- ჯერ ტურნირი შევაფასოთ.
- ძლიერ გუნდებს შევხვდით. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ, ფედერაციამ ტურნირზე გამგზავრების და გამოძახებული ფეხბურთელების ნახვის საშუალება რომ მოგვცა, სხვა დროს ამის შანსი არ გვექნებოდა. უეფას კალენდარში ახალგაზრდული ნაკრებების მატჩების დღეები შეზღუდულია. ეს შემადგენლობა პირდაპირ ხორვატიაში რომ გამომეძახა, დავიღუპებოდით. ავსტრიის
შედარებით კარგად ვითამაშეთ ისრაელთან, პირველი ტაიმი ფრე იყო, მაგრამ შედეგზე არ ვფიქრობდი, ხალხის ნახვა მსურდა. მეორე ტაიმში მოედანზე რვა ახალი ფეხბურთელი შევიყვანე და გაცილებით უარესად ვითამაშეთ. რუმინეთის კი მეშინოდა, მაგრამ სულელური გოლები გავუშვით, მსაჯმა პენალტიც მოიგონა და კაკუბავა უაზროდ გაგვიძევა. არადა, თავიდან 1:0 ვიგებდით.
ორნაირი განლაგება გამოვიყენეთ: ისრაელთან ერთი საყრდენით ვითამაშეთ, შემდეგ კი - ორით.
- რა არის გუნდის მთავარი პრობლემა?
- ზოგადად, თუ ფეხბურთელი არ გინახავს და აქეთ ცდილობს დაგაინტერესოს, არ უნდა გამოიძახო. მაგრამ ზოგს ისეთი სტატისტიკა ჰქონდა და ისეთ ქვეყნებში უთამაშიათ, გამოუძახებლობა დანაშაულად მიმაჩნდა.
საქართველოს ჩემპიონატში რომ მაგარი გვგონია, ბევრ ასეთს ფიზიკურად კარგად მომზადებულ მოწინააღმდეგეებთან თამაში უჭირს.
- გუნდი პოზიციების მიხედვით დავახასიათოთ.
- ძალიან გვიჭირს კარსა და დაცვაში, წინა ხაზში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. დაცვაში შედარებით არა უშავდა ხოჭოლავას, თუ არ აკეთებდა, არც აფუჭებდა.
ბევრ შეცდომას უშვებდა კაკუბავა, განსაკუთრებით - რუმინეთთან. მას რომ შეუძლია, იმ დონეზე ვერ იყო. კობახიძისგანაც ბევრად მეტს ველოდი. ირაკლი კვეკვესკირი ჯანიანია, მაგრამ ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებს, ძალიან ხისტი და სახიფათოა.
ნახევარდაცვაში უკეთ გამოვიყურებით. შედარებით კარგად ითამაშეს თარხნიშვილმა, ნიკა კვეკვესკირმა, ძალამიძეს მეტი მოძრაობა მოეთხოვება, თუმცა ნორმალურად გამოიყურებოდა. ურიგოდ არ უთამაშია ოქრიაშვილს. მას საზარდული ასტკივდა და ბოლო შეხვედრაში დავასვენე, არ მინდოდა, კლუბში ტრავმირებული წასულიყო. ამის მიუხედავად, მოედანზე გასვლას ითხოვდა. კაკულია ტექნიკურია, ზედმეტს არაფერს აკეთებს, მაგრამ ჯანი აკლია, რაც ორთაბრძოლებში ხელს უშლის.
თავდასხმაშიც არის არჩევანი: ქობალიასთვის ნაკრები ახალი ხილია და ნერვიულობდა, ბოლოს მცირე ტრავმა მიიღო და დავასვენეთ. მომეწონა ჭანტურია, ოდნავ წონამეტია, მაგრამ ესეც უთამაშებლობის ბრალია. ვურჩიე, კლუბში ნებისმიერი ამხანაგური შეხვედრა ფორმაში შესასვლელად გამოიყენოს. თამაში კი ნაღდად შეუძლია. შეყილაძეც ნორმალური ბიჭია, შეიძლება მისი იმედი გვქონდეს.
ილურიძე გადაღლილი იყო და გვითხრა კიდეც, კარგა ხანია შეკრებაზე ვარო. რაც შეეხება შარაშენიძეს, ის გასულ წელს უკეთ გამოიყურებოდა.
- უგუნდო ლემონჯავასა და კანდელაკის წაყვანა რამ განაპირობა?
- ასეთ ტურნირებს კანდიდატებზე დასაკვირვებლად იყენებენ და კარგიც ვქენი, რომ გავსინჯე. კანდელაკი “დინამოში” ვარჯიშობს, მანამდე “ალანიაში” ორი შეკრება გაიარა, მითხრეს, “ვიტესშიც” ნორმალურად გამოიყურებოდა და შეკრებაზე გოლი გაიტანა. ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ლემონჯავა ჯანიანია, მაგრამ ამ ეტაპზე ნაკრების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ორივეზე წარმოდგენა ხომ უნდა მქონოდა?
- ზოგადად ცუდი მდგომარეობაა?
- უიმედოდ ჩემი მტერი იყოს, თუმცა გაცილებით მეტი საფიქრალი გამიჩნდა, ვიდრე წინა ციკლის დაწყებისას.
- ახალ ფეხბურთელებს მიიწვევთ?
- სელექცია აუცილებლად გაგრძელდება. საინტერესო ბიჭია “ბათუმის” მცველი კაჭკაჭიშვილი, მაგრამ ტრავმის გამო მისი წაყვანა ვერ გავრისკე. მეიმედება ლევან მჭედლიძის, რომელიც მომჯობინდა და “ემპოლიში” გოლიც გაიტანა. სამომავლოდ, იქნებ, ანანიძე და ყენიაც დავიხმაროთ. 1990 და 1991 წლებში დაბადებულთა შორის თითქმის არ არიან გამორჩეულები, ერთ-ორ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. საერთოდ, ამ ბიჭებს მეტი პროფესიონალიზმი არ აწყენდათ, ორიოდე თამაში ჩაატარეს და ბევრს თავში აქვს ავარდნილი.
ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ხორვატიასთან მატჩამდე ათდღიანი პაუზაა და არ არის გამორიცხული, შეკრება მოვაწყოთ. ჩვენთვის თითოეულ დღეს და ვარჯიშს მნიშვნელობა აქვს.