დიდი ხანია, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში აღარაფერი მომხდარა და როგორც იქნა, გიორგი დევდარიანის გუნდის შესახებ საინტერესო ინფორმაცია შევიტყვეთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჩვენი 19-წლამდელები 17 ივლისს სასტუმრო "სიმპათიაში" შეიკრიბებიან, 25 ივლისიდან კი ჩრდილოეთ ირლანდიაში Milk Cup-ის გათამაშებაში ჩაერთვებიან.
უკვე ცნობილია, რომ ქართველები 25 ივლისს მექსიკელებს შეხვდებიან, 27-ში კი - მასპინძელ ჩრდილოირლანდიელებს. ტურნირში ასევე მონაწილეობენ ისრაელის, აშშ-ისა და დანიის ნაკრებები.
დევდარიანმა 22 ფეხბურთელი მიიწვია: დავით ლეგაშვილი ("სასკო"), დავით ხოჭოლავა ("საბურთალო"), გიორგი პაპავა ("საბურთალო"), თევდორე კაკულია ("დინამო" თბილისი), მერაბ გიგაური ("ტორპედო",
ქუთაისი), ლაშა პარუნაშვილი ("საბურთალო"), სანდრო რეხვიაშვილი ("საბურთალო"), ვალერი ყაზაიშვილი ("საბურთალო"), გიორგი ქვილითაია ("სასკო"), თორნიკე გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), ნიკა სანდოხაძე ("დინამო" თბილისი), გიორგი კალანდია ("ვიტ ჯორჯია"), ლაშა შინდაგორიძე ("ორჰუსი", დანია), აკაკი ფარჯიკია ("ბაია", ზუგდიდი), არჩილ ტვილდიანი ("საბურთალო"), ოთარ დოლიძე ("საბურთალო"), რატი იმერლიშვილი ("ზესტაფონი"), ნოდარ კიკნაველიძე ("ზესტაფონი"), მალხაზ გაგოშიძე ("ზესტაფონი"), ბუბა რუხაძე ("დინამო" თბილისი), გურამ სამუშია ("ბაია", ზუგდიდი), ვარლამ კილასონია ("სპარტაკი", ცხინვალი).
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას 11 ნოემბერს დაიწყებს. პირველ შესარჩევ ეტაპზე ქართველები თურქეთში, ანთალიის მხარეში ითამაშებენ და მასპინძელთა გარდა მეტოქეებად პოლონეთი და ლუქსემბურგი ეყოლებათ. ელიტრაუნდში ჯგუფიდან ორი გუნდი გადის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"