ნოდარ აკობიას გუნდისთვის, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, შვედეთში, "ლენარტ იოჰანსონის თასი" მოიგო, ჰოლანდიური ტურნირი მორიგი სერიოზული გამოცდა იქნება.
ჰოლანდიური ტურნირი, რომელიც უტრეხტთან ახლომდებარე ქალაქ ნოივეგენში გაიმართება, "ფორდ როლეველდის" სახელობისაა და 22-ედ ტარდება.
საქართველოს 15-წლამდე ნაკრების გარდა, ტურნირში მონაწილეობენ: "უტრეხტი", "ვიტესი", "ნაიმეგენი", "ვენლო", "Aძ ალკმაარი" (ყველა ჰოლანდია), "გენტი", "ანდერლეხტი", "ბრიუგე" (ყველა ბელგია), "მანჩესტერ სიტი", "რედინგი" (ორივე ინგლისი), "ზენიტი" (რუსეთი), "ოლბორგი" (დანია) და ადგილობრივი, ნოივეგენის 3 გუნდი, რომელთაგან ერთ-ერთი -
ტურნირში მონაწილე გუნდები ორ ჯგუფად არიან დაყოფილები. საქართველოს ნაკრების ჯგუფი კი, ასე გამოიყურება: "უტრეხტი", "ვიტესი", "გენტი","მანჩესტერ სიტი", "ნაიმეგენი","ზენიტი", "ვრეესვიკი" და საქართველოს U15.
15-წლამდელები ჰოლანდიაში 30 მაისს გაემგზავრებიან და მზადებას საფეხბურთო კლუბ "ვიტესის" ბაზაზე დაიწყებენ. 31 მაისს, ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ "ვიტესის" ასაკობრივ გუნდთან.
3 ივნისს კი, ჩვენი გუნდი უკვე უშუალოდ ტურნირში ჩაებმება, რომელიც ორი დღე გაგრძელდება.
ბოლოს, გაგაცნობთ გუნდის იმ შემადგენლობას, რომელსაც ნოდარ აკობია თან იახლებს.
ბექა ქურდაძე, ნიკოლოზ შაფათავა, გიორგი თვარაძე, დემურ ჩომახიძე, ცოტნე ნადარაია, გიორგი სადღობელაშვილი, ვასილ კაციტაძე, ნიკა ქორიძე, ნიკა ლაშხია, გურამ გოშთელიანი, გიორგი ჯობავა, ვატო არველაძე, ილია სამურკასოვი, ბექა მიქელთაძე, რატი კაკიაშვილი, გიორგი გალდავაძე, ლუკა ვარძელაშვილი, გიორგი წივილაშვილი.
ამ ტურნირისთვის, შვედეთის ტურნირზე ნათამაშებ შემადგენლობაში, აკობიამ ექვსი ცვლილება განახორციელა. ნაკრებში სამი დებიუტანტიცაა - ცოტნე ნადარაია, გიორგი სადღობელაშვილი და ლუკა ვარძელაშვილი.
რაც შეეხება ლუკა ვარძელაშვილს, ეს ფეხბურთელი აქამდე გოჩა ტყებუჩავას 14-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა. ჰოლანდიურ ტურნირზე კი, უკვე 15-წლამდე ნაკრების ღირსებას დაიცავს.
სფფ-ის პრესსამსახური