* კასპერ დოლბერგმა უკვე 5 გოლი გაიტანა ევროპალიგაზე და ამ მაჩვენებლით ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის მესამე ადგილზეა (მხოლოდ რომელუ ლუკაკუსა და იკერ მუნიაინს ჩამორჩება).
* "აიაქსმა" კარში ზუსტად 16-ჯერ დაარტყა, რაც ევროპალიგის პლეი ოფების რეკორდია.
* 1995 წლის მერე პირველად მოახერხა ჰოლანდიურმა კლუბმა ევროთასების ნახევარფინალურ ან ფინალურ ეტაპზე ერთ მატჩში 4 გოლის გატანა. მაშინ "აიაქსმა" "ბაიერნს" 5:2 მოუგო.
* "აიაქსის" სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი (22 წ
"ამსტერდამ არენაზე", რომელსაც ამიერიდან "იოჰან კრუიფ არენა" ჰქვია, იოჰან კრუიფს რომ შეეფერება, ისეთი თამაში ვიხილეთ. ზეშემტევ ფეხბურთში "აიაქსმა", ფანების გასახარად, ულაპარაკოდ იმარჯვა ფრანგულ "ლიონთან" დაპირისპირებაში და საპასუხო მატჩის წინ უზარმაზარი უპირატესობა დაიბევა.
ქებათა ქება პეტერ ბოშსა და მის შეგირდებს - ასეთ შემტევ ფეხბურთს ევროპაში აღარ თამაშობენ. ნეიტრალური მაყურებლისთვის სასიხარულოდ, მას ტემპში "ლიონიც" აჰყვა და ბრწყინვალე თამაში ვიხილეთ, რომელშიც ლამის ყოველი შეტევა საგოლე იყო. "აიაქსმა" 4:1 გაიმარჯვა, მაგრამ მატჩი შეიძლება სულ სხვა ანგარიშით დასრულებულიყო, რადგან საგოლე შანსი ორივე გუნდს უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე გატანილი 5 გოლი... გაცილებით მეტი.
პრაგმატულად მოთამაშე გრანდთან ასეთი "აიაქსი" აუცილებლად განწირულია, რადგან 4:1-ზე თავქუდმოგლეჯილი წინ აღარავინ გარბის, მაგრამ "ლიონმა" ჰოლანდიელთა დასჯა ვერ შეძლო. დუბლი შეასრულა მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, "ჩელსისგან" ნათხოვარმა ბერტრან ტრაორემ; გოლით გამოირჩა ასევე შესანიშნავად მოთამაშე დანიელი კასპერ დოლბერგი.
უამრავი მომენტიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა გერმანელმა ამინ იუნესმა. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მაროკოელი ჰაკიმ ზიეხის შესანიშნავი თამაში, ვის ანგარიშზე 4-დან 3 საგოლე პასია. ამ ყველაფერს ალექსანდრ ლაკაზეტის გარეშე მოთამაშე (ლაკაზეტი, უფრო სწორად კი, მისი აჩრდილი, მეორე ტაიმის შუაში შემოვიდა და ვერაფერი გააკეთა) "ლიონმა" ვერაფერი დაუპირისპირა და მხოლოდ მატიო ვალბუენას გოლს გამორჩა.
ოფიციალურად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, როგორც მოსალოდნელი იყო, ტრაორე დასახელდა, რომელმაც დუბლის გარდ,ა ერთი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.
ორივე გოლკიპერის ანგარიშზე ჯამში 19 (!) "სეივი", 40-მდე დარტყმა ორივე კარისკენ, 14 კუთხური, უამრავი მომენტი - აი, ასეთი უნიკალური თამაში ვიხილეთ "იოჰან კრუიფ არენაზე". და მაინც, ნუ ვიჩქარებთ საბოლოო გამარჯვებულის გამოცხადებამდე...
პეტერ ბოში (აიაქსი): "პირველ ტაიმში "ლიონი" უკეთ თამაშობდა, მაგრამ გოლების გატანა ჩვენ შევძელით. აი, მეორეში კი უპირატესობა ჩვენი იყო. თავიდან ახალგაზრდა ფეხბურთელები ნერვიულობდნენ, სხვანაირად შეუძლებელიცაა. ისეთი თამაში წავიდა, თავისუფლად შეიძლება 12:6-ით დასრულებულიყო. პუბლიკა თვალსასეირო ფეხბურთით მოვხიბლეთ, მაგრამ ადრეა იმის თქმა, რომ "აიაქსი" უკვე ფინალშია. "ლიონი" მაღალი დონის გუნდია და სტუმრად გაგვიჭირდება".
აიაქსი-ლიონი 4:1
გოლები: 1:0 ბ. ტრაორე (25), 2:0 დოლბერგი (34), 3:0 იუნესი (49), 3:1 ვალბუენა (66), 4:1 ბ. ტრაორე (71)
აიაქსი (4-3-3): ონანა - ტეტე, დ. სანჩესი, დე ლიხტი, რიდევალდი - კლაასენი, შიონე (71. ვან დე ბეეკი), ზიეხი - ბ. ტრაორე, დოლბერგი (88. ნერესი), იუნესი (79. ჯ. კლუივერტი)
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ჟალე (69. რაფაელი), ნ'კულუ, დიაქაბი, მორელი - ტუსარი (58. ღეზალი), გონალონი - კორნე (76. ლაკაზეტი), ტოლისო, ვალბუენა - ფეკირი
მაყურებელი: 53 502
საპასუხო მატჩი - 11 მაისს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"