8 მარტს ევროპის კონტინენტზე, ლისაბონიდან ხარკოვამდე, ევროპალიგის პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართება.
წლევანდელ გათამაშებას უთუოდ შემატა პრესტიჟი პლეი ოფში ისეთი გუნდების ყოფნამ, როგორიც მანჩესტერული გრანდებია. 8 დაპირისპირებიდან ოლდ ტრეფორდულს გამოვარჩევთ. მანჩესტერში ერთმანეთს ორი საუკეთესო ლიგის წარმომადგენლები, "იუნაიტედი" და ბილბაოს "ატლეტიკი" დაუპირისპირდებიან. ამ მატჩამდე 2 საათით ადრე მანჩესტერის მეორე კლუბი, "სიტი" ლისაბონში "სპორტინგს"
"პორტუ", წინა გათამაშების გამარჯვებული, სწორედ "მანჩესტერ სიტიმ" გამოთიშა და ახლა ჯერი მეორე პორტუგალიურ კლუბზეა.
მას შემდეგ, რაც უეფას თასი ევროპალიგად იქცა, პირველი ჩემპიონი "ატლეტიკო" გახდა. მადრიდელები დღეს სტამბულის "ბეშიქთაშს" მასპინძლობენ.
"ვალენსია" "მესტალიაზე" პსვ-ს მიიღებს. ჰოლანდიაში ორი თამაშია: "ტვენტე" ლევან ყენიას (ოღონდ ქართველის გარეშე მოასპარეზეს, ყენია ევროპალიგის განაცხადში შეყვანილი არაა) "შალკეს" დაუხვდება, ხოლო ალკმაარის აზ იტალიურ "უდინეზეს" მასპინძლობს. "სტანდარდი" გერმანულ "ჰანოვერს" მასპინძლობს, ხოლო "მეტალისტი" ევროპის ჩემპიონატისთვის აშენებულ ახალ სტადიონზე პირეოსის "ოლიმპიაკოსს" დაუხვდება.
არის თუ არა სიტი უნაკლო?
რობერტო მანჩინის "სიტი" სწორედაც უნდა უფრთხოდეს "სპორტინგს" - ისტორიას თუ დავიხმართ, ეს ის გუნდია, რომელმაც მანჩესტერის მეორე გრანდს, "იუნაიტედს" სარეკორდო ევრომარცხი მისსავე "ოლდ ტრეფორდზე" აგემა - 1963/64 წლების თასების მფლობელთა თასზე 5:0 მოუგო.
ბუნებრივია, დღევანდელ "სპორტინგს" ამასთან კავშირი ნაკლებად აქვს, თუმცა ინებეთ სტატისტიკა, რომელიც დამაფიქრებელი უნდა იყოს მანჩინისა და კომპანიისთვის - 9 ევროთამაშია "სპორტინგი" შინ არ მარცხდება. რომელ წაგებაზეა ლაპარაკი, 9-იდან 8 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.
მოკლედ, თეთრ-მწვანე "სპორტინგი" შინ ლამის უძლეველია და ამ გუნდს ინგლისელებთან თამაში ურიგოდ არ გამოსდის.
ამ დაპირისპირების წინ უეფას ოფიციალურ საიტს ინგლისში ნათამაშები ემილიანო ინსუა ესაუბრა. ლისაბონელთა 23 წლის არგენტინელი მარცხენა მცველი მიიჩნევს, რომ პრემიერლიგის ლიდერი "მანჩესტერ სიტი" სულაც არ არის დაუმარცხებელი ოპონენტი:
"სიტი ძლიერი მეტოქეა. მას საოცნებო სეზონი აქვს, რასაც ყველა გულშემატკივარი ხედავს. მანჩინის გუნდი ბრწყინვალე შემსრულებლებით არის დაკომპლექტებული, განსაკუთრებით შეტევის ხაზში. თუმცა "სიტი" სულაც არ არის უნაკლო. მას წაუგია ამ სეზონში. ჩვენც გამოვიყენებთ ჩვენს შანსებს".
ურთიერთშეხვედრები: ეს გუნდები ევროთასებზე ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან. 2010 წლის ზაფხულში მათ ნიუ იორკში ამხანაგური მატჩი ითამაშეს, იანიკ ჯალოს დუბლით "სპორტინგმა" 2:0 იმარჯვა. ჯალო ახლა "სპორტინგის" დაუძინებელი მტერის, "ბენფიკას" ფეხბურთელია.
სპორტინგი და ინგლისური კლუბები: 8 მოგება, 6 ფრე, 6 წაგება.
სიტი და პორტუგალიური კლუბები: 3 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება.
ფაქტები
* ეს მატჩი "სპორტინგისთვის" 250-ეა ევროსარბიელზე.
* "სიტის" სერხიო აგუერომ და "სპორტინგის" ემილიანო ინსუამ 2007 წელს ერთად მოიგეს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში.
* ინსუამ ხუთი სეზონი ინგლისში, კერძოდ კი, "ლივერპულში" გაატარა.
* "სიტის" ფორვარდ ედინ ჯეკოს ცუდად ახსოვს ლისაბონი. ბოლოს აქ მან ნოემბერში ითამაშა ბოსნიის ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც 2:6 წააგო პორტუგალიასთან და ევრო 2012-ზე თამაშის შანსი დაკარგა.
* მანჩინის "ინტერმა" 2006/07 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შინ 1:0 მოუგო "სპორტინგს", ლისაბონში კი ასეთივე ანგარიშით წააგო.
სავარაუდო შემადგენლობები
სპორტინგი: პატრისიო - არიაში, პოლგა, შანდაო, ინსუა - კარიკო, სხაარსი, ფერნანდეში - იზმაილოვი, რიბასი, კაპელი.
სიტი: ჰარტი - კ. ტურე, კომპანი, ლესკოტი, კლიში - მილნერი, დე იონგი, ბერი - სილვა, ჯეკო, აგუერო.
დისკვალიფიკაცია: ი. ტურე (სიტი)
ტრავმა: ვან ვოლფსვინკელი, ონიევუ, ა. როდრიგესი, რინაუდო - რიჩარდსი
კაცი, რომელმაც ყველაფერი იცის
"ტვენტეს" ინგლისელმა მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა ერთხელ უკვე დაამარცხა "შალკე" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე. ასე რომ, ის ოპტიმიზმით აღსავსეა, მით უფრო ჰოლანდიის ჩემპიონატში პსვ-ს 6:2 განადგურების შემდეგ. თუმცა "შალკე" ევროსარბიელზე ბრწყინვალე ფორმაშია - ბოლო 9 თამაშია არ წაუგია (6 მოგება, 3 ფრე).
ურთიერთშეხვედრები: ერთადერთხელ, 2008/09 წლების უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე, მაკლრენის "ტვენტემ" ფრედ რუტენის "შალკე" 2:1 დაამარცხა. ენსხედეელთაგან გოლები რობ ვიელაერტმა და კენეთ პერესმა გაიტანეს, გერმანელთაგან - ჯერალდ ასამოამ. იმ თამაშის მონაწილეთაგან 3-3 შემორჩა გუნდებს: ბოსხკერი, დუგლასი, ბრამა (ტვენტე), ჰიოვედესი, ჯონსი, ფარფანი (შალკე).
შალკე და ჰოლანდიური კლუბები: 2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება.
ტვენტე და გერმანული კლუბები: 3 მოგება, 5 ფრე, 7 წაგება.
ფაქტები
* "შალკეს" ფორვარდი კლაას-იან ჰუნტელაარი 6 გოლით გათამაშებას შემორჩენილ მეგოლეთა შორის პირველია, მაგრამ ამ შეხვედრაში ის კონტუზიის გამო ვერ ითამაშებს.
* ჰუნტელაარს 5 ჰოლანდიურ კლუბში უთამაშია.
* კო ადრიაანსე იანვარში მოხსნეს და "ტვენტეში" ისევ მაკლარენი დაბრუნდა.
* "ტვენტეს" მწვრთნელის ასისტენტი იური მიულდერი 9 წლის განმავლობაში "შალკეში" თამაშობდა. იქაც იყო მწვრთნელის თანაშემწე და ცოტა ხანი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელიც. მოკლედ, ეს ის კაცია, რომელმაც ყველაფერი იცის, რა ხდება ორივე გუნდში.
სავარაუდო შემადგენლობები
ტვენტე: მიჰაილოვი - კორნელისი, დუგლასი, ვიზგერჰოფი, როსალესი - ფერი, იანსენი, ბრამა - ჩადლი, დე იონგი, ჯონი.
შალკე: ჰილდებრანდი - უჩიდა, მატიპი, პაპადოპულოსი, ფუხსი - ჰოგერი, ჯონსი - ობასი, რაული, ფრაქსლერი - მარიკა.
დისკვალიფიკაცია: ფარფანი (შალკე)
ტრავმა: ლნდზაატი, რენდლა, ვერჰოეკი - ჰუნტელაარი, ჰიოვედესი, მეტცელდერი, ჰოლტბი (?)
ის, რაც არასოდეს მომხდარა...
ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ეს გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ დადგნენ - 50 წელი. სერ ალექს ფერგიუსონს ძალიან სურს ევროპალიგის მოგება. ამ შემთხვევაში "იუნაიტედი" მეოთხე კლუბი გახდება, რომელსაც ევროპის სამი დიდი ტურნირი მოუგია, "იუვენტუსის", "აიაქსის" და "ბაიერნის" შემდეგ.
ურთიერთშეხვედრები: 1957 წელს, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში, "ბილბაომ" 5:3 მოუგო მეტ ბასბის "იუნაიტედს", მაგრამ საპასუხო მატჩში "მეინ როუდზე" (რომელიც "სიტის" საშინაო არენაა) ინგლისელებმა 3:0 მოიგეს. სხვათა შორის, ბასკურ კლუბს ინგლისში მატჩი არ მოუგია.
იუნაიტედი და ესპანური კლუბები: 11 მოგება, 17 ფრე, 13 წაგება.
ბილბაო და ინგლისური კლუბები: 3 მოგება, 4 ფრე, 7 წაგება.
ფაქტები
* "იუნაიტედის" წინა მატჩი "აიაქსთან" ერთადერთია, რომელშიც ინგლისური გრანდი შინ დამარცხდა ევროპალიგის (და უეფას თასის) ისტორიაში.
* "ბილბაო" ევროთასებზე მე-80 მატჩს მართავს.
* უეფას თასზე ბოლოს "იუნაიტედმა" 1992/93 წლების სეზონში ითამაშა. და, ჰოი საოცრებავ, იმ შემადგენლობიდან ორი კაცი (გიგზი, სქოულზი) ახლაც გუნდშია.
* ბილბაოს მცველმა მიკელ სან ხოსემ სამი სეზონი გაატარა "ლივერპულში", მაგრამ პირველ გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა.
სავარაუდო შემადგენლობები
იუნაიტედი: დე ხეა - ფაბიო, სმოლინგი, ფერდინანდი, ევრა - ნანი, კერიკი, გიგზი, პარკი - ერნანდესი, რუნი.
ბილბაო: ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ეკიზა, აურტენეჩე - ხ. მარტინესი, ანდერი - სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი - ფ. ლორენტე.
ტრავმა: ვალენსია, კლევერლი - ოსიო, გურპეგი, კასტილიო.
ითამაშე, ათამაშე
პსვ-ს მწვრთნელ ფრედ რუტენს მოსწონს, რომ მერვედფინალში "ვალენსია" დაეჯახა და აი, რატომ: "ვალენსიას" უყვარს შეტევა. ის ფეხბურთს თამაშობს და სხვასაც აძლევს ამის საშუალებას. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს გუნდზეც - მოკლედ, ძალიან კარგი ორი შეხვედრა ელის გულშემატკივარს".
ურთიერთშეხვედრები: 1999/2000 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. ეინდჰოვენში 1:1 დასრულდა, ხოლო ვალენსიაში 1:0 ესპანელთა სასარგებლოდ. ამ სეზონში ექტორ კუპერის "ვალენსია" ფინალში გავიდა. ვალენსიელთა ორივე გოლი კლაუდიო ლოპესმა გაიტანა, პსვ-დან - რუუდ ვან ნისტელროიმ. ორივე გუნდი ახლახან, სეზონისწინა შეკრებაზე შეხვდა ერთმანეთს - ივლისში ავსტრიაში პაბლო პიატისა და არიც ადურისის გოლებით "ვალენსიამ" 2:0 მოიგო.
ვალენსია და ჰოლანდიური კლუბები: 3 მოგება, 5 ფრე, 0 წაგება.
პსვ და ესპანური კლუბები: 4 მოგება, 9 ფრე, 9 წაგება.
ფაქტები
* პსვ ამ სეზონში ევროპალიგაში ყველაზე ხშირად ურტყამს მეტოქის კარში ზუსტად - 53. ჰოლანდიელები აწოდებენ ყველაზე მეტ კუთხურსაც - 52.
* "ვალენსიას" ორჯერ ჰყავდა ჰოლანდიელი მწვრთნელი, გუუს ჰიდინკი და რონალდ კუმანი.
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია: გუაიტა - ბრუნო, რამი, რუისი, მატიო - თოპალი, ტ. კოსტა - ფეგული, ჟონასი, ალბა - სოლდადო.
პსვ: ისაკსონი - მანოლევი, მარსელო, ბოუმა, პიეტერსი - ვინალდუმი, სტროოტმანი - ლაბიადი, ტოივონენი, მერტენსი - მატავჟი.
ტრავმა: ბანეგა, კანალესი, მადურო, მიგელი (ვალ)
ყოჩაღი ჰოლანდიელები და ყოჩაღი იტალიელები
აზ ერედივიზიეს ლიდერია, "ბიანკონერი" იტალიაში ყოჩაღობს, მე-4 ადგილზეა. სხვათა შორის, "უდინეზეს" ევროსარბიელზე ჰოლანდიური კლუბისთვის ჯერ არ მოუგია. ხერტიაბ ვერბეეკს ყველა ძირითადი ფეხბურთელი ჯანზე ჰყავს, მაშინ, როცა სტუმრებს მაურისიო ისლა, ალმენ აბდი და ემანუელ აგემიანგ-ბადუ დააკლდებათ.
სავარაუდო შემადგენლობები
აზ: ალვარადო - მარსელისი, მოისანდერი, ვიერგევერი, პოულსენი - ელმი, მარტენსი, მაჰერი - ბეერენსი, ალტიდორი, ჰოლმანი.
უდინეზე: ჰანდანოვიჩი - ბენატია, დანილო, დომიცი - ბასტა, ფერნანდესი, ასამოა, პაციენცა, არმერო - ფლორო ფლორესი - დი ნატალე.
გოლს არ იზეიმებს
"ატლეტიკო" "ვისენტე კალდერონზე" დაუხვდება გუნდს, რომელსაც ესპანურ მიწაზე ჯერ არ მოუგია - თურქულ "ბეშიქთაშს". მასპინძლებს არ ეყოლებათ ანტონიო ლოპესი, დიეგო და არდა თურანი. პაულო ასუნსაო დისკვალიფიცირებულია. სტუმრებს კორკმაზი და ჰილბერტი არ ეყოლებათ.
სტუმართა რიგებში თამაშობს "ატლეტიკოს" ყოფილი ნახევარმცველი სიმაო საბროზა, რომელმაც თქვა, რომ გოლის გატანის შემთხვევაში "ვისენტე კალდერონზე" არ იზეიმებს.
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო: კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - სუარესი, ტიაგო - ადრიან ლოპესი, გაბი, კოკე - ფალკაო.
ბეშიქთაში: გონენი - თორამანი, შივოკი, სიდნეი, გულუმი - კავლაკი, ერნსტი, უისალი - კვარეჟმა, სიმაო - ალმეიდა.
ბელგიასა და უკრაინაში
საოცარია, მაგრამ "სტანდარდი" და "ჰანოვერი" ამ სეზონში მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს - ისინი ხომ ჯგუფურ ეტაპზეც ერთად იყვნენ. რაც ჯგუფური ეტაპი დაიწყო, "მეტალისტის" გამჩერებელი ძნელი მოსაძებნია - 23 გოლი 8 თამაშში! ხარკოველთა მეტოქე "ოლიმპიაკოსს" კი ბოლო ხუთი მატჩი აქვს მოგებული ევროასპარეზზე.
8 მარტი
ატლეტიკო-ბეშიქთაში 22:00
მეტალისტი-ოლიმპიაკოსი 22:00
სპორტინგი-მან. სიტი 22:00
ტვენტე-შალკე 22:00
ალკმაარი-უდინეზე 00:05
მან. იუნაიტედი-ბილბაო 00:05
სტანდარდი-ჰანოვერი 00:05
ვალენსია-პსვ 00:05
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"