ჩვენმა ახალგაზრდებმა ბოლოს ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს - ჯერ ბულგარეთთან წააგეს 0:1, მერე კი ჩერნოგორიასთანაც დამარცხდნენ (2:3). "ლელო" ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს ესაუბრა...
- ამ ორ შეხვედრაში ჩვენი ამოცანა იყო, საქმეში გვენახა ნაკრების კანდიდატები. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ისე უცხოურ კლუბებში მოასპარეზე ფეხბურთელებს, მაგრამ მოთამაშის უშუალოდ სათამაშო პროცესში ნახვა მაინც სხვაა. როგორც
- მაგალითად, პირველად ნახეთ საქმეში მოხევიშვილი და ელოშვილი. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ესენიც და სხვებიც იყვნენ. ჩვენ ყოველდღიურად ვესაუბრებით ფეხბურთელებს. ბოლომდე ვუხსნით მათ, თუ რა მოთხოვნებია გუნდში... რაც შეეხება პირველ შთაბეჭდილებას, შემიძლია გითხრათ, რომ ის ცუდი არ არის.
- მოდით, შევაფასოთ ბულგარეთსა და ჩერნოგორიასთან მატჩები...
- თქვენის ნებართვით, ამ შეხვედრებს ერთიანად შევაფასებ, რადგან ორივეს ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთო მახასიათებელი. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ორივე მატჩში გვქონდა უპირატესობა და საკმარისი რაოდენობის საგოლე მომენტები, მაგრამ ორივე თამაში წავაგეთ.
რა თქმა უნდა, შედეგი ფეხბურთში ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამხანაგურ შეხვედრებს სხვა დატვირთვაც აქვს. ჩვენ გამოვცადეთ ის ფეხბურთელები, რომელთაც საშუალება ექნებათ, შესარჩევ ციკლში დაიცვან საქართველოს ღირსება. გუნდმა ზოგი დავალება შეასრულა, ზოგიც - ვერა. ასევე, ზოგმა ჩვენმა ცვლილებამ გაამართლა, ზოგმაც - ვერა.
საერთო ჯამში, ჩვენ ჩავატარეთ ორი მნიშვნელოვანი მატჩი და ეს დაგვეხმარება იმაში, რომ პოლონეთთან მატჩს კარგად მომზადებულები შევხვდეთ.
- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშს ლაიტმოტივად გასდევს პრობლემები დაცვაში. ახლაც, გუნდმა ორ შეხვედრაში 4 გოლი გაუშვა. ეშველება რამე ამ პრობლემას შესარჩევი ციკლის დაწყებამდე?
- პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ჩვენს გუნდში არის პრობლემატური პოზიციები. ეს ეხება როგორც დაცვაში თამაშს, ისე - შეტევას. მე, როგორც ამ ნაკრების მწვრთნელი, ვისურვებდი, რომ არჩევანი ყოფილიყო უფრო დიდი. სამწუხაროდ, ეს არჩევანი დღეს არც ისე დიდია. მაგრამ რას ვიზამთ, შესარჩევი ციკლი კარს მოგვადგა და რაც ხელთ გვაქვს, იმით უნდა შემოვიფარგლოთ...
გარდა ამისა, ჩვენ არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა ტრავმების გამო და იმედი მაქვს, რომ პოლონეთთან შეხვედრაში ისინიც დაგვეხმარებიან. მინდა, მათ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო...
გარდა ამისა, ჩვენს წინაშე მძაფრად დგას სათამაშო პრაქტიკის პრობლემა. ბანალური ჭეშმარიტებაა - ფეხბურთელი ამა თუ იმ ნაკრებს ბოლომდე რომ გამოადგეს, თავის კლუბში სისტემატურად უნდა თამაშობდეს. თქვენც დამეთანხმებით, რამდენიმე ფეხბურთელს აქვს ეს პრობლემა.
- სექტემბრამდე, სანამ პოლონეთს შევხვდებით, მოხერხდება შეკრების ან ამხანაგური მატჩის ორგანიზება?
- არა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა გუნდის დაკომპლექტება. პოლონეთან მატჩამდე გვაქვს ძალზე საპასუხისმგებლო ამოცანა - დავაკვირდეთ თითოეულ ფეხბურთელს თავის კლუბში და ამის მიხედვით გავაკეთოთ არჩევანი პოლონელებთან შეხვედრის წინ. ამასთან, ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს აქვს კონკრეტული მითითება და დავალება...
- ახალგაზრდული ნაკრებების დონეზე ვითარება სწრაფად იცვლება, მაგრამ მაინც - რა დონის გუნდია პოლონეთის ახალგაზრდული ნაკრები?
- ამ ეტაპისთვის მეტოქეზე ჩვენი ინფორმაცია მწირია. პოლონეთში ახლა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი იწყება. რა თქმა უნდა, იქ მასპინძლებიც თამაშობენ. სწორედ ამ ტურნირის დასრულების შემდეგ გამოვა არენაზე პოლონეთის ის ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც ჩვენ უნდა ვეთამაშოთ.
სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიცაა, ასაკის მიხედვით საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც რომ მოუწევს თამაში. შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ჩვენი პირველი მოწინააღმდეგის თაობაზე კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოვიძიებთ და ყველანაირად ვეცდებით, მზადყოფნაში შევხვდეთ შესარჩევი ციკლის დაწყებას.
რა თქმა უნდა, პოლონეთის ახალგზრდული ნაკრები სერიოზული ძალა იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები და ამოცანები გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ქურდაძე
შულაია ტაბიძე ლოჩოშვილი თევზაძე
ხარაიშვილი კიტეიშვილი
არაბიძე ჩაკვეტაძე ბერიძე
ზარანდია
ზამენაზე: მარგველაშვილი ჭიჭინაძე კომახიძე მიქელთაძე რომან ჭანტურია ზარია