გერმანული შურისძიება [+VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები იტალიური გუნდებისთვის კოშმარული გამოდგა. სერია A-ს სამივე ბინადარმა საკუთარ მოედანზე წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ძალიან შეიმცირა. "მილანისა" და "რომას" შესახებ გეცოდინებათ, "ინტერმა" კი გუშინ "ბაიერნს" უმასპინძლა და პრინციპულ მეტოქესთან ჭიდილში ვერაფერი გააწყო.

პირველი რაუნდი გერმანელებმა მოიგეს, ერთადერთი, ანუ გამარჯვების გოლი კი მატჩის უკანასკნელ წუთზე მარიო გომესმა გაიტანა. მიუნხენელთა ტანმაღალმა ფორვარდმა ჟულიო სეზარის შეცდომით ისარგებლა და დამატებაზე ბრაზილიელი კიპერი უშანსოდ დატოვა. სეზარის შეცდომა კი იმაში მდგომარეობს, რომ შორეული დარტყმის შემდეგ ბურთის ხელში დაჭერა
გადაწყვიტა და საბოლოო ჯამში, გომესს საგოლედ დაუგორა - თითქოს ერთი შეცდომაა, მაგრამ შესაძლოა საბედისწეროც.

ვერც იმას დავიჩემებთ, რომ შეხვედრა მასპინძელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. უფრო პირიქით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში მიუნხენელები მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ და მილანელთა კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. იერიშების აღწერა შორს წაგვიყვანს, მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ სტუმრებმა ორჯერ გაარტყეს ბურთი მასპინძელთა კარის ძელს, ერთხელ ფრანკ რიბერის არ გაუმართლა, მეორედ - არიენ რობენს.

შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე მილანელებმა შტურმის მოწყობა მოიწადინეს, გადავიდნენ კიდეც მეტოქის ნახევარზე, რაც დიდწილად შეცვლაზე შესული ხარჯას დამსახურება გახლდათ. ახლოს იყო გატანასთან სამუელ ეტოო, ვისი დარტყმის შემდეგაც ბურთი მცირე მანძილით ასცდა მიუნხენელთა კარის ჩარჩოს. მატჩის კულმინაცია კი უკანასკნელი წუთი გახლდათ, მიუნხენელებმა მილანელთა მოშიშვლებული ზონები კარგად გამოიყენეს, შედეგიანი იერიში განახორციელეს და დიდი ფორა შეიქმნეს განმეორებითი მატჩის წინ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუის ვან გაალმა ლეონარდო აშკარად დაჯაბნა - ბრაზილიელი სპეციალისტი მთელი თამაში ფიქრობდა მოგებაზე ეთამაშა თუ ფრე არ გაერისკა და ამ ორჭოფში სულაც დამარცხდა.

"ინტერმა" მთელი შეხვედრა ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდით ითამაშა, რაც ასევე შეცდომად უნდა მივიჩნიოთ.

გუშინდელი დღის მეორე შეხვედრა "ველოდრომზე" გაიმართა, სადაც მარსელის "ოლიმპიკმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. ორმატჩიან დუელში ფავორიტად ინგლისელები მიიჩნევიან და ეს სრულიად ბუნებრივია, მაგრამ ფრანგთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველ შეხვედრაში არაფრით ჩამორჩნენ მეტოქეს. პირიქით, რიგ ეპიზოდებში სჯობდნენ კიდეც და თუ ვინმე იმსახურებდა გამარჯვებას, ეს სწორედ "ოლიმპიკი" გახლდათ. უგოლო ფრეს წყალობით ფავორიტის სტატუსი ინგლისურმა გუნდმა შეინარჩუნა, თუმცა მთავარი ბრძოლა წინ არის.

ინტერი-ბაიერნი 0:1 [იხილეთ ვიდეო]
მაყურებელი: 70 000
ინტერი (4-3-2-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, რანოკია (73. ხარჯა), კივუ - კამბიასო, ძანეტი, მოტა - სტანკოვიჩი, სნეიდერი - ეტოო.
ბაიერნი (4-5-1): კრაფტი - ლამი, ბადშტუბერი, პრიანიჩი (37. ბრენო), ტიმოშჩუკი - ლუიზ გუსტავო, რიბერი, რობენი, შვაინშტაიგერი, მიულერი - გომესი.

გოლი: 0:1 გომესი (90).
არბიტრი: კასაი (უნგრეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ბაიერნი
პირველი კუთხური: ინტერი
პირველი ჯარიმა: ბაიერნი
პირველი გაფრთხილება: ინტერი
10 (4) დარტყმა 9 (3)
17 ჯარიმა 9
8 კუთხური 7
3 გაფრთხილება 2
45% ბურთის ფლობა 55%



მარსელი-მანჩესტერი 0:0
მაყურებელი: 55 000
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ფანი, დიავარა, მბია, ჰაინცე - სისე (70. შეირუ), კაბორე - რემი (79. ვალბუენა), ლუჩო გონსალესი, აეუ - ბრანდაო.
მანჩესტერი (4-3-3): ვან დერ სარი - ოში, სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა - გიბსონი (72. სქოულზი), ქერიქი, ფლეტჩერი - ნანი, ბერბატოვი, რუნი.

არბიტრი: ბრუხი (გერმანია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: მანჩესტერი
პირველი კუთხური: მარსელი
პირველი ჯარიმა: მანჩესტერი
8 (2) დარტყმა 4 (2)
12 ჯარიმა 8
5 კუთხური 2
0 გაფრთხილება 0
48% ბურთის ფლობა 52%.







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული