სამიზნე დუბლინისკენ

AutoSharing Option
“პორტუს” 25 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო უეფას ოფიციალურ საიტს გამოუტყდა, რომ კმაყოფილია მიღწევებით და განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ევროპის ლიგის მოგებაა.

თუმცა მას ესმის, რომ “ბრაგასთან” ფინალური შეხვედრა ურთულესი იქნება. სამხრეთამერიკელმა გულწრფელად განაცხადა ისიც, რომ “ვილიარეალთან” ნახევარფინალურ მატჩს კარიერის საუკეთესო შეხვედრად მიიჩნევს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ თავდამსხმელმა ევროპის ლიგაში იურგენ კლინსმანის 15 წლის წინანდელი შედეგიანობის რეკორდი დაამხო, მისი კმაყოფილების საფუძველი გასაგები ხდება. მაშ ასე, თქვენ წინაშეა რადამელ ფალკაო.

მიმდინარე სეზონი “პორტუსთვის” მშვენივრად აეწყო. “დრაკონებმა” არნახულად ძლიერად ჩაატარეს ლიგა საგრეშის
გათამაშება და უახლოესი მდევარი 21 ქულით ჩამოიტოვეს. ამის მიუხედავად, მათ ზეიმისთვის ჯერ არ სცალიათ, რადგან წინ ორი გადამწყვეტი შეხვედრა ელით. “ბრაგასთან” ევროპის ლიგაზე და “გიმარაეშთან” პორტუგალიის თასის ფინალში. ანალოგიური “ჰეთთრიკი” “პორტუმ” 2003 წელს ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობითაც შეასრულა. მის გამეორებაზე უარს აბა ვინ იტყვის? “ამ სეზონში “პორტუს” კონკრეტული მიზნები ჰქონდა - უნდა გვეჩვენებინა მაქსიმალური შედეგი ყველა ტურნირზე, - თქვა ფალკაომ. - მე რაც შემეხება, მსურდა, ყველა ფრონტზე თავი გამომეჩინა და მაქსიმალურად დავხარჯულიყავი გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე. ევროპის ლიგაზე ბევრი გოლის გატანა მოვახერხე და ამის გამო მოხარული ვარ.”

და მართლაც, ფალკაოს თამაში წელს მხოლოდ ქებას თუ იმსახურებს. “ვილიარეალთან” ნახევარფინალური შეხვედრის წინ მას 11 მატჩში ამდენივე გოლი ჰქონდა გატანილი, “წყალქვეშა ნავებს” კი ორ მატჩში ხუთჯერ შეუგდო: “ესტადიო დრაგაუზე” გატანილ პოკერს “ელ მადრიგალზე” ერთიც დაამატა. “ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო ჩემს კარიერაში. 5:1 მოვიგეთ და თანაც ისე, რომ თავიდან ვაგებდით. ამის გაკეთება არც ისე იოლი იყო. საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ძლიერი მეტოქის 5:1 განადგურება ჩვენი ფეხბურთელებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა”, -თქვა თავდამსხმელმა.

“პორტუ” “დუბლინ არენაზე” ნამდვილად არ დარჩება მხარდაჭერის გარეშე. “დრაკონებს” მშვენიერი შანსი აქვთ, სეზონში მესამედ დაამარცხონ “ბრაგა”. კარგია, რომ პორტუელები გადამწყვეტ შეხვედრას არ მიიჩნევენ იოლ გასეირნებად. მათ მშვენივრად ესმით, რომ “ბრაგამ” სეზონის განმავლობაში უკვე დაამტკიცა თავისი ძალა, გამოაგდო რა “ლივერპული”, “დინამო” და “ბენფიკა”. კოლუმბიელიც სწორედ ამას უსვამს ხაზს: “ვიცით, რომ რთული დაპირისპირება გველის. თუმცა პირველ რიგში იმაზე ვფიქრობთ, რომ ჩვენს სტილში ვითამაშოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ “ბრაგას” მისი თამაშის საშუალება არ მივცეთ. “პორტუში” მე სულ რაღაც მეორე სეზონია, ვთამაშობ და უკვე მოვახერხე ისეთი დიდი ფეხბურთელის შედეგის გაუმჯობესება, როგორიც კლინსმანი იყო. გერმანელი ბავშვობაში ხომ ჩემი კერპი იყო. ეს ყოველივე ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ ევროპის ლიგა მოვიგოთ. ეს ამ წუთას ჩემი უმთავრესი მიზანია.”
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული