ჯო კოული - გოლი ოცდამეხუთე წამზე

AutoSharing Option
ჯო კოულიმა "ლივერპულს" ევროპის ლიგაში საოცარი სტარტი აჩუქა - "ჩელსიდან" "ენფილდ როუდზე" ახალგადასულმა ვარსკვლავმა "სტიტუას" 25-ე წამზე (!) გაუტანა გოლი, რომელიც მერსისაიდულ გუნდში მისთვისაც პირველი იყო. კოულისთვის ეს გოლი ორმაგად სასიხარულო გამოდგა, რადგან გეხსომებათ, წითელი მაისურით სეზონი უიღბლოდ დაიწყო – "არსენალთან" პირველსავე შეხვედრაში გააძევეს მოედნიდან. ახლა უიღბლობა იღბლით შეიცვალა: ბუქარესტის გუნდთან თამაში ხეირიანად დაწყებულიც არ იყო, რომ მეტოქის ცენტრალური მცველი ოქტავიან აბდურანი საშინლად შეცდა, კოულს საგოლე პასი მიაწოდა და მანაც საჩუქრით ისარგებლა.
მატჩის შემდეგ კმაყოფილმა ვარსკვლავმა განაცხადა: ~ერთი თვე ფეხბურთი
ვერ ვითამაშე, რამაც ჩემზე ძალიან დამთრგუნველად იმოქმედა, მაგრამ ცუდი პერიოდი კარგმა შეცვალა და აი, "ლივერპულის" მაისურით პირველი გოლიც შევაგდე. არადა, დისკვალიფიკაცია თითქოს საუკუნეები გაგრძელდა. აქამდე ევროთასებზე გოლი არასდროს გამეტანა, ასე რომ როგორც პირადად მე ასევე მთელ გუნდს ჩინებული სტარტი გამოგვივიდა.
წარმატებას რომ მიაღწიო საშინაო თამაშები უნდა მოიგო. ჩვენც ასე მოვიქეცით, თან 4:1 ძალიან შთამბეჭდავი ანგარიშია. შინ გუნდმა სამ შეხვედრაში რომ გაიმარჯვოს და ერთიც სტუმრად ფრედ დაასრულოს, ჯგუფიდან გასულია".
გახარებული ფეხბურთელის ნათქვამს მერსისაიდელთა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა თავის მხრივ დაამატა:
"ჯომ ამ შეხვედრაში განა მარტო გოლი გაიტანა, არამედ მთელი შეხვედრა ძალიან ცოცხლად ჩაატარა~.
ჰოჯსონმა ამ შეხვედრაში წინა თამაშთან შედარებით რვა ფეხბურთელი შეცვალა. მან "სტიაუას" წინააღმდეგ არც სტივენ ჯერარდი და ფერნანდო ტორესი ათამაშა, რაც ასე ახსნა:
"გამორიცხულია ჯერარდსა და ტორესს გამუდმებით კვირაში სამჯერ მოსთხოვო მოედანზე გასვლა".
მითუფრო, როდესაც კვირას "მანჩესტერ იუნაიტედთან" აქვს სათამაშო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული