ბულგარეთი-ინგლისი 0:2 - სალამიც არ აცალეს...

AutoSharing Option
მატჩი ძალიან თვალსასეიროდ, მაღალ ტემპში დაიწყო. მართალია, აუტანლად ცხელოდა, თუმცა სტადიონზე ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. ვიხილეთ როგორც ინგლისელი, ისე ბულგარელი გულშემატკივრები. მატჩისა და ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ინგლისის ნაკრებმა მართლაც რომ ჩემპიონურად დაიწყო. ბრიტანელები პირველივე წუთზე დაწინაურდნენ - როგორც ასეთ დროს იტყვიან ხოლმე, მეტოქეს სალმის თქმა არ აცალეს. დიუჟონ სტერლინგის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მეისონ მაუნტმა მარცხენა ფეხით აუღებელი დაურტყა ბულგარელთა მეკარე დიმიტარ შეიტანოვს და ანგარიში გახსნა.

მალევე ბულგარეთის ნაკრებს მიეცა საგოლე შანსი. ანდრეა ჰრისტოვს გატანა შეეძლო, თუმცა მეკარემ და მცველმა
ინგლისს საფრთხე აარიდეს. სხვათა შორის, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ინგლისელმა მცველმა ხელით ითამაშა...

ინგლისის ნაკრები დომინანტად მოგვევლინა, მაგრამ ასევე სახიფათო იყო ბულგარელთა კონტრშეტევები. იორდანოვის ჩაწოდების შემდეგ კრასტევმა ბურთზე თამაში დააგვიანა, თორემ ინგლისელები უსიამოვნებებს ვერ გადაურჩებოდნენ. მალევე, ტილევს მეკარე აარონ რამსდეილმა ისეთი ბურთი აუღო, მსოფლიოს ძალიან ბევრი მაღალი კლასის გოლკიპერი მოაწერდა ხელს. მერე ინგლისელთა მეკარე გამოსვლაზე შეცდა, მაგრამ სლავებმა ვერც ეს შანსი გამოიყენეს.

თამაში მაღალ ტემპშივე გაგრძელდა. შეიტანოვმა ჯერ მაუნტს არ გაატანინა, მერე კი სესენიონს ჩაუყარა გარჯა წყალში. აქვე ბულგარელთა მომენტებიც უნდა ვახსენოთ, როცა ჯერ ტილევს ჰქონდა მშვენიერი შანსი, მერე კი პეტკო ჰრისტოვი, უბრალოდ, ვალდებული იყო, გაეტანა, მაგრამ ინგლისელთა მეკარე რამსდეილმა ერთხელაც მოსწყვიტა ტრიბუნებს აპლოდისმენტები...

ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ინგლისელებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს. სესენიონი, ვინც მთელი მატჩის განმავლობაში უაღრესად აქტიური გახლდათ, კარგად გაიხსნა, მაგრამ გადამწყვეტ დარტყმას სიზუსტე დააკლო.

...და ისევ რამსდეილი! ინგლისელთა მეკარემ ერთხელაც გაიბრწყინა. ტაიმის დასრულებას 5 წუთი აკლდა, როცა იორდანოვს არ გაატანინა.

პირველი ტაიმის დარად, ინგლისმა მეორე ნახევარიც შესანიშნავად დაიწყო. ბრერეტონმა ზუსტი გადაცემით მონახა სესენიონი და "ფულჰემის" ფორვარდს გატანა არ გასჭირვებია. სესენიონზე ცალკე: ალბათ, შორს არაა ის დრო, როცა მეკარე რამსდეილთან ერთად, ის ინგლისის პირველი ნაკრების კარს შეაღებს...

ინგლისელებს ტემპი არ დაუგდიათ, შეტევები გააგრძელეს და მალე ბრერეტონს მიეცა კარგი შანსი, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი კარს ასცდა.

მას შემდეგ, რაც ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანგელ სტოიკოვმა ორი შეცვლა განახორციელა, სლავები უკეთ ამოძრავდნენ, მაგრამ საქმე დამაგვირგვინებელ დარტყმამდე არ მიდიოდა. უნდა აღინიშნოს ბრიტანელთა მცველ ჯეი და სილვას შესანიშნავი, კლასიანი თამაში...

73-ე წუთზე ისევ ტილევს მიეცა შანსი, მაგრამ რამსდეილი ამჯერადაც ადგილზე დახვდა ბურთს. ფინიშამდე 7 წუთით ადრე კარგი მომენტი ნაიდენოვმაც გაფლანგა...

მატჩის ბოლოს ისევ ინგლისელები აქტიურობდნენ. შეცვლაზე შესულებმა - ნმეჩამ და ბაკლიმ - ახალი მუხტი შესძინეს ინგლისელთა თამაშს. საბოლოოდ, ბრიტანელმა ჭაბუკებმა ორი ბურთის სხვაობით, დამაჯერებლად იმარჯვეს, მაუნტი კი ტურნირის უსწრაფესი გოლის ავტორი შეიქმნა და ძალიან რთული იქნება მისი ამ რეკორდის დამხობა.

როგორ შეიძლება შეფასდეს ეს მატჩი? ინგლისის ნაკრებმა ძალიან სოლიდური შთაბეჭდილება დატოვა, განსაკუთრებით - შეტევაში. ჩანს, ამ გუნდს რამდენიმე გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს. რაც მთავარია, ეს არ არის ჩარჩოებში მოქცეული, ტრადიციული ბრიტანული გუნდი.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ინგლისის ნაკრების მეკარე რამსდეილი მიგვაჩნია. "ბორნმუთის" გოლკიპერი, ერთ-ორ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, ისე ირჯებოდა, როგორც უმაღლესი კლასის კარის დარაჯს შეჰფერის და ეს ყველაფერი - მისი ასაკის კვალობაზე!

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. B ჯგუფი. I ტური
03.07. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ბულგარეთი-ინგლისი 0:2
გოლები: 0:1 მაუნტი (1), 0:2 სესენიონი (48)
ბულგარეთი: შეიტანოვი, გენჩევი, ა. ჰრისტოვი, პ. ჰრისტოვი, ლიასკოვი, კოვაჩევი (54. იანევი), დობრევი (76. კლიმენტოვი), ნაიდენოვი, იორდანოვი (54. ივანოვი), კრასტევი, ტილევი.
სათადარიგოები: დიმიტროვი, შამატოვი
მწვრთნელი: ანგელ სტოიკოვი
ინგლისი: რამსდეილი, ედუნი, ჯეი და სილვა, ჩალობა, სტერლინგი, ბრერეტონი (78. ნმეჩა), დოზელი, სულიმანი, ედვარდსი (83. მადოქსი), სესენიონი (75. ბაკლი), მაუნტი.
სათადარიგოები: ტროტი, ჯონსონი, ჯეიმსი, ჯოშ და სილვა
მწვრთნელი: კეიტ დაუნინგი
გაფრთხილება: ტილევი (28), კლიმენტოვი (87)
არბიტრი:
ო. ნილსენი (ნორვეგია).

მომავალი მატჩები
A ჯგუფი
5 ივლისი, ოთხშაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-შვედეთი 17:30

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
ჩეხეთი-პორტუგალია 20:00

8 ივლისი, შაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩეხეთი-საქართველო 20:00

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
პორტუგალია-შვედეთი 20:00

B ჯგუფი
6 ივლისი, ხუთშაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ინგლისი-ჰოლანდია 17:30

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
გერმანია-ბულგარეთი 20:00

9 ივლისი, კვირა
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
ჰოლანდია-ბულგარეთი 20:00

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
ინგლისი-გერმანია 20:00

1/2-ფინალი
12 ივლისი, ოთხშაბათი
თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
B I ადგილი-A II ადგილი 17:00

თბილისი. "მიხეილ მესხი"
A I ადგილი-B II ადგილი 20:00

ფინალი
15 ივლისი, შაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული