ქართველთა ევრომეტოქეები - ზოგი იმალება, ზოგი სახლშია, ზოგიც გზაშია

AutoSharing Option
უახლოეს კვირებში ქართველ ქომაგებს მოსაწყენად არ ეცლებათ - ქართულ კლუბებს საევროთასო გამოცდები აქვთ და ვნახავთ, მათგან ვის შესწევს ევროასპარეზზე წარმატების მიღწევა.

ამ ხუთშაბათს "დინამო" და "მეტალურგი" ევროპის ლიგის პირველ ეტაპზე განმეორებით მატჩებს ჩაატარებენ და იმედია, პირველ შეხვედრებში მოპოვებულ უპირატესობას არ გაანიავებენ.

აი, მომავალი კვირა კი საინტერესო მოვლენებით ორმაგად დატვირთული იქნება. თუ "დინამო" და "მეტალურგი" პირველ ბარიერს გადალახავენ, ერთბაშად ოთხ ქართულ კლუბს უნდა ვუქომაგოთ - 13 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში "ზესტაფონი" მოლდოვურ "დაჩიას" უმასპინძლებს, 14 ივლისს კი ევროპის ლიგის
მეორე ეტაპზე ერთბაშად სამი ჩვენი კლუბი ითამაშებს - "დინამო" უელსში "ლანელის" ეთამაშება, "მეტალურგი" პოლონურ "იაგელონიასა" და ყაზახურ "ირტიშს" შორის გამარჯვებულს მიიღებს (პირველი მატჩი პოლონეთში "იაგელონიამ" 1:0 მოიგო), საქართველოს თასის მფლობელი "გაგრა" კი კვიპროსულ "ანორთოსისს" ესტუმრება.

ქართული კლუბების მეტოქეთა შესახებ ინფორმაციას სისტემატურად გაწვდით და მოახლოებული საერთაშორისო მატჩების წინ კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი მოწინააღმდეგეთა ბანაკში მიმდინარე ამბებს. ჯერჯერობით მხოლოდ ქართველთა ამჟამინდელ მეტოქეებზე გიამბობთ, თორემ, რაღა თქმა უნდა, დიდი იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში მომავალ მოწინააღმდეგეებსაც გაგაცნობთ.


ტაბუ 8 ივლისს აეხსნებათ
დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით და "ზესტაფონის" მეტოქე "დაჩიათი", რომელიც საკუთარი ამხანაგური მატჩების შედეგებს კვლავ მკაცრად ასაიდუმლოებს. რამდენიმე დღის წინ კიშინიოვური კლუბის განცხადება გაგაცანით, სადაც "დაჩია" ჟურნალისტებს სთხოვს, თამაშების დახურულ კარს მიღმა ჩატარებაში ხელს ნუ შეგვიშლით, "ზესტაფონთან" წარმატების მისაღწევად ასეა საჭიროო.

როგორც ჩანს, ჩვენი მოლდოველი კოლეგები "დაჩიას" თხოვნას გაგებით მოეკიდნენ და გუნდი აღარ შეუწუხებიათ. შესაბამისად, ვერავინ გაიგო, რა მოხდა "დაჩიასა" და ბულგარულ "ჩერნო მორეს" სპარინგში. ვიცით მხოლოდ ანგარიში - 2:2.

8 ივლისს მოლდოვის სუპერთასია. ჩემპიონი "დაჩია" თასის მფლობელ "ისკრა-სტალს" შეხვდება და ამ მატჩის დეტალებს ვეღარავინ გაასაიდუმლოებს...

სუპერთასამდე კი "დაჩიას" ქართველ ლეგიონერებზე შეგვიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, უფრო ზუსტად კი, მათი აღიარების შესახებ შეგახსენოთ. ლევან კორღალიძე უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა მოლდოვის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, იგი და "ზესტაფონის" კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე დავით გამეზარდაშვილი კი მოლდოველმა ჟურნალისტებმა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

აქვე მათ დახასიათებასაც შემოგთავაზებთ, რომელიც ინტერნეტგვერდ "მოლდფუტბოლშია" გამოქვეყნებული.

კორღალიძის შესახებ: "კორღალიძე-უმცროსმა (მამამისიც ცნობილი ფეხბურთელი იყო) აღიარა, რომ ეს მის კარიერაში საუკეთესო სეზონი იყო. ქართველი ნახევარმცველი "დაჩიას" ნამდვილი ლიდერია, შეტევებსაც უნარიანად ხელმძღვანელობდა და გოლებიც ბლომად გაჰქონდა - 13 ბურთი მისი ამპლუის ფეხბურთელისთვის ჩინებული შედეგია. "შერიფს" კი ულამაზესი გოლიც გაუტანა და უმნიშვნელოვანესიც. შეიძლება ვინმეს სხვა აზრი ჰქონდეს, მაგრამ ვფიქრობთ, ლევანი უეფას საიტმა სამართლიანად აღიარა მოლდოვის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ".

გამეზარდაშვილის შესახებ: "ქართველ გიგანტს "ყვითელი მგლების" შემადგენლობაში დებიუტი აშკარად არ გამოუვიდა (დავითმა ორი პენალტი "აიკიდა" და გააძევეს), მაგრამ მალევე იქცა ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად და ჩემპიონატში 34 მატჩიც ჩაატარა. ამას გარდა, ლიდერული თვისებებიც გამოავლინა და 5 გოლით გუნდის მესამე ბომბარდირიც გახდა. გამეზარდაშვილი თავისი სიმაღლის წყალობით მეტოქის საჯარიმოში სტანდარტებისას პანიკას თესავდა".

ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში "დაჩიადან" ქართველთა გარდა მცველები იური გროშევი და გორან დიმოვსკი და თავდამსხმელი გენადი ორბუ მოხვდნენ.

საუკეთესო მწვრთნელად "დაჩიას" თავკაცი იგორ დობროვოლსკი დაასახელეს, საუკეთესო მმართველად კი - ამავე კლუბის ერთ-ერთი შეფი ადლან შიშხანოვი.
"მილსამის" სიმბოლურში ერთი წარმომადგენელი ჰყავს - თავდამსხმელი გეორგი ბოგიუ.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დაჩიამ" სერბული "ვოივოდინადან" ჩერნოგორიელი ნახევარმცველი იანკო ტუმბაშევიჩი შეიძინა, თუ გავრცელებულ ხმებს ვენდობით, მილიონ ევროდ.


ორჰეიში დიდი მოლოდინია
პატარა ქალაქი ორჰეი "მილსამისა" და "დინამოს" განმეორებით დაპირისპირებას მოუთმენლად ელის. შეგახსენებთ, თავიდან ეს მატჩი კიშინიოვში იყო დანიშნული, მაგრამ ორჰეიში სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება მოასწრეს და 3-ათასიანი არენა ქართველთა სამასპინძლოდ მზადაა. ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულა.

"ორჰეის" ვიცე-პრეზიდენტმა დრაგუშ ჰინკუმ თბილისური მატჩი გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ორბურთიანი სხვაობით მარცხს არ იმსახურებდა. მისი აზრის გაზიარება, ალბათ, გაგვიჭირდება, მაგრამ მაინც მოვუსმინოთ: "მოედანზე განვითარებული მოვლენების კვალობაზე 0:2 ნამეტანია. "დინამო" ნამდვილად ფლობდა უპირატესობას, მაგრამ ასეთ მარცხს მაინც არ ვიმსახურებდით. როგორც ჩანს, ჩვენს ბიჭებს ქართველთა აქტიურმა გულშემატკივრობამ ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნა. დაკარგული არაფერია და ამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ბოლომდე ვიბრძოლებთ", - ამბობს ჰინკუ.


ბანანცი თბილისში დაბანაკდება
"ბანანცი" თბილისისკენ დღეს, დილაუთენია ავტობუსით გამოემართა. კლუბის განცხადებით, რუსთავში კომფორტული სასტუმრო ვერ მოძებნეს და ამიტომაც საქართველოს დედაქალაქში დაბინავდებიან. ერევნელებს "მეტალურგთან" განმეორებით მატჩში ტრავმების გამო ნახევარმცველი ვალტერ პოღოსიანი და უკრაინელი მცველი იარემ კავაცივი ვერ დაეხმარებიან. "ბანანცი" საქართველოში 19 ფეხბურთელით ჩამოდის.

სომხეთში ოთხწრიანი ჩემპიონატის მეორე წრე დასრულდა და 23 ივლისამდე შესვენება გამოცხადდა. "ბანანცი" რვაგუნდიან პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილზე დარჩა.


ანორთოსისი ფრეებს დაეჩვია
ფამაგუსტას "ანორთოსისმა" ბოლო დღეებში ავსტრიულ შეკრებაზე ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. სტანიმირ სტოილოვის გუნდმა დონეცკის "მეტალურგთან" 3:3 ითამაშა. გოლები მარანგოსმა, რეზეკმა და ვუჩიჩევიჩმა გაიტანეს.

"ანორთოსისმა" ამ შემადგენლობით ითამაშა: კოზაჩიკი, ლევაკადესი (66. ანვიჩი), იანიციო, ტომაშიჩი, ანგელოვი, მარანგოსი (60. ოკასი), ვუჩიჩევიჩი, რეზეკი (72. სიკრისი), ლაბორდე (46. კომენი), რამოსი (46. რონკატო), შპროკელი.

ფამაგუსტელებმა მეორე სპარინგი რუმინულ "ტარგუ მურეშთან" 0:0 დაასრულეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული