სტოიკა: დარწმუნებული ვარ, ძალიან მძიმე თამაში გველოდება. წილისყრამ საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვარგუნა. თბილისის "დინამო" საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი იყო და მის ფეხბურთელებს სამართლიანად ადარებდნენ ბრაზილიელებს. თუმცა მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგან "დინამოს" ბოლო წლებში ევროასპარეზზე განსაკუთრებული წარმატებებისთვის არ მიუღწევია. ვისურვებდი ლამაზი ფეხბურთის ხილვას, დაე, ღირსეულმა გაიმარჯვოს.
- წყვილს ფავორიტი თუ ჰყავს?
- "დინამო"
- რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ქართულ-მოლდოვური დაპირისპირება გაიმართება. რას ფიქრობთ "ზესტაფონისა" და "დაჩიას" მატჩებზე?
- დარწმუნებული ვარ, იქაც დაძაბული ბრძოლა იქნება, ამ კლუბების შეფასება კი ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება.
ჰინკუ: "დინამოსთან" თამაში ჩვენთვის დიდი პატივია. მადლობელი ვართ გულთბილი მიღებისთვის, ქართველები სტუმართმოყვარეობით ყოველთვის გამოირჩეოდნენ და ამის გამო თქვენი ხალხი და ქვეყანა ძალიან გვიყვარს. კარგი ფეხბურთის ხილვას გისურვებთ.
სოსნოვსკი: რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი და ქართველი ფეხბურთელების შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ. "დინამოს" ისტორიაც კარგად ვიცი და ასეთი წარსულის კლუბს ყოველთვის დიდი ამბიციები აქვს. თუმცა საკუთარი კოზირები ჩვენც გვაქვს და შევეცდებით, ევროტურნირებზე ღირსეულად ვითამაშოთ.
პრესკონფერენციის შემდეგ "მილსამიმ" ეროვნული სტადიონის საფარი მოსინჯა. მოლდოველთა ვარჯიშში თვალშისაცემი მათი ხალისიანი და საქმიანი განწყობა იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"