თავდაპირველად ესპანელმა მწვრთნელმა დინამოელები ორ-ორად გაჰყო და მოკლე და გრძელ გადაცემებზე ავარჯიშა, რასაც კარში დარტყმები მოჰყვა. დარტყმებს ორ და სამსვლიანი კომბინაციები უსწრებდა, რაც საკმაოდ საინტერესო სანახავი იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელთა უმეტესობა შედეგიანად ურტყამდა, თუმცა საკუთარ საქმეს მეკარეებიც რიგიანად ასრულებდნენ.
გარსია მთელი ვარჯიშის განმავლობაში აქტიური იყო და თარჯიმნის
წვრთნის მეორე ნახევარი ორხმრივ თამაშს დაეთმო, თუმცა საინტერესო დეტალები აქაც იყო - ორად გაყოფილმა ფეხბურთელებმა ნახევარ მოედანზე ითამაშეს, საიდანაც ერთი მხარე შემტევი იყო, უმეკარეოდ და უკაროდ, მეორე კი თავს იცავდა. შემტევ-დამცველებში გარსია შემადგენლობას ხშირად ცვლიდა და ორივე როლის მორგება ყველა ფეხბურთელმა მოასწრო.
"დინამოს" ჯერ არ შეერთებია ყველაზე ცნობილი ახალწვეული ხისკო, სამაგიეროდ, მოედანზე იყო კიდევ ორი ესპანელი - კოტო და აგუე, რომლებიც თავიდან ინდივიდუალურად და მსუბუქად ვარჯიშობდნენ, მერე კი ახალ თანაგუნდელებს ორმხრივი თამაშისას გაუშინაურდნენ. რომელიმე მათგანის "მილსამისთან" თამაში გამორიცხული არ არის.
რაც შეეხება ხისკოს, იგი თბილისში ჯერ არ ჩამოსულა და ესპანელთა პრეზენტაცია ამიტომაც გადაიდო ხვალისთვის.
"დინამოში" ოპტიმისტური და საბრძოლო განწყობა იგრძნობა და იმედია, გარსიას ოფიციალური დებიუტი წარმატებული გამოდგება. უსიამოვნო მხოლოდ დიდი სიცხე იყო და თუ ასეთი ტემპერატურა ხვალ საღამოსთვისაც შენარჩუნდა, მაღალ ტემპში თამაში ორივე გუნდს გაუჭირდება.
ტრავმების გამო ვერ ივარჯიშეს ლევან ხმალაძემ და შოთა კაშიამ. ხმალაძე დისკვალიფიცირებულიცაა და ამის გამო "მილსამისთან" ორივე მატჩს გამოტოვებს, ამავე მიზეზით ხვალ გიორგი კახელიშვილიც ვერ ითამაშებს. ხმალაძეც და კახელიშვილიც შარშანდელ ევროპის ლიგაზე ავსტრიულ "შტურმთან" მატჩისას გააძევეს და ამიტომაც დაისაჯნენ.
მოლდოველები თბილისში დღეს, 29 ივნისს ჩამოფრინდებიან. საღამოს 8-ის ნახევარზე ეროვნული სტადიონის საკონფერენციო დარბაზში მათი მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართება, 8-ზე კი "მილსამი" "ბორის ბაიჭაძის" გაზონს მოსინჯავს. ალექს გარსიას პრესკონფერენცია 9-ის ნახევარზეა დაგეგმილი, "დინამოს" ვარჯიში კი - 9-ზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"