30.06. თბილისი. ეროვნული. 10 000 მაყურებელი
გოლები: 1:0 კვეკვესკირი (4), 2:0 ლექვთაძე (71, კვეკვესკირის პასით)
დინამო მილსამი
4-2-3-1 4-4-1-1
ლორია მორარუ
ოდიკაძე გირლა
თომაშვილი სტადიიჩუკი
კაკუბავა სოსნოვსკი
რეხვიაშვილი მენდიზოვი
კვეკვესკირი ბეზიმოვი
ჯიღაური ადემარი
ლექვთაძე ფურდუი
კოშკაძე გრიგორუცა
რობერტინიო იონესკუ
ფანცხავა ბოგიუ
მწვრთნელი მწვრთნელი
ა. გარსია შ. სტოიკა
დინამო
64. რობერტინიო - თექთურმანიძე
72. ფანცხავა - ახალაია
85. კოშკაძე - ბერაია
სათადარიგოები: გრიშიკაშვილი, ჰომოლა, ფირცხალავა
მილსამი
68. გრიგორუცა - ოკინკა
70. ბეზიმოვი - ტრაორე
84. გირლა - რომანი
სათადარიგოები: ნეგაი, კუკოვეი, გოლბანი, ა. სტოიკა
გაფრთხილება: თომაშვილი (16), სოსნოვსკი (39), რობერტინიო (43), ოკინკა (75), იონესკუ (89).
გუშინ ეროვნულ სტადიონზე ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო იყო. განახლებული "დინამოს" სანახავად დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მოვიდა და უპირველესად ფანკლუბის დამსახურებით ალექს გარსიას გუნდს ენერგიული ქომაგობა არ მოჰკლებია.
"მილსამისთან" მატჩში "დინამო" ფავორიტად მიიჩნეოდა და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ლოგიკურ გამარჯვებასაც მიაღწია, თუმცა სიხარულთან ერთად ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაგვიტოვა, რაც ზუსტად ისევე იყო სავარაუდო, როგორც მატჩის შედეგი.
კარგია, რომ ევროპის ლიგის საწყის ორ ეტაპზე წილისყრამ, მეტი რომ არ ვთქვათ, არცთუ ძლიერი კლუბები გვარგუნა მეტოქეებად და სანამ მესამე ეტაპამდე მივიდოდეთ, "დინამოს" გასაძლიერებლად დრო და რესურსი ნამდვილად არსებობს.
როცა გუნდი ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებს, შორსმიმავალი დასკვნების გაკეთებისგან ყოველთვის თავი უნდა შეიკავო. რა გასაკვირია, რომ "დინამოს" გარსიას ხელი ჯერ მაინცდამაინც არ ეტყობა, ყველაზე მეტად კი თვალშისაცემი ისაა, რომ გუნდი წინა ხაზში მოიკოჭლებს. სწორედ ამიტომ დაიმატა გარსიამ სამი თანამემამულე და ვნახოთ, მეორე რაუნდში როგორი სახე ექნება ესპანელებით გაძლიერებულ "დინამოს".
ყველაფრის მიუხედავად, გარსიას გუნდმა გუშინ დამსახურებულად გაიმარჯვა, კონტრშეტევებზე მოთამაშე მეტოქე კი დაბალმა საშემსრულებლო ოსტატობამ დააღალატა და ორივე მწვავე მომენტი ქარს გაატანა.
მატჩის დეტალურ აღწერას აღარ შევუდგებით, სტადიონზე მისულმა და ტელეეკრანებთან მსხდომმა გულშემატკივარმა ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა და ამიტომაც ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდებს გავიხსენებთ.
"მილსამის" სამწვრთნელო შტაბის გეგმა, რომელიც უთუოდ გოლის არგაშვებაზე იყო გათვლილი, დებიუტშივე ჩაიშალა - "დინამოს" კუთხურს მოლდოველთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითაც მასპინძელთა შორის ერთ-ერთმა გამორჩეულმა, ნიკა კვეკვესკირმა ისარგებლა და თავისიანები დააწინაურა.
"დინამომ" შეტევები განაგრძო და აქტიურმა მარცხენაფლანგელმა რობერტინიომ ეფექტური დარტყმა ოდნავ ააცილა. მე-16 წუთზე კი, შეიძლება ითქვას, გადავრჩით: ბოგიუ გულვერდ თომაშვილს გასცდა და "დინამოს" მცველი იძულებული გახდა, მეტოქის ფორვარდი აკრძალული ხერხით შეეჩერებინა. ბოგიუ წაბორძიკდა, თორემ წაქცევას აშკარად არ აპირებდა, რადგან გიორგი ლორიასთან პირისპირ გადიოდა. ბოლო იმედის ჯარიმას ჰგავდა, მაგრამ არბიტრმა თომაშვილს ყვითელი ბარათი აკმარა.
პირველი ტაიმის ბოლოს კი ჯერ ადემარმა ჩააფლავა არაზუსტი პასით "მილსამის" სახიფათო კონტრიერიში, შესვენებამდე ერთი წუთით ადრე კი "დინამოს" კაპიტნის, ალექსანდრე კოშკაძის დარტყმა გამოდგა ოდნავ არაზუსტი.
მეორე ტაიმში "დინამოს" უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და კოშკაძემ თანაგუნდელებს ორი ნაღდი საგოლე შანსი შეუქმნა - ჯერ რობერტინიოს დაასწრო მეკარემ, მერე კი ჯიღაურის ძლიერი დარტყმა კარის ბადეს გარედან მოხვდა.
გარსიას გუნდი ერთბურთიან სხვაობაზე მეტს იმსახურებდა და მნიშვნელოვანი გოლიც ვიხილეთ. კვეკვესკირმა ლექვთაძე მოძებნა, რომლის დარტყმულსაც მორარუ ვერ გაუმკლავდა - 2:0
დარჩენილ დროში მნიშვნელოვანი აღარაფერი მომხდარა და "დინამომ" ორჰეიში გამგზავრებამდე საკმაო უპირატესობა დაიბევა.
ასეთი გამოდგა გუშინდელი საღამო, მოლდოველებმა გაძლიერების გზაზე დამდგარ "დინამოს" დიდი ვერაფერი წინააღმდეგობა გაუწიეს და იმის მიუხედავად, რომ ნაადრევად ზეიმი არ ღირს, "მილსამი" ოდნავადაც არ ჰგავს იმ გუნდს, რომელიც თუნდაც არასრულყოფილად მოთამაშე თბილისელებს ორბურთიან ჩამორჩენას აღმოუფხვრის.
სტოიკამ აღიარა, გარსია მეტს ელის
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ორივე მწვრთნელმა მატჩი ლაკონიურად შეაჯამა.
შტეფან სტოიკა: რა მეთქმის, "დინამომ" გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა, სტადიონზე კი საოცარი ვითარება იყო. ევროტურნირებზე ერთი გოლიც ძალიან ბევრს წყვეტს და სამწუხაროა, რომ საკუთარი შანსები ვერ გამოვიყენეთ. არ მივიჩნევთ, რომ ევროპის ლიგას უკვე გამოვეთიშეთ, განმეორებით შეხვედრაშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ალექს გარსია: მატჩის დებიუტში ჩვენი ფეხბურთელები ზედმეტად ნერვიულობდნენ, რაც ტრიბუნებზე ხალხმრავლობითაც იყო გამოწვეული. პირველი ტაიმის ბოლოსკენ "დინამომ" საკუთარი თამაში იპოვა და უკეთ ათამაშდა.
- ფეხბურთელები უბურთოდ ნაკლებად მოძრაობდნენ.
- დაგეთანხმებით. "მილსამი" მჭიდროდ გვეთამაშებოდა და ბურთის დაჭერა იოლი არ იყო. "დინამოს" საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად გარკვეული დრო დასჭირდება.
- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ ახალ "დინამოში" პირველი ოფიციალური მატჩიდან?
- ნორმალური, თუმცა, რასაკვირველია, სასწავლი და დასახვეწი ძალიან ბევრი რამ გვაქვს. კარგია, რომ შემდეგი ეტაპიდან განაცხადში ესპანელ ლეგიონერებს შევიყვანთ, ეს გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"