U19. საქართველო-პორტუგალია 0:1 - დასანანი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველო პირველად მასპინძლობს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს. ასეთი დონის ტურნირის გამართვა, ზოგადად, ქვეყნისთვისაა უდიდესი მოვლენა და, მით უფრო - გორისთვის. ამიტომაც იყო, რომ ქალაქი დიდი მონდომებით ემზადებოდა დღესასწაულისთვის. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონიც მზადყოფნაში შეხვდა გახსნის მატჩს (თუმცა რეალურად, ფინალური ეტაპის პირველი მატჩი თბილისში უკვე ნათამაშები იყო).

საყოველთაო სასიამოვნო აჟიოტაჟს მატჩამდე ერთი დღით ადრე ბილეთების სრულმა რეალიზაციამაც შეუწყო ხელი.

გარკვეულ წინასამატჩო აჟიოტაჟს იწვევდა გორის სტადიონზე ხელოვნური განათების დამონტაჟებაც. აქ ხომ თითქმის 40 წელიწადია ღამის შუქზე ფეხბურთი აღარ უთამაშიათ და 2
ივლისი ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო აქაურთათვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქალაქს დარჩება განახლებული, მოწესრიგებული არენა, რომელიც აგერ, ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს მასპინძლობს...

მატჩის წინ ჩემპიონატის გახსნის ცერემონია მოკლე, მაგრამ ლამაზი გამოსვლით წარმოადგინეს დედაქალაქისა და გორის ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა. შემდეგ შესრულდა საქართველოსა და პორტუგალიის სახელმწიფო ჰიმნები და... ბურთიც გაგორდა...
იხილეთ ვიდეო
ჩემპიონატის გახსნა გორში
Sportall.Ge

უშუალოდ თამაშის დებიუტი საკმაოდ საინტერესო იყო და სახიფათო ეპიზოდიც არაერთი ვნახეთ. პირველად, პორტუგალიელებმა შეუტიეს მეტოქეს და უკვე პირველივე წუთზე შორიდან ძლიერი დარტყმით დიეგო დალომ სცადა გატანა, მაგრამ მცდელობა უზუსტოდ გამოუვიდა.

იქვე, საქართველოს ნაკრებმა პასუხად კიდევ უფრო მწვავე შეტევა განახორციელა - ლუკა ლაკვეხელიანის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ პორტუგალიელებმა საჯარიმოდან ვერ გამოიტანეს ბურთი, რომელიც გიორგი არაბიძემ მიიღო და მის დარტყმულზე მეკარე დიოგო კოშტას მთელი თავისი ოსტატობის დემონსტრირება მოუხდა.

მოვლენებს წინ გავუსწრებთ და გავიხსენებთ მომენტს მეორე ტაიმში, როცა პორტუგალიელთა მეკარემ არაბიძის დარტყმული "ცხრიანიდან" მოხსნა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საერთოდ, საქართველოს ნაკრები საკმაოდ თამამად უტევდა. სადღაც მე-10 წუთისთვის არაბიძემ "მოპარა" ბურთი აბდუ კონტეს და გააყოლა საჯარიმოში შესულ გიორგი ჩაკვეტაძეს, თუმცა ამ უკანასკნელმა მეტად სახეირო სიტუაციიდან მეკარეს ვერ აჯობა.

ჩვენს გუნდს გამოკვეთილ თავდამსხმელად გიორგი კოხრეიძე ჰყავდა გამწესებული. თანაგუნდელები მას სწრაფი კონტრიერიშებისას ამარაგებდნენ პასებით, მაგრამ ჩვენს შემტევს მეტოქის ცენტრალური მცველები საიმედოდ მეურვეობდნენ. ოღონდ ისიც აღსანიშნავია, რომ კოხრეიძეს დიდხანს არ მიეცა თამაშის საშუალება - სამწუხაროდ, ტრავმის გამო პირველ ტაიმშივე შესაცვლელი გახდა.

ქართველთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო ლუკა ლაკვეხელიანი, რომელმაც ორივე ტაიმში ფლანგზე საკმაოდ აქტიური თამაშით პირდაპირ აიკლო მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები. მისი რამდენიმე ჩაწოდება ძალიან მწვავე გამოდგა, თუმცა ამით ხეირი მაინც ვერ ვნახეთ.

...მატჩის ერთადერთი გოლი კი, სამწუხაროდ, ჩვენს კარში გავიდა და ის არბიტრის მიერ საკამათო ეპიზოდში დანიშნულ პენალტს მოჰყვა. იტალიელმა რეფერიმ, დევიდე მასამ, 65-ე წუთზე პედროს წაქცევისთვის დასაჯა ჩვენი გუნდი, 11-მეტრიანის ნიშნულიდან კი თავად პედრომ გაიტანა, არადა, გიორგი ჩოჩიშვილმა კუთხე გამოიცნო და... კინაღამ შესწვდა კიდეც ბურთს...

ვერ ვიტყვით, რომ პორტუგალიელებს რეალური მომენტები ჰქონდათ, ასეთი შანსი ქართველებს უფრო ჰქონდათ და უთუოდ მართებდათ, ერთხელ მაინც შეერხიათ მეტოქის კარის ბადე.

მას შემდეგ, რაც გიორგი ყიფიანის გუნდი ანგარიშში ჩამორჩა, სტატუს-კვოს აღსადგენად ქაოსურად ამოქმედდა და ორგანიზებული შეტევების ნაცვლად, მეტოქეს დიდწილად ემოციურ მუხტზე დამყარებული იერიშები შესთავაზა.

ფეხბურთელები უფრო ნერვიულად უტევდნენ, ვიდრე გააზრებულად. ვერც იმან გვიშველა, გოლიდან მოკლე ხანში პორტუგალიის ნაკრები კაცნაკლული რომ დარჩა და ასე დავთმეთ ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩი, რაც გვაიძულებს, მეორე ტურში აუცილებელ გამარჯვებაზე ვიზრუნოთ.

მატჩის შემდეგ
- გიორგი ყიფიანი: მარცხის მიუხედავად, ჩვენი გეგმები არ იცვლება

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. A ჯგუფი. I ტური
02.07. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო-პორტუგალია 0:1
გოლი: 0:1 პედრო (65-პენ)
საქართველო (4-3-3): ჩოჩიშვილი - მალი, ბურჯანაძე, კობოური, ლაკვეხელიანი - ჩაკვეტაძე (55. კვანტალიანი), სამურკასოვი (73. ჩოგაძე), კუცია - საღრიშვილი, არაბიძე, კოხრეიძე (35. ქოჩორაშვილი).
სათადარიგოები: გუგეშაშვილი, კახიძე, არველაძე, ხუბაშვილი
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
პორტუგალია (4-5-1): კოშტა - კონტე, ჟოაო კეირუში, დიეგო კეირუში, დალო - ფილიპე (79. პაში), კუინა (72. ლუიში), პირეში, ფერნანდეში, ლეაო (56. ჯუ) - პედრო.
სათადარიგოები: ფიგუეირა, ლეიტე, კუეტა, ფლორენტინო
მწვრთნელი: ელიო სოუზა
გაფრთხილება: ფერნანდეში (45), პირეში (54), კუცია (65), ჩოჩიშვილი (84), პედრო (84)
გაძევება: ფერნანდეში (73)
არბიტრი: დ. მასა (იტალია).

შვედეთი-ჩეხეთი 1:2

მომავალი მატჩები
A ჯგუფი
5 ივლისი, ოთხშაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-შვედეთი 17:30

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
ჩეხეთი-პორტუგალია 20:00

8 ივლისი, შაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩეხეთი-საქართველო 20:00

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
პორტუგალია-შვედეთი 20:00

B ჯგუფი
3 ივლისი, ორშაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
ბულგარეთი-ინგლისი 17:30

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
გერმანია-ჰოლანდია 20:00

6 ივლისი, ხუთშაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ინგლისი-ჰოლანდია 17:30

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
გერმანია-ბულგარეთი 20:00

9 ივლისი, კვირა
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
ჰოლანდია-ბულგარეთი 20:00

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
ინგლისი-გერმანია 20:00

1/2-ფინალი
12 ივლისი, ოთხშაბათი
თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
B I ადგილი-A II ადგილი 17:00

თბილისი. "მიხეილ მესხი"
A I ადგილი-B II ადგილი 20:00

ფინალი
15 ივლისი, შაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგია!
3.141592
03 ივლისი 2017 13:58
0
ჩვენს ნაკრებს გამტანი ფორვარდი მართლაც აკლია და ეს ბექა ქავთარაძე უნდა გამოეძახებინათ
z
03 ივლისი 2017 13:03
0
გამტანი ფორვარდი კი არის ბექა ქავთარაძე დინამოდან მარა ვინ წაიყვანა???? 16-გოლი აქვს გატანილი 10-თამაშში. 19-წლამდელთა ჩემპიონატში............
dinamo
03 ივლისი 2017 12:10
0
საღრიშვილს და ბურჯანაძეს სათამაშო პრაკტიკა ძირითადში ტორპედოში არ აქვთ, ეს არის ამ სპორტსმენების ტრაგედია.
გივი
03 ივლისი 2017 11:54
0
ეს ის შემთხვევაა, როდესაც შანსი იყო და ვერ მოვიგეთ, და ამიტომაც იყო დასანანი. თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი სინანული ჯობია უშანსოდ (და "მშვიდად") წაგებას. მთავარია მეტი მოძრაობა და გადაწყვეტილებების სწრაფი მიღება, ბიჭებო!
Gio
03 ივლისი 2017 11:35
0
asea tu ise mainc cavaget chveni bralia es cageba momentebis ver gamokenebis gamo + 10 kacitac rom darchnen unda shegvegdo.....
!!!
03 ივლისი 2017 11:27
0
მომეწონა ბიჭების თავდადება და მოტივაცია, ლამაზი ფეხბურთის თამაშის სურვილი. უნდა გააგრძელოთ ზრდა! ეს არ არის თქვენი მაქსიმუმი! ერთი გამტანი ფორვარდი აკლიათ, სანდრო იაშვილი რომ იყო ახალგაზრდა ისეთი რომ ყავდეთ, საპრიზო ადგილებზეც შეიძლებოდა ფიქრი..
ქუთაისელი
03 ივლისი 2017 11:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული