აიაქსი VS ლიონი - ფრანგების მძიმე საღამო "ამსტერდამ არენაზე"

AutoSharing Option
ევროპალიგის პლეი ოფის მატჩი ოთხშაბათს სიახლეა - "ამსტერდამ არენაზე", რომელსაც მალე ოფიციალურად დაერქმევა "იოჰან კრუიფ არენა", პირველ ნახევარფინალურ მატჩში "აიაქსი" ფრანგულ "ლიონს" უმასპინძლებს.

მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "სელტას" შორის, ევროპალიგისთვის ტრადიციულ ხუთშაბათს გაიმართება. არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ "აიაქსსა" და "ლიონს" შორის ფავორიტი არ არსებობს.

სტუმრებს საკადრო პრობლემები აქვთ. მთავარი დანაკლისი კი მთავარი მეგოლე ალექსანდრ ლაკაზეტია, რომელსაც ძალზე მცირე შანსი აქვს თამაშის. "აიაქსს" კი ორი ფეხბურთელი ჰყავს დისკვალიფიცირებული. ჰოლანდიელებს მცირე უპირატესობა აქვთ, რადგან ახლა ისინი კარგ ფორმაში არიან.

პეტერ ბოშს იოლად შეუძლია დისკვალიფიცირებული ნიკ ვიერხევერისა და იოელ ფელტმანის ჩანაცვლება. ტოპ-ფორმაში არიან გუნდის ლიდერები: ამინ იუნესი, დევი კლაასენი და ჰაკიმ ზიეხი. ამას დავურთოთ მეტი დასვენება, რომელიც "აიაქსს" ჰოლანდიის თასის წყალობით უწევს "ლიონთან" შედარებით და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ამსტერდამ არენაზე" ფრანგებს მძიმე საღამო ელით.

ფაქტები
* ამსტერდამელებს ევროტურნირებზე "ლიონთან" ოთხჯერ აქვთ ნათამაშები და ჯერ არ წაუგიათ (2 მოგება, 2 ფრე - 4:1). "აიაქსი" ფრანგულ გუნდებთან - 10 მოგება, 5 ფრე, 7 წაგება. "ლიონის" შედეგები კი ჰოლანდიურ კლუბებთან ასეთია - 6 მოგება, 4 ფრე, 2 მარცხი.

* "აიაქსი" ერთადერთი გუნდია დარჩენილ კლუბებს შორის, რომელსაც ეს ტურნირი აქამდე მოგებული აქვს. ამსტერდამელებმა 1992 წელს უეფას თასის ფინალში "ტორინო" დაამარცხეს.

* "ლიონი" ერთადერთი შემორჩა იმ 8 კლუბიდან, რომლებიც მიმდინარე ევროპალიგაზე ჩემპიონთა ლიგიდან გადმობარგდნენ.

* ამსტერდამელებს ფრანგულ გუნდებთან უკანასკნელი 5 მატჩიდან არც ერთი არ მოუგიათ - 3 ფრე, 2 წაგება.

* "ლიონი" ჰოლანდიელებთან ბოლო 7 შეხვედრაა, არ დამარცხებულა.

პრესკონფერენცია
პეტერ ბოში (აიაქსი): "ჩვენ ევროპალიგის ნახევარფინალში ვთამაშობთ. ამიტომ ფეხბურთელები მზად არიან ბრძოლისთვის. "ლიონი" დიდებული გუნდია და სხვანაირად ვერც იქნებოდა, აქამდე მოღწევა ჩვეულებრივ გუნდს არ შეუძლია. მისხალ-მისხალ განვიხილეთ მათი თამაში. პირველ რიგში, "აზ ალკმაართან" თამაში გავარჩიეთ. მაშინ "ლიონი" მართლაც საუკეთესო ფორმაში იყო. "ლიონში" მაღალი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ. არ ითამაშებს ლაკაზეტი? ჩვენ მზად ვართ მოვლენების ასე განვითარებისთვის".

ბრუნო ჟენეზიო (ლიონი): "ვფიქრობ, ღია თამაში გაჩაღდება. "აიაქსი" უდიდესი ისტორიის კლუბია, რომელიც ახლაც დიდი გუნდია. ამსტერდამელებს შემტევი ფეხბურთი ხიბლავთ. მათ სწრაფი და ტექნიკური თავდამსხმელები ჰყავთ. "აიაქსი" დიდი ძალებით უტევს, მაგრამ, როცა ბურთია დასაბრუნებელი, არც პრესინგს თაკილობს.

ამ გუნდთან სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ შიში საჭირო არ არის. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუკი პირველივე თამაშს მოვიგებთ, მაგრამ უფრო რეალური იქნება, თუკი ჩვენ ფეხბურთს ვითამაშებთ და მისაღები ანგარიშით დავასრულებთ მატჩს. ყველა ვარიანტში, ფინალისტის ვინაობა მხოლოდ საპასუხო მატჩის მერე გაირკვევა. თუ ლაკაზეტი ვერ გამოვა მოედანზე, ჩვენი სტილი არ შეიცვლება, რადგან ფეკირიც ანალოგიური სტილის ფორვარდია".

გასულ უქმეებზე
"ლიონმა" სტუმრად "ანჟერი" 2:1 დაამარცხა. მატიო ვალბუენამ ანგარიში გახსნა, ხოლო ნაბილ ფეკირმა ორამდე გაზარდა სტუმართა უპირატესობა. ეს ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა, "ანჟერმა" მხოლოდ მეორეში შეძლო ანგარიშის "დასველება".

"აიაქსი" დაპირისპირებას დასვენებული ხვდება, ჰოლანდიის თასის ფინალის გამო ერედივიზიეში ტური არ ყოფილა.

ოთხშაბათი. 3 მაისი
აიაქსი-ლიონი 20:45
დისკვალიფიკაცია: ვიერხევერი, ფელტმანი -
ტრავმა: სინკგრავენი (?), ტრაორე (?) - ლაკაზეტი (?), მამანა, რიბუსი, ტოლისო (?)
სავარაუდო შემადგენლობები
აიაქსი (4-3-3): ონანა - ტეტე, სანჩესი, დე ლიხტი, რიდევალდი - კლაასენი, შიონე, ზიეხი - ტრაორე, დოლბერგი, იუნესი
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ჟალე, ნკულუ, დიაქაბი, მორელი - გონალონი, ტუსარი - ტოლისო, კორნე, ვალბუენა - ფეკირი
ურთიერთშეხვედრები: 4 თამაში: +2=2-0 (4:1)
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ალბათ ტოჩი ტოჩ სჯობდა,არა?
a .kh-ს
03 მაისი 2017 16:46
0
მისხალი მაგარი თარგმანია ძაან
a.kh
03 მაისი 2017 15:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული