკა რა შუაშია???
kostajan
16 დეკემბერი 2014 14:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული