პორტუ-ბაზელი 4:0 - ოთხთავიანი დრაკონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დრაგაუზე", თითქოს, პირველი მატჩის გაგრძელება იყო - ბურთი "პორტუს" ეჭირა და ტერიტორიულ თუ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, რაც პრინციპში, მალევე დაუფასდა.

"დრაკონები" იასინ ბრაჰიმიმ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით დააწინაურა. ალჟირელი ძალიან კარგად გამოიყურებოდა და სტუმრებს მასთან გამკლავება უჭირდათ. "ბაზელს", ზოგადად, შეტევაში თამაშიც უჭირდა და წინ ერთი მეტ-ნაკლებად გამოსარჩევი მომენტი თუ შექმნა.

ძირითად შემადგენლობაში უპორტუგალიელოდ მყოფ პორტუგალიელებს (კუარეშმა და ნევეში მოგვიანებით გამოვიდნენ) კი ორი-სამი შანსი ჰქონდათ, აქედან ერთი აშკარად საგოლე. დაშავებულ კაპიტანსა და გოლეადორ ჯექსონ მარტინესს ვენსან აბუბაქარი ცვლიდა, კამერუნელი ასე თუ ისე
აქტიური გახლდათ.

ცუდი "პორტუსთვის" ის მოხდა, რომ თავის მეკარე ფაბიანოსთან შეჯახებისას დაშავდა ვიცე-კაპიტანი დანილო, რომელიც პირდაპირ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ფაბიანომ თამაშის გაგრძელება შეძლო. დანილოს ადგილას, ანუ მარჯვნივ ალექს სანდრომ გადაიწია, ხოლო შეცვლაზე შემოსული ბრუნო მარტინს ინდი მარცხენა ფლანგზე დადგა.

"პორტუმ" მეორე ტაიმი კიდევ უფრო მძლავრად დაიწყო და მეტოქე შოკში ჩააგდო. ბრაჰიმი ისევ გაძვრა მცველებს შორის და ექტორ ერერას უპასა. მექსიკელმაც კოხტად მოათავსა ბურთი მეტოქის კარში. მერე ჯარიმა დაინიშნა. კარამდე შედარებით შორი იყო და ბურთთან კაზემირო დატოვეს, რომელმაც შესანიშნავად დაარტყა.

წერტილი კი აბუბაქარმა დასვა, რომელმაც ცოტა ეგოისტურად კი ითამაშა, მაგრამ სხვა ანგარიშზე ალბათ პასს გააკეთებდა, ამჯერად კი თავადაც სურდა გატანა, რაც მშვენიერი დარტყმით გააკეთა. "დრაკონების" ოთხივე გოლი ერთმანეთზე ლამაზი გახლდათ. პორტუელებმა, მარტინესის არყოფნისა და დანილოს გამოკლების მიუხედავად, პირწმინდად დაჯაბნეს "ბაზელი" და ჩემპიონთა ლიგამ ღირსეული მეოთხედფინალისტი მიიღო.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
პორტუ-ბაზელი 4:0
პირველი მატჩი 1:1
გოლები: 1:0 ბრაჰიმი (14), 2:0 ერერა (47), 3:0 კაზემირო (56), 4:0 აბუბაქარი (76)
პორტუ (4-3-3): ფაბიანო - დანილო (22. მარტინს ინდი), მაიკონი, მარკანო, ალექს სანდრო - ერერა, კაზემირო, ევანდრო (79. კვარეშმა) - ტელიო, ბრაჰიმი (74. რუბენ ნევეში), აბუბაქარი
ბაზელი (4-3-3): ვაცლიკი - ჯაკა, შერი (57. ემბოლო), სამუელი, საფარი - ზუფი, ფრაი (63. კაკიტანი), ელ ნენი - გაში (77. კალა), დ. გონსალესი, შტრელერი
გაფრთხილება: მარკანო - გონსალესი, გაში, საფარი, სამუელი, სამუელი
გაძევება: სამუელი (90+1)
კუთხური: 3-1 ჯარიმა: 6-19 თამაშგარე: 5-0 კარში დარტყმა: 13(7)-6(3) ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 40 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული