ქართველი 17-წლამდელები რამდენიმე დღის წინ ბაქოდან დაბრუნდნენ, სადაც "კასპიის თასზე" მეოთხე ადგილზე გავიდნენ. გუნდის მთავარ მწვრთნელ ვასილ მაისურაძეს აზერბაიჯანული ტურნირისა და ნაკრების მზადების გეგმებზე ვესაუბრეთ.
- რამდენად ნაყოფიერი გამოდგა გუნდისთვის "კასპიის თასი"?
- უაღრესად საჭირო და დროული ტურნირი იყო. საპრიზო სამეულს მიღმა დარჩენამ გული დაგვწყვიტა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელებმა საერთაშორისო გამოცდილება მიიღეს. მწვრთნელებმაც თვალნათლივ დავინახეთ გუნდის
- ყველაზე მეტად რომელი კომპონენტის გამოსწორებაა საჭირო?
- სამწუხაროდ, გუნდი კვლავ მოიკოჭლებს ფიზიკური მომზადების მხრივ, რამაც აზერბაიჯანშიც იჩინა თავი. ეს, უპირველესად, იმითაა გამოწვეული, რომ ნაკრების წევრებს კლუბებში არცთუ საუკეთესო მოსამზადებელი პირობები აქვთ. მხოლოდ სანაკრებო შეკრებაზე ამ პრობლემის აღმოფხვრა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, მაგრამ შევეცდებით, ზაფხული ნაყოფიერად გამოვიყენოთ, რათა საკვალიფიკაციო ეტაპს ოპტიმალური კონდიციებით შევხვდეთ.
- ესპანეთთან ფრე საქართველოს ნაკრების აქტივში ჩაიწერა.
- ორი თამაშის სოლიდურად მოგების შემდეგ ბიჭებმა ამ მატჩში ძალიან მოინდომეს და უძლიერეს მეტოქესთან ღირსეულ შედეგს მიაღწიეს. მე ამ ასაკში ესპანეთისნაირი ძლიერი გუნდი არასდროს მინახავს. ზუსტად იმავე სტილით თამაშობს, როგორითაც ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები და საოცრად პერსპექტიული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მოკლედ, ამ გუნდთან მაქსიმალურ შედეგს მივაღწიეთ. მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩში მტკიცე ხასიათი გამოავლინა და ანგარიში შეხვედრის მიწურულს გაათანაბრა. ჩვენმა მცველმა ალეკო ჩაკვეტაძემ ესპანეთს ეფექტური გოლი გაუტანა, რომელიც ტურნირზე ყველაზე ლამაზი გამოდგა.
- ესპანეთმა ბურთების სხვაობით გვაჯობა და ფინალში გავიდა, საქართველოს ნაკრებმა კი მესამე ადგილისთვის მატჩი აზერბაიჯანთან პენალტების სერიაში წააგო. ჩვენი ფეხბურთელები ხომ არ მოდუნდნენ?
- არა, მარცხი გადაღლილობას უფრო უკავშირდება. ტურნირი მჭიდრო ვადებში ჩატარდა, თანაც ბაქოში ძალიან ცხელოდა, რასაც მასპინძლები უფრო იყვნენ ნაჩვევნი. რაც მთავარია, აზერბაიჯანთან ძალიან არაობიექტურად გვიმსაჯეს და ჩვენს კარში გამოგონილი თერთმეტმეტრიანი დანიშნეს. ანგარიში მაინც გავათანაბრეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მატჩისშემდგომი ყველა პენალტი გავაცუდეთ, რაც უფრო ცუდი ფიზიკური მომზადების ბრალია, ვიდრე ფეხბურთელთა ნერვიულობისა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პენალტებზე მეტი მუშაობა გვმართებს.
- საქართველოს ნაკრებიდან რომელიმე ფეხბურთელს ხომ ვერ გამოარჩევთ?
- ბოლომდე კმაყოფილი არავის თამაშით დავრჩენილვარ და ამიტომ ვინმეს გამოყოფისგან თავს შევიკავებ. ბაქოში ალეკო მზევაშვილმა ოთხი გოლი გაიტანა, მაგრამ ტურნირის დასკვნით ფაზაში თამაშს მანაც მოუკლო.
- როგორი გეგმით მოემზადებით ზაფხულში?
- როგორც იცით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ყოველ ზაფხულს მონაწილეობს პალანგის საერთაშორისო ტურნირში და გამონაკლისი არც ახლა იქნება - წლევანდელი ტურნირი 22-28 აგვისტოს იმართება. მანამდე კი აუცილებლად გვჭირდება ერთთვიანი შეკრება. ფედერაცია მის მოწყობას გვპირდება და იმედია, საწვრთნელი პროცესი შეუფერხებლად წარიმართება. შეკრების ადგილი ჯერ უცნობია, მაგრამ ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ზუგდიდში აღარ წავალთ, რადგან "ბაიას" ბაზაზე ხელოვნური საფარია, ჩვენ კი ბუნებრივ მინდორზე მომზადება გვაქვს გადაწყვეტილი.
- ევროშესარჩევისთვის ნაკრების შემადგენლობაში ბევრ ცვლილებას უნდა ველოდოთ?
- ნაკრების ბირთვი უკვე ჩამოყალიბებულია. არის რამდენიმე ვაკანტური ადგილი და ვნახოთ, სექტემბრამდე დარჩენილ დროში ვინ გამოიჩენს თავს. სამწუხაროდ, მდიდარი არჩევანი არ გვაქვს, ზოგ პოზიციაზე ორი ძლიერი ფეხბურთელიც კი არ გვყავს.
- მეტოქეთა შესახებ თუ ფლობთ ინფორმაციას?
- მოლდოვის ნაკრების რამდენიმე მატჩის დისკი მოვიპოვე და არ ველოდი, თუ ასეთი ტექნიკური და ბრძოლისუნარიანი გუნდი ეყოლებოდათ. ბულგარეთზეც ბევრი რამ ვიცი და ისაც საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, შვედეთზე კი ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. ყველა სირთულის მიუხედავად, საბრძოლო განწყობაზე ვართ და გვჯერა, რომ პირველი რაუნდის გადალახვის ძალა შეგვწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"