საუკეთესო თამაში სესკის ცხოვრებაში

AutoSharing Option

"არსენალის" კაპიტანმა სესკ ფაბრეგასმა ოთხშაბათს, "ემირეიტ სთედიუმზე" "ბარსელონასთან" თამაში ასე შეაფასა: "ეს იყო ყველაზე დიდი მატჩი, რომელშიც ოდესმე მიმიღია მონაწილეობა".

ყველას, ვინც ჩემპიონთა ლიგის ამ მერვედფინალური შეხვედრის რეპორტაჟი ნახა ორი რამ დაამახსოვრდებოდა: დიდებული, შემოქმედებითი ფეხბურთი და "არსენალის" უტეხი სული - პირველი ტაიმი ხომ სტუმრებმა მოიგეს. რასაკვირველია, დავიდ ვილიას გოლის შემდეგ უმეტესობას ეგონა რომ გუნდი, რომელსაც თავად ფაბრეგასი მსოფლიოში საუკეთესოს უწოდებს შანსს ხელიდან აღარ გაუშვებდა, მაგრამ "მეთოფეებმა" ძალები მოიკრიბეს და რობინ ვან პერსისა და ანდრეი არშავინის გოლებით მოიგეს.

23 წლის ესპანელი
ვარსკვლავი ამბობს: "თამაშის ხარისხისა და ინტენსივობის თვალსაზრისით ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. როდესაც ბურთს ისინი ფლობდნენ, ისინი უტავდნენ, ხოლო, როდესაც ჩვენ ვფლობდით, ჩვენ ვუტევდით. შეტევას შეტევა ენაცვლებოდა. ასეთი მაღალი დონის თამაშს, როგორც გითხარით, ვერ ვიხსენებ და თან, განსაკუთრებით ის მახარებს, რომ შედეგი საჩვენო გამოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო".

შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი არის ფეხბურთელი, რომელმაც 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა და მაღალი დონისა და დაძაბულობის შეხვედრების ამბავი კარგად მოეხსენება. შესაბამისად, ასეთი ფეხბურთელის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, თუმცა, ალბათ, გასაგებია, რატომაც მოეწონა "არსენალის" კაპიტანს ოთხშაბათის თამაში მუნდიალის ფინალზე მეტად - აქ, ორივე გუნდი შეტევას ცდილობდა და შემოქმედებით ფეხბურთს თამაშობდა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში კი ჰოლანდიამ დაცვიდან ითამაშა და თან უხეშობის ზღვარს მიახლოებული ათლეტური ელემენტიც შესამჩნევად ჰქონდა შეზავებული.

გულშემატკივარს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს "ბარსელონასა" და "არსენალის" შარშანდელი დაპირისპირება. ის, იმავე შეჯიბრების, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი იყო და პირველმა შეხვედრამ საშინაც დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ წლევანდელი კიდევ უფრო ლამაზი გამოვიდა.

"ვფიქრობ, ყველაფერი სამართლიანად გამოვიდა. ბურთს უპირატესად "ბარსელონა" ფლობდა, მაგრამ ვან პერსის გოლმა ჩვენთვის
ყველაფერი შეცვალა. რასაკვირველია, ეს შემთხვევით არ მომხდარა. შესვენებისას ჩვენ ვფიქრობდით, რომ თამაშის შემოტრიალება და მოგება შეგვეძლო. მესის ორჯერ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ჩვენც გვქონდა სახიფათო მომენტები. კერძოდ, პირველ ტაიმში ვან პერსი იყო მიზანთან ახლოს, კიდევ ჩემი პასი ერიკ აბიდალმა ჩაჭრა ბოლოწამს, თორემ იმავე ვან პერსის აშკარა გოლი გაჰქონდა. თეო უოლკოტსაც ჰქონდა გოლის შეგდების აშკარა შანსი.

ზოგადი სურათი მე მგონი მაინც ასეთი იყო: თამაშის თვალსაზრისით, ანუ დაცვაში, ნახევარდაცვაში და შეტევაში ჩვენ ვაჯობეთ. მათ მომენტები, რასაკვირველია ჰქონდათ. "ბარსელონაა" ექნებოდა, აბა, რა.
თუმცა, ამ გამარჯვების მიუხედავად, ჩვენი მხრებიდან მძიმე ტვირთი ერთი თამაშის შემდეგ ვერაფრით მოიხსნება. გვიხარია, რომ
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდს მოვუგეთ, თორემ საპასუხო შეხვედრა ჯერ წინ არის. გარდა ამისა, ამ ერთმა გამარჯვებამ ჩვენს გუნდს ძალიან ბევრი რამ შეიძლება მისცეს. ჩვენ მთელი გულით და სულით ვთამაშობდით, ვმოქმედებდით ჭკვიანურად, აღტაცებით და ამან საბოლოოდ შედეგი მოგვიტანა".

ფაბრეგასი იმაშიც მართალია, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. არც იმით ღირს დიდად გახარება, რომ კატალონიელებს დაცვის ცენტრში ჟერარდ პიკე არ ეყოლებათ - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი მეორე ტაიმის შუაში სწორედ ფაბრეგასის წინააღმდეგ უხეშობისთვის გააფრთხილეს.

შარშან, "კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრაში ფაბეგასს არ უთამაშია. მან პირველ თამაშში მოიტეხა ფეხი. არც რობინ ვან პერსი ყოფილა, ისიც დაშავებული იყო. ფაბრეგასი განაგრძობს:

"წინ ჯერ კიდევ 90 წუთია. ჩვენ უდიდეს გუნდს ვეთამაშებით და კვლავ საოცარი თავდადება გვმართებს. დაცვაში ზედმიწევნით ყურადღებით უნდა ვიყოთ, თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც ჩინებულ გუნებაზე ვართ და თუ შარშანდელივით ტრავმებმა არ დაგვაბრკოლა ძალიან კარგი იქნება.

"ბარსელონა" რასაკვირველია კარგად ითამაშებს. ის ხომ ყოველთვის კარგად თამაშობს. მთავარია, რომ ჩვენ მათ შარშანდელივით დიდი სივრცეები არ ვაჩუქოთ და თავისუფლად თამაშის საშუალება არ მივცეთ.

პიკეს არყოფნა, რასაკვირველია, სერიოზული ფაქტორია, მაგრამ საპასუხო მატჩამდე ჯერ დიდი დროა და მანამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, ასე რომ დღეს დეტალებში ლაპარაკი ნაადრევი მგონია".

გახსომებათ, შარშან ზაფხულზე ფაბრეგასს "ბარსელონაში" უნდოდა გადასვლა, მაგრამ არსენ ვენგერმა გააჩერა. ვენგერი რომ არა, მას ოთხშაბათს შეიძლება სტუმრების შემადგენლობაში ეთამაშა. ახლა, პირიქით მოხდება, ფაბრეგასი თავისი მშობლიური ქალაქის ისტორიულ სტადიონზე ითამაშებს მეტოქის სტატუსით.

"კამპ ნოუზე" თამაში ჩემი ბავშვობისდროინდელი ოცნებაა და ახლა შევეცდები რაც შეიძლება დიდი სიამოვნება მივიღო, თუმცა ჩემზე და ჩემს სიამოვნებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი "არსენალის" გამარჯვება იქნება".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული