ევროპის ლიგა: დიდი მატჩი სანჩეს პისხუანზე

AutoSharing Option
კიდევ ორი სათამაშო დღე და ევოტუნირებზე შესვენება გამოცხადდება. ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ტურნირი უკვე დასრულდა, ევროპის ლიგაზე კი ეს ეტაპი დღევანდელი და ხვალინდელი დაპირისპირებებით ამოიწურება. დღევანდელი მატჩების დიდი ნაწილი წმინდა წყლის ფორმალობაა, რამდენიმეგან კი მეთექვსმეტედფინალში გასვლისთვის დიდ ბრძოლებს უნდა ველოდოთ.


D ჯგუფი
22:00 დინამო ზ.-პაოკ
22:00 ბრიუგე-ვილიარეალი

1. ვილიარეალი 5 3 0 2 6-4 9
2. პაოკ 5 2 2 1 4-3 8
3. დინამო ზ. 5 2 1 2 4-4 7
4. ბრიუგე 5 0 3 2 3-6 3

"ვილიარეალმა", რომელმაც მთელი ჯგუფური ეტაპი არასტაბილურად განვლო, საკუთარი მაღალი კლასის დამტკიცება მაინც შეძლო და წინა ტურში ფლეი ოფის საგზური დაიბევა. არ ვიცით, შეიწუხებენ თუ არა ესპანელები თავს
პირველი საფეხურისთვის. საამისოდ მათ ბელგიაში გამარჯვება დასჭირდებათ. მეორე გამსვლელი ადგილისთვის კი ხორვატიაში უშეღავათო ჯახი გაჩაღდება. როგორც სატურნირო ცხრილიდან ხედავთ, მასპინძლებს მხოლოდ მოგება აძლევთ ხელს. "დინამოს" რიგებში დისკვალიფიკაციის გამო მისი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, "ლივერპულის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის გამარჯვებული იგორ ბისკანი ვერ ითამაშებს.

დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ "დინამო"-პაოკ-ის მატჩი დიდი ვნებათაღელვის ფონზე ჩაივლის, თუმცა ზაგრებში სიწყნარე არც გუშინ იყო. "დინამოს" ქომაგებმა ბერძენი გულშემატკივრებით სავსე ავტობუსს შეუტიეს და ქვებით ოთხი ადამიანიც დააზიანეს.


E ჯგუფი
22:00 ალკმაარი-ბატე
22:00 დინამო კ.-შერიფი

1. დინამო კ. 5 3 1 1 10-6 10
2. ბატე 5 3 1 1 11-8 10
3. ალკმაარი 5 1 1 3 5-10 4
4. შერიფი 5 1 1 3 5-7 4

პოსტსაბჭოელებით სავსე ჯგუფში მეთექვსმეტედფინალისტები უკვე გამოვლინდნენ, გასარკვევი მხოლოდ ისაა, ვინ რომელ ადგილს დაიკავებს. პირველობის გაცილებით უკეთესი შანსი აქვს კიევის "დინამოს", რომელიც გარდა იმისა, რომ ბატე-სგან განსხვავებით შინ თამაშობს, ბელარუსებს ურთიერთშეხვედრებშიც სჯობნის და შესაბამისად, ქულათა თანაბრობის შემთხვევაში მათზე მაღლა დადგება. ამავე მაჩვენებლით "შერიფი" "ალკმაარს" ჩამორჩება და ბოლო ადგილისთვის თავის დაღწევა გაუჭირდება. ტირასპოლელთა ქართველ კაპიტან ვაჟა თარხნიშვილს ჰოლანდიელებთან წინა ტურში ჩატარებული შეხვედრა ყვითელი ბარათების ჭარბი რაოდენობის გამო გაუცდა, დღეს კი წესით, "შერიფის" ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს.


F ჯგუფი
22:00 სპარტა-ცსკა მ.
22:00 ლოზანა-პალერმო

1. ცსკა მ. 5 5 0 0 17-2 15
2. სპარტა 5 2 2 1 11-11 8
3. პალერმო 5 1 1 3 6-11 4
4. ლოზანა 5 0 1 4 5-15 1

აქ მხოლოდ არაფრისმომცემი მესამე ადგილის ბედია გასარკვევი, "ლოზანას" საამისოდ "პალერმოს" ორბურთიანი უპირატესობით ძლევა სჭირდება. სხვა აბსოლუტურად ყველაფერი ნათელია. საინტერესო მხოლოდ ისაა, შეძლებენ თუ არა მოსკოველები ჯგუფური ეტაპის ქულათა მაქსიმუმით დასრულებას. ცსკა აქამდე ყველა მეტოქეს მთელი თავით სჯობდა და სულაც არ იქნება გასაკვირი, შინ პრაღიდანაც გამარჯვებული რომ დაბრუნდეს. ჩეხებიცა და რუსებიც დღეს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშებენ.


J ჯგუფი
00:05 სევილია-დორტმუნდი
00:05 კარპატი-პსჟ

1. პსჟ 5 3 2 0 8-3 11
2. სევილია 5 3 0 2 8-5 9
3. ბორუსია დ. 5 2 2 1 5-3 8
4. კარპატი 5 0 0 5 3-14 0

"კარპატისთვის" ევროპის ლიგის ჯგუფურ რაუნდში მოხვედრაც დიდი გმირობაა. შეიძლება, შედარებით სუსტ ჯგუფში სანდრო გურულის გუნდს რამე გაეწყო, მაგრამ სამი ძლიერი კონკურენტის გარემოცვაში ლვოველები დღემდე უქულოდ არიან. ბრავო პსჟ-ს, რომელმაც ორ სახელიან მეტოქესთან ბრძოლაში უკვე გაინათდა შემდეგი ეტაპის საგზური და თუ დღეს უკრაინაში ქულა მაინც მოიპოვა, პირველ ადგილსაც დაისაკუთრებს.

"სევილია"-"დორტმუნდი" კი დღის მთავარ მატჩად უნდა მივიჩნიოთ. საინტერესოა, ბუნდესლიგაში ბეჭდაუდებელი "ბორუსია" ესპანეთშიც თუ ივაჟკაცებს. სევილიაში გამარჯვება "მაინცისა" თუ "ჰოფენჰაიმის" დაჯაბნაზე გაცილებით რთული ამოცანაა, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდისგან არც ამ ამოცანის შესრულება უნდა გაგვიკვირდეს. და მაინც, "სევილია" მეტოქეზე უფრო კომფორტული მდგომარეობაშია – ანდალუსიელებს ხომ ფრეც ჰყოფნით.


K ჯგუფი
00:05 ლივერპული-უტრეხტი
00:05 ნაპოლი-სტიაუა

1. ლივერპული 5 2 3 0 8-3 9
2. სტიაუა 5 1 3 1 9-10 6
3. ნაპოლი 5 0 4 1 7-9 4
4. უტრეხტი 5 0 4 1 5-7 4

აქ თავი ქუდში მხოლოდ "ლივერპულს" აქვს, რომელსაც არა მხოლოდ ფლეი ოფის საგზური, არამედ პირველობაც განაღდებული აქვს. მეორე მეთექვსმეტედფინალისტის ვინაობა კი იტალიაში გაირკვევა, სადაც "ნაპოლის" მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს, "სტიაუას" კი ფრეც ჰყოფნის. "უტრეხტს" კი იმიტომ არ ვახსენებთ, რომ ურთიერთშეხვედრათა მაჩვენებლით ყველას ჩამორჩება და ლივერპულში რომც მოიგოს, მესამე ადგილზე ზემოთ ვერაფრით ავა.


L ჯგუფი
00:05 პორტუ-ცსკა ს.
00:05 ბეშიქთაში-რაპიდი ვ.

1. პორტუ 5 4 1 0 11-3 13
2. ბეშიქთაში 5 3 1 1 7-6 10
3. რაპიდი ვ. 5 1 0 4 5-10 3
4. ცსკა ს. 5 1 0 4 3-7 3

"პორტუმ" პირველი ადგილი ისე გაინაღდა, მის უპირატესობაში ეჭვი არავის შეუტანია. ამ ოთხეულში უკვე ყველაფერი თავის ადგილზე დგას. პორტუგალიელთა მსგავსად, "ბეშიქთაშმაც" დამაჯერებლად იასპარეზა. სტამბულელები "პორტუს" პირველ ადგილს იმიტომ ვეღარ შეეცილებიან, რომ პირად მატჩებში შინ წააგეს, სტუმრად კი ფრედ ეთამაშნენ.









მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული