გლადიატორები "სან-სიროზე" [+VIDEO]

AutoSharing Option
"მილანი"-"ტოტენჰემი" 0:1
გოლი: კრაუჩი, 80.
გაფრთხილება: ფლამინი, 55. იეპესი, 61. გატუზო, 76.

"მილანი":
აბიატი (ამელია, 18), ნესტა, ტიაგუ სილვა, იეპესი, ანტონინი, გატუზო, ზეედორფი (პატო, 46), ფლამინი, აბატე, იბრაჰიმოვიჩი, რობინიო.
''ტოტენჰემი'': გომესი, გალასი, დოუსონი, ჩორლუკა (ვუდგეიტი, 59), ასუ ეკოტო, ლენონი, ვან დერ ვაარტი(მოდრიჩი, 62), პალასიოსი, სანდრუ, პიენაარი (კრანჩარი, 77), კრაუჩი.


ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირება "სან-სიროზე" "მილანსა" და "ტოტენჰემს" შორის დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და მოულოდნელი შედეგით დასრულდა. საკუთარ მოედანზე "მილანი" აშკარა ფავორიტად იყო მიჩნეული.

"შავ-წითლების" გულშემატკივრები თავიანთი გუნდისგან პირველივე წუთიდან გადამწყვეტ მოქმედებებს
ელოდნენ, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ინგლისელები იმდენად თავდაჯერებულად გრძნობდნენ თავს მოედანზე, შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თითქოს სტუმრად "მილანი" თამაშობდა. პიენაარი, ვან დერ ვაარტი და ლენონი საჯარიმოში პიტერ კრაუჩს მაღალ გადაცემებს აწვდიდნენ, მაგრამ მათი უმრავლესობა ადრესატამდე ვერ აღწევდა, გამოსვლებზე აბიატის შესანიშნავი თამაშის გამო. თუმცა გოლკიპერმა მალე ტრავმა მიიღო და გამოსაცვლელი გახდა. ალეგრის მარკო ამელიას გამოყვანა მოუხდა.

შესვენებაზე ალეგრიმ შემადგენლობაში კორექტივები შეიტანა - ინერტული ზეედორფი შეცვალა და მის ნაცვლად მესამე ფორვარდი პატო გამოიყვანა. ბრაზილიელის გამოსვლას თამაშში გარდატეხა არ შეუტანია, მაგრამ შეხვედრის სურათი შეცვალა. "მილანი" მეტს უტევდა, "ტოტენჰემი" კი ფლანგებიდან კონტრრშეტევაზე ცდილობდა მეტოქის გამოჭერას. საკმარისია ითქვას, რომ მეორე ტაიმში "მილანმა" 8 კუთხური მოაწოდა "დეზების" ერთის წინააღმდეგ. ყველაზე სახიფათო პირველი კუთხური გამოდგა, რომლის გათამაშების შემდეგ მარიო იეპესმა ჰაერში თავით პიტერ კრაუჩს აჯობა და თავით მაღალ კუთხეში დაარტყა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ბურთი კარში მიფრინავდა, მაგრამ "მკვდარი" ბურთი გომესმა ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია.

დაძაბულობა პიკს აღწევდა. 80-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩმა ბურთი მეკარის საჯარიმოს ხაზთან დაკარგა, ლენონმა მოედნის ცენტრში სივრცე მოიპოვა, სწრაფი ჰავბეკი ადვილად გასცდა იეპესს, შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ბურთი კრაუჩს გადააწოდა. ფორვარდს ისღა დარჩენოდა, ბურთი კარში შეეგორებინა, რაც გააკეთა კიდეც - 1:0.

შოკირებულმა "მილანმა" ბოლო წუთებზე შტურმის განხორციელება შეძლო და გოლიც გაიტანა კიდეც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იბრაჰიმოვიჩმა ბურთისთვის ბრძოლის დროს მეტოქის მცველს ხელი უბიძგა და გოლი არ ჩაითვალა.

"ტოტენჰემმა" პირველი შეხვედრის სტუმრად მოგებით მეოთხედფინალისკენ, ალბათ, დიდი ნაბიჯი გადადგა.

"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმო ალეგრი: "შეცდომა, რომელსაც კონტრშეტევა მოჰყვა, ძვირად დაგვიჯდა. შეხვედრის ამ მონაკვეთში ჩვენ ვუტევდით, წინ მივდიოდით და უპირატესობის დაუფლებას ვცდილობდით. "ტოტენჰემი" თავს კარგად იცავდა და თავისუფალ ზონებს არ ტოვებდა, ასე რომ გაგვიჭირდა. ამ მატჩში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით უბურთოდ თამაშისას. "ტოტენჰემი" ეფექტურად უტევდა, მაშინ, როდესაც პირველ ტაიმში შეტევაში თითქმის არაფერი გამოგვივიდა. შესვენების შემდეგ უკეთ ავთამაშდით, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნას მხოლოდ ჯარიმების შემდეგ ვახერხებდით. წაგება ძალიან სამარცხვინოა, რადგან "ტოტენჰემმა" არცთუ ბევრი საგოლე მომენტი შექმნა.

ლონდონში სრულიად სხვაგვარი თამაში იქნება, მეოთხედფინალის საგზურის ბედი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. თუ შეტევასა და დაცვას შორის ბალანსის შენარჩუნებას შევძლებთ და ჩვენს ოსტატობაში დარწმუნებული ვითამაშებთ, ტურნირის შემდეგ რაუნდში გასვლას მოვახერხებთ."

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი: "შესანიშნავი მატჩი გამოგვივიდა, სამუშაოს ყველამ ბრწყინვალედ გაართვა თავი. პირველ ტაიმში მეტოქეს ერთი თავით ვჯობდით. ვიცოდი, რომ მეორე ტაიმში "მილანი" შეგვიტევდა და ეცდებოდა, საკუთარ კართან მივეჯაჭვეთ, მაგრამ დაცვამ შესანიშნავად ითამაშა.

შესვენებაზე შევთანხმდით, რომ ლენონისთვის მეტი გადაცემა გაეკეთებინათ, რადგან ის მცველს ზედიზედ ატყუებდა. გადამწყვეტი გოლიც საბოლოოდ ასე გავიდა. გომესმა გუნდი რამდენჯერმე რთულ ეპიზოდში გოლისგან გადაარჩინა. დარწმუნებული ვარ, შეხვედრა მაყურებელს მოეწონებოდა."






.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული