17-წლამდელებმა თურქებს ვერ აჯობეს

AutoSharing Option
ყაზახეთის ქალაქ ასტანაში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი - "პრეზიდენტის თასი", სადაც საქართველოს 17-წლამდე ნაკრებიც ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პირველი ტურის მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა სომეხი თანატოლები დაამარცხა ანგარიშით - 5:3, გიორგი აბურჯანიას, ნიკა ახვლედიანის, ჭიაბერ ჭეჭელაშვილისა და დავით მაკარაძის დუბლის წყალობით.

ამავე ჯგუფში, დაძაბულ ორთაბრძოლაში უკრაინელებმა 2:1 სძლიეს თურქებს და ქართველებთან ერთად, ჯგუფში გალიდერდნენ.

დღეს, ვასილ მაისურაძის გუნდი თურქ თანატოლებს დაუპირისპირდა. შეხვედრა კვლავ სტადიონ "ასტანა არენაზე", თბილისის დროით დილის 10:00 საათზე დაიწყო.

სამწუხაროდ, ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრა მინიმალური უპირატესობით - 1:2 დათმეს.
ნაკრები გუნდის მენეჯერის, დავით დათუნაშვილის თქმით, თამაში თანაბარი იყო და პირველი გოლი მეტოქეს, ფაქტიურად "ვაჩუქეთ". თურქებმა ანგარიში 29-ე წუთზე გახსნეს. ამის შემდეგ, ჩვენმა ფეხბურთელებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა, გადამწყვეტ მომენტებში სიზუსტე ღალატობდათ. მეორე გოლი მეტოქემ 52-ე წუთზე გაგვიტანა. თურქების კარში კი, ერთადერთი საპასუხო ბურთი შეცვლაზე შესულმა ალეკო მზევაშვილმა გაიტანა.

ამ მარცხის გამო, საქართველოს ნაკრების მომდევნო შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ფინალში მოსახვედრად, სხვა შეხვედრების შედეგებსაც, ჩვენთვის არანაკლები დატვირთვა ექნება.

საქართველო U17: ადამია, გაბაძე, გ.გურეშიძე, მელიქიძე, აბურჯანია (კაპ), ჭეჭელაშვილი, ახვლედიანი, კაკაბაძე, როსტიაშვილი, წილოსანი (ნიკურაძე 72), მაკარაძე (მზევაშვილი 63)
გოლი: მზევაშვილი (66)

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული იყო საქართველოს ნაკრების მცველი - ნიკა ჭანტურია. თუმცა, დისკვალიფიკაცია ერთმატჩიანი იყო და 29 აპრილის შეხვედრაში, ჭანტურია მონაწილეობას მიიღებს.

როგორც ყაზახური გამოცემები იუწყებიან, ტურნირის ორგანიზატორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ "პრეზიდენტის თასის" გათამაშებას და მის უმაღლეს დონეზე ჩატარებას, ვინაიდან, ამ ტურნირს განიხილავენ, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოსამზადებელ ეტაპს ყაზახეთის 17-წლამდე ნაკრებისთვის, რომელიც ამ წლის ოქტომბერში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს ითამაშებს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 20 ათასი დოლარია. გამარჯვებული გუნდი 10 ათას მიიღებს; მეორე და მესამე ადგილზე გასულები კი, შესაბამისად - 6 და 4 ათას დოლარს.

29 აპრილს, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები გაიმართება. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება. მატჩი კვლავ დილის 10:00 საათზე დაიწყება.

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული