ალექს გარსია: ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა!

AutoSharing Option
"დინამოს" წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მასმედიის წინაშე გუნდის თავკაც ალექს გარსიასთან ერთად "დინამოში" დაბრუნებული დავით ოდიკაძე და კლუბის პრესატაშე გიგა გვენცაძე წარდგნენ.

გარსია: შემდეგ ეტაპზე გამსვლელი ორი მატჩის შედეგით გაირკვევა, პირველი შეხვედრა კი "დინამოს" მომზადების დონესაც კარგად გამოაჩენს და ამ რაუნდის გადალახვის შანსებსაც. ახლა კი ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. სამწუხაროა, რომ დისკვალიფიცირებულები, ლევან ხმალაძე და გიორგი კახელიშვილი და ტრავმირებული შოთა კაშია დაგვაკლდებიან, მაგრამ მათ ღირსეული შემცვლელები ჰყავთ.

- რამდენი ეტაპის გადალახვას ისახავთ მიზნად?
- ამჟამად მხოლოდ "მილსამისთან" მატჩზე ვფიქრობ.

- ძირითადი შემადგენლობა უკვე
შეარჩიეთ?

- თერთმეტ ფეხბურთელს იმ თვრამეტიდან შევარჩევ, ვისაც დღეს ვავარჯიშებ.

- ხვალ რომელიმე ესპანელი თუ ითამაშებს?
- თუ მისმა სატრანსფერო ფურცელმა დროულად ჩამოაღწია, "მილსამისთან" იაგუე ითამაშებს

- კმაყოფილი ხართ თუ არა გუნდის მომზადების დონით?
- ამ კითხვაზე მატჩის შემდეგ უკეთ გიპასუხებთ, თუმცა ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი ჩემს საფეხბურთო ფილოსოფიას მონდომებით ითვისებს.

- ესპანელი ფეხბურთელები რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ?
- შეკრებამ დაგვანახვა, რომ პრობლემები განსაკუთრებით წინა ხაზში გვქონდა და ეს ტრანსფერებიც აქედან გამომდინარე განვახორციელეთ.

- მოლდოვური სპორტული პრესა ფავორიტად "დინამოს" მიიჩნევს...
- ეს სასიამოვნოა, მაგრამ ბევრს არაფერს ნიშნავს. დაველოდოთ პირველ შეხვედრას და ფავორიტზეც ამის შემდეგ ვიმსჯელოთ.

- მეტოქის შესახებ რა იცით?
- ძალიან ბრძოლისუნარიანი გუნდია და თანამედროვე ფეხბურთის თამაშს ცდილობს, იბრძვის მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის.


ოდიკაძე: გუნდი დიდი მონდომებით ემზადება. ძალიან მოტივირებულები ვართ და წარმატებისთვის თავს არ დავზოგავთ. ვეცდებით, გულშემატკივართა იმედები გავამართლოთ. ამჟამინდელ და იმ "დინამოს" შორის, რომელშიც წლების წინ ვთამაშობდი, უდიდესი განსხვავებაა, კლუბში ვითარება რადიკალურად გაუმჯობესდა, რაც ძალიან მახარებს. მჯერა, იმ განწყობით, რაც ახლა გუნდში სუფევს, ბევრის მიღწევა შეგვიძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული