მანოლო ხიმენესი: 1:0 1:1-ს სჯობია

AutoSharing Option
ათენის აეკ-ი თბილისში გუშინ, 24 აგვისტოს 12:30-ზე ჩამოვიდა ჩარტერული რეისით. ბერძენთა მთავარი მწვრთნელი მანოლო ხიმენესი საპასუხო მატჩში ვერ დაეყრდნობა ტრაიანოს დელასს, რომელსაც პირველ შეხვედრაში კუნთი დაეჭიმა.

აეკ-მა 20 საათზე ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშა, მანამდე კი მანოლო ხიმენესმა პრესკონფერენცია გამართა.

მანოლო ხიმენესი:
- ძალიან მძიმე თამაშს ველი. შესაძლოა, ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტოს. ასე რომ, როგორც პროფესიონალები, ვალდებულნი ვართ, შედეგზე ვითამაშოთ.

- შანსებს როგორ აფასებთ?
- ჩვენ უკვე მოვიგეთ პირველი შეხვედრა და გოლიც არ გაგვიშვია. თუმცა 1:0 ისეთი ანგარიშია, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასვლის
გარანტიად ვერ გამოდგება. 90 წუთი უმძიმესი ბრძოლა გველის და საამისოდ მზად ვართ.

- "დინამოსგან" ასეთ წინააღმდეგობას ელოდით?
- ველოდი, რადგან კარგად ვიცოდი, რომ კარგ, ევროპული დონის გუნდს ვხვდებოდით, რომელსაც სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. იმედია, ჩვენც ასევე გვაფასებთ.

- რატომ გაუჭირდა აეკ-ს პირველი მატჩის მოგება, 1:0 დამაკმაყოფილებელი შედეგია?
- ასეთ დაპირისპირებებში მთავარი საპასუხო შეხვედრებია. იმიტომ ვერ მოვიგეთ უფრო დიდი ანგარიშით, რომ ძნელი თამაში იყო. ვერც იმას ვიტყვი, რომ 1:0 დამაკმაყოფილებელი შედეგია, თუმცა 1:1-ს და 0:0-ს ნამდვილად სჯობია. 2:0 მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ მატჩის მიწურულს მსაჯმა გოლი არ ჩაგვითვალა.

- "დინამოსაც" ესპანელი, ალექს გარსია წვრთნის. მასთან თუ გქონიათ ადრე ურთიერთობა?
- მახსოვს, რომ "ბარსელონას" მეორე გუნდს წვრთნიდა და ძალიან კარგად იმუშავა. მე მაშინ "სევილიას" მეორე გუნდს ვავარჯიშებდი, მთავარი გუნდი შემდეგ ჩამაბარეს. მართალია, ერთმანეთის წინააღმდეგ არასოდეს გვითამაშია, მაგრამ ვიტყვი, რომ კარგი მწვრთნელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული