ოთარ გაბელია: უყურადღებოდ არავის დავტოვებთ

AutoSharing Option
ოთარ გაბელიამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. როგორც ცნობილია, მარტის ბოლოს ქართველი ახალგაზრდები ავსტრიაში საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებენ, რომელიც ქალაქ კლაგენფურტში ჩატარდება.

36-კაციან სიაში უმრავლესობა გულშემატკივრებისთვის ცნობილი მოთამაშეა, ზოგის საქმე კარგად არის, ზოგის გაურკვეველია. იმიტომაც არის გაფართოებული სია, რომ საჭიროების შემთხვევაში გაბელიამ ლავირება მოახერხოს.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("ლე მანი", საფრანგეთი), თორნიკე ზარქუა, გიორგი ნადირაძე (ორივე - "დინამო" თბილისი).

მცველები:
საბა კვირკველია, ავთანდილ ბრაჭული (ორივე - "რუბინი", რუსეთი), ლევან კაკუბავა ("დინამო"), ნიკა აფაქიძე, ილია გამრეკლიძე (ორივე - "ბაია"), ბაქარ მირცხულავა ("ბენფიკა",
პორტუგალია), თორნიკე კაკუშაძე ("მერანი" მარტვილი), გიორგი კაჭკაჭიშვილი ("ბათუმი"), მამუკა კობახიძე "ზესტაფონი"), ირაკლი ხუციძე ("გაგრა"), გიორგი ოთარაშვილი ("სპარტაკი"), დავით ხოჭოლავა ("საბურთალო"), ივანე კანდელაკი (უგუნდო).

ნახევარმცველები:
გიორგი თექთურმანიძე, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - "დინამო", თბილისი), ლუკა გუგუჩია, თორნიკე თარხნიშვილი (ორივე - "ტორპედო"), ნიკა ძალამიძე ("ვიძევი", პოლონეთი), აკაკი გოგია ("ვოლფსბურგი", გერმანია), ზვიად სიხარულია ("ბაია"), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩივეცი", უკრაინა), ბესიკ დეკანოიძე ("სპარტაკი"), ვაკო ყაზაიშვილი ("საბურთალო"), დავით კაკულია ("ოლიმპია", მოლდოვა).

თავდამსხმელები: საბა ლომია, ნიკა ჩიხლაძე (ორივე - "ზესტაფონი"), გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია), ირაკლი შეყილაძე ("ემპოლი", იტალია), გიორგი ილურიძე ("ანჟი", რუსეთი), თემურ შარაშენიძე ("დიორი" უნგრეთი), ირაკლი კვეკვესკირი ("პეჩი", უნგრეთი), ირაკლი ქობალია ("ბაია"), ნიკა საბანაძე ("ტორპედო").

რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი სიაში ვერ ამოვიკითხეთ, ჩამოთვლილთაგან ზოგის საკითხი გაურკვეველია და მოკლედ, საკითხავი დაგროვდა, მათ შორის, თავად გაბელიას ამბავიც, რომელიც პირველ ეტაპზე "ბაიაში" მუშაობდა, მაგრამ მოსამზადებელ ეტაპზე ზუგდიდურ გუნდში აღარ გამოჩენილა.

- "ბაიადან" საბოლოოდ წამოხვედით?
- დიახ, ასეა, რადგან ნაკრების მოსამზადებელ ეტაპს ვიწყებთ, რაც კლუბში მუშაობის დროს აღარ მიტოვებს. "ბაია" ჩემი ქალაქის გუნდია და პირველ ეტაპზე შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი, გაჭირვების დროს არ მიმიტოვებია, მაგრამ ახლა მთლიანად ნაკრებზე კონცენტრაცია მჭირდება, "ბაიას" კი მეორე ეტაპზე გარკვეული იმედები გაუჩნდა, გუნდს გამოცდილი ელგუჯა ქომეთიანი ავარჯიშებს და დარწმუნებული ვარ, ჩემი წამოსვლით არ დაზარალდება. მეორე ეტაპის დასაწყისი ამაზეც მიუთითებს.

- ავსტრიული ტურნირისთვის მზადებას როდის იწყებთ?
- 19 და 20 მარტს საქართველოს ჩემპიონატის ტურია და აქ შეკრების ჩატარებას აზრი არ აქვს. ამიტომ 20 მარტს გამთენიისას ავსტრიაში გავფრინდებით, ლეგიონერებიც იქვე შემოგვიერთდებიან და შეკრებას კლაგენფურტში ჩავატარებთ.

- მატჩების განრიგი თუ დადგინდა?
- 23 მარტს ისრაელს შევხვდებით, 26-ში - ალბანეთს, 29-ში კი ტურნირს რუმინეთთან მატჩით დავასრულებთ.

- ტურნირზე რამდენი ფეხბურთელი გაემგზავრება?
- მხოლოდ ოცი ფეხბურთელი, მაგრამ გაფართოებული სიის დასახელებაც გამართლებულია. მაგალითად, მსურდა, ცხინვალის "სპარტაკის" საყრდენი ნახევარმცველის, თემურ შონიას მიწვევა, მაგრამ საოპერაციო აღმოჩნდა და ვერ წავიყვანთ. პრობლემა აქვს ლევან მჭედლიძესაც, რომელიც ახლა ინდივიდუალურად ვარჯიშობს და სიიდან ამოვარდა. მოკლედ გაფართოებული სია იმიტომ მჭირდება, რომ ტურნირზე გამგზავრებამდე სამი კვირით ადრე ვერავინ განსაზღვრავს, ვინ გამოჯანმრთელდება, თავს ვინ გამოიჩენს და ვინ დაშავდება.

- ბევრი ფიქრობს, რომ წინა შესარჩევ ჯგუფში უფრო ძლიერი თაობა თამაშობდა.
- მართლია ძლიერი თაობა იყო, მაგრამ მე უფრო ასე ვიტყოდი: მათ უფრო დიდი ხანი ჰქონდათ ერთად თამაშის საშუალება და მეტი გამოცდილებაც მიიღეს, მათ შორის, ეროვნული ნაკრების დონეზეც. მაგრამ ახალ თაობაშიც ბევრი საინტერესო მოთამაშეა, წინა ციკლიდანაც რამდენიმე შემოგვრჩა. საერთოდ, წინასწარ არავინ იცის, რომელი თაობა აჯობებს, ამას თამაშები გამოაჩენს.

- თუმცა, წინასგან განსხვავებით, ახლა საშინელ ჯგუფში მოვხვდით.
- მე ვერ ვიტყვი, რომ წინა ჯგუფი სუსტი იყო. თურქეთი და შვეიცარია ნებისმიერ ჯგუფში არასასურველი მეტოქეები იქნებოდნენ, იგივე ითქმის ესტონეთზეც, რომელიც არაპროგნოზირებადი გუნდია. საერთოდ, ასე მგონია, სუსტი ჯგუფი აღარ არსებობს.

- მოწვეულთა შორის არის "ვოლფსბურგის" შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია. ხშირად ვეცნობი გულშემატკივართა გამოხმაურებებს და მათი ნაწილი აშკარად გაღიზიანებულია, ვისაც ჩვენს ნაკრებში თამაში არ სურს, რატომ ვეხვეწებითო.
- მე ვარ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და უფლება არ გამაჩნია, რომელიმე ნიჭიერ ქართველს ხაზი გადავუსვა და მის მოწვევაზე უარი ვთქვა. ბავშვი გერმანიაში, ცნობილ გუნდში თამაშობს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, საქართველოში მის დასაბრუნებლად. თუ არაფერი გამოვა, ის მაინც მეცოდინება, რომ ჩემს სინდისთან მართალი ვარ და ყველაფერი ვცადე. გოგიას მშობლებს ადრეც ველაპარაკე და მითხრეს, გვაცალეთ, მოვიფიქრებთო. თუ არ სურთ, ვერ დავაძალებთ. ისიც არ უთქვამთ, რომ ბავშვი ნაკრებში არ ითამაშებს.

- წინა ციკლში რამდენჯერმე გამოიძახეთ და ასევე არ ჩამოვიდა "ემპოლის" თავდამსხმელი ირაკლი შეყილაძე, რომელიც გაფართოებულ სიაშია.
- წინა ციკლში რომ ვიძახებდით, ირაკლის ტრავმა და კლუბთან პრობლემები ჰქონდა, თორემ ჩვენს ნაკრებში თამაშზე უარი არასდროს უთქვამს. მცირე ხნის წინ შეყილაძეს ველაპარაკე და ახლა ნამდვილად ჩამოვა.

- სამწუხაროა, რომ ტრავმამ გააწვალა ლევან მჭედლიძე და ლევან ყენია.
- მათზე გული განსაკუთრებით მწყდება. ორივეს ფატალურად არ უმართლებს, არადა უნიჭიერესი, პერსპექტიული ბიჭები არიან და რაც მთავარია, ნაკრებში თამაში თავადაც ძალიან სურთ.

- ახალგაზრდულში თამაშის პერსპექტივა პირველად ეძლევა "ვიტესის" თავდამხმელს, გიორგი ჭანტურიას, რომელიც გულშემატკივრებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
- "ვიტესის" მეპატრონე მერაბ ჟორდანიას ველაპარაკე, რომელმაც მითხრა, რომ გიორგი პირველ გუნდში ვარჯიშობს და კარგად გამოიყურება. ის აპრილში სრულწლოვანი გახდება, კონტრაქტს გააფორმებს და ითამაშებს. ვნახავთ, როგორ ფორმაში იქნება. მე მას ყურადღებით დავაკვირდები.

საერთოდ, ბევრი ნიჭიერი ბავშვია, მაგალითად, "საბურთალოს" მცველი დათი ხოჭოლავა და ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი, რომლებიც დევდარიანის ნაკრებში წამყვან ძალას წარმოადგენდნენ. საერთოდ, გაფართოებული სიიდან ვის გამოვიძახებთ, ეს მათ ფორმაზე იქნება დამოკიდებული. ჩემი ოცნებაა, თითოეულ პოზიციაზე დიდი კონკურენცია იყოს, ეს ნაკრებსაც წაადგება და თავად ფეხბურთელებსაც. ჩემი კრიტერიუმი ასეთია: გამოძახებული უნდა იყოს საუკეთესო და ბრძოლისუნარიანი. შეიძლება მეტოქემ გაჯობოს, მაგრამ მაინც ბოლომდე უნდა იბრძოლო და ამასაც დაგვიფასებენ.

- დავით მინაშვილის გადაცემაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ ერთ-ერთი ნიჭიერი თავდამსხმელი საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლაზე უარს ამბობს, ნაწყენია, ჩემზე ცოტას წერენო - ვინ არის ეს ფეხბურთელი?
- ვინც ასეთ პრინციპულ უარს ამბობს, არა მგონია მართლაც ჟურნალისტების უყურადღებობით იყო გაღიზიანებული. ვისაც თამაში არ სურს, ნუ ჩამოვა, ნურავის დააბრალებს.

- გაფართოებულ სიაშიც არ არის "ფლორას" შემტევი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი...
- ბეგლარიშვილი ნიჭიერი ბიჭია, წლეულს "ოლიმპში" ვარჯიშობდა, რამაც ესტონელები გააბრაზა და "ფლორას" დუბლებში გადაიყვანეს. არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ზაქარია არც ათამაშონ, ასეთ მდგომარეობაში კი ახალგაზრდულ ნაკრებში ვერ გამოვიძახებთ.

- სიაში არ არიან "ბელინცონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი სანდრო ჭელიძე, დანიური "ორჰუსის" წევრები გეგა დიასამიძე, ლაშა შინდაგორიძე, დავით სხირტლაძე.
- მე მათ შეხვედრების ჩანაწერებს უნდა გავეცნო, ბრმად ვერ მოვიწვევ, მაგრამ კანდიდატთა 65-კაციან სიაში ოთხივეა, ისევე როგორც კიევის "დინამო 2"-ის ფეხბურთელი ბადრი აქუბარდია, რომელიც უკრაინის 18-წლამდელთა კანდიდატია. საერთოდ, ახლა უცხოეთში ბევრი ქართველი თამაშობს და მათზე ინფორმციას ვაგროვებ, ისე როგორც, ლუგანსკის "ზარიას" მთავარ გუნდში გადაყვანილ 18 წლის გიული მანჯგალაძეზეც. მთავარია, მათ თავი დაიმკვიდრონ და უყურადღებოდ არავის დავტოვებთ.

- ავსტრიული ტურნირის შემდეგ, საკონტროლო შეხვედრა არ დაგიგეგმავთ?
- ამხანაგური მატჩები ყაზახეთისა და მოლდოვას ნაკრებებმა შემოგვთავაზეს, მაგრამ მოლდოვა ვამჯობინეთ და 8 აგვისტოს კიშინიოვში ვესტუმრებით. კენჭისყრის დროს, თამაში ბევრ ძლიერ ნაკრებთან გვსურდა, მაგრამ კალენდარი წინასწარ ჰქონდათ შედგენილი და არ გამოვიდა. დანიელებს კი ჩვენი "ვალი" აქვთ, უნდა გვეთამაშონ და მათ პასუხს ველოდებით.





.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ხოჭოლავას დევდარიანი უკვე ერთი წელია მცველად ათამაშებს
avtori
21:42 07-03-2011
0
დავით ხოჭოლავას დევდარიანი თავდასხმაში არ ათამაშებდა? შეუცვალეს პოზიცია? აქ მცველად წერია.
r.baggio
16:37 07-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული