ბრიუგე-ზესტაფონი 2:0
1:0 აკპალა (7), 2:0 აკპალა (27, რაფაელოვის პასით)
ბრიუგე ზესტაფონი
4-4-2 4-4-2
კუსემანსი რ. კვასხვაძე
ჰოფკენსი ალადაშვილი
დონკი კობახიძე
ალმებეკი გ. ონიანი
ჰოგლი ელიავა
ოჯიჯა აფციაური
ზიმლინგი ძარია
ვასკესი გორგიაშვილი
დირარი გრიგალაშვილი
რაფაელოვი დვალი
აკპალა გელაშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი
ა. კოსტერი გ. ჭიაბრიშვილი
ბრიუგე
65. ვასკესი - ბლონდელი
71. აკპალა - მუნიე
78. ოჯიჯა - ვან აკერი
სათადარიგოები: დოსტი, ლესტიენი, დეშილდერი, ვანსტეენკისტე
ზესტაფონი
33. ძარია - ბენაშვილი
44. ალადაშვილი - საჯაია
57. აფციაური - წინამძღვრიშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, თ. ღონღაძე, ბაბუნაშვილი, ლომია
გაფრთხილება: ძარია (21), ვასკესი (22), ონიანი (24),
არბიტრი: ტ. ასუმაა (ფინეთი)
"ბრიუგე" წყვილის ფავორიტიც იყო და კონკრეტულად გუშინდელი მატჩისაც, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ "ზესტაფონი" თავის წილ შანსს შედეგიანად გამოიყენებდა. სამწუხაროდ, ჩვენს იმედებს ცივი წყალი გადაევლო, "ბრიუგესთან" თბილისში ჩატარებული მეორე ტაიმი წლევანდელ ევროსარბიელზე "ზესტაფონის" ბოლო გაბრწყინება აღმოჩნდა.
თუ დღისით ქალაქში ფეხბურთის ასოციაციას საერთოდ არაფერი იწვევდა, საღამოსკენ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - "ბრიუგეს" მაისურებში გამოწყობილი დიდ-პატარა ფეხით, ველოსიპედებითა თუ ავტომობილებით ხალისიანად დაიძრა სტადიონისკენ და ფეხბურთი ბრიუგეს ისტორიულ ნაწილშიც კი, სადაც ტურისტების სიმრავლეა, უმთავრეს მოვლენად იქცა.
ტრიბუნები თითქმის მთლიანად შეივსო, "ბრიუგეს" გულშემატკივრებმა კი "იან ბრეიდელზე" თავი უფრო მეტად მოგვაწონეს, როცა საყვარელ გუნდს ჯერ საყოველთაოდ ცნობილი You never walk alone-თი შეეგებნენ, მერე კი მთელი მატჩის განმავლობაში ხმაშეწყობილად უჭერდნენ მხარს. "ზესტაფონს" საქართველოს დროშებისა და "ქართული სპორტის ქომაგების" მიერ თბილისიდან გაგზავნილი დიდი ბანერის მეშვეობით ბელგიაში მცხოვრებმა ორასამდე ქართველმა უქომაგა და როცა ბელგიელი ფანები "წუთშესვენებას" იღებდნენ, სტადიონზე "ზესტაფონის" სახელი გარკვევით ისმოდა. "ბრიუგეს" გულშემატკივართა სასახელოდ ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველთა შეძახილებს სტვენით არ ახშობდნენ.
"ბრიუგეს" გუშინდელი სასტარტო შემადგენლობა პირველი მატჩის იდენტური იყო, "ზესტაფონის" ძირითადში კი ორი ცვლილება მოხდა - გია ჭიაბრიშვილმა დაცვის მარჯვენა ფლანგზე თემურ ღონღაძეს კახა ალადაშვილი ამჯობინა, დისკვალიფიკაციამოხდილმა გიორგი ონიანმა კი დაცვის ცენტრში ედიკ საჯაია ჩაანაცვლა.
მატჩი "ბრიუგეს" წამლეკავი უპირატესობით დაიწყო. ქართველებმა ბელგიელების მიერ შეთავაზებულ ზემაღალ ტემპს ფეხი ოდნავადაც ვერ აუწყვეს და განადგურების რეალური საფრთხის წინაშე თავიდანვე დავდექით. მასპინძლებმა საწყის ორ წუთში ორი კუთხური მოაწოდეს, მესამე წუთზე ხარიხამ გვიხსნა, მეშვიდეზე კი მოსახდენი მოხდა - ჯოზეფ აკპალამ მამუკა კობახიძისა და ზაალ ელიავას უხეში შეცდომით ისარგებლა და "ბრიუგე" დააწინაურა.
თუმცა ისევ აკპალას უნდა ვუმადლოდეთ, უფრო დიდი ანგარიშით რომ არ დავმარცხდით. მარტო პირველ ტაიმში მან სამი ძალიან ხელსაყრელი საგოლე შანსი გაანიავა.
"ზესტაფონის" შემადგენლობიდან კი ქების ღირსი მხოლოდ როინ კვასხვაძეა. ახალგაზრდა მეკარემ, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა კარის ხაზზე საიმედო თამაშით, გუნდი არაერთხელ იხსნა, შეხვედრის მიწურულს "მკვდარი ბურთიც" მოიგერია და ქართველთაგან დადებითი შეფასებაც მხოლოდ მისი მისამართით გვემეტება.
ჭიაბრიშვილმა პირველ ტაიმში ორი ცვლილება განახორციელა - პირველით შეტევის გაძლიერება, მეორით კი დარბეული დაცვის გამთელება სცადა. ორივე ამოცანა ნაწილობრივ განხორციელდა.
41-ე წუთზე გატანა ჩვენც შეგვეძლო. ალექსი ბენაშვილის პასით ნიკოლოზ გელაშვილი, ფაქტობრივად, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ არც დარტყმა გამოუვიდა, არც ბურთის თავზე გადაგდება და კუსემანსმა საფრთხე იოლად გაანეიტრალა.
მეორე ტაიმში "ზესტაფონი" შედარებით უკეთ ათამაშდა, ტემპიც გაზარდა და მეტოქის ნახევარსაც გაუშინაურდა. "ბრიუგეს" განსაკუთრებული უპირატესობა აღარ ჰქონდა, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, აღარც სჭირდებოდა.
მეორე ნახევრის საწყის წუთებში "ზესტაფონმა" "ბრიუგეს" ორჯერ "უჩხვლიტა" - ჯერ ჯაბა დვალის დარტყმა მოიგერია ბელგიელთა მეკარემ, მერე კი დვალი გელაშვილის ფლანგურ გადაცემას შედეგიანი თავურით შეეგება - ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რის თაობაზეც ვიდეოჩანაწერის ნახვამდე კომენტარს ვერ გავაკეთებთ.
"ბრიუგე" უშანსოდ არც მეორე ტაიმში ყოფილა და მისმა ფეხბურთელებმა ხელსაყრელი პოზიციიდან ოთხჯერ ააცილეს, რაც, დაგვეთანხმებით, მაღალ კლასზე არ მიუთითებს.
ბოლო ათი წუთი ქართველებმა ათი მოთამაშით ჩაატარეს - რატი წინამძღვრიშვილმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, შეცვლათა ლიმიტი კი იმ დროისთვის ამოწურული გვქონდა.
"ზესტაფონს" ცდა არ დაუკლია, მაგრამ ანგარიში ვერ "დაასველა", თუმცა პირველ ტაიმში ისიც წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, განადგურებას თუ გადავურჩებოდით.
ფეროელებისთვის ევროსეზონი დასრულებულია. რა გვეთქმის - ჩვენი ჩემპიონი დამარცხდა მეტოქესთან, რომელიც მასზე საგრძნობლად ძლიერი აღმოჩნდა და თუკი თბილისში სისუსტეები გვიჩვენა, სამშობლოდან მწარე მარცხნაწვნევები გამოგვიშვა.
ცხოვრება გრძელდება და "ზესტაფონი" შინაურ საქმეებზე გადაერთვება, წლევანდელი ევროგამოსვლა კი ფეროელებს მაინც დადებითად უნდა შევუფასოთ - "ზესტაფონმა" ხომ ევროპის ლიგის პლეი ოფამდე პირველად მიაღწია.
ლევან ჯანეზაშვილი ბრიუგედან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"