ჩიხურა-თუნი 1:3 - რა ძნელია მარტივი თამაში [VIDEO]

AutoSharing Option
ერთი კარგი ფილმია, რომელიც ქართულად სახალისოდ თარგმნეს - "შტანგა, გოლი!" იქ არის ასეთი ეპიზოდი: ფილმის გმირი ბურთს ვერ ელევა და დროული გადაცემები უჭირს.

მწვრთნელმა მისი მორჯულება გადაწყვიტა: ვარჯიშზე ბურთი ორჯერ შორს გადაუგდო და სთხოვა, დასწეოდა. ცხადია, ფეხბურთელმა ეს ვერ მოახერხა და მერე აუხსნა - ბურთი ყოველთვის შენზე სწრაფად მოძრაობს, დაივიწყე ადგილზე "მატაობა", დროულად გადააწოდე და შეტევას არ შეაყოვნებო.

სწორედ ეს ზედმეტი მოძრაობები და ბურთის უაზროდ დაყოვნებები იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, 25 ივლისს საჩხერის "ჩიხურამ" შეტევები რომ ვერ განავითარა და წააგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ერთი შეხედვით, საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავდა - შვეიცარიული "თუნი", მაგრამ პირველ ტაიმში "ჩიხურა" მეტოქეზე არანაკლებად გამოიყურებოდა. თამაშიც კარგად დაიწყო: უკვე მე-5 წუთზე მეტოქის საჯარიმოსთან დანიშნული ჯარიმა გიორგი რეხვიაშვილმა შეასრულა და ბურთი ცხრიანში ჩაახვია.

Sportall.Geმართალია, მერე რამდენჯერმე დაცვაში უყურადღებოდ ვითამაშეთ და კინაღამ დავისაჯეთ, მაგრამ "ჩიხურამ" მალე საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა.

ჩვენები ბურთს და თამაშის ტემპს აკონტროლებდნენ. შეტევებსაც საკმაოდ კარგად ამწვავებდნენ. მეტოქის კარის აღებას ცდილობდნენ რეხვიაშვილი, შოთა კაშია, ახლოდან გიორგი დათუნაიშვილმა ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.

კარგი სანახავი იყო ჯაბა ჯიღაურის წამოწყებული შეტევა, რომელიც რატი წინამძღვრიშვილმა მარჯვენა ფლანგზე გიორგი დათუნაიშვილს გადააწოდა, მან კი საჯარიმოში ბესიკ დეკანოიძე მოძებნა, მაგრამ შვეიცარიელთა მცველი ამ უკანასკნელს ფეხებში ჩაუვარდა, ბურთი კუთხურზე მოიგერია და თავისიანები მეორე გოლს გადაარჩინა.

საჩხერელებმა გაილაღეს და ეტყობა, მოგება ნაადრევად ირწმუნეს. "თუნს" ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ გაცილებით მარტივად და გასაგებად თამაშობდა. ფეხბურთი კი სწორედ მარტივი თამაშია.

...ანგარიში ტაიმის ბოლო წუთზე გათანაბრდა: მარცხენა ფლანგიდან ენრიკო სკირინცის ჩაწოდებული ბურთის მოსაგერიებლად მეკარე გიორგი სომხიშვილი გამოვარდა და მცველს დაუყვირა - "გაატარე". ეტყობა, ვაჟა ლომაშვილმა ვერ გაიგო და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

საჩხერელებმა მეორე ტაიმიც შეტევებით დაიწყეს. წესით, წინამძღვრიშვილის წაქცევისთვის პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა, მაგრამ არბიტრმა რეაგირება არ მოახდინა და მერე გამოჩნდა, რომ მასპინძლები საბოლოოდ გატყდნენ.

50-ე წუთზე მარცხნიდან ბურთი საჯარიმოში ისევ სკირინციმ ჩაახვია. მცველებს "დაეძინათ" და მარტინესმა ახლო მანძილიდან გაიტანა - 1:2.

მალე სტუმრებმა კიდევ ერთი საგოლე მომენტი შექმნეს. "ჩიხურას" მეკარე თანაგუნდელების ინერტულობამ ისე გაამწარა, კარიდან გამოვარდა და დაიყვირა, რაზეც რეხვიაშვილი შეეპასუხა. ემოციებისთვის მერე ერთმანეთს კი მოუბოდიშეს, მაგრამ გვიანი იყო - მსაჯმა ორივეს ყვითელი ბარათი აუფრიალა.

საჩხერელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ: დავით ოდიკაძემ საჯარიმო კარგად შეასრულა, მაგრამ მეკარე დავიდ მოზერმა საუცხოო რეაქცია გამოავლინა.

მატჩის ბოლოს ბესიკ დეკანოიძემ მეტოქეს საჯარიმოში ულამაზესი მოძრაობით თავბრუ დაახვია, მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მარტივი დარტყმის ნაცვლად, რაღაც მოიგონა და მოზერმა ბურთი იოლად აუღო.

საბოლოო ანგარიში "თუნმა" ფლანგური შეტევის შემდეგ დააფიქსირა: მარჯვნიდან დავიდ ფრეიმ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, მარკო შნოივლმა ყველას დაასწრო და - 1:3.

მატჩის შემდეგ
ურს ფიშერი ("თუნის" მთავარი მწვრთნელი):
"დასაწყისში გაშვებული ბურთის შემდეგ საკმაოდ გაგვიჭირდა, მაგრამ მერე თამაშის გარდაქმნა მოვახერხეთ. ცხადია, ავტოგოლმაც საჩვენოდ იმოქმედა. პირველ მატჩშიც ვაჩვენეთ, რომ უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ".

სოსო ფრუიძე ("ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი):
"უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ არ ვიყავით იმ დონეზე, შემდეგ წრეში რომ გავსულიყავით. გამოცდილებით და კლასით მათ დონეზე არ ვართ. ავტოგოლმაც წელში გაგვწყვიტა. 3-4 ფეხბურთელი მაინც გვჭირდება, თამაში რომ გავაძლიეროთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თუნი-ჩიხურა 2:0 - მძიმე ამოცანა
მკითხველის კომენტარები / 2 /
დასაწყისისთვის არაუშავს.ამნაირ გუნდებს უნდა გულშემატკივრობა,რომ წინ იყურონ.
kola
16:12 26-07-2013
0
გუნდს აკლდა ონლაინ თანადგომა,ახლოს ვიყავით წინსვლისათვის,თუმცა კლასით ცოტა დაბლები ვართ,ჩიხურა- თუნზე.ლელო! ყ ვ ე ლ ა ს თანადგომით,ერთობით გააქვთ!!!
Euroрe
11:07 26-07-2013
0

სიახლეები პოპულარული