ბაზელი-პორტუ 1:1 - ყველაფერი "დრაგაუზე" გაირკვევა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
" იაკობ პარკზე" ძალიან ფრთხილი პირველი ტაიმი იყო.

მთავარი, ცხადია, გოლის ეპიზოდი გახლდათ, როდესაც მასპინძლებმა ყველაფერი იდეალურად, წამი-წამზე და შესაშური სიზუსტით გააკეთეს - ფაბიან ფრაიმ დიდებული გრძელი გადაცემა შეასრულა. ხანამ ბურთი ჰაერში იყო, მარკო შტრელერმა კაცის გატყუება მოასწრო და დერლის გონსალესს მეტი სივრცე დაუტოვა. 20 წლის პარაგვაელი ტალანტიც მცველებს შორის კარგად გაძვრა და მიუხედავად იმისა, რომ ალექს სანდრო, რომელიც ბოლომდე გაჰყვა, მხარზე ეკიდა, ხოლო ფაბიანო კარიდან გამოენთო დასწრებაზე სათამაშოდ, გონსალესმა ვარდნაში მოახერხა ბურთ
ისთვის ფეხის წაკვრა.

ერთადერთი ცუდი ამ ისტორიაში შვეიცარიელთათვის ის გახლდათ, რომ დერლისს ცუდად მოხვდა ფაბიანოს მუხლი და მატჩის გაგრძელება კი სცადა, მაგრამ მალევე შესაცვლელი შეიქნა. "პორტუს" ბურთი ეჭირა, მეტოქის კარისკენაც ასე თუ ისე ხშირად ურტყამდა და კუთხურებიც მოაწოდა, მაგრამ "დრაკონები" ვერას გახდნენ და შესვენებაზე გულდაწყვეტილები გავიდნენ. ჰო, იყო ეპიზოდი, როდესაც ჯექსონ მარტინესი წააქციეს და სტუმრები პენალტს ითხოვდნენ.

პორტუგალიელების გარეშე მოთამაშე "პორტუმ" (კვარეშმა და რუბენ ნევეში მოგვიანებით შევიდნენ) პორტუგალიელი მწვრთნელის, პაულო სოუზას "ბაზელს" მეორე ნახევრის დებიუტშივე გაუტანა, მაიკონის თავურს კაზემირომ დაამატა, მაგრამ ძალიან დიდი დაგვიანებით კლატენბურგმა გოლი გააუქმა, რადგან "პორტუს" ორი მოთამაშე მასპინძელთა მეკარეს წინ ედგა და არეალს უფარავდა.

მერე ჯერ ტელიოს ჰქონდა მომენტი, შემდეგ ხელსაყრელი პოზიციიდან მარტინესმა გადააცილა მეკარესაც და კარსაც. დამსახურებული გოლი "პორტუმ" მას მერე გაახერხა, რაც ვალტერ სამუელს დანილომ ბურთი ხელში გაარტყა და მერე პენალტი თავადვე შეაგდო.

ხულენ ლოპეტეგი ამ შედეგს დაყაბულდა და სტუმრებს თავი აღარ მოუკლავთ, დანარჩენი "დრაგაუსთვის" გადაიდო. აი, "ბაზელს" კი, გოლის ეპიზოდის გარდა, ზუსტად მეტოქის კარში არც დაურტყამს. შესაძლოა, მასპინძლებს იმ სწრაფმა გოლმა დათვური სამსახურიც კი გაუწია, მათ ანგარიშის მოფრთხილების ცდუნებას ვერ გაუძლეს და წინა ხაზზე ვერაფერი გვიჩვენეს, არადა, ვიცით, რომ შეუძლიათ.

ბაზელი-პორტუ 1:1
გოლები: 1:0 დ. გონსალესი (11), 1:1 დანილო (79-პენ.)
ბაზელი (4-1-4-1): ვაცლიკი - ჯაკა, სუხი, სამუელი, საფარი - ფრაი - დ. გონსალესი (25. კალა), ელ ნენი, ზუფი, გაში (83. ჰამუდი) - შტრელერი (63. ემბოლო)
პორტუ (4-3-3): დანილო - მაიკონი, მაიკონი, მარკანო, ალექს სანდრო - ერერა, კაზემირო, ოლივერ ტორესი (68. რ. ნევეში) - ტელიო (81. კინტერო), ბრაჰიმი (61. ბრაჰიმი), მარტინესი
გაფრთხილება: ფრაი, ელ ნენი, სამუელი, გაში, სუხი - კაზემირო, ოლივერ ტორესი, ალექს სანდრო, დანილო
კუთხური: 0-9 ჯარიმა: 21-13 თამაშგარე: 5-4 კარში დარტყმა: 1(1)-15(7) ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 45 369

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული