* "ატლეტიკომ" "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფიდან ბოლო სამ წელიწადში მეორედ გამოაძევა.
* ლიონელ მესიმ ზედიზედ მეხუთე საკლუბო მატჩში ვერ გაიტანა, 6 წელია, ასეთი უიღბლო სერია არგენტინელს არ ჰქონია.
ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და "ატლეტიკო"-"ბარსელონას" ორ-მატჩიანმა დუელმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. სულ ახლო წარსულში, კატალონიური გრანდი ყველას და ყველაფერს ანადგურებდა, საფეხბურთო სპექტაკლებს დგავდა და მაშინ, რთული წარმოსადგენი იყო, თუ ვის უნდა შეეჩერებინა ეს გუნდი.
მადრიდელებს ჯერ კიდევ პირველი მატჩი არ უნდა წაეგოთ და ალბათ არც წააგებდნენ, რომ არა ფერნანდო ტორესის გაძევება, განმეორებით შეხვედრაში კი შესანიშნავად გაისარჯნენ და სრულიად დამსახურებულად სძლიეს მეტოქეს.
მერე რა, რომ ბურთის ფლობაში "ბარსელონას" დიდი უპირატესობა ჰქონდა; მერე რა, რომ მატჩის დასკვნითი 15-20 წუთი სტუმართა მასირებულ იერიშებში წარიმართა. მერე რა, რომ არბიტრს "ატლეტიკოს" კარში პენალტი უნდა დაენიშნა - "ატლეტიკოზე" ალალია ეს მოგება და მადრიდულმა გუნდმა დაიმსახურა ნახევარფინალში გასვლა...
თუმცა, არდანიშნულ პენალტზე მთლად "მერე რა" ალბათ არ ივარგებს, რადგან მსაჯმა "ბარსელონას" გოლის გატანის 100%-იანი შანსი წაართვა - არადა, გოლს თამაში დამატებით დროში გადაჰყავდა, იქ კი ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. მსაჯმა პენალტის ნაცვლად ჯარიმა დანიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ ვერ გამოიყენა.
არგენტინელი ჩრდილში იყო მთელი თამაშის განმავლობაში და პრაქტიკულად არაფერი გამოუვიდა. ჩრდილში იყვნენ ნეიმარიც, ლუის სუარესიც, ანდრეს ინიესტაც და "ბარსას" სხვა ლიდერებიც - ჩრდილში იყო თვითონ "ბარსა", ისევე, როგორც ბოლო შეხვედრებში ესპანეთის პირველობაზე.
"ბარსელონას" ყველაზე ცუდ დროს დაეწყო ჩავარდნა, სეზონის დასკვნით ეტაპზე და ეს სამწვრთნელო გუნდის მინუსია - გუნდი არ უნდა გამოიფიტოს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, "ბარსას" კი სწორედ ეს დაემართა.
კატალონიელებს არ ჰყავთ სათადარიგოთა სკამი და ამ კრიზისმა ეს თვალნათლივ დაგვანახვა. "ბარსას" თავდასხმის გასაძლიერებლად არდა თურანზე კარგი შემტევი უნდა ჰყავდეს და ესეც აქსიომაა.
"ბარსა" ჩავარდა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში და მიიღო ის, რაც მიიღო...
სიტყვამ მოიტანა და არდა თურანის კალიბრის ფეხბურთელებისგან დიდი გუნდის გაკეთება მხოლოოდ დიეგო სიმეონეს შეუძლია, რომელმაც კიდევ ერთი მოახდინა სასწაული და "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა, გზად კი ტურნირის მთავარი ფავორიტი ჩამოიცილა.
დღეს, სიმეონე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და ესეც აქსიომაა.
ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩი
ატლეტიკო-ბარსელონა 2:0 (1:2)
გოლები: 1:0 გრიზმანი (36), 2:0 გრიზმანი (88-პენ.)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ლ. ერნანდესი, ფელიპ? ლუიში - საული, გაბი, ა. ფერნანდესი (90. სავიჩი), კოკე - ფერეირა-კარასკო (74. თ. პარტი), გრიზმანი (90. ა. კორეა)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში (65. სერხი რობერტო), პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (64. არდა თურანი), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ნეიმარი, სუარესი
გაფრთხილება: გაბი, გოდინი, კორეა, კოკე - სუარესი, ნეიმარი, ინიესტა, თურანი
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 20-10; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 8-9 (6-5); ბურთის ფლობა: 28%-72%.
მაყურებელი: 55 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"