ბენფიკა VS ბაიერნი - 60 ათასი ფანი კარგი ტესტია

AutoSharing Option
ლისაბონში "ბაიერნი" ფავორიტია, მაგრამ პორტუგალიის ჩემპიონატის ლიდერს არაფერი დაეწუნება, რეკორდმაისტერს დიდი ბრძოლა მოუწევს.

პორტუგალიელებს არ ეყოლებათ ბრაზილიელი ფორვარდი ჟონასი, რომელიც სასწაულ ფორმაშია. ჟონასი დისკვალიფიცირებულია და მას ხიმენესი ცვლის.

არ იქნება ჟონასი, მაგრამ ითამაშებს კოსტას მიტროღლუ, რომელმაც ბოლო 17 მატჩში 14 გოლი გაიტანა. "ბენფიკა" შესანიშნავ ფორმაშია - ბოლო 22 მატჩიდან 20 მოიგო. ცუდ ფორმაში არც "ბაიერნია", რომელმაც ბოლო 6 მატჩი მოიგო, სტუმრად კი, აგერ, უკვე 11 მატჩია, არ წაუგია.

პრესკონფერენცია
რუი ვიტორია (ბენფიკა): "დაცვაში ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან ჩვენი მეტოქე მსოფლიოს
ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. "ბაიერნი" შინაც და გარეთაც ერთნაირად თამაშობს, მატჩის მიმდინარეობას სრულად აკონტროლებს. ნიკოლას გაიტანის თამაში საეჭვოა, მხოლოდ თამაშის წინ მეცოდინება, შეძლებს თუ არა ის თამაშს. მიუნხენში ტაქტიკურად სწორად ვითამაშეთ.

"ბაიერნი" ტაქტიკურად ძალიან გამართული გუნდია. თუ ერთი ტაქტიკა არ გაამართლებს, ის სხვას ცდის. მიუნხენში 5 ათასი ფანი გვამხნევებდა, ხვალ კი გაცილებით მეტნი იქნებიან და მათი დახმარებით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ჩვენი მიზანი კარის კარგად დაცვა, გოლის გატანა და შემდეგ ეტაპზე გასვლაა. მხოლოდ "ბენფიკას" არ აქვს საკადრო პრობლემები, ჩვენ დიდი ხნით გვყავდა მარტინესი დამტვრეული, რამდენიმე თამაშში ცენტრალური მცველი არ გვყავდა საერთოდ. კარგად ვიცით, ხვალ როგორი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.

60 ათასი ფანის თვალწინ კარგად გამოჩნდება, ვინ არის მზად დიდი ზეწოლისთვის და ვინ არა. კარგად უნდა ვითამაშოთ და ყველაფერი რიგზე იქნება".

გასულ უქმეებზე
ლისაბონის "ბენფიკა" "აკადემიკას" ესტუმრა და 2:1 მოუგო. ვიტორიას გუნდი აგებდა, მაგრამ კოსტას მიტროღლუმ პირველ ტაიმში გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე გამარჯვების გოლი მექსიკელმა რაულ ხიმენესმა გაიტანა, რომელსაც მოუწევს დღეს დისკვალიფიცირებული ჟონასის შეცვლა. "ბენფიკა" 73 ქულით ლიდერია და ლისაბონის "სპორტინგს" ორი ქულით უსწრებს.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ, რადგან მისმა მდევარმა "დორტმუნდმა" წაიფორხილა. "ბაიერნმა" სტუმრად 3:1 მოუგო "შტუტგარტს". სტუმრები ჯერ ავტოგოლით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში თავი დავიდ ალაბამ და დუგლას კოშტამ გამოიჩინეს. "ბაიერნი" "დორტმუნდს" 7 ქულით უსწრებს.

ოთხშაბათი. 13 აპრილი
ბენფიკა-ბაიერნი 22:45 (0:1)
დისკვალიფიკაცია: ჟონასი -
ტრავმა: ჟულიო სეზარი, გაიტანი (?) - ბოატენგი, ბადშტუბერი, რობენი (?), კომანი (?), ბენატია (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-4-2): ედერსონი - ა. ალმეიდა, ლინდელოფი, ჟარდელი, ელიზეუ - ფეიშა, რ. სანჩესი, გაიტანი, პიცი - რ. ხიმენესი, მიტროღლუ
ბაიერნი (4-2-2-2): ნოიერი - ლამი, კიმიხი, ალაბა, ბერნატი - ვიდალი, ტ. ალკანტარა - დ. კოშტა, რიბერი - მიულერი, ლევანდოვსკი
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული